ოპოზიციურ ბანაკში დაპირისპირება მძაფრდება – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ლელოს“ ლიდერებს საჯაროდ სდებენ ბრალს, თითქოს ისინი ოპოზიციის წევრებს ფულს სთავაზობენ, რომ „ლელოს“ კრიტიკა შეწყვიტონ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კი ოპოზიციისგან მტკიცებულებებს ითხოვენ.
მმართველი გუნდი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესს დასავლელი პარტნიორების სტრატეგიად აფასებს და აცხადებს, რომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიის წინ წამოწევა კონკრეტულ მიზნებს ემსახურება. მაშინ, როცა ოპოზიცია ბოიკოტსა და მონაწილეობის რეჟიმს შორის ორ ნაწილად იყოფა, სახელისუფლებო ძალა ოპოზიციას დესტაბილიზაციის მოწყობაში სდებს ბრალს.
მამუკა ხაზარაძის გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალდებებზე მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს. მიზეზი – პარტიის წევრების მიერ ფეისბუქ ლაივში გავრცელებული განცხადებებია, სადაც ანა წითლიძე და ლევან სანიკიძე ამტკიცებენ, რომ ხაზარაძე კოლეგა ოპოზიციონერებს თანხას სთავაზობდა სანაცვლოდ იმისა, რომ მისი პარტია კრიტიკის მიღმა დარჩენილიყო.
„ორი მხარე არის დღეს ქვეყანაში, ან ხარ რუსი, ქოცი და ხარ მათ მხარეს, ან ქართველი და იბრძვი თავისუფლებისთვის. სხვა არაფერი არ არსებობს. დანარჩენი ყველაფერი სისულელეა, რასაც „ლელო“ ცდილობს, რომ დააბოლოს ამომრჩეველი. ვერავისაც ვერ აბოლებს, პარტიას ეტყობა“, – თქვა ანი წითლიძემ.
აღნიშნულის შემდეგ ლევან სანიკიძემ განაცხადა: „ფულს იხდიდნენ, ხალხნო, რომ იცოდეთ, ფულს იხდიდნენ, ასეთი ეთერი რომ შემდგარიყო“.
ლევან სანიკიძის ამ განცხადებას დაეთანხმა ანი წითლიძე და აღნიშნა: „იხდიდნენ, კი, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და… ამიტომ ვთქვი, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივლის ჩემოდნით და იყიდის თუ მამუკა ივლის ჩემოდნით-მეთქი. სად ვართ, ხალხნო? წარმოიდგინეთ, სად ვართ. მართლა რა ჰგონიათ?“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის შიდა დაპირისპირება უცხოელი პარტნიორების გეგმის ნაწილად შეაფასა. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებების“ ნაცვლად, პოლიტიკურ ველზე წინ „ლელო“ და „საქართველოსთვის“ წამოსწიოს.
„მიზანი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა. ეს ყველაფერი ერთიანად ჯდება პოლიტიკური კორუფციის და კონფლიქტების სტრატეგიაში“, - ამბობს პაპუაშვილი.
გიორგი გახარიას პარტია კი დაპირისპირებაში ჩართვას არ აპირებს. გახარიას გუნდი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები მათთვის მნიშვნელოვანი არ არის და აქტიურად ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მათი პოზიცია მკაფიოა – ოპოზიციურ დაპირისპირებაში არ ჩაერთვებიან.
სახელისუფლებო დეპუტატების თქმით კი დასავლელი პარტნიორები „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგზე მუშაობენ, თავად ოპოზიციური ძალები კი, შიდა კონფლიქტების პარალელურად, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გეგმას ახორციელებენ.
მმართველი გუნდის წევრის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ 4 პარტია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
„როგორ შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს ის, რასაც ისინი ამბობენ... თითქოს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი; არც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სიამტკბილობაში... დღეს მათი პატრონები ცდილობენ, თავიანთი აგენტურის ხელით, როგორმე, 5 ნომერი და „ახალი“ მოაშორონ „ლელოსა“ და გახარიას, როგორმე გარეცხონ ეს უზარმაზარი დამღა და საზოგადოებას შეასაღონ, როგორც ახალი პოლიტიკური ძალა. დღეს, დიდი ძალაუფლების მქონე პირები ცდილობენ, როგორმე, საზოგადოებას შეასაღონ „ლელო“ და გახარია, როგორც არანაცები, რაც წარმოუდგენელია. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ 4 პარტია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მათი პარტიული დასახელებები არის მხოლოდ ციფრები, მათი ნიშნები და ფერები არის მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას დარჩეს აღქმა, თითქოს ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან საუბარში იზიარებს ხელისუფლების ვერსიას და აცხადებს, რომ ოპოზიციის დაპირისპირების მთავარი მიზეზი შიდა კონკურენციაა. გვენეტაძის შეფასებით, დასავლეთმა გადაწყვიტა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები პოლიტიკური მოვლენების მიღმა დატოვოს, რის გამოც ამ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწიათ.
„დასავლეთში აზრზე არ არიან ვითომ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე სწორედ იმ სისხლიანი რეჟიმის ფინანსისტები იყვნენ. გახარიამ კი ხელისუფლება და ქვეყანა ნაციონალების გამო გაყიდა – მერე საკრებულოებში შეეკრა და უმრავლესობაც ჰქონდა. ახლა რომელ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიებზეა საუბარი?! ყველანი ნაციონალები არიან – უბრალოდ, ვის უფრო რბილი იმიჯი აქვს და ვის – რადიკალური. დასავლეთშიც მიხვდნენ, რომ ეს ხალხი მოსახლეობას თვალის დასანახად ეზიზღება. მობეზრდათ მათშიც ფულის ფუჭად ხარჯვა და ახლა ჩანაცვლებას ცდილობენ“, - ამბობს გვენეტაძე.
მისი თქმით, „ნაციონალები“ მშვენივრად აცნობიერებენ, რომ გავლენაც დაკარგეს და ამომრჩეველიც – ოპოზიციურ ფლანგზე მეორე ადგილზე გავიდნენ 2024 წელს.
„ამიტომაც მოიგონეს ვითომ ბოიკოტის ერთგულება. მაგრამ რა ბოიკოტი?! თავად წამოსცდა ანა წითლიძეს ამდენი ხმა ავიღეთო. ანუ თვითონვე აღიარეს, რომ არჩევნებში წააგეს. ახლა კი გაბრაზებულები არიან, რომ აფერისტმა ხაზარაძემ მათაც შეუსრულა და თამაშგარე მ დგომარეობაში დატოვა“, - აცხადებს გვენეტაძე.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება: „ეს პანდორას ყუთის გახსნაა – ერთმანეთზე იმდენ სისაძაგლეს იტყვიან, რომ ყურო ნუ გაიგონებ. უკვე ერთმანეთის დაბეზღებასა და ჩაშვებაზე არიან გადასულები. არცერთი არ შეარჩენს მეორეს. ხაზარაძესა და გახარიას კარგად ესმით, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, მათი პოლიტიკური აღსასრულიც დადგება.
ხაზარაძემ თავი დააკავებინა ხელისუფლებას, ციხეში მოხვდა და ასე შეაცოდა თავი დასავლეთს. ახლა პრეზიდენტ ყაველაშვილის შეწყალების შეთავაზებასაც მიიღებს და კოხტად შეიცვლის ფირფიტას – როგორც აქამდე შეუცვლია. ეგ არ იყო ბოიკოტში? ახლა მოუნდა არჩევნებში მონაწილეობა! ცოტა ხანში დაისვენებს, მოითხოვს შეწყალებას და გამოუშვებენ. საარჩევნო პროცესი უკვე გააცხელა, ქვეყნის ფულს ხარჯავს, სულელი ხომ არ არის ნაციონალებს აჰყვეს, რომლებიც ნელ-ნელა იძირებიან“, - ამბობს გვენეტაძე.
გვენეტაძის მტკიცებით, დასავლეთშიც ყელში ამოივიდათ „ნაციონალური მოძრაობა“ და ამიტომ ცდილობენ, ხაზარაძეს დაუტოვონ სივრცე:
„რატომ უნდა დაკარგოს ეს პოტენციური ადგილი?! მისნაირი შარლატანი და აფერისტი ხომ არაფერს გააკეთებს ტყუილად –მოედანს გახარიას ხომ არ დაუთმობს?! არავინ არავის უთმობს არაფერს – ყველა საკუთარი ინტერესისთვის იბრძვის“,-ამბობს გვენეტაძე.
ანუ თუ ოცნებას არ უჭერ მხარს, უაპელაციოდ ყოფილხარ ქართველი და თავისუფლებისათვის მებრძოლი. თუ ოცნებას უჭერ მხარს, მაშინ როგორც მინიმუმ ქართველი არ ყოფილხარ.
ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერიაო, გამიგია, მაგრამ პოლიტიკური პოზიცია თუ ეროვნებასაც უცვლიდა (ართმევდა) ადამიანებს, ეს ახალი ამბავია.
აი, ეს არის ერის გახლეჩისა და დაპირისპირების გამოწვევის მცდელობის მკაფიო მაგალითი.
ღმერთო, დაიფარე საქართველო.