„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაწყების სავარაუდო თარიღი გადმოსწია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ მანამდე, „მშვიდობიანი დამხობის“ ბუნებრივ დედლაინად 4 ოქტომბერი განიხილებოდა, ახლა რევოლუციური პროცესების დაწყების „ხელჩასაჭიდ თარიღად“, შესაძლოა, სექტემბრის პირველი რიცხვები იქცეს. ხაბეიშვილის იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რაც ბრიუსელის მიერ განსაზღვრული რვა პირობის შეუსრულებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ არის მოსალოდნელი, მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდება. სწორედ ამ უკმაყოფილების გამოყენებას და პროტესტის ხელისუფლების დამხობის მოტივად ქცევას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“
ხაბეიშვილის განცხადებები ხელისუფლებისთვის იმის მორიგი დასტურია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს სურთ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი საზოგადოების გასაღიზიანებლად და ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ. ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება რომ ექსპრეზიდენტის პარტიას ხალხის ქუჩაში გამოყვანაში დაეხმარება, ხაბეიშვილის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებმაც დაადასტურეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის შეფასებით, თუ ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას დაკარგავს, მოქალაქეებს ამაზე რეაგირება ექნებათ.
„ასანქცირებენ 4 მილიონ ქართველს, შესაბამისად, 5 აგვისტო იქნება, 7 აგვისტო, 31 აგვისტო, თუ 27 სექტემბერი, არავინ არ ვიცით. მე ბედნიერი ვიქნები, რომ ხვალვე არ იყოს „ქართული ოცნება“ და ნებისმიერ დროს არსებობს ამის ალბათობა. რა გგონიათ, ვიზალიბერალიზაცია რომ შეწყდება, ეს ხალხი მე დამელოდება, რომ ქუჩაში გავიდეს?“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თუმცა, ამ გეგმას მომხრეები მეორე ოპოზიციურ ფლანგზე არ ჰყავს. ნებისმიერ რევოლუციურ იდეას, მით უფრო ვიზალიბერალიზაციის საკითხის გამოყენებით, ემიჯნება გახარიას გუნდი. როგორც გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, ისინი რევოლუციონერები არ არიან და ქუჩა მათი გზა არასდროს ყოფილა.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიცია ვერც ამომრჩეველს დააკარგვინებს და ვერც რევოლუციური გეგმის განხორციელებას შეძლებს.
„ლევან ხაბეიშვილის განცხადებები, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. თითოეული მისი გამოსვლა არის ორ-სამსიტყვიანი ანეკდოტი. რაც შეეხება დამხობას, მართლა ღიმილს იწვევს, მაქსიმუმ, საკუთარ ოფისში თუ დაამხობენ ერთმანეთს და ითამაშებენ,“ - ამბობს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ უსირცხვილო მცდელობას, ჩირქი მოსცხონ საქართველოს ევროპულ გზას და ეს პროცესი საკუთარი დესტრუქციული მიზნებისთვის გამოიყენონ.
„ლევან ხაბეიშვილის განცხადებები, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რევოლუციური პროცესების დასაწყებად უნდა იქცეს, არის პირდაპირი მოწოდება არეულობისკენ და სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ეს არ არის პოლიტიკური ოპონირება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება!
როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ევროპა 4 მილიონ ქართველს დაასანქცირებს, რის გამოც ქუჩაში გამოვლენ, ეს არის ცინიკური მანიპულირება ჩვენი მოქალაქეების ემოციებით. ნუთუ, ავიწყდებათ, რომ სწორედ მათი მმართველობის პერიოდში იყო საქართველო იზოლირებული მსოფლიოსგან? ახლა კი, როდესაც ქვეყანა პროგრესის გზაზე დგას და ევროპულ ინტეგრაციას უახლოვდება, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პროცესი შეაფერხონ“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ამ უვიზო მიმოსვლის საკითხის აფიშირებით, მათ უნდათ საზოგადოების გაღიზიანება და ხელოვნური დაძაბულობის შექმნა.
„ეს არის მათი მორალური სახე! ეს არის ის, რასაც მთელი თავისი არსით ემსახურებიან. თითოეული მათი რევოლუციური განცხადება, თითოეული მათი ქმედება, ყოველი მათი გეგმა, რომელიც გარედან არის ნაკარნახევი და რასაც ისინი ყურმოჭრილად ასრულებენ, მეტყველებს ერთ რამეზე: ისინი არასდროს ემსახურებოდნენ ქვეყანას, ისინი ყოველთვის იყვნენ ქვეყნის ოპოზიციაში!
საქართველოს მოსახლეობა ბრძენია და არ წამოეგება ამ პროვოკაციას. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ საქართველო ქაოსში ჩაძირონ და კიდევ ერთხელ დააბრუნონ წარსულში“, - ამბობს გვენეტაძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-თან აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს განცხადებები, თითქოს, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება რევოლუციის საბაბი გახდება, ერთი მხრივ, მათი სტრატეგიული გათვლაა, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ მოწყვეტილია რეალობას.
„დიახ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იქნება ძალიან მძიმე დარტყმა ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას დაამხობს. რევოლუცია არ ხდება მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემის გამო.
რევოლუციისთვის საჭიროა გაცილებით ღრმა საზოგადოებრივი უკმაყოფილება, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, სამოქალაქო აქტივობის მაღალი ხარისხი და, რაც მთავარია, ლიდერში მყოფი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ პროცესების მართვა და წარმართვა. დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ იმ რესურსს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი მასშტაბური პროცესების დასაწყებად დასჭირდება.
მათი იმედი, რომ ევროპიდან „გამობრუნებული“ მოქალაქეები რევოლუციის საწვავი გახდებიან, ძალიან საეჭვოა. ადამიანები, რომლებიც პრობლემებს აწყდებიან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირდაპირ ქუჩაში გამოვიდნენ და რევოლუციურ მოქმედებებში ჩაერთონ. უფრო მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, განსაკუთრებით კი მათი წარსული, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მათ მასობრივად გაჰყვნენ“, - ამბობს ძაბირაძე.
მიივე თქმით, „გახარიას გუნდის“ პოზიცია, რომ ისინი არ არიან რევოლუციონერები, უფრო რეალისტურია და ასახავს ოპოზიციის შიგნით არსებულ განსხვავებულ მიდგომებს.
„ოპოზიციის ამგვარი დაქსაქსულობა და განსხვავებული ხედვები კიდევ უფრო ამცირებს ნებისმიერი რევოლუციური სცენარის განხორციელების შანსებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ეს განცხადებები უფრო საკუთარი ელექტორატის მობილიზებასა და მედიაში ხმაურის ატეხვაზეა ორიენტირებული, ვიდრე რეალური რევოლუციის მოწყობაზე“, - ამბობს ძაბირაძე.