[ვანო პავლიაშვილი, გაზეთი “ქართული სიტყვა”]
...იყო დრო, როცა ამ სოფლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. აი, მაგალითად, ჩემი მეზობელი, რომელიც წარმოშობით სენაკიდანაა, დღემდე მიმტკიცებს, რომ ფოცხო წალენჯიხის კი არა, სენაკის რაიონია. ახლა, გულახდილად რომ ვთქვა, ფოცხოეწერი ამქვეყნიური ჯოჯოხეთი ნამდვილად არაა - მთებსა და ენგურჰესს შორის მოქცეული ფოცხო სოფლის კი არა, უფრო ქალაქის ტიპის დასახლებაა - აქ სულ ორი ქუჩაა და ორივე კორპუსებით, ანუ “მაღალსართულიანი ბინებითაა” დახუნძლული.
სხვათა შორის, ერთ კორპუსს ადგილობრივები “ურჩხულს” ეძახიან - უცნაური კონსტრუქციის საცხოვრებელს, რომელიც, თუ არ ვცდები, მწვანედაა შეღებილი, მართლაც, ურჩხულის იერი აქვს... ადრე, ანუ მაშინ, როცა ენგურჰესი შენდებოდა, აქაურობა რუსი და სხვა ეროვნების ხალხით ყოფილა დასახლებული. დევნილებსაც სწორედ “ენგურჰესის მუშების” ნასახლარი “უფეშქაშეს”...
კრემისფერი კედლები, შეთეთრებული ჭერი, წითელი იატაკი - აი, ასეთია დევნილთა “ობშიჟიტიას” ინტერიერი... ფოცხოში, როგორც გავარკვიე, სამასამდე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა უმეტესობა ახალი, ანუ თბილისიდან ახლახანს ჩასახლებული კი არა, ძველი დევნილია. მაგალითად, ქალბატონი ეთერი, რომელსაც ადგილობრივები “გუბერნატირსა” და “მატ ტერეზას” ეძახიან, 20 წელია, ფოცხო-ეწერის მკვიდრია. სხვათა შორის, როგორც შევატყვე, ქალბატონი ეთერი ”ნაციონალური ხელისუფლების” ”ნდობით აღჭურვილი პირია”.
ამ დასკვნამდე კი, აი, რატომ მივედი: ფოცხოში ხმა უცებ გავარდა, ჟურნალისტია თბილისიდანო. ხალხი ნელ-ნელა მოგროვდა. ანაზდეულად, ყურადღება ერთ გარემოებას მივაქციე - ქალბატონი ეთერი ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა და აშკარად, ჩემი მისამართით ეუბნებოდა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ცუდი არავის არაფერი უთქვამსო. მოგვიანებით, ფოცხოელების “მატ ტერეზას” შევაპარე, ჩემი სტუმრობის შესახებ ინფრმაცია ვის მიაწოდეთ-მეთქი, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღე...
სხვათა შორის, ფოცხოში ჩემი სტუმრობით, თურმე, კობა სუბელიანის უწყების ერთ-ერთი ჩინოვნიკი, ვინმე ლევან მიქავაც დაინტერესდა - მიქავას ფოცხოში თბილისიდან გადასახლებული ნანა კვაშილავასთვის დაურეკავს და უკითხავს, ჟურნალისტი შენ მოიყვანე თუ არაო. ნანა კვაშილავა, ასე ვთქვათ, ადგილობრივი ოპოზიციაა... საერთოდ, ისეთი შთაბეჭილება შემექმნა, რომ დევნილები ორ ნაწილად არიან გაყოფილნი. ნაწილი ხელისუფლების მომხრეა, ნაწილი - ოპოზიციურადაა განწყობილი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ გუნდს უჭერს მხარს - აქ ხალხს პოლიტიკა არ აინტერსებს. უბრალოდ, სიცოცხლისთვის, უფრო სწორად, არსებობისთვის იბრძვის!
- ყურადღებას გვაქცევენ... შაქარს, ფქვილს გვაძლევენ... ზოგჯერ ზეთსაც მოგვიტანებენ, - მეუბნება შუახანს გადაცილებული ქალბატონი, - ჩვენ, ყველა ლტოლვილები ვართ, მაგრამ მეტ ყურადღებას უფრო თბილისიდან მოსულებს აქცევენ...
ამის თქმა იყო და, ერთმა დევნილმა მამაკაცმა ლაპარაკი მეგრულად დაიწყო. მართალია, მეგრული არ ვიცი, მაგრამ მივხვდი, ჩემს თანამოსაუბრე ქალბატონს რაღაცას საყვედურობდა. ხმამაღლა მოლაპარაკე მამაკაცი თემურ ჭკადუად გამეცნო და გამანდო, რომ ფოცხოში ბაზრობის გახსნა უნდა, თან საბუთიც მაჩვენა და დასძინა, ალბათ, დაგვასაქმებენ, ამ მთავრობის იმედზე ვართო (!)
თენგიზ ჭანტურია, დევნილი გულრიფშიდან: ისანში, ჰოსპიტალში ვცხოვრობდი. ჩვენს მიმართ ძალადობა არავის გამოუყენებია, მოვიდნენ და აგვიხსნეს, რომ საცხოვრებელი უნდა გაგვეთავისუფლებინა. რო შევეკითხე, სად წავიდეო, შაკომ, თუ არ ვცდები, გირგვლიანია, მთხრა, აგერ, არის ფოცხოში ადგილიო. ენგურჰესი გაგებული მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, ფოცხო სად იყო... მოვიდნენ მუშები, დაგვიტვირთეს ყველაფერი ავტობუსებში და წამოგვიყვანეს აქ... გარემონტებული ბინაა, ვანა-ტუალეტიც არის...
- თუკი ასეთი კარგი პირობებია, სხვა დევნილები რატომ არ მოდიან?
- სინამდვილეში, აქ მიწა არ არის, მთა-გორიანი ადგილია, მაგრამ ყველამ - წითელი ჯვარია თუ სხვა ორგანიზაცია, ფული შეაგროვა და საჭმელი მოგვიტანა... ყველანაირი ყურადღება მოგვაქციეს, მაგრამ ადამიანი ისეთი რაღაცაა, რომ ერთს რომ მისცემ, მეორეც უნდა, მეორეს რომ მისცემ, მერე მესამეც უნდა. ზოგიერთს გაუმაძღრობა ემართება და ყვირის, მე არ მაქვსო, მაგრამ ვინც ამას ყვირის, მის ოჯახში რომ შევიდეთ, ორი-სამი “მეშოკი” პურის ფქვილი უდგას, შაქარიც აქვს და ყველაფრიც... აქ უმეტესობა ავადმყოფია.
მეც რომ ვდგავარ, საოპერაციო ვარ. მოვიდნენ, აღწერეს და 71 ათასი ქულა მომცეს. მოვითხოვ, კიდევ მოვიდეს კომისია და შემამოწმოს, რა მაქვს. თუ ჩვენ არ მოგვცემენ პოლისს, მაშინ ვის უნდა მისცენ? მთავრობის მადლობელი ვართ, რომ პურის ფქვილი მოაქვთ, მაგრამ მხოლოდ პურის ფქვილზე ხომ ვერ იცხოვრებს ადამიანი? ახლა ამბობენ, რომ სამკერვალო გაიხსნება და დაგავასაქმებენ, 12- კაცზე იქნება სამუშაო.
ფოცხოეწერელ დევნილებს 28 კი არა, 22-ლარიან დახმარებას აძლევენ და ეს იმიტომ, რომ დახმარებიდან გარკვეულ თანხას “დენის ფულში” უქვითავენ. ამასთან, ყველა ოჯახს სულზე ათი კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარება უფასოდ შეუძლია.
“ფეჩკები” მოგვიტანეს და ეს “ფეჩკა” ფულს რომ დაწერს, მაგი რითი გადავიხადოთ? კაი, ზეთი მოგვიტანეს, მაგრამ იმ 22 ლარით მარილი ვიყიდო, ბავშვს “მალიუტკა” ვუყიდო თუ წამალი ვიყიდო?.. კი, კაი ჰაერია, მაგრამ მილიარდელი უნდა იყო, აქ რომ იცხორვო!” - შემომჩივლეს დევნილებმა...
- ორი დღეა, ჩაიზე ვარ, ცოდო არ ვარ? პენსია იგვიანებს, სანამ მუჟავას და ლიას არ შემოივლის, აქამდე არ მოაქვთ, მშიერი ხალხი ველოდებით და ცოდო არ ვართ? - საუბარში 70 წელს გადაცილებული ციალა ფიფია ერთვება. “გუბერნატორი” ეთერი მიხსნის, ციალა ფიფია თბილისიდან ფოცხოში საკუთარი ნებით ჩამოსახლდაო.
- თბილისში ერთი ოთახი მქონდა, ახლა იქ ჩემი შვილი ცხოვრობს ცოლთან ერთად, - მიყვება თავის ამბავს ქალბატონი ციალა და არც იმის თქმა ავიწყდება, რომ პარტიული სკოლა აქვს დამთავრებული, რომ მწერალთა კავშირის წევრია და წიგნიც გამოსცა. ალბათ, სწორედ ამიტომ ადგილობრივი ახალგაზრდობა ქალბატონ ციალას ხუმრობით “ციცეროვნას” ეძახის...
- აჩვენე შენი ოთახი, გაფიცებ ყველაფერს, - ეუბნება “გუბერნატორი” ეთერი მოხუცს. ქალბატონი ციალა ერთ-ერთი “ოფშიჟიტიას” მესამე სართულზე ცხოვრობს. თეთრ კარზე წარწერაა: “ციალა ფიფია”.
- პენსია ასი ლარი მაქვს... ხუთი თვის პენსია ავიღე და “ლეჟანკები” ვიყიდე... დახმარების ფული კი კრედიტად გამოვიტანე და ფარდები ვიყიდე, ამიტომ დახმარების ფულს მაისამდე ვეღარ ავიღებ... სოხუმელი ვარ, ჯერ ჯვარში ვცხოვრობდი, მერე თბილისში წავედი... შეშას მაძლევენ, მაგრამ ფული დამჭირდა და ახლა გავყიდე, - მეუბნება ქალბატონი ციალა და ოთახებს მათვალიერებინებს. ორი “ლეჟანკა”, ტელევიზორი, რამდენიმე სკამი და ღუმელი - სულ ესაა დევნილი ქალბატონის ავლა-დიდება. ტელევიზორის გვერდით, კედელზე პრეზიდენტის სურათია გაკრული.
- მიშას სურათი რატომ გაქვთ გაკრული? - ორაზროვნად ვეკითხები.
- იმიტომ, რომ ყველაფერი მიშამ მომცა!..
ფიქრი მიყოლიებს: ცარიელი ოთახები და ფოცხო-ეწერი - აბა, ამაზე მეტს რას უნდა ელოდო პრეზიდენტისგან?!
- ოპოზიციონერი ვიყავი, მაგრამ ახლა ეს საქართველო მომწონს! არ მაინტერსებს, ოპოზიციონერი ხარ თუ “მაესტროდან”, მაგრამ ძმაო, გეუბნები, ეს ცხოვრება მომწონს მე!.. ჩვენი ხალხი არ არის მართალი: ტრანსპორტს ჯვარამდე 50 თეთრი უნდოდა და ლტოლვილის საბუთს აჩვენებდნენ. ჩემი ძმა, ეს არ არის მართალი... ძმაო, ბუნებამ მე ნიჭი მომცა, - ფიქრიდან თემურ ჭკადუას მონოლოგს გამოვყავარ.
- რისი ნიჭი მოგცა?
- სიმართლის...
- ჰოდა, აბა, გულახდილად მითხარი, 300 ათასი დევნილიდან საპროტესტო აქციებზე მხოლოდ 200-300 კაცი რატომ გადის?
- რომ გავსულიყავი, რას გავაკეთებდი?..
...ციალა ფიფია საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსს მიკითხავს. მერე, ისევ ყოფით პრობლემებს უბრუნდება:
- თუ ავტობუსი იქნება, კარგია, თორემ ზუგდიდში წასვლა-წამოსვლა ხუთი ლარი ჯდება...
- ქალბატონო ციალა, სხვანაირ ცხოვრებას იქნებით შეჩვეული და ფოცხოში არ გიჭირთ?
- კი, მიჭირს... აქ ინტელიგენცია არაა, სულ გლეხები არიან და რა უნდა ველაპარაკო? კარგი იქნება, სკოლაში მუშაობა რომ დამწყებინონ, მაგრამ პენსიონერ ვარ და ვინ დამაწყებინებს?
...მართალია, ნანა კვაშილავა პენსიონერ არაა, მაგრამ დასაქმების პრობლემა მასაც აწუხებს. მეტიც, ნანა ამბობს, რომ ფოცხო-ეწერი მისთვის კუბოა!
ნანა კვაშილავა: - მე ქართველობის გულისთვის აფხაზეთი მიმატოვებინეს... 2007 წელს ნიაზ კვაშილავას ოჯახი შრომის გამო ამოწყვიტეს. მამაჩემი აფხაზის ტყვიას გადაურჩა, მაგრამ 2007 წელს იმიტომ, რომ რესტირანი გააკეთა, ყოფილმა “მხედრიონელმა” მომიკლა და ახლა აგერ, ფოცხოში ვარ!
- და ეს რესტორანი სად გქონდათ?
- რიკოთის უღელტეხილზე... სასაუზმე “თეთრი გედი” მთელმა საქართველომ იცოდა და ისიც ყველამ იცის, მამაჩემი რატომაც “გააგორეს”!
- ეს საქმე არ გამოძიებულა?
- რითი გამოიძიეს? იმით, რომ დღეს მე ფოცხოში ვარ?! აი, ჩემო კარგებო, რა სიმართლე მაქვს მე და თუ სიმართლეს წერთ, იმ ფუფალებს ნუ უსმინოთ...
- მე ყველას ვუსმენ...
- ადამიანმა ის უნდა გააშუქოს, რაც რეალობაა და ვიღაც პროვოკატორები თქვენი ჟურნალისტობით არ უნდა მანიპულირებდნენ!.. ეს რესტორანი დღეს მამაჩემის მკვლელის ხელშია. 2008 წელს კი მე, დედაჩემი, ჩემი ძმა და ძმიშვილი რიკოთზე ავარიაში მოგვახვედრეს.
- ნანა, ფოცხო-ეწერში წამოსვლა რატომ არ გინდოდათ?
- რას მეკითხებით, თქვენ შემოგევლეთ?! მიჩუქნია ეს ფოცო-ეწერი სხვებისთვის! მოეცათ ალტერნატივა, ან კონპენსაცია და ჩემს თავს მივხედავდი!.. დილის ექსვის 20 წუთზე გამომაგდეს სახლიდან... დედაჩემი, ინვალიდი ქალი ეტლიდან გადმოაგდეს... აქ “გრუზავოი” მანქანით წამოგვიყვანეს!.. იცით, რატომ არ მინდოდა წამსოვლა? იმიტომ, რომ თბილისში ჩემს თავს ვუზრუნველყოფდი და მშვენივრად ვცხოვრობდი!.. მე ქართველმა მომკლა იმის გამო, რომ დევნილმა ამდენს მივაღწიე, ვშრომობდით, ვწვალობდით და ამის გამო დაგვსაჯეს!..
სხვათა შორის, “ენერგოპროსთან” დიდი ომი მქონდა.
- რატომ?
- აქ რომ ჩამომიყვანეს, 18 დღის განმავლობაში შუქი არ მქონდა, 112 ლარი გაქვს გადასახდელიო. მამაჩემის მკვლელობის შემდეგ ნერვიული ასთმა მაქვს და ეგონათ, შუქს რომ არ მომცემდნენ, ან გავიყინებოდი, ან გავჩუმდებოდი!.. ის ტელევიზორი, რომელიც თბილისში მქონდა, გამიტეხეს, შემობრძანდით და ნახეთ, რა საყოფაცხოვრებო ნივთები მაქვს და 112 ლარი როგორ უნდა დამეწერა? გაერო-საც დავუკავშირდი, ლტოლვილთა კომისარიატსაც, წითელ ჯვარსაც და ყველას ვთხოვდი, რომ ჩემი ძმიშვილი და ინვალიდი დედა არ გაყინულიყვნენ. არადა, ბავშვი საოპერაციაო - გულის პრობლემები აქვს... შეიძლება, ზოგიერთისთვის ფოცხო-ეწერი რუსთაველის პროსპექტია, მაგრამ ჩემთვის კუბოა! კომპენსაცია რომ მომცემ, ნაწილით სახლს ვიგირავებ, ნაწილს კი რაღაცაში დავაბანდებ! ნუ გგონიათ, რომ თბილისში ცხოვრების ავადმყოფური ჟინი მაქვს. შემიძლია, რუსთავში, ან სადმე გარეუბანშიც ვიცხოვრო!.. თბილისში ხილსაც ვყიდულობდი და რაღაცას ვახერხებდი, აქ კი რა გავაკეთო?.. სხვათა შორის, ჩემი ძმა დავიხმარე, მენეჯერული ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, ბიზნეს-გეგმები გავაკეთე, 26 დეკემბერს ფოცხოში არასამთავრობოებთან შეხვედრა გავმართე და ეს გეგმები გავაცანი, მაგრამ იცით, რა მითხრეს? ამის გაკეთება შეუძლებელიაო... თუ ნიანგის ცრემლებით არ ვტირი და რაღაც სპექტაკლებს არ ვდგამ, ნუ გგონიათ, რომ კარგად ვცხოვრობ, ისე მიჭირს, რომ მტრისთვის მიჩუქნია ჩემი გაჭირვება!.. არ არსებობს კანონი, რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ არ დარღვეულა და კიდევ გიკვირთ, რომ ვლაპარაკობ? მე რეალობას ვამბობ!..
ნანა კვაშილავა ამბობს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ციმინტია ორჯერ დაეხმარა. ბერდია კალანდია ნანა კვაშილავას სთავაზობს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე განცხადება დაწეროს და თუ შესაძლებლობა იქნება, კახაბერ ციმინტია აუცილებლად დაასაქმებს...
...სამეგრელოში ჩემი ორდღიანი ვიზიტი მთავრდება. თბილისში ჩამოსული სოციალურ ქსელ “ფეისბუზე” “ვასტატუსებ”: “ოთხშაბათს, “ქართული სიტყვის” ახალ ნომერში წაიკითხეთ სკანდალური სპეციალური რეპორტაჟი ფოცხო-ეწერიდან”. ერთი ჩემი ძველი მეგობარი და კოლეგა “სტატუსზე” “მიკომენტარებს”: “ვანო, გეხვეწები, მითხარი, მართლა საშინელი საცხოვრებელი პირობებია ფოცხოში?” კოლეგის კომენტარს უპასუხოდ ვტოვებ... ჰო, ფოცხო-ეწერი დემოკრატიული გეტოა და მეტი არაფერი!..