ერთსქესიანთა ქორწინება - სერიოზული გამოწვევა ევროკავშირისთვის და რისკი საქართველოსთვის

ერთსქესიანთა ქორწინება - სერიოზული გამოწვევა ევროკავშირისთვის და რისკი საქართველოსთვის

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა, სადაც იგი უკრაინის  ევროინტეგრაციის კონტექსტში, LGBTQI თემის უფლებების, მათ შორის, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მნიშვნელობაზე საუბრობს, საქართველოში ცხარე დისკუსია გამოიწვია. ეს საკითხი კიდევ ერთხელ დააყენებს დღის წესრიგში კითხვას, არის თუ არა ერთსქესიანთა ქორწინების აღიარება ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობა და რამდენად ასახავს შვედეთის პრემიერის განცხადება მთელი ბლოკის პოზიციას.       

ფაქტია, რომ შვედეთის პრემიერის განცხადება კონსერვატიული ღირებულებების მქონე ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევად იქცევა. მმართველი პარტიის პოზიცია, რომელიც აქამდე ევროკავშირისთვის „იდენტობის დაკარგვაზე“ საუბრობდა, შვედეთის პრემიერის განცხადებამ დაადასტურა. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირისთვის მიუღებელია, კიდევ უფრო აქტუალური ხდება. 

„დღეს საგერსკაში, უკრაინელი LGBTQI ვეტერანები მივიღე. როდესაც ისინი ფრონტის ხაზზე, სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან. თუმცა, ისინი იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულებებიც არიან, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის. დღეს, ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში არ შეუძლიათ ქორწინება, ან რეგისტრირებული პარტნიორობა. ყველა უმცირესობის, მათ შორის, LGBTQI თემის უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ყველაფრის შესრულებას“, - დაწერა ულფ კრისტერსონმა.

ამ მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნა შვედეთის ოფიციალური პოზიცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, თუ ეს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პირადი მოსაზრებაა. ამაზეა დამოკიდებული, რამდენად გაღრმავდება ბზარი კონსერვატიულ ქვეყნებსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის. 

შვედეთის პრემიერის ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

„შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ერთ წევრსაც შეუძლია კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, შვედეთის პრემიერის ნათქვამი იმის დასტურია, რომ „გლობალური ომის პარტია“, იგივე Deep State, ევროპას საკუთარი იდენტობის დაკარგვას უბიძგებს.

„თქვენ,მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხედავდით, როგორ ცდილობდა რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, რომ რაღაცნაირად სასაცილოდ აეგდოთ ეს თემა, რასაც ჰქვია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი. ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს აქ რისკები და პრობლემები არ არსებობს, თუმცა ხედავთ, რა ტენდენციებია მთელი ევროპის მასშტაბით, იგივე, რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობას, რაც შეეხება სქესის შესახებ პასპორტში ჩანაწერების მარტივად გადაკეთებას, ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ არასრულწლოვნების შვილად აყვანას და ასე შემდეგ“, - ამბობს პრემიერი.

მისივე თქმით, ყველა მიმართულებით, კატასტროფული ვითარებაა, ევროპის მასშტაბით. თითქმის აღარ დარჩა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი უკვე დანერგილი არ არის.

„ეს ყველაფერი ხდება დაჟინებული მოთხოვნით, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე, რომ არსებობს კონკრეტული ხაზი, ვისაც ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“ და ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, ამ ძალას სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა. სტატისტიკა არის შემაშფოთებელი“, - ამბობს პრემიერი.

მისივე განცხადებით, ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ, შესაბამისი ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობამ. ეს არის დაჟინებული პროპაგანდის შედეგი.      

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი, წლების განმავლობაში, ევროგაერთიანებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. მამრაძე იხსენებს ევროკომისრის კანდიდატის, როკო ბუტლიონეს შემთხვევას, რომელსაც ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ შეკითხვა დაუსვეს. ბუტლიონემ განაცხადა, რომ კათოლიკე იყო და ამას არასდროს დაუჭერდა მხარს, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა მოხსნეს და სრულიად სხვა პიროვნება დაამტკიცეს.

„ახლა ეს საკითხი სპეციალურად გაჟღერდა, რათა ნიადაგი მოისინჯოს და გამოკვლეულ იქნას, ვის როგორი რეაქცია ექნება და რა გამოხმაურება მოჰყვება ამ ყველაფერს. წელს, ევროპაში, სამწუხაროდ, რეკორდულად დაბალი შობადობაა. ასევე, შვედეთში მოსახლეობის მეოთხედი აფრიკიდან ჩამოსული შავკანიანები არიან, ხოლო ახალგაზრდების ნახევარს არ ჰყავს შვილები. პრემიერმა სწორად აღნიშნა, რომ ევროპაში, ახალგაზრდებს შორის ერთსქესიანი ქორწინება 20%-მდეა, ამიტომ ეს თემა არ არის სასაცილო და გასატარებელი.

ფაქტია, რომ სიტუაცია არასახარბიელოა და ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, მით უმეტეს, ასეთი რისკები დაუშვებელია. ძალიან მცირე ერი ვართ და ეს ჩვენი გადაგვარებისა და დემოგრაფიული პრობლემისთვის უდიდესი დარტყმა იქნება“, - აცხადებს მამრაძე.

მისივე თქმით, ამ საკითხზე დაპირისპირება თავად ევროკავშირშიც არსებობს. მამრაძე მიიჩნევს, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც კონსერვატიული შეხედულებებისა და ტრადიციების მატარებლები არიან. შესაბამისად, ეს საკითხი, შესაძლოა, სერიოზული დაპირისპირების მიზეზიც კი გახდეს.

„ჩეხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ აღარ ვარ ახალგაზრდა, თორემ ამ გეებს ისეთ ანტიპარადს მოვუწყობდი, მსოფლიოს ვაჩვენებდი მაგალითსო. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერთსქესიანთა ქორწინებას. ადრე ისიც თქვეს, რომ უნგრეთს ახლა რომ ვიღებდეთ ევროკავშირში, არ მივიღებდითო. ახლა გარიცხვაც ძალიან უჭირთ, რადგან ამის მექანიზმი ნამდვილად არ არსებობს.

მთავარი ის არის, რომ შვედეთის პრემიერმა ეს თქვა, თუმცა ფორმალურად, ასეთი რამ - ევროკავშირის წევრობის პირობად - არსად წერია. როგორც ვთქვი, ეს ერთგვარი შემოწმებაა ლიბერალური ძალებისგან და იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რასაც „დიფ სთეითი“ ჰქვია. სწორედ მათი დაკვეთით გააჟღერა ეს წინადადება შვედეთის პრემიერმა. მე მგონია, რომ ამას ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდანაც მოჰყვება გამოხმაურება“, - ამბობს მამრაძე.

ანალიტიკოსის აზრით, ეს საკითხი არა მხოლოდ იურიდიული, არამედ კულტურული და ცივილიზაციური დაპირისპირების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული ღირებულებების რღვევას.

„ევროპაში, დიდი ხანია, მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც საზოგადოების ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად, ხოლო შვედეთის პრემიერის განცხადება ამ პროცესის მორიგი გამოვლინებაა. საქართველოსთვის, რომელსაც აქვს მდიდარი ტრადიციები და ღრმად ფესვგადგმული რელიგიური და კულტურული იდენტობა, მსგავსი მოთხოვნების მიღება ქვეყნის ფუნდამენტურ საფუძვლებს შეარყევს. ევროკავშირში არ არსებობს კონსენსუსი ამ საკითხზე და არაერთ ქვეყანას აქვს კონსერვატიული მიდგომა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას“, - ამბობს მამრაძე.