რამდენიმე დღეა, რაც პრესაგე.ტვ-მ შემოგთავაზათ ახალი რუბრიკა - ”დაიჯესტი”. რუბრიკაში ქვეყნდება ქართულ ბეჭდურ მედიაში დაბეჭდილი წერილები. ვფიქრობთ, საინტერესო სიახლეა, განსაკუთრებით - უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ინტერნეტზე, მაგრამ მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გაეცნონ ქართულ გაზეთებს.
როგორც მოგახსენეთ, აღნიშნული სტატიები ქვეყნდება რუბრიკა ”დაიჯესტში”, თუმცა წინამდებარე წერილს ვდებთ მთავარ თემად, რადგან მას ზედმეტად მწვავე რეაქცია მოჰყვა რესპონდენტთა შორის, მეტიც - ეს იყო დაუფარავი აგრესია. სწორედ ამ აგრესიის გამოა, რომ ეს წერილი მთავარ თემებს შორის ქვეყნდება. თუ ბატონები ნათელაშვილი და შატბერაშვილი მოისურვებენ პრესაგე.ტვ-სთან საუბარს, ჩვენ მათ აუცილებლად შევხვდებით და მივცემთ საშუალებას ჩვენ მკითხველს მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან, არგუმენტირებულად უარყონ ის ბრალდებები, რასაც მათ უყენებს გაზეთ ”ვერსიის” ინკოგნიტო (ჯერჯერობით) წყარო.
[პრესაგე.ტვ]
[”ვერსია”]
თავად გასვრილმა ხელისუფლებამ ჩვენი ოპოზიციაც ლაფში ისე გასვარა, ამათ გარეცხვას ისევ ახლის გაკეთება სჯობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ახლები მხოლოდ არც ისე კარგად დავიწყებული (დავიწყებას ვინ გვაცდის?!) ძველები არიან. ოპოზიისა და ხელისუფლების “შეხმატკბილებული” თანაცხოვრების შესაშური მაგალითი კი პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ გამართულ “დებატებზე” ვიხილეთ, რომელთა შორის ის ლეიბორისტებიც იყვნენ, ვისაც 2008 წელს ხალხმა ხმა მისცა და მერე რატომღაც სააკაშვილის მორჩილთა შორის აღმოჩნდნენ. მართალია, ბატონი შალვა ნათელაშვილი ამ დებატების შემდეგ ბრძანებდა, რომ პარლამენტში რომ ყოფილიყო, მერე ენახა მიშას სეირიო, სამართლიანობისთვის მებრძოლ პოლიტიკოსებს, პარლამენტარის ხელფასს როგორ დავამადლით, წყალსა და ყავას მივირთმევთ ბრიფინგებს შორის შესვენებებზე ამ ფულითო, მაგრამ მაინც დღემდე გაუგებარია, ვინ არ მიუშვა ან პარლამენტამდე ანაც ტრიბუნამდე. ისე, ბატონი შალვა ოპოზიციაში ყველაზე ჭკვიანი და წინდახედული აღმოჩნდა - “სამისდღემჩიო” ბოიკოტი რომ გამოუცხადა საკანონმდებლო ორგანოს, სწორედ ამიტომაა დღეს (და სამუდამოდ) “მომგებიანში” და აკრიტიკებს და აკრიტიკებს კოლეგა ოპოზიციას.
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეზე, შალვა ნათელაშვილსა და მის სხვა ლიდერებზე, უკვე წლებია, არაერთი მასალა გამოქვეყნებულა მედიით. ნათელაშვილი ბუზს არ ისვამს თავზე - მე და ჩემი პარტიული ბოსები უბიწოები ვართო და ამ მასალების გამომზეურებას ჯერ შევარდნაძეს, ახლა კი - სააკაშვილ-მერაბიშვილს აბრალებს. არადა, პოლიტიკურ კულუარებში ლეიბორისტების მიმართ უამრავი უპასუხო კითხვაა დარჩენილი და...
გამუდმებით მუსირებს ვერსია, რომ ნათელაშვილის პარტია ხელისუფლებისგან ფინანსდება, მას ფულს უხდიან იმაში, რომ ყველაზე საშიში, სოციალურად გაჭირვებული საზოგადოების პროტესტი შეაკავოს. მემარცხენე ფლანგი გაამყაროს და ოპოზიციონერობა ითამაშოსო, ლეიბორისტური პარტიისა და მისი ლიდერის პოლიტიკურ ცხოვრებაში იმდენი კითხვის ნიშანი, იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტია, რომ, თუ ეს ყველაფერი მართლაც ნათელაშვილისა და მისი პარტიის კომპრომეტირების მიზნით აგორებული ჭორებია, გულისგულში ძალიან ბევრი დაიჯერებს. რაც მთავარია, ლეიბორისტების ხელისუფლებასთან მრავალწლიანი ფლირტის შესახებ ყველაზე ხმამაღლა და დამაჯერებლად, ისევ ყოფილი ლეიბორისტები ჰყვებიან-ხოლმე.
ინფორმაციები, რომელიც უნდა შემოგთავაზოთ, კონფიდენციალურმა წყარომ გაგვიმხილა, ცხადია, გარანტიით, რომ მისი ვინაობა უცნობი დარჩება, თუმცა შავნაბადას სკანდალის არ იყოს, ეს ყველაფერი თითქოს ყველამ იცის, მაგრამ საჯაროდ საუბარს ერიდება. “ვერსია”, რა თქმა უნდა, შეეცდება ყველა ფაქტი გადაამოწმოს და ისე მიაწოდოს მკითხველს. ჯერ - წყაროს ინფორმაციები:
წყაროს ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილმა და მისმა პარტიულმა ამხანაგებმა, სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი შიდა და გარე ძალებისგან, არაერთხელ აიღეს გარკვეული თანხა კონკრეტული გარიგების საფასურად. ეს ყველაფერი კი ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამდე მომხდარა.
“2003 წლის შემოდგომით, შალვა ნათელაშვილს, 800 000 დოლარი სახლში მიუტანეს. ეს თანხა, ჟვანია-სააკაშვილის გუნდის მხარდამჭერი ერთ-ერთი სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში გაუგზავნა ნათელაშვილს. ამ სახელმწიფოს ელჩი და ნათელაშვილი, რევოლუციამდე რამდენჯერმე შეხვდნენ ელჩის სახლშიც, თბილისში. ნათელაშვილმა მილიონი დოლარი მოითხოვა, მაგრამ ბოლოს 800 000 დოლარზე შეთანხმდნენ. ნათელაშვილს თანხა იმისთვის მისცეს, რომ არ შეეშალა ხელი ვარდების რევოლუციისთვის, რომელიც უკვე დაწყებული იყო, ხალხში უკვე ქუჩაში იყო გამოსული. ნათელაშვილს, ამ თანხის საფასურად, უნდა დაეჭირა ნეიტრალური პოზიცია რევოლუციის პროცესში, ხოლო შემდეგ, როცა შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვლებოდა და ვიდრე ახალი ხელისუფლება არ გაიმყარებდა პოზიციას, არც ერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია არ უნდა გაემართა, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით უნდა შემოფარგლულიყო. შალვა ნათელაშვილმა ფული აიღო და სიტყვა შეასრულა”.
ძნელია, ეჭვი არ გაგიჩნდეს ამ ინფორმაციის მოსმენისას, რადგან შალვა ნათელაშვილის პოლიტაქტივობის ისტორიას თუ გავიხსენებთ, რევოლუციის წინარე და შემდგომ პერიოდში, ის მართლაც ნაკლებ რეზონანსული იყო.
ნათელაშვილი რევოლუციურ პროცესებს წინ რომ აღდგომოდა, კაცმა არ იცის, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი. მით უფრო - მაშინ ნათელაშვილს მართლაც მაღალი რეიტინგი ჰქონდა, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში მისმა პარტიამ მე-4 ადგილი დაიკავა და ის 150 000 არაგველი, დღენიადაგ საქართველოს “ოქროს ფონდს” რომ ეძახის ბატონი შალვა, მაშინ მართლა მზად იყო, მის ერთ დაძახებაზე გარეთ გამოსულიყო. არადა, ნათელაშვილი მაშინ აცხადებდა, შევარდნაძემ არჩევნები გამიყალბაო. თუ გაუყალბა, რატომღა არ დადგა რევოლუციის მხარეს, რომლის მომხრენიც, სწორედ არჩევნების შედეგების გადასინჯვას ითხოვდნენ? ახლა, ისევ წყაროს მოვუსმინოთ:
“საქმე ისაა, რომ არჩევნებამდე ნათელაშვილი ავთანდილ ჯორბენაძეს გაურიგდა. არ შემიძლია, ზუსტი თანხის დასახელება, მაგრამ ვიცი, რომ ჯორბენაძემ სოლიდური თანხა მისცა ნათელაშვილს - შევარდნაძის საარჩევნო ბლოკი არჩევნებს გააყალბებს, მაგრამ “ლეიბორისტული პარტია” საარჩევნო ბარიერს გადალახავს, ერთი ფრაქცია გეყოლება პარლამენტში და ხმა არ ამოიღოო, - უთხრა ჯორბენაძემ ნათელაშვილს”.
წყაროს მტკიცებით, გამოდის, რომ ნათელაშვილმა ორივე მხარისგან აიღო ფული - შევარდნაძისგანაც და ჟვანია-სააკაშვილის უცხოელი სპონსორისგანაც. ამაზე ამბობენ - კაცმა წაუგებელი თამაში ითამაშაო, პოლიტიკაში კი - მასტერ-კლასი ჰქვია. როგორც გვითხრეს, ორივე მხარემ ფული იმაში გადაიხადა, რომ ნათელაშვილი გაჩუმებულიყო - ერთ შემთხვევაში - საპროტესტო ტალღა არ აეგორებინა, მეორე შემთხვევაში - უკვე აგორებულ პროტესტს წინ არ აღდგომოდა. ჰოდა, ასეც მოიქცა - შევარდნაძეს არჩევნების გაყალბება აცალა, რეფორმატორთა გუნდს - შევარდნაძის დამხობა და ხელისუფლებაში მოსვლა. ”მოკლედ, ნათელაშვილმა ორიოდ თვით შინ თუ ოფისში ჯდომით იმდენი იშოვა, რასაც რამდენიმე პარტია წლობით ქუჩაში სირბილითა და აქციებით ვერ შოულობს”, - ამბობს წყარო.
სააკაშვილთან ნათელაშვილის პარტნიორული ურთიერთობა ამით არ დასრულებულა. იმავე წყაროს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლეიბორისტული პარტიის” წინასაარჩევნო პლაკატები, ბუკლეტები და ფლაერები რუსთავში, ერთსა და იმავე სტამბაში დაიბეჭდა.
”ნათელაშვილს რომ ჰკითხოს კაცმა, სათოფეზე არც ერთ ნაციონალს არ ეკარება და გამარჯობას არ ეუბნება. სტამბების მეტი რა არის თბილისში, ანაც რუსთავში? ვითომ, შემთხვევით მიიღო ერთი და იგივე სტამბამ ორივე, კონკურენტი პარტიის შეკვეთა?” - კითხულობს ინფორმატორი და აცხადებს: ”მაქვს ეჭვი, რომ ესეც ნაციონალების შეთავაზება იყო. მათ გადაიხადეს სტამბაში ლეიბორისტთა მიერ დაბეჭდილი წინასაარჩევნო ატრიბუტიკის ფული. ვინც იხდის ფულს, სტამბასაც ის ირჩევს - ასეთი ყოფილა ნაციონალური პრინციპი.
წყარო ირწმუნება, შალვა ნათელაშვილის მთავარი მეკავშირე ნაცმოძრაობასთან, კახა ლომაიაა, რომელსაც ბატონი შალვა მოსკოვიდან იცნობს. როცა ნათელაშვილი მოსკოვში ცხოვრობდა, მისი მეუღლე, ბელა ალანია, მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობაში მუშაობდა. წარმომადგენლობას კი მაშინ, მოსკოვში საქართველოს დესპანი - კახა ლომაია მეთაურობდა. ლომაია და ბელა ალანია თანაკურსელები არიან - მოსკოვში ერთად სწავლობდნენ. სხვათა შორის, ეს ფაქტი შალვა ნათელაშვილმა საგაზეთო ინტერვიუში ერთხელ ცალყბად აღნიშნა - ვითომც არაფრისმთქმელი ყოფილიყოს. თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლეიბორისტული პარტიის “მთავრი მოთამაშე” პარტიის გენერალურ მდივანი სოსო შატბერაშვილი მოგახსენებთ.
შატბერაშვილი, ერთ დროს, “ვოლგა-გაზ-31”-ით დადიოდა და მშრომელთა პარტიის ლიდერის იმიჯისთვის, მართლაც, შესაშური დეტალი იყო ეს ძველი მანქანა. მერე, შატბერაშვილმა “პრადოს” ჯიპი იყიდა. ცოტა ხანში - 18 000 დოლარად, სოფელ მარტყოფში აგარაკი შეიძინა და ეს ყველაფერი, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე. სხვა რომ არაფერი იყოს, ეს უკვე აჩენს ეჭვებს. თუ ამ ეჭვებს გავყვებით, ასეთ ვერსიას მივიღებთ: სოსო შატბერაშვილმა, 2008 წლის 21 მაისის არჩევნებში, მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში, პირწმინდად დაამარცხა ნაციონალი ვახტანგ მარტოლეკი. ამ დროს ცნობილი გახდა, რომ ლეიბორისტებმა გადალახეს საარჩევნო ბარიერი, შატბერაშვილი ლეიბორისტული პარტიის სიაში მე-3 ნომერი იყო და პარლამენტში სიითაც ხვდებოდა. ნაციონალებმა შეთავაზეს შატბერაშვილს: მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს - ოქმებს გადავასწორებთ ჩვენი კანდიდატის სასარგებლოდ, თქვენ ხმას ნუ ამოიღებთ, სანაცვლოც, კი 50 000 დოლარს გადავიხდითო. შატბერაშვილიც, ამბობენ, ნათელაშვილთან შეთანხმებით, ამ წინადადებას დათანხმებია - სწორედ იმ “ნაციონალური 50 000 დოლარით” უყიდია აგარაკი მარტყოფში და “პრადოს” ჯიპიც.
სხვათა შორის, შალვა ნათელაშვილის ერთი საეჭვო ფინანსური მაქინაცია და მისი დეტალები ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან ერთად გახმაურდა, თუმცა, რატომღაც ყველამ მიივიწყა. როცა შესაბამისმა სამსახურმა ლეიბორისტული პარტიის 7 წევრის საბანკო ანგარიში გაშიფრა და პატარკაციშვილის მარჯვენა ხელის, მოტკინის პირადი ანგარიშიდან გადმორიცხული თანხები აღმოაჩინა (სულ 105 000 დოლარი იყო 7 კაცზე გადმორიცხული). ნათელაშვილმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - არაფერი მსგავსი არ ყოფილა, სააკაშვილი პროვოკაციას მიწყობს, უნდა როგორმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდება შემითითხნოსო. ამ გადარიცხვების საქმეზე ლეიბორისტთა 7 წევრი დააკავეს, მათ შორის, აჩიკო ბენიძე - ამ შვიდიდან, ყველაზე მძიმეწონიანი პოლიტიკოსი. ლეიბორისტებმა ამ ფაქტს არაერთი ბრიფინგი მიუძღვნეს, ბენიძე პოლიტპატიმრად გამოაცხადეს, ნათელაშვილმა პრესა-ტელევიზიით არაერთხელ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოს ადამიანთა უფლებების დაცვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავთ, უდანაშაულოდ არავის დავაჩაგვრინებთო. ბენიძის დაჭერასა და პოლიტპატიმრად გამოცხადებას სხვა პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ... ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი ლეიბორისტებს.
გავიდა ორიოდ თვე და ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, შალვა ნთელაშვილმა აღიარა - კი, ის 100 000 დოლარი მართლა გადმორიცხა პატარკაციშვილმა, ბადრიმ მე მითხრა, დაგეხმარები ფინანსურად, მაგრამ უარი ვუთხარი, თუმცა, იქვე ისიც დავძინე, ჩემს ”პარტიულ ბიჭებს” დაეხმარე თუ გინდა, ოჯახები მაინც არჩინონ და ცოტა ამოისუნთქონო.
ამის მერე ცოტა ხანს კიდევ იფხაკუნეს ლეიბორისტებმა, მაგრამ მალევე გაჩუმდნენ. დღემდე, აღარც ბენიძე გახსენებიათ და აღარც მისი პოლიტპატიმრობა, არც სტრასბურგში გასაგზავნი ან გაგზავნილი საჩივარი უნახავს ვინმეს. ურიგო არ იქნება, შალვა ნათელაშვილი ამ ამბებთან დაკავშირებულ კითხვებს თუ უპასუხებს. 1. რატომ მალავდა, რომ ბადრი პატარკაციშვილთან ფულზე ჰქონდა საუბარი. მეტადრე -პატარკაციშვილისგან ფინანსური დახმარების შემოთავაზება? 2. რატომ შერაცხა პოლიტპატიმარად აჩიკო ბენიძე და ის 6 ლეიბორისტი - ვის ანგარიშებზეც ლონდონიდან თანხა გადმოირიცხა. 3. რამ აიძულა ეღიარებინა, რომ პატარკაციშვილთან ფინანსური გარიგება ჰქონდა? 4. რატომ მოხსნა აჩიკო ბენიძის პოლიტპატიმრის საკითხი და რატომ არ იჩივლა სტრასბურგის სასამართლოში და მოხდა თუ არა ეს ყველაფერი ხელისუფლებასთან გარიგების ან ხელისუფლებისგან შანტაჟისა და ზეწოლის შედეგად?
იმის გამო, რომ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, კომენტარისთვის ბრიფინგზე მისულ “ვერსიის” ჟურნალისტს “სამთავრობო გაზეთის” ჟურნალისტი და მიგზავნილი ეძახა და, საერთოდ, უკანასკნელი 2 წელია ინტერვიუზე უარს გვეუბნება (ჩვენ მაინც ვთანამშრომლობთ პარტიის სხვა ლიდერებთან და ობიექტურად ვაშუქებთ ლეიბორისტების მიერ წამოწეულ ყველა საინტერესო ინიციატივას), შალვა ნათელაშვილთან ამ ინფორმაციების გადამოწმება არც გვიცდია, პირდაპირ ლეიბორისტული პარტიის გენერალურ მდივანს სოსო შატბერაშვილს დავუკავშირდით, რომელიც “ვერსიის” ერთ-ერთი აქტიური რესპოდენტია:
ბატონო სოსო, ცოტა არ იყოს უხერხული კითხვები მაქვს თქვენთან...
- კი, ბატონო, გიპასუხებთ.
საქმე ეხება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როცა თქვენ მცხეთაში იყრიდით კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად და თან, ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო სიის სათავეშიც იყავით. მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ მცხეთაში რეალურად, დაამარცხეთ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი...
- კი. ეგ ნამდვილად ასე იყო, მცხეთაში მოვუგე ნაციონალების კანდიდატს...
კი, მეც ვიცი, რომ მოუგეთ, მაგრამ ლაპარაკი იმაზეა, რომ თქვენ შემდეგ შეხვედით გარიგებაში ნაციონალებთან, გამარჯვება დაუთმეთ, საშუალება მიეცით, საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაესწორებინათ ოქმები თავიანთი კანდიდატის სასარგებლოდ, რის სანაცვლოდაც 50 000 დოლარი აიღეთ ნაციონალებისგან. ამ დროს დეპუტატობა განაღდებული გქონდათ - უკვე ცნობილი იყო პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგები, “ლეიბორისტულ პარტიას” საარჩევნო ბარიერი გადალახული ჰქონდა, რაც თქვენი და თქვენი თანაპარტიელების გადეპუტატებას ნიშნავდა.
- მე ახლა ვერ დავიწყებ გაჩეჩილაძისა და ბურჯანაძის დაპირისპირების მსგავს თავის მართლებებს. ეს არის სისულელე და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ამ თანხით - 50 000 დოლარით - მარტყოფში 18 000 დოლარად შეიძინა სახლი და ამ თანხიდან იყიდა “პრადოს” ჯიპიო.
- მე როდის იყო, რომ მანქანა არ მქონდა. ჩემს ოჯახს მანქანა ყოველთვის ჰქონდა, აგარაკიც. ჩვენ ის აგარაკი გავყიდეთ კასპის რაიონში და სხვა აგარაკი შევიძინეთ მარტყოფში. ჩემს ოჯახს არასდროს უჭირდა. ზუსტად ესე დაწერეთ. მამაჩემსაც არასდროს არ უჭირდა, ძალიან მდიდრები არ ვყოფილვართ, მაგრამ არც გვიჭირდა. სკოლა დავამთავრე თუ არა, მანქანა მაშინვე მყავდა, აგარაკიც ყოველთვის მქონდა და ყოველთვის გვქონდა შესანიშნავი ბინა, კარგად მოწყობილი...
ღმერთმა ბევრი მოგცეთ, ბატონო სოსო, მაგრამ ერთი რამის დაზუსტება მინდა: ეს ყველაფერი - აგარაკი მარტყოფში და ძვირადღირებული ჯიპი - ფაქტია, რომ 2008 წლის არჩევნების მერე შეიძინეთ, ეჭვებს ეს ფაქტები აძლიერებს და ამყარებს.
- ვისაც ეჭვი აქვს, იეჭვიანოს და იყოს. მე სისულელეებზე კომენტარებს არ ვაკეთებ.
ბატონო სოსო, ერთი ინფორმაციაც მინდა გადავამოწმო თქვენთან. 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” წინა პერიოდში, ლეიბორისტებმა, კერძოდ, შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთი უცხოური სახელმწიფოს ელჩისგან 800 000 დოლარი აიღო...
- გამაგებინეთ ერთი, ამას ვინ ყვება? ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის დაპირისპირების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გენერალი აცხადებს, მე ვესწრებოდი, ასეთი შეხვედრები იყოო და თვითონ ლევან გაჩეჩილაძეც აცხადებს, რომ შეხვედრაზე სააკაშვილთან იყო, მაგრამ ამ სისულელეებს ვინ ამბობს, წყარო დამისახელეთ.
წყაროს რომ ვერ გისახელებთ, ამიტომაც ვამოწმებ ამ იმფორმაციებს თქვენთან და განმარტებას გთხოვთ.
- ჯერ წყარომ დაასახელოს, ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას, როცა მე ფული ავიღე, შემდეგ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი.
თუ შეიძლება, იმ კითხვას დავასრულებ.
- კი, ბატონო, 800 000 დოლარიო...
ჰო, 800 000 დოლარი აიღო შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთი სახელმწიფოს ელჩისგან, რევოლუციისთვის ხელი რომ არ შეეშალაო, თან ეს თანხა სახლში მიუტანა ნათელაშვილსო.
- არ ვიცი, ეს იმას ჰკითხეთ, ვინც მოიტანა ეგ ფული.
ამავდროულად, ნათელაშვილმა ავთანდილ ჯორბენაძისგანაც აიღო სოლიდური თანხა იმის საფასურად, რომ შევარდნაძის ბლოკისთვის არჩევნების გაყალბებაში ხელი არ შეეშალა, თავად კი პარლამენტში ერთი ფრაქციით შევიდაო.
- ასეთ რაღაცეებს წერს გაზეთი “პრაიმ-ტაიმი”, თქვენ ხომ “პრაიმ-ტაიმი” არა ხართ, არა?! ასეთ რაღაცეებს წერენ ჭორიკანა გაზეთები, თქვენი გაზეთი კი მაღალი ავტორიტეტის მქონეა, ბირჟაზე და წყაროზე ნალაპარაკევ რაღაცეებზე თქვენ არ უნდა წეროთ.
ყველა გაზეთმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, ბატონო სოსო, მაგრამ როცა წყარო სოლიდურია და ინფორმაცია არსებობს, რა ვქნათ, არ დავწეროთ?
- კიდევ გიმეორებთ, დაასახელონ იმ პირებმა, რა როგორ იყო, რატომ 800 000 და არა 1 800 000 ან 300 000. ამ საკითხებზე, ამ ჭორების არც დამადასტურებლად და არც უარმყოფელად მე არ გამოვდგები. ჩვენ თავის სამართლებელი არავისთან არაფერი გვჭირს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ ვინ არის პოლიტიკაში... ვისა აქვს მაღალი ავტორიტეტი, ვისა აქვს კორუფციონერის სახელი. სუფრაზე მოსმენილ, თევზზე, ლუდსა და არაყზე მოსმენილ ამბებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ.
თევზსა და ლუდზე არ მომისმენია, ეს ინფორმაციები... გიმეორებთ - საკმაოდ სოლიდურმა წყარომ მომაწოდა...
- მე თქვენზე კი არ ვამბობ... ვინც მოგაწოდათ, იმათ ვგულისხმობ. არის ხალხი, შეიკრიბება თევზზე და ლუდზე და ჭორაობენ პოლიტიკაზე. მე სერიოზულ ადამიანად ვთვლი საკუთარ თავს და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას... ან, ერთი რამე მაინტერესებს: თუ მე მაჟორიტარობა დავთმე, მე გავიყალბე არჩევნები?
არა, თქვენ კი არ გაიყალბეთ, არჩევნები მოიგეთ...
- ანუ მე მოვიგე, ავიღე ფული, მერე როგორ მოვახერხე ცსკო-ში ან სადღაც შედეგების გადასწორება?
არა, შედეგები თვითონ, ნაციონალებმა გადაასწორესო.
- ჰოდა, აი, ვინც ცსკო-ში გადაასწორა შედეგები, იმათ დაუსვით ეგ შეკითხვები, ჩვენ ცსკო-ში ხელი არ მოგვიწვდება.
სოსო შატბერაშვილმა ყველა ის ინფორმაცია უარყო, რომლის გადასამოწმებლადაც დავუკავშირდით. ცხადია, იმის იმედი არც გვქონდა, რომ საქართველოში არსებობს რომელიმე პოლიტიკური ლიდერი თუ პარტია, რომელიც ხელისუფლებასთან ფინანსურ მაქინაციებსა და გარიგებებს დაადასტურებს, თუმცა ფაქტებს სად გაექცევი - უცნაურ ფაქტებს, რომელსაც არც პოლიტიკური და არც პარტიული თამაშის წესებით ახსნა არა აქვს!
საქმე ისევ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ყველას კარგად გვახსოვს, რომ მაშინ ლეიბორისტული პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა, ხოლო პარტიულ სიაში შალვა ნათელაშვილის მიერ წარდგენილმა პირველმა ათეულმა, პოლიტიკურ წრეებშიც და ლეიბორისტების მხარდამჭერებშიც სრული შოკი გამოიწვია - მოულოდნელად, პარტიის საარჩევნო სიის პირველ ათეულში ორი უცნაური გვარი გაჩნდა - რამაზ თედორაძე და ნუგზარ ერგემლიძე. მეტიც - თედორაძე სიაში მეოთხე ნომერი იყო, ხოლო ერგემლიძე - მეექვსე. ნუგზარ ერგემლიძეს კიდევ რა უჭირს, საზოგადოება მაინც იცნობდა... თუმცა, ის კი არ ვიცოდით, ლეიბორისტული პარტიის ჰიმნი რომ ყოფილა მის მიერ ნამღერი ყველა ჰიტი. თევდორაძე კი, საიდან გაჩნდა ამ სიაში, ვერც ჟურნალისტებსა და ვერც საზოგადოებას ვერავინ აუხსნა. დღეს “ვერსიის” წყარო აცხადებს, რომ ეს საკითხიც ნათელაშვილმა და შატბერაშვილმა ერთპიროვნულად გადაწყვიტეს და პარტიის ერთგული წევრებიც კი, ვის ზურგზეც გადაიარა ოპოზიციურმა ქარტეხილებმა, სახტად დატოვესო.
იმის შესახებ, თუ რატომ ჩასვეს ორი, დღეს უკვე დეპუტატი, გამსვლელ სიაში, ამგვარ ვერსიას გვიამბობენ: თედორაძე და ერგემლიძე არანაირი ოპოზიციონერები არ ყოფილან და არც დღეს არიან. ამის ნათელი დადასტურებაა მათი საპარლამენტო საქმიანობა. თავიდანვე, ორივე ნაციონალების მხარდამჭერი იყო, და სწორედ ნაცმოძრაობამ ჩაასმევინა ისინი ლეიბორისტებს პარტიულ სიაში. წყაროს ინფორმაციით, თედორაძე-ერგემლიძის სიაში ჩასმის საფასური სოლიდურად, ნაღდი ფულით გადაიხადესო, მოლაპარაკებებს კი სოსო შატბერაშვილი აწარმოებდაო. ამ ფაქტის დასტურად “ვერსიის” წყარო ამ ორი დეპუტატის არალეიბორისტულ ნაბიჯს ასახელებს - როცა ნათელაშვილმა პარტიული გადაწყეტილება საჯაროდ გამოაცხადა და პარტიული სიით პარლამენტში გასულ ექვსეულს პროტესტის ნიშნად სხდომებზე დასწრება” აუკრძალა”, თედორაძე და ერგემლიძე მას არ “დაემორჩილა” და დღემდე პარლამენტში არიანო.
“ვერსია” სოსო შატბერაშვილს ხელახლა დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რატომ მოხვდნენ მათი პარტიული სიის სათავეში, რბილად რომ ვთქვათ, შემთხვევითი ადამიანები. როდესაც ეს შეკითხვა დავუსვით, ბატონ სოსოს, ცოტა არ იყოს ემცხეთა, ხოლო როცა იმის შესახებ ვკითხეთ, რომ ამ საქმეში თავად იყო თუ არა გარეული და მართლა გადაუხადეს თუ არა ნაციონალებმა ფული ორი კაცის სიაში ჩასასმელად, შატბერაშვილმა კომენტარის გაკეთებაზე საერთოდ უარი განაცხადა.
სოსო შატბერაშვილი აქვე დაგვემუქრა, რომ თუ ამ მასალას გამოვაქვეყნებთ, თავადაც და თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი ლეიბორისტული (მშრომელთა) პარტია შეწყვეტს “ვერსიასთან” და მის ყველა ჟურნალისტთან ურთიერთობას:
- თუ “ვერსია” ამ თემაზე დაიწყებს რაღაცის დაწერას, აი, ამ სისაძაგლეზე, რომელიც თქვენ მითხარით, ჩვენ “ვერსიასთან” ვწყვეტთ ყოველგვარ ურთიერთობას. “ვერსიიდან” არც ერთი ჟურნალისტი აღარ მოვა ჩვენთან ინტერვიუზე. ეს არის სერიოზულ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალის დადება. მიმართეთ პროკურატურას. ჩვენ ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ.
თქვენი ნებაა, მაგრამ ჯერ ერთი, ბრალს არ გდებთ, გეკითხებით, ბრალდება ჩვენი საქმე არ არის... წეღან რომ მიხსენეთ ხალხი, რომელიც თევზსა და ლუდზე ლაპარაკობს რაღაცეებს თქვენსა და თქვენ პარტიაზე, უკაცრავად, მაგრამ ის ხალხი თქვენი ამომრჩეველია და უფლება აქვს, იცოდეს სიმართლე.
- თუ ასეთ შეკითხვებზე პასუხი ვინმეს აინტერესებს, მობრძანდნენ და დაგველაპარაკონ.
პარტიის ოფისში ყველა ხომ ვერ მოვა?! გაზეთი იმისთვის არსებობს, წაიკითხოს ხალხმა და მიიღოს პასუხები კითხვებზე.
- თუ თქვენი გაზეთი ამას დაბეჭდავს, ჩვენ გავწყვეტთ მასთან თანამშრომლობას. ეს არის სერიოზული ბრალდება, ეს არის სერიოზული პროვოკაცია. ეს არ არის მართლა ლუდზე და არაყზე სალაპარაკო თემა... მე წეღან ვიხუმრე ამის შესახებ. ასე დაწერეთ: ამ თემებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ და თუ საერთოდ გაზეთი დაბეჭდავს ამ მასალას, ჩვენ ვწყვეტთ თქვენთან ურთიერთობას.
კეთილი, ბატონო სოსო, გასაგებია. ინფორმაცია მაქვს და დავბეჭდავთ, აბა რას ვიზამთ!
- კი, ბატონო, დაბეჭდეთ. ჩვენ გავაფრთხილეთ მაგ გაზეთის თანამშრომლები, რომ ამ მონაჩმახის თაობაზე თუ დაწერთ, დაბეჭდავთ, გავწყვეტთ ყოველგვარ ურთიერთობას “ვერსიასთან”.
ნება თქვენია, ბატონო სოსო. ეს ინფორმაციები მონაჩმახი არ არის და ამას დავადასტურებთ.
- დაადასტურეთ, კი, ბატონო! გინდა დაადასტურეთ, გინდა ნუ დაადასტურებთ, მაგრამ როცა დაიბეჭდება, იმ დღიდან თქვენგან არცერთმა ჟურნალისტმა აღარ მოგვაკითხოს. თქვენც თუ ამას დაწერთ, საერთოდ შევწყვეტ თქვენთანაც ყოველგვარ ურთიერთობას, ჩემთან ინტერიუზე აღარ მოხვიდეთ.
რედაქციისაგან: სამწუხაროა, რომ მაინც ვერ გავარკვიეთ, როგორ მოხვდნენ თედორაძე და ერგემლიძე ლეიბორისტული პარტიის პირველ ათეულში, ანაც რატომ მეორდება ყველა არჩევნებზე ერთი და იგივე სქემა და რატომ ხვდებიან ლეიბორისტული პარტიის სახელით საკრებულოსა თუ პარლამენტში შესული დეპუტატები სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა შორის ანაც - უმრავლესობაში, თანაც - ხელმძღვანელ პოსტებზე?
ამ პუბლიკაციას კი, მიუხედავად ბატონი სოსოს მუქარისა, მაინც ვაქვეყნებთ. ჯერ ერთი იმის გამო, რომ “ვერსიის” წყაროც ჩვეულებრივი ამომრჩეველია და მას აქვს სრული უფლება, ჟურნალისტების დახმარებით, მიიღოს პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც აწუხებს. მეორეც - ულტიმატუმი და გარიგება ხელისუფლებასთან მიზნის მიღწევის ოპოზიციური მეთოდია, რომელიც თავისუფალ მედიასთან არ ჭრის. ისე, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი განსჯისათვის - როცა ხელისუფლებას კითხვებზე პასუხი არ აქვს, პრესას საერთოდ არ ელაპარაკება, პრინციპი აქვს - წერეთ და იკითხეთ, ხოლო თუ ოპოზიციას არ მოსწონს ჩვენი კითხვები, აქ ორი ალტერნატივა არსებობს - ან გვებუტება ან ”ხელისუფლების მიგზავნილს” და ”სააკაშვილი-მერაბიშვილის აგენტს” გვეძახის... თუმცა, სჯობს, ჩვენ გაგვებუტოს ოპოზიცია, ვიდრე ოპოზიციას გაებუტოს ამომრჩეველი გულში ხინჯად ჩარჩენილი აუხსნელი ფაქტების გამო და მოახლოებულ არჩევნებზე ზურგი აქციოს. მთავარია, ის უკანასკნელი იმედიც არ დაიკარგოს, რომელიც ხალხს ჯერ კიდევ შერჩენია...
იმედს ვიტოვებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერები ამ პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ, ნაჩქარევ და ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარს იტყვიან, რადგან, ვფიქრობთ, დღეს სწორედ ის დროა, როცა სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას, ყველა საეჭვო კითხვას პასუხი უნდა გაეცეს - ვისაც არ უნდა ეხებოდეს და როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს პოლიტიკოსისთვის. ამაში კი, მხოლოდ თავისუფალი პრესა დაგეხმარებათ, რომელიც ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც დაშვებული შეცდომებისკენ მიუთითებს.