რეციდიულ გეოლოკაციებში ურბანული განაშენიანების კატეგორიულად აკრძალვა და სამართლებრივი დევნის პროცედურების გამკაცრება, როგორც შოვის ტრაგედიის პრევენცია!

რეციდიულ გეოლოკაციებში ურბანული განაშენიანების კატეგორიულად აკრძალვა და სამართლებრივი დევნის პროცედურების გამკაცრება, როგორც შოვის ტრაგედიის პრევენცია!

კურორტი შოვი აღარ არსებობს. ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, შოვში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მოეწყობა მემორიალი და თვენახევარში, მისი მოპირკეთების სამუშაოებიც დასრულდება. ასევე, უახლოეს მომავალში, დაიწყება ტაძრის მშენებლობა, რითაც კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას.

რა გვასწავლა შოვის ტრაგედიამ და შეგვეძლო თუ არა მისი თავიდან აცილება? ორი წელია, ეს კითხვები აქტუალობას არ კარგავს. უფლებადამცველი, პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ საქართველოში, ღვარცოფის 5 000 კერაა, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს ხელისუფლებას.

შოვში, ტრაგედიის ადგილზე, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტაძრის პროექტი უკვე მომზადებულია:

„კიდევ ერთხელ გავეცანით მას და უახლოეს მომავალში, დაიწყება ტაძრის მშენებლობა. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, დაღუპულთა ახლობლებისათვის, რომლებიც ხშირად ამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე. ყველასთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შოვში აშენდეს ეს ტაძარი, მათ შორის, იმისთვის, რომ ჩვენ ამითაც, კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. მისი განცხადებით, შოვის ტრაგედიის დროს გამოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია.

„გვახსოვს ეს ტრაგედია და გვახსოვს, ჩვენი მოსახლეობის, ადგილობრივების პირველი რეაქციები, მათი მისვლა ადგილზე, ჩვენი მეხანძრე-მაშველების გმირობა, ექიმების, სამხედროების, პოლიციის... იცით, რომ სამაშველო ღონისძიებებს მაშინ ერთი პოლიციელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი შეეწირა. ეს იყო წუთები, როდესაც ტრაგედიასთან ერთად, გაურკვევლობაც ბევრი იყო, შესაბამისად, რთული იყო მაშინ ოჯახებისა და საზოგადოების მდგომარეობაც. მთავრობამ მაშინ ყველაფერი გააკეთა, რომ ის პირობა, რაც მისცა პრემიერ-მინისტრმა ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს, შესრულებილიყო, არ დარჩენილიყო არცერთი ოჯახი, რომელიც ცოცხალს ან გარდაცვლილს მაინც ვერ იპოვიდა თავისი ოჯახის წევრს და ვერ შეძლებდა მის დატირებას. დღეს, აქ მემორიალის მშენებლობის პროცესიც ვნახეთ. სექტემბერში უკვე მემორიალიც გაიხსნება და ტაძრის მშენებლობაც დაგეგმილია, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისთვის, მოსახლეობისთვის, რომ ემოციური კავშირი ჰქონდეთ ამ ტრაგედიასთან. მაშინ გამოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია და ერთობლივი ძალებით, დაუღალავად, დღისით და ღამით მუშაობდა ყველა, რომ ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ ოჯახის წევრებს, ჰქონოდათ პასუხები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

***

2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.

უფლებადამცველისა და პარლამენტის ყოფილი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოში, ღვარცოფის 5 000 კერა გვაქვს, ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება, რათა რამდენიმე მიმართულებით გაშალოს პრევენციული მუშაობა შოვის ტრაგედიის მსგავსი მოვლენების წინააღმდეგ.

პირველ რიგში, ეს არის გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კომპლექსური ღონისძიების გატარება ღვარცოფსაცავების დასადგენად და იქ ადრეული შეტყობინების სისტემების განსათავსებლად.

„ასევე, აუცილებელია, რომ რეციდიულ გეოლოკაციებში, მაგალითად, დევდორაკსა და დურუჯის ხეობაში, ღვარცოფის გამოტანის კონუსის არეალებში, ურბანული განაშენიანების კატეგორიულად აკრძალვა და სამართლებრივი დევნის პროცედურების გამკაცრება! შოვში დატრიალებული ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა ზემოაღნიშნული ორი ღონისძიების გატარების შემთხვევაში.

თავიდანვე, შოვის კურორტის პროექტირებისას, მხედველობაში უნდა მიეღოთ ის გარემოება, რომ კურორტის არერთი შენობა-ნაგებობა ხვდებოდა ღვარცოფსადინარის ფართო კალაპოტის პერიმეტრში, რაც ადრე თუ გვიან, უმძიმეს თავსატეხად გვექცეოდა მთელ ქვეყანას, მეტადრე კლიმატის ცვლილებების ეპოქაში, როდესაც ბუნებრივ კატაკლიზმებს მთელს მსოფლიოში ათასობით ადამიანი ეწირება. შოვი და უწერა - რაჭის ეს ორი უნიკალური კურორტი, თვალწარმტაცი და განუმეორებელი, ჩვენგან დიდ ყურადღებას მოითხოვს“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, გარდა სეისმურად აქტიურ ზონაში მათი არსებობისა, პრობლემას დაემატა მყინვარების ნაშალი სტრუქტურირებული ღვარცოფების ახალი კერების გაჩენაც, რაც საკურორტო მთლიანი ზონის პროექტირების ფუნდამენტურ გადააზრებას გულისხმობს და რაშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა.

„ამ მხრივ, პრემიერის  ინიციატივა - შვეიცარიის მოწინავე სპეციალისტების მიერ, კავკასიონის ქედზე ჩასატარებელი სამუშაოების  შესახებ - ნამდვილად მისასალმებელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი, ასეთი ტიპის საფრთხის ნეიტრალიზაციისთვის აუცილებელია, რომ იდენტიფიცირებული საფრთხეების საფუძველზე, სავარაუდო რისკები შეფასდეს. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მათ შორის გრიფირებული გეგმები, რომლითაც გეოგრაფიული მიმართულების მიხედვით, წარმოდგენილი უნდა გვქონდეს ის საფრთხეები, რომლის წინაშეც შეიძლება დავდგეთ.

„აქ არის, როგორც ისტორიული ანალიზი, ასევე აუცილებლად გასაძლიერებელია სამცნიერო კვლევითი ცენტრები, რომელიც ამ მიმართულებებს აქტიურად შეისწავლის, რათა შემდეგ, პრევენციული ღონისძიებების სისტემა ჩამოყალიბდეს და აუცილებელია გამაფრთხილებელი სისტემების არსებობა, ასევე საევაკუაციო გეგმები.

ისეთი მაფრთხილებელი სისტემები გვჭირდება, რომლებიც დროულად მოახდენენ მოსახლეობის ინფორმირებულობას, რომ რაც შეიძლება, მალე მოხდეს მათი ევკუაცია, მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, გვჭირდება საევაკუაციო გეგმები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უწყებები, რომელიც მიმართული იქნება, როგორც მსხვერპლის, ისე მატერიალური ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

როგორც უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი აცხადებს, შოვის ტრაგედიის შემდეგ, მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების მიზნით, დადებითი ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ საკმაოდ არასრულყოფილად და ამ შემთხვევაშიც, ისევ საგანმანათლებლო სისტემამდე მივდივართ.

„თუ ამ კუთხით, საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებები არ განვითარდება, ან არ გვექნება ისეთ სახელმწიფოებთან ურთიერთობა, რომლებსაც აქვთ ასეთი მიმართულებები განვითარებული, ან არ ვიყიდით იმ ინფორმაციულ ნაკადებსა და კვლევებს, რაც აუცილებელია ასეთი ტიპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვფიქრობ, რომ ჩვენ კვლავ ვრჩებით მაღალი რისკის სახელმწიფოდ.

მით უმეტეს, რომ მოწყვლადი ქვეყანა ვართ, ამ მიმართულებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი და არსებითი არის ის, რომ განვითარდეს სამეცნიერო-ტექნიკური სექტორი. როდესაც ჩვენი სამეცნიერო ტექნიკური სექტორი გვეყოლება, უფრო მარტივად დავძლევთ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ხშირად ვდგებით და ვფიქრობ, ამ მიმართულებით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას, დავით კუხალაშვილმა.