ოქროსა და ვერცხლის საფონდო ბირჟების ფასები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. უნდა ველოდოთ თუ არა ახალ რეკორდებს წლის ბოლომდე?! ოქროს ფასი, ზედიზედ რამდენიმე წელია, იზრდება. 2025 წელი გამონაკლისი არ ყოფილა. გაზაფხულზე ძვირფასი ლითონის ფასმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე კი 3 500 აშშ დოლარს გადააჭარბა.
ზაფხულში ფასი ოდნავ შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ დონეზე დარჩა. ივლისში ოქროთი ვაჭრობა 3 350-3 400 აშშ დოლარის დიაპაზონში მერყეობდა. 2025 წლის დასაწყისიდან, ყვითელი ლითონის ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა.
ოქროს არც ვერცხლიც ჩამორჩება და 2023 წლის შემოდგომაზე, ფასის მატება დაიწყო. იმ დროს ვერცხლის ფასი 21 დოლარზე ოდნავ მეტი იყო. მას შემდეგ კოტირებები თითქმის 1.8-ჯერ გაიზარდა. ერთ დროს ვერცხლის ფასი 39.5 დოლარი იყო.
„როგორც წესი, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდებში, ინვესტორები უპირატესობას ანიჭებენ ოქროსა და ვერცხლს. მოთამაშეები ცდილობენ, კაპიტალი შეინარჩუნონ ეროვნული ვალუტებისა და საფონდო ბირჟების გარეთ, სადაც ცვალებადობა მხოლოდ იზრდება“, - ამბობს TRT-თან AMarkets-ის ანალიტიკოსი, იგორ რასტორგუევი.
ბოლო წლებში, თავდაცვით აქტივებში ინვესტირების უამრავი მიზეზი არსებობდა. ფაქტობრივად, ყოველდიურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კონფლიქტები მწვავდება, ქვეყნებს შორის სავაჭრო დაპირისპირება მწვავდება, სანქციები წესდება. „ეს ყველაფერი 2025 წელსაც გაგრძელდა. შემთხვევითი არ არის, რომ გეოპოლიტიკური რისკის ინდექსი, პირველი ექვსი თვის განმავლობაში, 15%-ით გაიზარდა. ამიტომ, ძვირფასი ლითონები უსაფრთხო თავშესაფრად ითვლება“, - ამბობს ანალტიკოსი.
რა იწვევს ძვირფასი ლითონების გაძვირებას
ამ ფონზე, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა რიგი ქვეყნების - ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის, უგანდის, ნიგერიის ცენტრალური ბანკების მხრიდან.
„გოლდმან საქსის“ მონაცემებით, მთელ მსოფლიოში, სამთავრობო უწყებები თვეში, დაახლოებით, 80 მეტრულ ტონა ყვითელ ლითონს ყიდულობენ. ფულადი თვალსაზრისით, საუბარია, დაახლოებით, 8.5 მილიარდ დოლარზე.
მაგალითად, გასული წლის ბოლოს, ჩინეთმა ყვითელი ლითონის მარაგი 44.17 ტონით გაზარდა - 2279.57 ტონამდე, იტყობინება ჩინეთის სახალხო ბანკი.
ჩინეთმა წელს აქტივების შეძენა განაგრძო. მარტის ბოლოსთვის, ქვეყნის ოქროს რეზერვმა 2 292.33 ტონას მიაღწია. არსებობს ვარაუდი, რომ ჩინეთი ფარულად მეტ ოქროს ყიდულობს და ქვეყნის რეალური ოქროს მარაგი ოფიციალურ მაჩვენებელზე 10-ჯერ მეტია.
ექსპერტების აზრით, ამ გზით ჩინეთს სურს, შეასუსტოს დოლარზე დამოკიდებულება. ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, შეამციროს დაუცველობა აშშ-ის პოტენციური სანქციების მიმართ. კერძოდ, ჩინეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ.
დონალდ ტრამპის აგრესიულმა სავაჭრო პოლიტიკამ ასევე გამოიწვია ოქროზე მოთხოვნა. ამ ფონზე, ძვირფასი ლითონი აქტიურად იწყებდა ფასში ზრდას. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები აქტივის ფასების შემდგომ ზრდას პროგნოზირებენ.
სავაჭრო კონფლიქტების ესკალაციამ, შესაძლოა, ოქროს ფასის ზრდის ახალი რაუნდი გამოიწვიოს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ძვირფასი ლითონის ფასი კვლავ 3 450-3 500 დოლარამდე გაიზარდოს.
გარდა ამისა, ამერიკული ეკონომიკის მომავალი ბუნდოვანია. 29-30 ივლისის ორდღიანი შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ძირითადი განაკვეთი ზედიზედ მეხუთედ შეინარჩუნა წლიური 4.25-4.5%-ის დონეზე.
მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა კვლავ ფრთხილია ძირითადი საპროცენტო განაკვეთის საკითხთან დაკავშირებით, ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ის შემოდგომაზე დაიწყებს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას.
რეალური განაკვეთის შემცირება ოქროს ფასების ზრდის ძლიერი კატალიზატორი იქნებოდა. საშუალოვადიან პერსპექტივაში, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აქტივის ფასი 4000 დოლარამდე გაიზრდება.
ვერცხლი, როგორც ოქროს ალტერნატივა
ამასობაში, ინვესტორები სულ უფრო ხშირად განიხილავენ ვერცხლს, როგორც ძვირადღირებული ოქროს ალტერნატივას. თუმცა, მოთხოვნის გაზრდის გამო, ბაზარზე ძვირფასი ლითონის ფიზიკური მიწოდება შემცირდა. ეს კი, თავის მხრივ, ფასების ზრდას იწვევს. წლის დასაწყისიდან, აქტივის ფასი 33%-ზე მეტით გაიზარდა. სხვათა შორის, ვერცხლის დეფიციტი უკვე რამდენიმე წელია არსებობს. დეფიციტი 2021 წლიდან შეინიშნება. მიზეზი ის არის, რომ ვერცხლზე მსოფლიო მოთხოვნის 60% ინდუსტრიაზე მოდის, 25% კი - დანა-ჩანგლის წარმოებაზე, ფოტოგრაფიის ინდუსტრიასა და საიუველირო ნაწარმზე.
კერძოდ, ვერცხლი ფართოდ გამოიყენება მწვანე ენერგიაში. მაგალითად, მზის პანელების მწარმოებლები აქტიურად გადადიან ენერგოეფექტიან ტექნოლოგიებზე. ეს კი კეთილშობილი ლითონის მეტ მოხმარებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ არის ვერცხლის მნიშვნელოვანი დეფიციტი.
ვერცხლის ინსტიტუტისა და ლითონების ფოკუსის მონაცემებით, დეფიციტი წელს 21%-ით შემცირდება და 3.7 ათას ტონას მიაღწევს. თუმცა, ისტორიული სტანდარტებით, ის მაინც მაღალი დარჩება. აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკა ასევე ზრდის ვერცხლის ფასს. ვაშინგტონი, 1 აგვისტოდან, აშშ-ში მექსიკური საქონლის იმპორტზე 30%-იანი გადასახადის დაწესებით იმუქრებოდა. მექსიკა ვერცხლის უმსხვილესი მწარმოებელი და აშშ-ის ბაზრის მთავარი მიმწოდებელია. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების თანახმად, ძვირფასი ლითონი ახალ ტარიფებს არ ექვემდებარება, არ არსებობს გარანტია, რომ ეს გამონაკლისები შენარჩუნდება. ექსპერტების აზრით, ყველა ეს ფაქტორი, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გაურკვევლობასთან ერთად, ვერცხლის ფასს გაზრდის. მათი პროგნოზით, წელს, ამ აქტივის ფასი 45-48 აშშ დოლარამდე გაიზრდება.
წყარო: https://trt.global/russian/article/a27adc8fceb4