ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს პოლიტიკურ კონტექსტს. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ „ინდულგენცია ვერ იქნება ვერცერთი პროფესია, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფოებრიობას“ და ამაღლობელის ქმედებას „სახელმწიფოსთვის სილის გაწვნად“ აფასებენ. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები, კულუარული ინფორმაციით, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ კონკრეტული ძალების ხელში, ამაღლობელი, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ბერკეტად იქცა.
ირაკლი კირცხალიას, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, მან სილა კი არ გააწნა კონკრეტულ პიროვნებას, სახელსა და გვარს, მან სილა გააწნა სახელმწიფოს.
„ეს არის ფაქტი და ეს არის ამ ფაქტის შეფასება. ამ ფაქტის პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ და დარწმუნებული ვარ, რომ საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი ასე უყურებს“, - ამბობს კირცხალია.
ხელისუფლების აზრით, მზია ამაღლობელს არ ეძლევა საშუალება, რომ საპროცესო გარიგებაზე წავიდეს და ციხე შედარებით მსუბუქი სასჯელით დატოვოს. მათი ვარაუდით, იგი გაწირეს და მედიის თვალწინ, საჯაროდ, პოლიციელზე თავდასხმა „დაუკვეთეს“. ამდენად, მათი თქმით, ამაღლობელი არ არის მხოლოდ ხელისუფლების ტყვე, არამედ ოპოზიციური და დასავლური ძალების მიერ ქცეული ბერკეტი, რომლითაც ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება სურთ.
თავად მზია ამაღლობელი, სასამართლოს დასკვნით სიტყვაში, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ საპროცესო გარიგება, „ცოცხლად დამარხვის“ ტოლფასია. მისივე თქმით, „სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა“. ის ხაზგასმით აცხადებს, რომ არ მოაწერს ხელს საპროცესო გარიგებას, რადგან რაც მოხდა, ამაღლობელის შეფასებით, თავდასხმა არ ყოფილა.
ამ საქმეს აქტიურად აკვირდებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გვერდით ბრძანდებოდა, რაც საქმის მიმართ საერთაშორისო ყურადღებაზე მიუთითებს.
ოპოზიცია და მედიის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ამაღლობელის დასჯით, ხელისუფლებას სხვების სამაგალითო დასჯა სურს, რათა დანარჩენებმა მსგავსი ქმედებების განხორციელება ვეღარ გაბედონ. მათი აზრით, ეს არის ზეწოლა მედიასა და კრიტიკულ ხმებზე, რათა შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14.00 საათზე გამოაცხადებს.
საქმის მასალების მიხედვით, მზია ამაღლობელს ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულში, კერძოდ, პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმაში.
მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან/და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
ბრალდება დაკავშირებულია 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში მომხდარ ინციდენტთან, როდესაც მზია ამაღლობელმა, პოლიციის სამმართველოს შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ამაღლობელს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სწორედ ამ ვადის სასჯელი ემუქრება.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, პროკურატურამ მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა. პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა 2025 წლის 21 ივლისს განაცხადა, რომ პროკურატურა მზად არის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, თუმცა კონკრეტული პირობები საჯაროდ არ გაჟღერებულა.
ზოგადად, საპროცესო შეთანხმება გულისხმობს, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, რის სანაცვლოდაც, მას სასჯელი შეუმსუბუქდება, ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელი შეეფარდება. პროკურორის განცხადებით, დაზარალებული ირაკლი დგებუაძეც თანახმა იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი for.ge-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი გულწრფელად შესაცოდია, რადგან ის ტყვეობაშია აყვანილი, როგორც საერთაშორისო ძალების, ისე ამ ძალების ადგილობრივი მარიონეტების მხრიდან.
„სამწუხაროდ, ქალბატონ მზია ამაღლობელს, რომელიც ძალიან მეცოდება და ნამდვილად მანაღვლებს მისი მდგომარეობა, არ მისცემენ საშუალებას, რომ საპროცესო შეთანხმება გააფორმოს. მას არ აძლევენ შესაძლებლობას, ციხიდან თავი დაიხსნას, მოინანიოს და გულწრფელად მოიხადოს ბოდიში ჩადენილის გამო. ამაღლობელის ამჟამინდელი სიტუაცია მათთვის ძალიან მომგებიანია. ეს ქალბატონი თავიდანვე გაყიდეს ციხისთვის და ამ მძიმე მდგომარეობისთვის. მას კონკრეტული დავალება ჰქონდა მიცემული, რომ საჯაროდ დაემცირებინა პოლიცია, ამიტომაც შეირჩა მაღალჩინოსანი, რომელსაც მედიის წინაშე ხელი გაარტყა. ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს გამწარებულებმა, რომელთაც ხალხი გვერდით აღარ ედგათ და ამ პროვოკაციაზე წასვლაც კი გადაწყვიტეს“, - აცხადებს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ეს იყო მთელი სისტემისა და პოლიციელების დამცირება, მთელი ქვეყნისთვის სილის გაწვნა, რათა მომხდარიყო პოლიციის დისკრედიტაცია. ისინი სწორედ ამას ცდილობდნენ - პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და მათ მორალური გატეხვას.
„მან რომ საზოგადოებას გულწრფელი სინანულით მიმართოს და თქვას, რომ ძალიან ნანობს და ცუდი იყო, რაც მოხდა, ამის მაგივრად, აიძულებენ, ციხეში ყოფნა განაგრძოს. მზია ამაღლობელი დღეს მათ პატიმრობაში სჭირდებათ, რადგან ეს მათი ბოლო იმედია. ამაღლობელზეა დამყარებული, როგორც წინასაარჩევნო, ისე პოლიტიკური ბრძოლის ხაზი. სხვა საშუალება მათ აღარ გააჩნიათ.
ფუჭი მოლოდინი ჰქონდათ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი, ევრობიუროკრატიული მმართველობის მიუხედავად, ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის, სტრატეგიულად, ეს ევროკავშირს დააზარალებს. მეორე, ე.წ. იმედი ჰქონდათ „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით, რაც ასევე არ გამოსდით, ვიცით, ის ტრამპის მეგობარმა სენატორებმა დაბლოკეს. ამიტომაც, მზიას იყენებენ, როგორც საჩვენებელ ბერკეტს იმისთვის, რომ ვითომ ხელისუფლება ჟურნალისტს „სილის“ გაწვნის გამო სჯის. მას ე.წ. სინდისის პატიმრის სახელიც კი დაარქვეს, რაც საერთოდ არ შეესაბამება იმ კონტექსტს, რასაც ეს ტერმინი გულისხმობს“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, მიდის საზოგადოებისა და ოპოზიციის ამომრჩევლის სტიგმატიზაცია, თითქოს მზია ამაღლობელს, მიზანმიმართული დასჯის მიზნით, ასამართლებს ხელისუფლება. ქართველიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ამაღლობელის თემა ამოიწურება და აღარ იქნება პოლიტიკურად გამოსაყენებელი, „გამჭვირვალობის“ კანონის მსგავსად, ის უმალვე დაავიწყდებათ.