„მესმის, რატომაც აბულინგებენ იმ ორ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის გამო - ოპოზიციას ხელიდან ეცლება ერთობის კოზირი, რაც გამოიწვევს იმედგაცრუებას დასავლეთში“

„მესმის, რატომაც აბულინგებენ იმ ორ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის გამო - ოპოზიციას ხელიდან ეცლება ერთობის კოზირი, რაც გამოიწვევს იმედგაცრუებას დასავლეთში“

აქ მთავარი ის არის, რომ ლელომ აირჩია ის პოლიტიკური გეზი, რომელიც მისმა ლიდერებმა ჩათვალეს ყველაზე უფრო მიზანშეწონილად მოცემულ სიტუაციაში - ზოგადი განცხადებები, რომ მათი ერთობით ოდესღაც მიაღწევენ იმას, რომ ოცნების ხელისუფლების დემონტაჟი მოახდინონ, როგორც ჩანს, ეს ლელოსთვის არ არის დამაჯერებელი არგუმენტი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლელოს გადაწყვეტილებას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ლელო - ძლიერი საქართველოსპოლიტსაბჭო დატოვეს ანა ნაცვლიშვილმა, საბა ბუაძემ და დეა მეტრეველმაც. მათ ასევე დატოვეს პარტიული თანამდებობებიც. მიზეზი გახდა ლელოს გადაწყვეტილება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილების შესახებ. როგორც შეაფასებთ აღნიშნულს, ბატონო ზაალ?

- ნაცვლიშვილი ლელოში არ იყო რიგითი ფიგურა, ერთ-ერთი გამორჩეული სპიკერი იყო, შესაბამისად, მისი წასვლა გარკვეულწილად, შესაძლოა იყოს დანაკლისი, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება სარგებლის მომტანი იყოს - ის ლელოს ლიდერი გახლდათ, მაგრამ პოლიტიკურად იმდენად ტოქსიკური პერსონა იყო, ჯერ კიდევ საკითხავია, მისი საჯარო გამოსვლებს ლელოსთვის უფრო მეტი სარგებელი მოჰქონდა თუ ზიანი. ორი-სამი ადამიანის წასვლით არ განისაზღვრება მთელი პარტიის პოტენციალი, იქ არიან კიდევ სხვებიც - აქ მთავარი ის არის, რომ ლელომ აირჩია ის პოლიტიკური გეზი, რომელიც მისმა ლიდერებმა ჩათვალეს ყველაზე უფრო მიზანშეწონილად მოცემულ სიტუაციაში.

ისინი, ვინც ლელოს ამ გადაწყვეტილებას უწუნებენ, არ ამბობენ იმას, თუ რა არის ალტერნატივა. მათი ზოგადი განცხადებები, რომ მათი ერთობით ოდესღაც მიაღწევენ იმას, რომ ოცნების ხელისუფლების დემონტაჟი მოახდინონ, როგორც ჩანს, ეს ლელოსთვის არ არის დამაჯერებელი არგუმენტი და პარტიაში იმსჯელეს ამაზე და ჩათვალეს, რომ თუ პარტია ამ არჩევნებსაც გაემიჯნებოდა, ეს პარტიას უფრო მეტ ზიანს მოუტანდა, ვიდრე იმ სარგებელს, რაც გამოიხატება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან და მათთან აფილირებულ ჯგუფებთან, თუნდაც რუსთაველის გამზირზე გამოსულ ხალხთან სოლიდარობით - დიახ, ეს არის სოლიდარობა, მაგრამ ამ სოლიდარობის მატერიალიზაცია ხომ უნდა მოხდეს რაღაცაში?! ამის წინაპირობები კი არ ჩანს.

თქვენი აზრით, ამ გადაწყვეტილების ფონზე, რამდენად არის შესაძლებელი დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის მხრიდან წნეხი გაძლიერდეს იმ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს?

- უკვე გაძლიერებულია წნეხი - სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტურმა გაერთიანებებმა, წალენჯიხის მერიამ, ასევე სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებმა ერთობლივი განცხადებები სასწრაფოდ გამოაცხვეს, სადაც პირდაპირ აწარმოებენ ლელოს ბულინგს იმ მიზნით, რომ მას როგორმე გადაწყვეტილება შეაცვლევინონ.

თქვენი აზრით, რამდენად იმოქმედებს ეს ლელოს გადაწყვეტილებაზე, შეაცვლევინებს პოზიციას?

- რამდენად გაუძლევს ამას ლელო, სავარაუდოდ, ნათელი გახდება ხვალ ან ზეგ, როდესაც პარტიის ლიდერები საბოლოოდ დააფიქსირებენ თავის პოზიციას.

თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, რამდენად სწორია ლელოს და გახარიას პარტიის გადაწყვეტილება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა?! პოლიტიკურად რომელია მომგებიანი - მონაწილეობის მიღება თუ ბოიკოტი?

- არჩევნებში მონაწილეობა უფრო სწორია, ვიდრე არჩევნების ბოიკოტი, რადგან ეს ბოიკოტი მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში არაფერს აძლევთ - იმის იმედად ყოფნა, რომ დასავლეთის ზეწოლის და სანქციების შედეგად ქართული ოცნება ჩამოიშლება, ეფემერული იმედია. ხოლო, არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მცირე, მაგრამ კონკრეტულ სარგებელს იძლევა: თვითმმართველობის სტრუქტურებში ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენლობა. ამასთან, გაიგებენ მათი რეალური მხარდაჭერის დონეს და ეს მისცემთ საშუალებას, რომ უკეთ მოემზადონ საპარლამენტო არჩევნებისთვის. გარდა ამისა, დასავლეთის თვალშიც უფრო პასუხისმგებელ და მომწიფებულ ორგანიზაციებად გამოჩნდებიან, ვიდრე ისინი, ვინც არჩევნების ბოიკოტს ემხრობიან - ევროპის საპარლამენტო ასაბლეიდან პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციურ პარტიებს, რომ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, იქაც მოსალოდნელია პარტიიდან გაქცევები.

თქვენ პირადად ელოდებით დაკავებების სერიის გაგრძელებას, თუნდაც გიორგი გახარიას დაპატიმრებას?

- ამის ალბათობა არის 50-50-ზე. მე რომ ქართული ოცნების ადგილას ვყოფილიყავი, ადგილობრივი არჩევნების წინ არც გახარიას დავაკავებდი და არც ხაზარაძე-ჯაფარიძეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ არჩევნებში აპირებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, კანონი ამას ითხოვდა. გახარიას შემთხვევაში, ისინი ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რადგან გახარიამ მონაწილეობა მიიღო კომისიის სხდომებში, თუმცა მათ შეუძლიათ სხვა ბრალდება წაუყენონ, თუნდაც ჩორჩანას საგუშაგოსთან ან სხვა მოქმედებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ გახარიას დაკავება ამ ეტაპზე არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მაგრამ აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თვითონ ქართულ ოცნებაში რას ფიქრობენ - მათ მართლა უნდათ რომ ამ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში თუ პირიქით და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მიიღონ. შემდეგ კი, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა, ნაკლებად პრობლემური პარტიები მაინც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, იოლად გაიფორმონ გამარჯვება.

იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ოცნების მიზანი არის ოპონენტების დაჭერა და არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება?!

- თავად ოცნებაც ცოტა რთულ მდგომარეობაშია: ერთი მხრივ, მათ სურთ არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება, მაგრამ მეორე მხრივ, მათ უნდათ, რომ ეს არჩევნები მაქსიმალურად ლეგიტიმიზირებული იყოს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აუდიტორიის თვალში. ასევე არჩევნებში ლელოს და გახარიას მონაწილეობით ოპოზიციურ სპექტრს მიაყენონ სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ეს ეფემერული ერთობა, რომელიც მათთვის მთავარი კოზირია დასავლეთის წინაშე, ირღვევა - სხვა კოზირი ოპოზიციას დასავლეთთან არ აქვს და მესმის, რატომაც აბულინგებენ იმ ორ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის გამო, რადგან ამით მათ ხელიდან ეცლებათ ოპოზიციური ერთობის კოზირი - ეს კი გამოიწვევს დაბნეულობას და იმედგაცრუებას დასავლეთში და შესაძლოა ისეთი მხარდაჭერის ხარისხი აღარ ჰქონდეს დასავლეთის მხრიდან, როგორიც ადრე ჰქონდათ.