[მერაბ ბრეგაძე]
აფხაზ სეპარატისტებთან მოლაპარაკებებს არანაირი შედეგები არ მოაქვს. რუსული ოკუპაციის შემდეგ მარიონეტებს „თავი ქუდში“ აქვთ და ქართულ მხარესთან არანაირ დათმობებზე არ მოდიან. სამაგიეროდ თბილისს მოთხოვნებს აქეთ უყენებენ.
გალში უკვე ოცდამეხუთე ე.წ. ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა. არანაირი რეალური გადაწყვეტილებები არ მიღებულა და უკვე მერამდენეჯერ კრება დარჩა მხიარული. მთავარი შედეგი ის არის, რომ გალის შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.
ამ ფონზე სოხუმის მედია ბოლო ხუთმხრივ შეხვედრაზე აფხაზური მხარის მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, მარიონეტული ხელისუფლება „ქართული დივერსიულ-ტერორისტული დაჯგუფება“ „ტყის ძმების“ მეთაურის დათო შენგელიას და ტერორიზმში ეჭვმიტანილი მერაბ ყოლბაიას გადაცემას მოითხოვს.
ქართული მხარე სოხუმის სურვილების შესრულებას და აღნიშნული პირების გადაცემას არ აპირებს. თავის მხრივ აფხაზურმა მხარემ ქართულს ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მდგომარეობის ერთობლივ ინსპექტირებაზე უარი განუცხადა.
„ქართული დივერსიულ-ტერორისტული დაჯგუფება“ „ტყის ძმების“ მეთაურის, დათო შენგელიას გადაცემის მოთხოვნა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ხუთმხრივ შეხვედრაზე დააყენა.
ამასთან, აფხაზური მედიის ცნობით, „შეხვედრაზე აფხაზეთის ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებული მოქალაქეების საკითხიც დაისვა“.
„საუბარია, კერძოდ, 15 თებერვალს დაკავებულ გალის რაიონის მკვიდრ მერაბ ყოლბაიაზე, რომელსაც ქართული მხარე საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების სერიის ორგანიზებასა და განხორციელებაში ადანაშაულებს.
აფხაზურმა მხარემ ყოლბაიას გადაცემა მოითხოვა და განაცხადა, რომ „საქართველოს მსგავსი დივერსიული ქმედებები სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს და მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს ხელს არ უწყობს“, – იუწყება აფხაზური მედია.
მისივე ცნობით, „აფხაზურმა მხარემ განსაკუთარებული შეშფოთება გამოთქვა ქართული ციხიდან „ტყის ძმების“ მეთაურის დათო შენგელიას გათავისუფლების გამო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილ მრავალრიცხოვან დანაშაულშია ეჭვმიტანილი“.
აფხაზური მხარის მონაცემებით, დათო შენგელიამ საპყრობილეში მისჯილი 24 წლიდან მხოლოდ 7 გაატარა.
„ქართული მხარე სოხუმისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებაში ეჭვმიტანილი მერაბ ყოლბაიას გადაცემას არ აპირებს“, –
ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოლბაიას დაბრუნებას არ ვაპირებთ. პირიქით, ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმეს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ, საითკენაც არ უნდა წაგვიყვანოს გამოძიებამ. ტერაქტებში ეჭვმიტანილებმა დანაშაული უკვე აღიარეს და ყოლბაიას, ბორისოვისა და ცხადაიას სახელები დაასახელეს.
ყოლბაია უკვე დავაკავეთ, ახლა კი ბორისოვისა და ცხადაიას გადმოცემას მოვითხოვთ, თუმც სოხუმი მათ გადმოცემაზე სამწუხაროდ, უარს აცხადებს“, - განმარტა უტიაშვილმა.
თავის მხრივ აფხაზურმა მხარემ ქართულს ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მდგომარეობის ერთობლივ ინსპექტირებაზე უარი განუცხადა.
ოჩამჩირის რაიონში მდებარე ტაძრის მდგომარეობის შესწავლის საკითხი ქართულმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ მორიგ ხუთმხრივ შეხვედრაზე დააყენა.
„ჩვენ მოვითხოვეთ, ერთად ჩავსულიყავით ადგილზე, რათა ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი და ის განგვესაზღვრა, შეიძლება თუ არა მისი გამოსწორება. თუმცა პროგრესს ვერ მივაღწიეთ, რადგან აფხაზურმა მხარემ ადგილზე ჩასვლაზე უარი განგვიცხადა“, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ილორის წმინდა გიორგის ეკლესია თეთრად გადაღებეს და რუსული საეკლესიო სტილის გუმბათი დაადგეს