დამნაშავე თუ „გმირი“ - „მზია ამაღლობელი წამებული და გამარჯვებული გმირის მანტიას მაშინ მოისხამს, თუ სახელმწიფო უკან დაიხევს და გამოუშვებს!“

დამნაშავე თუ „გმირი“ - „მზია ამაღლობელი წამებული და გამარჯვებული გმირის მანტიას მაშინ მოისხამს, თუ სახელმწიფო უკან დაიხევს და გამოუშვებს!“

მზია ამაღლობელი სასამართლოში დასკვნით სიტყვას დღეს იტყვის. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის თხოვნის შემდეგ მიიღო, რადგან ამაღლობელმა მოსამართლეს უთხრა, რომ საბოლოო სიტყვის სათქმელად ძალების აღდგენა სჭირდებოდა. 13:00 საათზე, დაკავებული დასკვნით სიტყვას იტყვის, ამის შემდეგ კი მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დაახლოებით ორ საათში გაუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ადვოკატ მაია მწარიაშვილის განცხადებით, თუ სასამართლო იტყვის, რომ სილის გაწვნა არის თავდასხმა, ეს იქნება პაროდია სამართალზე, ეს იქნება პაროდია მართლმსაჯულებაზე. მწარიაშვილის თქმით, პროგნოზი ერთადერთია, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, რადგან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება არის დაცინვა სამართალზე.

„ეს პროცესი არის სარკე იმისა, როგორ ბოროტად იყენებდნენ ძალაუფებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები: პოლიცია, პროკურატურა, ხელისუფლება... ყველაფერია ამ საქმეში, ყველაფერს წაიკითხავთ. პროგნოზი ერთადერთია, აქ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, ეს არის დაცინვა სამართალსა და სამართლიანობაზე“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ამ გახმაურებული საქმის კიდევ ერთი ადვოკატი ჯუბა ქათამაძე ამტკიცებს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სასამართლოზე სახელისუფლებო ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც უკვეთავენ. თუმცა, რას უკვეთავდნენ და რა მიიღო მოსამართლემ, რა თქმა უნდა, ადვოკატი ამ დეტალების განხილვაში არ შედის. აქვე იმასაც ამბობს, რომ ბრალდების მხარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ირაკლი დგებუაძეს ჯანმრთელობის დაზიანება არ მისდგომია, ისიც ვერ დამტკიცდა, ეტკინა თუ არა ლოყა.

„მზია დასკვნით სიტყვას იტყვის. ყოველნაირი მოლოდინი აქვს, განსაკუთრებული მოლოდინი არ გასჩენია, შეგუებულია ყველაფერს და იცის, რა ბრძოლაშიც არის. ძალიან პრინციპული ადამიანია. მისი მოთხოვნა და სურვილია, რომ სამართალი აღსრულდეს და არა თავი დაიმდაბლოს და ბოდიში მოიხადოს, რასაც მისგან ითხოვენ. მას შესთავაზეს საპროცესო გარიგება, რომელიც ზემოქმედების იარაღია, რომ „აი, აღიარე, რაც არ ჩაგიდენია, ბოდიში მოიხადე და გაგიშვებთო“. მზიას ეს არ სჭირდება, ის ერთადერთ რაიმეს ითხოვს და ეს სამართლის აღსრულებაა. ის, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს დაესხა, არის აბსურდი“, - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

დღეს, ბათუმში რადიკალური ოპოზიციისა და აქტივისტების განსაკუთრებული მობილიზაციაც შეინიშნება - სპეციალურად თბილისიდან და რეგიონებიდან, ორგანიზებულად წაიყვანეს აქტივისტები. სასამართლოზე დასასწრებად ჩასულები არიან ევროკავშირის ელჩებიც, მათ დაბინავებასა და კვებაზე კი ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ იზრუნა. ბათუმშია სალომე ზურაბიშვილიც, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ლაზარე გრიგორიადისი ჯერ შეიწყალა და მერე გმირად შერაცხა. ექსპრეზიდენტის განცხადებით, არაფერი არ არის მზია ამაღლობელის საქმეში, გარდა ცრუ ჩვენებისა:

„ცხადად გამოჩნდა, რომ ამაში ჩართულია ხელისუფლება, არის ზეწოლა, რათა ეს საქმე გახდეს პოლიტიკური. ჯერ არ სჯიან და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ყველა ბრალდება თუ ხმები იმის შესახებ, რომ მზია ვიღაცის დავალებით, რაღაცას ასრულებდა, ეს მითები და კონსპირაციის თეორიები ჩამოეცალა. არაფერი არ არის საქმეში, გარდა ცრუ ჩვენებისა. ადვოკატმა ეს ყველაფერი დეტალურად ახსნა. ასევე, ცხადად გამოჩნდა, რომ ამაში ჩართულია ხელისუფლება, არის ზეწოლა, რათა ეს საქმე გახდეს პოლიტიკური. ეს არ არის პოლიტიკური საქმე და უნდა დამთავრდეს ასე. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მერე ან საერთოდ სასამართლო თავის თავს გამოუტანს განაჩენს, ან თავისუფლება მზიას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყნებში, პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ სცენარის ერთ-ერთი დეტალი, სწორედ პოლიციელის შეურაცხყოფაა:

„ამ თემაზე შეიძლება ადამიანურად იმსჯელო და თქვა, დასანანია, რომ ქალბატონია დასჯილი, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიციელისათვის არა თუ ხელის დარტყმა და ფიზიკური ზემოქმედება, არამედ უხეში სიტყვის თქმაც კი, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება და ამის მაგალითები გვაქვს.

პოლიციელის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება არა იმიტომ, რომ დანაშაულის ჩადენა კონკრეტული ადამიანის მიმართ ხდება, არამედ ამ შემთხვევაში, პოლიციელი არის სახელმწიფოს დაცვის სიმბოლო.

პოლიციელისთვის ხელის გარტყმა არის გარკვეული წინასწარ დაგეგმილი ქმედება, რათა დაუსჯელობისა და განუკითხაობის ატმოსფერო შეიქმნას, რომ სახელმწიფოს სტრუქტურები არ არსებობს, რომ შეიძლება, პოლიციელის ხელი დაარტყა და ამისთვის არაფერი მოგივიდეს. იგივე რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მოხდეს, პასუხი ძალიან მძიმე იქნება - დაწყებული ფიზიკური ზემოქმედებიდან, დასრულებული სასამართლო გადაწყვეტილებით.

ადამიანურად, ახალგაზრდა ქალის მიმართ, შეიძლება, ემპათია გამაჩნდეს, მაგრამ არსებობს კოდექსი, კანონი და კანონი ყველამ უნდა დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნგრევის პროცესი განვითარდება.ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შექმნილი სცენარი, რომელშიც ერთ-ერთი დეტალი პოლიციელის შეურაცხყოფაა, მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პროცესს აკვირდებიან ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, პოლიციის წინააღმდეგ აღმართული ხელი ნიშნავს ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ყველა ქვეყანაში დასჯადი ქმედებაა. პოლიტიკის დოქტორი, პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ გამოცემა „ნეტგაზეთი“ არის სოროსისეული გამოცემა, ხოლო მზია ამაღლობელი - ვეტერანი სოროსელია. მათი ამოცანაა სახელმწიფო სისტემების მოშლა, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი და სიმბოლური ეს საქმე.

„მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ბათუმის პოლიციის უფროსს. შემდეგ თქვა, რომ სწორად გაარტყა, მოგვიანებით მოიგონა, თურმე, იმიტომ გაარტყა, რომ მანამდე, პოლიციის უფროსმა შეაფურთხა. არადა, ამ ინციდენტამდე, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ხელწერილით გათავისუფლებული. სწორედ ახლად გათავისუფლებულმა გააწნა სილა დგებუაძეს.

ახლა ერთი რამ უნდა ვთქვა განსაკუთრებით შეუგნებელთათვის. „ნეტგაზეთი“ არის სოროსისეული გამოცემა, მზია ამაღლობელი კი - ვეტერანი სოროსელია. სოროსის ქსელი არის საქართველოს დაუძინებელი მტრების ბუდე. მათი ამოცანა არის სახელმწიფო სისტემების მოშლა მთელს მსოფლიოში და კერძოდ, საქართველოში. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი და სიმბოლური ეს საქმე - სოროსელი ამაღლობელის მიერ, სახელმწიფოს დაუსჯელად დამცირება! ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ უნდა მოიხადოს“, - აცხადებს მანჯავიძე.

რაც შეეხება პროცესზე ევროკავშირის ელჩების ვიზიტს, როგორც სოსო მანჯავიძე აღნიშნავს, ევროკავშირის ელჩებისა და აგენტურის აქტიურობა გასაგებია, მაგრამ განსაკუთრებით საოცარია სენტიმენტალური მოსაზრებები.

„ევროკავშირის ელჩებისა და აგენტურის აქტიურობა გასაგებია, მაგრამ ეს სენტიმენტალური - „რა ამბავია, ამდენის მისჯა“, „გამოუშვან, რა მოხდა“ და მსგავსი მოსაზრებები, განსაკუთრებით საოცარია. ამის გარდა, „სოროსის ფონდი“ საქართველოში უნდა აიკრძალოს, ხოლო მისი თანამშრომლები და აქტივისტები უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ასპარეზს, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა“, - წერს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოსის, ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, იმ ვიღაც დახვეწილი არამზადის, სოროსელის, ანუ ქვეყნის დამანგრეველი გაჯონჯოლიელებული მზია ამაღლობელის პროცესი ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ღირსების საკითხია.

„ყველამ ვნახეთ, ვინც ამით იყო დაინტერესებული, რომ ამ ფულის გამო გაჯონჯოლიელებულმა ქალმა, დავალებით და მიზანმიმართულად  გააწნა სახელმწიფოს სილა, ამიტომაც უნდა მიიღოს ის სასჯელი, რომელსაც კანონის ძალით იმსახურებს! მერაბ კოსტავას ქვეყანაში, თურმე, დისიდენტები, სინდისის პატიმრები და გმირები არიან მოლოტოვის კოქტეილელი ლაზარე; პოლიციელზე მოძალადე, ჟურნალისტი მზია; ბავშვების აღმზრდელი, კბილებდალესილი ნინო მასწავლებელი; მიტინგებსა და აქციებზე, სამართალდამცველებისთვის პიროტექნიკის მსროლელი, მსახიობი ანდრო; პრეზიდენტყოფილი მიხა; შარვალჩახდილი გირჩი - ზურაბა; ასევე, ხანდაზმული თაღლითები - ხაზარა და ბადრი; კინტო ელისა; ლგბტ გვარამია-მელია; ე.წ. ოსეთის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ვაჟა ექიმი; რუსული ფილმების მთავარი გმირი ქაცარავა... აი, ამათ აპიარებენ და მხარს უჭერენ ე.წ. „ნაცზვიადისტები“ და ეს სირცხვილიც არ არის, უკვე! იმიტომაც აქვთ ნებისმიერ არჩევნებზე კატასტროფული წარმატებები. კიდევ უარესი ექნებათ“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სვამს კითხვას - რომელ ქვეყანაში გაბედავენ უცხოელი ელჩები, კოლექტიურად დაესწრონ სასამართლო სხდომას, წინა რიგში დასხდნენ და მოსამართლე თვალებით ბურღონ, მასზე ზეგავლენის, ან მისი დაშინების მიზნით? როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მზია ამაღლობელი წამებული და გამარჯვებული გმირის მანტიას მაშინ მოისხამს, თუ სახელმწიფო უკან დაიხევს და გამოუშვებს. ის კი ყველგან და ყოველთვის ამაყად იტყვის, თუ როგორ გაიგდო ერთმა ფეხქვეშ მთელი სახელმწიფო.

„დამისახელეთ პრეცენდენტი, თუ იცით ვინმემ, სადმე ხდება ასეთი რამ, რაც ჩვენთან?! ან შეიძლება, მე არ ვიცი და ხდება. თუმცა, მაინც მგონია, რომ არ უნდა ხდებოდეს. მაშინ, რატომ ხდება ეს საქართველოში? ზოგიერთნი, მათ შორის, ხელისუფლების მომხრენი, აშკარად მოექცნენ იმ საინფორმაციო ფსიქოლოგიური კამპანიის ზეგავლენის ქვეშ, რასაც მთელი ეს პერიოდი, ოპო-„ბაბლი“ აწარმოებდა მზია ამაღლობელის საქმეზე.

უკვე ისმის ხმები - ცოდოა, აკმარეთ, რაც ციხეში იჯდა, პირობითი მიეცით, გამოუშვით, ნუ გახდით წამებულ გმირად და ა.შ. მზია ამაღლობელი წამებული და გამარჯვებული გმირის მანტიას მაშინ მოისხამს, თუ სახელმწიფო უკან დაიხევს და გამოუშვებს! ის კი ყველგან და ყოველთვის ამაყად იტყვის თუ როგორ გაიგდო ერთმა ფეხქვეშ მთელი სახელმწიფო. თუ რა პრეცედენტი შეიქმნება ამით, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია... კარგად დაფიქრდით, ოღონდ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

 

 

 

 

დოი განაჩენი ყველასთვის უნდა აღსრულდეს,მითუმეტეს სოროსის ვირთხებისთვის....ამას გამოუშვებენ?,ხვალ უარესს მივიღებთ!
2 საათის უკან
მარბიელი დამნაშავე თუ გმირი? რა თქმა უნდა დამნაშავე! გახსოვთ რა თქვა პირველად? მჭიდროდ ვიდექით, ხელი ს განთავისუფლება მინდოდა, მძლავრად მოვიქნიე და შემთხვევით გავარტყიო; ე.ი. მატყუარაც!
გამარჯვებული??? ანუ თუ შერჩება და გაათავისუფლებენ? მერე სხვა თავდამსხმელს, "პოლიტიკური მიზნით მომპარავს, ან თაღლითს" როგორ დაიჭერ?
სასჯელი აუცილებელია, ოღონდ გათვალისწინებულის მინიმალური
1 საათის უკან
Maverick არ უნდა ეპატიოს, პოლიციის უფროსი კი არა, რიგით პოლიციელზე სილია გაწვნა, დედა სამშობლოზე ხელის აღმართვას ნიშნავს და სათანადოდ უნდა დაისაჟოს!
18 წუთის უკან