"ლელოს“ საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია - მამუკა ხაზარაძის დეკლარაციას ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს. საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოპოზიციური კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საბანკო ანგარიშები დააყადაღა. პარტია ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს, ხელისუფლება კი გადასახადების გადაუხდელობასა და დეკლარაციის შემოწმებაზე საუბრობს. პარალელურად, ანტიკორუფციული ბიურო „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასაც ამოწმებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მონიტორინგი იმ მიზეზს ეხება, თუ რატომ არ აისახა დეკლარაციაში ხელშეკრულება, რომელიც ხაზარაძის ოჯახის წევრმა გერმანიის ელჩთან გააფორმა. ამავე დროს, შემოსავლების სამსახურში მოკვლევა მიმდინარეობს, სადაც შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა გამოვლინდა. საქმე ეხება გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის ოჯახის ბინის ქირაობას. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ხაზარაძის ოჯახი ბინას თითქმის სამი წელი ისე აქირავებდა, რომ იჯარის ხელშეკრულება არც იუსტიციის სამინისტროში იყო დარეგისტრირებული და არც საშემოსავლო გადასახადს იხდიდა.
მამუკა ხაზარაძის მეუღლემ ხელშეკრულების რეგისტრაცია მხოლოდ გუშინ მოითხოვა, თუმცა სახლი 2022 წლის ოქტომბრიდან, ელჩის სარგებლობაშია. საუბარია 5%-იან გადასახადზე, რომელიც უძრავი ქონების მესაკუთრემ, მიღებული შემოსავლიდან უნდა გადაიხადოს.
„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ეს არის „უბადრუკი მცდელობა, ხელი შეუშალონ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ბრძოლას“. მისი თქმით, ხუთი დღეა, არალეგიტიმური ხელისუფლება „ლელოზე“ სასაცილო, „იუმორისტულ შეტევას“ ახორციელებს. პარტიის ანგარიშების დაყადაღების მიზეზად 2022 წელს, გორის სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო, 130-ლარიანი ბაჟის გადაუხდელობა დასახელდა. კუპრაძის მტკიცებით, საბაჟო გადასახადი გადახდილია.
საპატიმროდან გავრცელებულ განცხადებაში, მამუკა ხაზარაძემაც აღიარა, რომ სახლის გაქირავებიდან მიღებულ სარგებელზე საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა, რასაც „გადახდის წყაროსთან წარმოქმნილი გაუგებრობა“ უწოდა. „ლელოს“ პარტიაში ეს ფაქტი „ტექნიკურ შეცდომად“ შეფასდა. თუმცა, კანონმდებლობით, გადასახადის გადახდა ქონების მესაკუთრის ვალდებულებაა. შემოსავლების სამსახური კი უარყოფს ხაზარაძის განცხადებას, თითქოს ტექნიკური გაუგებრობა თავად აღმოაჩინეს.
მმართველ გუნდში მამუკა ხაზარაძის ფინანსური დარღვევები არ უკვირთ. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გერმანიის ელჩმა, „ლელოს“ ლიდერთან სახელშეკრულებო ურთიერთობით, საკუთარი ქვეყანა საგადასახადო სკანდალში გახვია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ მთავარ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გაცემულა და პოლიტიკურ კორუფციას არ გამორიცხავს.
ანტიკორუფციული ბიურო ამტკიცებს, რომ მონიტორინგის მიზანია დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ხაზარაძის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები კანონით დადგენილ სტანდარტებს. ხაზარაძემ ამ ყველაფერს „აღვირახსნილი კამპანია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქირავნობა სრულიად კანონიერად არის რეგისტრირებული, ხოლო გადასახადის ზუსტი ოდენობის დასადგენად, თავად მიმართა შემოსავლების სამსახურს და თანხაც ბიუჯეტში, გასულ კვირაშივე გადაირიცხა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხაზარაძის ოჯახის საკუთრების თემის ირგვლივ არსებობს კითხვები და საზოგადოებას მათზე პასუხები აინტერესებს.
„ერთი მხრივ, არის კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომ მათმა ლიდერებმა, დიდი ალბათობით, დამალეს გადასახადები და მეორე მხრივ - ჩვენ გვესმის ბრტყელ-ბრტყელი პოლიტიკური განცხადებები. ამის ნაცვლად, თითოეული ჩვენგანი ვისურვებდით, რომ კონკრეტული მტკიცებულებებითა და დასაბუთებით გასცენ პასუხი, რატომ არ იხდიდა გადასახადებს, მალავდა თუ არა ამ გადასახადებს, თუ რაში იყო საქმე - საზოგადოებას აქვს ეს კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება პასუხები. ამის ნაცვლად, ჩვენ ვისმენთ ისევ ერთი და იგივე ბრტყელ ფრაზებს, რომ ეს „ლელოს“ წინააღმდეგ პოლიტიკური სვლებია და მათთან დაპირისპირება. არაფერ შუაშია, „ლელო“ იქნება, თუ ნებისმიერი სხვა პარტია, წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით. ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ დაფინანსების საკითხი არის გამორჩეული ინტერესის საგანი“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე for.ge-თან აცხადებს, რომ „ლელოს“ ლიდერთან დაკავშირებული ეს შემთხვევა, სავარაუდოდ, პოლიტიკური გარიგება იყო, რაც ევროპისთვის ახალი და უცხო არ გახლავთ. მისი აზრით, მამუკა ხაზარაძემ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სერიოზულ სკანდალში გახვია, შესაბამისად, როგორც ელჩი, ისე გერმანია ვალდებულია, ამ სკანდალზე პასუხი გასცენ.
„თანამედროვე ევროპული ლიდერები და ევროპა არაერთხელ აღმოჩენილან მსგავს კორუფციულ გარიგებებში. ფაქტია, ამ ხნის განმავლობაში, ელჩი მამუკა ხაზარაძის სახლში ისე ცხოვრობდა, რომ დადებული ხელშეკრულება საშემოსავლო სამსახურში არ დარეგისტრირებულა. ბინის მფლობელებმა გერმანიის ელჩისთვის საკუთრების დროებით გადაცემა დამალეს. გააკეთეს თუ არა ეს საშემოსავლო გადასახადის არგადახდის მიზნით, თუ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ამბავი იმალება, ალბათ, ესეც გასარკვევია. შესაძლოა, მართლაც არ იხდიდნენ თანხას და კიდევ სხვა გარიგებასთანაც გვაქვს საქმე. ფაქტია, რომ ხაზარაძემაც აღიარა ეს სკანდალი და ახლა გადარიცხეს თანხა საშემოსავლო სამსახურში, რომელიც სამი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს დაუმალეს. ასევე, ფაქტია, რომ ელჩები, განსაკუთრებით კი გერმანიის, ბოლო დროს, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არიან ჩართულები. ელჩი ფიშერი ხაზარაძის ლექსიკითა და ციტატებით საუბრობს, ამიტომ კითხვები ბევრი გაჩნდა და ამაზე პასუხის გაცემაა საჭირო,“ - ამბობს ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ელჩის ამ სკანდალში გახვევის შემდეგ ჩნდება კითხვა, უნდა მოხდეს თუ არა მისი ქვეყნიდან გაწვევა, ან გაძევება, თუმცა ჩიბურდანიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ იკავებს თავს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან.
„არათუ თავად გერმანიაში რომ მომხდარიყო მსგავსი სკანდალი, წარმოიდგინეთ, საქართველოს მიმართ, რა სახის განცხადებები გაკეთდებოდა. მე კიდევ უფრო მეტ ფაქტებს ველი, რადგან თუკი ევროპელი ლიდერები კორუფციას ევროპაშივე ბედავენ, რატომ გაუჭირდებოდათ, ამ ჩვენს ოპოზიციასთან კორუფციულ გარიგებებში შესვლა. ეს სკანდალი ამის ნათელი მაგალითია. ეს ამოტივტივდა და დავიჭირეთ. ამის მიღმა, რა იმალება და კიდევ რა თანხას მალავს ხაზარაძე, კაცმა არ იცის. დღეს, ევროპელი ელჩების დიდი ნაწილი საქართველოში წარმოდგენილია არა როგორც ელჩები, არამედ, როგორც პოლიტიკოსები, თანაც ოპოზიციური ფლანგის მხარდაჭერით გამოირჩევიან და მათი პოლიტიკის გამხმოვანებლები არიან.
სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი ყველაფერს კადრულობს და არ ვიცი, რად უღირს, რომ მთელ დიპლომატიურ კარიერას სასწორზე დებს. პეტერ ფიშერმა თავისი დიპლომატიური მოღვაწეობა ჩვენს ოპოზიციასთან გარიგებით და პოლიტიკური პოზიციონირებით მოსპო! ამიტომ, ველი, რომ კიდევ იმაზე ბევრს გავიგებთ, ვიდრე ახლაა ცნობილი. იმედია, ამას თავისი ქვეყანა გაიწვევს, რადგან თავმოყვარე ქვეყნისთვის ეს საკმაოდ სამარცხვინო ფაქტია“, - ამბობს ანალიტიკოსი.