სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს პალესტინის აღიარებას და ისრაელის დასჯას

სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს პალესტინის აღიარებას და ისრაელის დასჯას

ღაზაში ჩადენილი ქმედებების გამო, ევროპა ისრაელზე ზეწოლას აძლიერებს. პარიზის შემდეგ, ლონდონმაც გამოაცხადა პალესტინის აღიარების გადაწყვეტილება. გაერო-ს კონფერენციაში მონაწილე კიდევ 15 ქვეყნის წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოთქვეს.

ლონდონმა გადაწყვეტილება მიიღო

„ჩვენ ვხედავთ მშიერ ჩვილებს, ბავშვებს, რომლებიც ფეხზე დგომას ვერ ახერხებენ - ეს სურათი ჩვენს თვალებში, მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პალესტინის აღიარების განზრახვის გამოცხადებისას.

როგორც ბრიტანული მედია წერდა, პრემიერ-მინისტრზე ზეწოლას ახდენდნენ თანაპარტიელები, მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლებიც პალესტინის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობის მეთაური არ ჩქარობდა პალესტინასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დადგენას, რადგან ანტისემიტიზმის ბრალდების, ასევე ისრაელის მთავარ მოკავშირესთან - შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გართულების ეშინოდა.

შესაძლოა, აღიარების ოფიციალური განცხადება სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდეს. ლონდონის მიერ „საფრანგეთის მიერ შექმნილ იმპულსში“ შეერთების გადაწყვეტილება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ დადებითად შეაფასა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „ძალადობის დაუსრულებელი ციკლის შეჩერებას“ ისახავდა მიზნად.

კარგი მაგალითი

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის აღიარების პირობა დადო სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევაა.

მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ხანია, ყველაზე აქტიურია პალესტინის აღიარების საკითხში. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაურეკა საფრანგეთის ლიდერს და მიულოცა მას პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა გაუარესდა და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რაც შეიძლება მალე მიიღოს ზომები საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად. 

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის მოგვარება, ასევე რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარება, „ორი სახელმწიფოს შექმნით“ არის შესაძლებელი.

პალესტინა ამჟამად 140-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის, თურქეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, რუსეთმა, ბრაზილიამ, შვედეთმა და პოლონეთმა. გასულ წელს, ნორვეგიამ, ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს.

სხვა დასავლური ქვეყნებიც თანდათანობით უერთდებიან ამ ინიციატივას. ივლისის ბოლოს, საფრანგეთისა და საუდის არაბეთის ორგანიზებით, პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს კონფერენცია გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის (მათ შორის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ანდორას, მალტის, ისლანდიის, პორტუგალიის, სან-მარინოსა და ფინეთის) საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომლითაც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის“ მხარდაჭერას უჭერდნენ მხარს. შეხვედრაზე სლოვენიის, ესპანეთის, ირლანდიის, პორტუგალიის და ნორვეგიის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა, რომლებმაც უკვე აღიარეს პალესტინა.

პალესტინის აღიარების მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორისაა იტალია. პრემიერ-მინისტრ ჯორჯო მელონის თქმით, ეს სახელმწიფოს ფაქტობრივი ჩამოყალიბების შემდეგ უნდა მოხდეს და ამასობაში, „შესაძლოა, დასახული მიზნის მიღწევის საწინააღმდეგოც კი იყოს“.

ამავდროულად, პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ის პალესტინის სახელმწიფოს მხარდამჭერია.

პალესტინის აღიარების ნაბიჯმა, როგორც მოსალოდნელი იყო, შეერთებულ შტატებში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი მას „გაუაზრებელი გადაწყვეტილება“ უწოდა.

ევროკავშირი ისრაელით დაიღალა 

ბოლო დროს, ევროკავშირის ქვეყნებმა სერიოზულად განიხილეს ისრაელთან ურთიერთობების გადახედვა: თუ თავდაპირველად ისინი მხარს უჭერდნენ თელ-ავივს, ახლა მთელი ყურადღება ღაზაში მომხდარ ჰუმანიტარულ კატასტროფაზეა გადატანილი. ბრიუსელი აღშფოთებულია ისრაელის ქმედებებით ომის დროს.

ივლისის შუა რიცხვებში, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, ისრაელის წინააღმდეგ სანქციების ათი ვარიანტი წარადგინა, მათ შორის, იარაღის ექსპორტის შეჩერება. ბრიტანეთმა, გაზაფხულზე, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობასთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ მოლაპარაკებები ღაზას სექტორის ბლოკადის გამო შეაჩერა.

გერმანია ევროკავშირში ისრაელის მთავარ მოკავშირედ ითვლება. ადრე ხელისუფლება უგულებელჰყოფდა პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მოწოდებებს, უფრო მკაცრი კურსი დაეკავებინათ თელ-ავივის მიმართ, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.

მაისში, ევროკავშირის 17-მა წევრმა სახელმწიფომ მოითხოვა შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერება, რის მიზეზადაც ისრაელის მიერ „დოკუმენტის პირობებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების ვალდებულებების დარღვევა“ დასახელდა.

ამ კვირაში, ევროკომისიამ ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო, თელ-ავივის „ჰორიზონტ ევროპა“-ს ფლაგმანური კვლევითი პროგრამიდან ამოღების წინადადება წარადგინა. ბრიუსელმა ისრაელისთვის პროგრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვლევით სფეროზე - ევროპის ინოვაციების საბჭოსთან (EIC) წვდომის ჩამორთმევა მოითხოვა, რომელიც რევოლუციურ ტექნოლოგიებზეა სპეციალიზირებული. პროგრამაში 46 ისრაელური კომპანია მონაწილეობს და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.

„ჰორიზონტ ევროპის“ პროგრამაში, ბრიუსელს აქამდე, არცერთი ქვეყნის საქმიანობა არ შეუჩერებია. 

წყარო: https://trt.global/russian/article/2b69f2aac88e