„ვირთხების რბოლა“ - იშლება თუ არა „ლელო“

„ვირთხების რბოლა“ - იშლება თუ არა „ლელო“

ბანკირების „ლელო“ დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა - ერთი მხრივ, პარტიის პოლიტსაბჭო სამმა წევრმა დატოვა, მეორე მხრივ - პოლიტიკური ოპონენტები კი არა, გუშინდელი „თანამოაზრეები“ დაუპირისპირდნენ. მიზეზი ისაა, რომ „ლელო - ძლიერი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საბა ბუაძემ, დეა მეტრეველმა და ანა ნაცვლიშვილმა „ლელოს“ პოლიტსაბჭო და პოლიტიკური თანამდებობები დატოვეს, მაგრამ პარტიაში დარჩნენ, პარტია მხოლოდ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამუნა გიორგაძემ დატოვა.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭო და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დათმო საბა ბუაძემ; პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია - დეა მეტრეველმა; პოლიტსაბჭო კი ანა ნაცვლიშვილმა დატოვა. მათ არც ხმაურიანი განცხადებებიც დაიშურეს, მაგალითად, დეა მეტრეველმა აღნიშნა, რომ ვინაიდან რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ერთიანობაა, მისთვის უზომოდ მნიშვნელოვანი პირობაა, რომ „ლელო“ დიდი ეროვნული მოძრაობის ნაწილი იყოს და წუხს, რომ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთიანი გეგმის გარშემო ვერ გაერთიანდნენ:

„არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციური პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა. ვფიქრობ, „ძლიერი საქართველოს“ მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უაღრესად პრინციპული და ღირსეული ნაბიჯის ფონზე, თავისუფლების აღკვეთის ფასად დარჩენილიყვნენ საერთო ბრძოლის ერთგულები“, - განაცხადა დეა მეტრეველმა.

პარტიული თანამდებობების დატოვების მიუხედავად, საბა ბუაძე პარტიაში იქამდე დარჩება, ვიდრე ლიდერებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საპატიმროდან არ გაათავისუფლებენ:

„ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე“, - აღნიშნა საბა ბუაძემ.

რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილს, მან განაცხადა, რომ ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც ყოველთვის იმას აკეთებდა, რისიც სჯეროდა და რაც სწორად მიაჩნდა, ვითარებისა და კონტექსტის გათვალისწინებით: „26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის შემდეგ, პროდასავლური ფლანგის უდიდეს სისუსტედ მიმაჩნია, რომ არ შეიქმნა მსჯელობისა და საერთო გადაწყვეტილებების სტრატეგიულად და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულად მიღების ფორმატი. ეს ინიციატივა მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა და ჩვენ ყოველნაირად ვეცადეთ, რომ ეს ფორმატი შექმნილიყო, სადაც ხალხის მიერ 26 ოქტომბერს არჩეული ის პირები ვიქნებოდით წარმოდგენილნი, ვისი ლეგიტიმაციაც არასდროს, არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს ფორმატი შემდგომ იქნებოდა უფრო ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პლატფორმა, აქტივისტების, სხვა პოლიტიკური აქტორების, მოქალაქეების ჩართვისა და ერთიანი ბრძოლისა რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არ მოხდა. ვის გამო, რის გამო, არ ვიცი. ძალიან დიდი პრობლემაა ეს. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შედგა ერთიანობა. ეს ძალიან ცუდია. მგონია, რომ ზემოთ აღნიშნული ფორმატი რომ შემდგარიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა ყველა მიმართულებით. მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

***

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და იაგო ხვიჩიას „გირჩი“. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე, „ლელო“ და გახარიას პარტია გაერთიანდება, თუმცა ამის მცდელობა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდეც იყო, მაგრამ უშედეგოდ. ექსპერტების მეორე ნაწილის აზრით, გამორიცხული არაა, „ლელო“ დაიშალოს კიდეც და ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის საფუძველი. მიზეზი მარტივია, მივყვეთ მოვლენების ქრონოლოგიურ განვითარებას.

მაშ, ასე, ყველაფერი შაბათს, 5 ივლისს, „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის ბრიფინგით დაიწყო, სადაც განაცხადა, რომ „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ კიდევ ერთ, მთავარ ველზე, ბრძოლაში შედიან.

„ჩვენ შევდივართ ბრძოლაში დიქტატურის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, კიდევ ერთ მთავარ ველზე. აქვე მინდა მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას, ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს... აქვე, მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში. მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის.

დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ, დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვაპირებთ არცერთი გოჯი თავისუფლების დათმობას არც თბილისში და არც რეგიონებში, მზად ვართ ტოტალური წინააღმდეგობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამავე ბრიფინგზე, „ლელოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა დაადასტურა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ბრიფინგის დასრულებისთანავე, გავრცელდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს, თუმცა აქვე, ერთი, ძალიან საინტერესო დეტალიც არ უნდა გამოგვრჩეს: „ლელომ“ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ მიხელ ყაველაშვილის განცხადების შემდეგ, მალევე მიიიღო.

პრეზიდენტმა ყაველაშვილმა, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერებს, მათ შორის, „ლელოს“ ლიდერებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შესთავაზა დაედასტურებინათ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და მიემართათ მისთვის შეწყალების თხოვნით:

„ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს, შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამას მოჰყვა საბა ბუაძის, დეა მეტრეველისა და ანა ნაცვლიშვილის გადაწყვეტილებები, რასაც არჩევნებისთვის ბოიკოტის მომხრე ოპოზიციონერების ჟივილ-ხივილი მოჰყვა. ზოგიერთი მათგანი „ფსონებსაც კი დებდნენ“ და Facebook-ის საკუთარ გვერდებზე წერდნენ პოსტებს: „ველოდებით გიორგი გეგელიას გადაწყვეტილებას“, ზოგიერთს თაზო დათუნაშვილის გადაწყვეტილებაც აინტერესებდა.

ხუმრობა იქეთ იყოს, მაგრამ ბოიკოტის მომხრე ოპოზიციას „ლელოს“ ბულინგი და მწვავე კრიტიკა არ დაუკლია.

„საქართველოს ბედს არ განსაზღვრავს, რას იზამს ოთხპროცენტიანი ლელო“, - ასე განაცხადა თავად „ხუთპროცენტიანმა“ ელენე ხოშტარიამ. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კოალიციამ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ხმათა 10%-ზე მეტი მიიღო.

ელენე ხოშტარიას არც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა ჩამორჩა და აღნიშნა, რომ „ლელომ“ წინააღმდეგობისა და ბრძოლის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩიაო: „ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ, რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის. არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს „ლელოს“ ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს. ეს ხომ ნაცადი რუსული ტაქტიკაა, ამორალურ კომპრომისზე დაყოლიება და შემდეგ ყველაზე ცინიკურად და სასტიკად მხილება. დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს, მან პარტიის სახელით აღნიშნა, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში, მათი სამიზნე იქნება „არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც. ჩვენს ამომრჩეველს ინტელექტუალურ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ. რაც არასწორია - ის სამიზნეა“, - ასეთია ჩერგოლეიშვილის პოზიცია.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არ ეთანხმება პარტია „თავისუფლების მოედანიც“, რომელმაც ეს კოალიცია რამდენიმე თვის წინ დატოვა.

... ფაქტია, რომ „ლელოში“ ყველაფერი მთლად რიგზე ვერ არის. მართალია, ლიდერები დაპატიმრებულები არიან, მაგრამ სულ მცირე, იერარქიული სუბორდინაციაც არ შეინიშნება, რასაც პარტიის გენერალური მდივნის ბრიფინგიც ადასტურებს. მოკლედ, კუპრავას 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ სურს და პარტიის სახელით ხმამაღლა აცხადებს საკუთარ სურვილს, რაც ლიდერებთან შეთანხმებული არც კი ყოფილა.

ლიდერებს არჩევნებში მონაწილეობა სურთ და გამორიცხული არ არის, ყაველაშვილს შეწყალების თხოვნითაც მიმართონ, მაგრამ ფაქტია, რომ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებულ ლიდერებს არ ეთანხმებიან. მართალია, ჯერ მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობები დატოვეს, მაგრამ გამორიცხული არ არის, პარტიაც სულ მალე დატოვონ, მით უმეტეს, თუ ბოიკოტის მომხრე პარტიების წნეხი გაძლიერდება. წნეხი რომ გაძლიერდება, ამას „ფედერალისტი“ ჩერგოლეიშვილი არც კი მალავს.

ექსპერტების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ „ლელომ“ ამ წნეხს ვერ გაუძლოს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქროს კიდეც.

თომა ინტელექტისაგან დაცლილი მედროვეთა ჯოგია მოღალატე ოპოზიცია, ისე ალოკე პროჭას და გიჟ თამარას წარმატებებს უსურვებ ერთურის .ყვნაში!
1 კვირის უკან
ლაზი ლელო არც არასოდეს ყოფილა პარტია. მათ არ გააჩნიათ არანაირი პოლიტიკური იდეა, გარდა რამდენიმე, ნაყიდი მოპოლიტიკოსო პერსონის, თავისი მერკანტელური ინეტრესებისათვის გამოყენებისა. ამ პერსონებს თავი მართლა პოლიტიკოსები ჰგონიათ და ახლა ვითომ პროტესტის ნიშნად თანამდებობებს ტოვებენ, მაგრამ მთლიანად ვერ ბედავენ წასვლას, რადგან ეტყობა წინასწარ არის გადახდილი და სანამ მიღებულს არ "გამოიმუშავებენ" ვერსადაც ვერ წავლენ.
ამ ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური პროცესი მკვდარია, ხოლო რაც პოლიტიკური საბურველით ხდება ეს არის, ჩვეულებრივი ბიზნესი. იღებენ უცხო ქვეყნების შეკვეთებს, რომლებსაც ყოველთვის ვერ ასრულებენ, მუდმივად ვალში არიან და ამ კარუსელიდან გამოსვლას ვერ ბედავენ, ამიტომ ძალით პოლიტიკოსობენ. თუ ამ პროცესში რამე სათავისოც გამოადვნეს, ხომ კარგი, თუ არა და ფული, ასე თუ ისე მაინც იშოვება.
1 კვირის უკან