ბათუმიდან-საგარეჯომდე - რატომ მივიდა რიჟვაძე ახვლედიანთან?

ბათუმიდან-საგარეჯომდე - რატომ მივიდა რიჟვაძე ახვლედიანთან?

აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თვითმკვლელობა სცადა. ისტორია ბუნდოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თორნიკე რიჟვაძე ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად ბათუმიდან ჩადის საგრეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, ალექსი ახვლედიანის სახლში და მისივე იარაღით მიიყენა ჭრილობა გულ-მკერდის არეში. როგორც ირკვევა შემთხვევა ახვლედიანის სახლში გვიან ღამით მოხდა.

თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ სწორედ ახვლედიანის საცხოვრებელი სახლიდან, დაახლოებით ღამის 2 საათზე გადაიყვანეს. ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რის შემდეგაც რიჟვაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ის ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.

ამ ისტორიაში მთავარი ბუნდოვანება არის წერილი, რომელიც რიჟვაძის ჯიბეში კლინიკაში იპოვეს. წერილში ყოფილი მაღალჩინოსანი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. ამბობს, რომ იარაღი ახვლედიანის დაუკითხავად აიღო, ბრალდებებში უდანაშაულოა და ოჯახის დაცვას პრემიერ-მინისტრსა და ბიძინა ივანიშვილს სთხოვს.

წერილში რიჟვაძე არაფერს წერს იმის შესახებ რატომ გადაწყვიტა საგარეჯოში ჩასვლა? რატომ მივიდა ახვლედიანთან, მივიდა თვითონ, თუ დაიბარა თავად ახვლედიანმა? ვინ იყო ამ შეხვედრაზე, რა საუბარი შედგა მათ შორის, რამაც აიძულა თვითმკვლელობამდე ამ შინაარსის წერილის დაწერა? როგორ აღმოჩნდა მის ხელში იარაღი, რომელიც წესით დაცულ ადგილას უნდა ყოფილიყო შენახული? - ეს არის კითხვები, რომელსაც რიჟვაძემ პასუხი უნდა გასცეს.

„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში. დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ.

ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც თორნიკე რიჟვაძის შარვლის ჯიბეში იპოვეს. ტექსტს კალიგრაფიული ექსპერტიზა უტარდება და ამის შემდეგ გაირკვევა, ვინ არის მისი ავტორი.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის სავარძელი 2018 წელს დაიკავა. ზუსტად 8 წელი იყო ამ თანამდებობაზე. წერილის მიხედვით რიჟვაძე ამბობს, რომ მას სდებენ ბრალს კორუფციაში და ბარიგობაში. აღსანიშნავია, რომ რიჟვაძეს სისტემური კორუფციაში, საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში, ასეულობით მილიონის კორუფციული გზით დაუფლებაში, ე.წ. ქოლცენტრებისა და უკანონო სამშენებლო ნებართვების გაცემაში ადანაშაულებდა ოპოზიცია, რასაც რიჟვაძე უსაფუძვლოს უწოდებდა.

რაც შეეხება ამ საქმის კიდევ ერთ მთავარ ფიგურნატს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსანდრე ახვლედიანს, რომელიც დაკავებულია, მისი ადვოკატის განცხადებით, ამ დრომდე შოკშია და შესაბამისად, უცნობია როგორ მოხვდა მასთან რიჟვაძე და როგორ მოხვდა რიჟვაძის ხელში მისი იარაღი? გამოძიება 115-ე და 238-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ალექსი ახვლედიანისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. მაღალჩინოსანი საგარეჯოს პოლიციის განყოფილებიდან თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოიყვანეს. მასთან უკვე იმყოფებოდა ადვოკატიც. ახვლედიანის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და საგარეჯოში მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს.

„ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი ბატონ ალექსის. ვიდრე ბრალს არ წარუდგენენ, საქმის მასალებთან არ მაქვს წვდომა. ხანმოკლე ვიზიტი მქონდა გამომდინარე იქედან, რომ რთულია ახლა ამ ადამიანთან საუბარი ისეთი სტრესი აქვს მიღებული. ვერ დაველაპარაკე, უმძიმეს მდგომარეობაშია. კითხვაც ვერ დავუსვი, უბრალოდ, მოვიკითხე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხომ არაფერი ესაჭიროებოდა ამ ეტაპზე, რაიმე დახმარება ხომ არ ჭირდებოდა“, - განაცხადა ლალი აფციაურმა.

საქმის სიმძიმიდან გამომდინარე კომენტარს არ აკეთებენ რიჟვაძის ოჯახის წევრები და მეგობრებიც. მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა პარლამენტის თავმჯდომარემ. კითხვაზე, აპირებდა თუ არა შემთხვევამდე შსს თორნიკე რიჟვაძის დაკავებას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის საიდან მოდის ეს ვერსიები.

„ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს. თქვენს ვერსიებზე შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიება დაადგენს. სხვა დეტალი მე არ ვიცი. ოპოზიცია რას იტყვის ახლა... ოპოზიციის ნათქვამზე ხომ არ არის... მოხდა მძიმე შემთხვევა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის თქმით, როგორც სხვა შემთხვევაში, ახლაც, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ ფაქტს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს, რაც, მისი შეფასებით, ამორალურია.

„უმძიმესი ფაქტია და კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ ამ მძიმე შემთხვევის ფონზე და საფუძველზე, რა თქმა უნდა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობის“ წევრებს ვგულისხმობ. ესეც მათთვის დამახასიათებელია. არაერთი შემთხვევა გვახსოვს წარსულში მომხდარი უბედური ფაქტის და მოვლენის გამოყენების მცდელობები აქვთ-ხოლმე საკუთარი მიზნების მისაღწევად, ეს მათ მორალის არქონაზე მეტყველებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაკავებულია ადამიანი, ვის სახლშიც რიჟვაძე იმყოფებოდა, რომელიც დაუდევრად ინახავდა იარაღს და გარეშე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს იარაღი. მისი თქმით, როგორც ჩანს, გამოძიება ასე არ გაჩერდება და ყველა დეტალს დაადგენს.

„რაც შეეხება წერილს - დადგენილია, რომ ეს წერილი მართლა მისი დაწერილია? როგორ დაადგინეს, ექსპერტიზა ჩატარდა? ეს ასე არ ხდება. თუ გამოძიება დაადგენს, რომ მან წერილი დაწერა და თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნამდვილად მისი დაწერილია, გამოძიება ამას შეაფასებს და შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს... ამ წერილის ასლიც არ დევს ხომ? მოყოლით იციან ამაზე. მისი ოჯახი დაცული იქნება ყველა შემთხვევაში, ისევე როგორც ჩემი და თქვენი ოჯახი. ამ ქვეყანაში ყველას ოჯახი დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ვერავინ დამაჯერებს, რომ თორნიკე რიჟვაძე რაიმე კორუფციაში იყო გარეული!
3 დღის უკან