არაბულ სამყაროში მიმდინარე საყოველთაო ამბოხებას კრემლში გაფაციცებით თვალყურს ადევნებენ. დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი მოსკოვს „ეგვიპტურ სცენარსაც“ უწინასწარმეტყველებს. რუსეთის ხელისუფლება პრევენციულ განცხადებას აკეთებს, რომ მოვლენების მსგავსი გზით განვითარებას წინ აღუდგება.
„რუსეთში რევოლუციას არ დავუშვებთ“, - აცხადებს პრეზიდენტი მედვედევი ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის საგანგებო სხდომაზე.
სხდომის დროს მედვედევმა კომენტარი გააკეთა ლიბიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე. მისი თქმით, არაბულ სამყაროში მიმდინარე რევოლუციებმა, შესაძლოა, ხელისუფლებებში რელიგიური ექსტრემისტები მოიყვანოს:
„შეხედეთ ახლო აღმოსავლეთში რა ხდება. წინ დიდი სირთულეებია მოსალოდნელი. რიგ შემთხვევებში, ლაპარაკია მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოების დეზინტეგრაციაზე, ამ ქვეყნების ნაწილებად დაშლაზე.
სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებაში ფანატიკოსები მოვიდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ათწლეულების მანძილზე აქ ცეცხლის კერა იქნება და მომავალშიც ექსტრემიზმი გავრცელდება, აუცილებელია სიმართლეს თვალებში შევხედოთ“.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავს სცენარს რუსეთისთვის ადრეც ამზადებდნენ:
„ამგვარ სცენარს ისინი ჩვენთვისაც ამზადებდნენ და მით უმეტეს, ახლა, ამის განხორციელებას შეეცდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სცენარი რუსეთში ვერ განვითარდება“.
რუსეთის მოსახლეობის აზრით კი, ქვეყნის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და პრემიერი ვლადიმერ პუტინი ბევრს ლაპარაკობენ და ცოტას აკეთებენ.
„ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული მორიგი გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 21% თვლის, რომ მედვედევის „სუსტი მხარე“ სწორედ „ბევრი ლაპარაკი და ცოტას კეთებაა“, პუტინთან მიმართებაში კი იგივე გამოკითხულთა 16%-მა დააფიქსირა.
პუტინის ყველაზე ძლიერ მხარედ გამოკითხულთა 50% აქტიურობას, საქმიანობას და ენერგიულობას მიიჩნევს, 43% - გამოცდილებასა და სიმწიფეს, 36% კი - სახელმწიფო საქმიანობის გამოცდილებას.
რაც შეეხება მედვედევის ძლიერ მხარეებს, რესპონდენტთა 39% პრეზიდენტს ამ მხირვ ინტელიგენტურობას უფასებს, 37% - აქტიურობას, საქმიანობას და ენერგიულობას, 34% კი - განათლებასა და პროფესიონალიზმს.
აღსანიშნავია, რომ ოთხი წლის წინ რესპონდენტთა 41%-ს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ძლიერი მხარეების დასახელება საერთოდ არ შეეძლო.
პრეზიდენტის სუსტ მხარეებად გამოკითხულთა 13% მართვადობას მიიჩნევს, 7% კი - ამბიციურობასა და ნარცისიზმს.
ამასთან, გამოკითხულთა აზრით, პუტინს უფრო მეტად შესწევს უნარი, მსოფლიოში რუსეთის სათანადო მდგომარეობა შეინარჩუნოს, ვიდრე მედვედევს, თუმცა ამმხრივ მმართველი დუუმვირატის პოზიციებს შორის სხვაობა მხოლოდ 1%-ს შეადგენს (შესაბამისად, 43% და 42%).
მცირე უპირატესობები აქვს პუტინს მედვედევთან შედარებით ისეთ საკითხებშიც, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა (42%), ეროვნებათაშორისი პრობლემების გადაჭრა (39%) და წესრიგის უზრუნველყოფა (36%).
ამასთან, რესპოდენტთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ არც მედვედევს და არც პუტინს შესწევთ უნარი, კორუფციულ დანაშაულს ებრძოლონ (36%), სოციალური სამართლიანობა (35%) და დემოკრატიული თავისუფლება (29%) უზრუნველყონ.
გამოკითხვა 11-16 თებერვალს ჩატარდა და მასში ქვეყნის 45 რეგიონის 130 დასახლებული პუნქტიდან 18 წლისა და მეტი ასაკის 1600 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ასეთი განწყობების ფონზე, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი რუსეთში ტონი ბრენტონი მოსკოვს „ეგვიპტეს სცენარს“ უწინასწარმეტყველებს. ბრენტონის აზრით, „ორ ქვეყანას შორის დიდი განსხვავებებია, თუმცა პარალელები რუსული ელიტისთვის კვლავ საგანგაშოა“.
„დიდი ხნის წინ, ახალგაზრდობაში მე ქაიროში დიპლომატად ვმუშაობდი და ის ცინიზმი, რომელიც პოლიტიკურად განსწავლული ხალხის კლასის წარმომადგენლებისგან მესმოდა, დღეს თითქმის ზუსტად ისმის მოსკოვში.
ორივე ქვეყანაში მოქმედებს „კონტროლირებადი“ დემოკრატია, რომელთანაც დომინირებს უძლეველი „პარტიის ძალაუფლება“ და ხელშეუხებელი უსაფრთხოების სტრუქტურები.
მოვლენები ეგვიპტეში - დროული შეხსენებაა რუსული ისტებლიშმენტისთვის, რომ თავისუფლების მოთხოვნა უნივერსალურია და ადრე თუ გვიან, მისი დაკმაყოფილება მოუწევთ“, - აცხადებს ბრენტონი.
ამასთან, იგი აღიარებს, რომ „ძნელია რუსეთში დემოკრატიის აყვავების მოლოდინი, თუ იგი მხოლოდ 20 წელია, შენდება, ევროპაში კი ამაზე საუკუნეები დაიხარჯა, თუმცა არსებობს დადებითი ცვლილებებიც, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება“.
სულ ცოტა ხნის წინ რუსეთში რეალური სახალხო მღელვარების პერსპექტივებზე ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმაც ისაუბრა. არაბულ სამყაროში რევოლუციის კომენტირებისას მაკკეინმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა:
„არ ვფიქრობ, რომ ყველა ეს მოვლენა ახლო აღმოსავლეთშია შეზღუდული... ცვლილებები ქრის და ვრცელდება და მე რომ ვლადიმერ პუტინი ვიყო, კრემლში საკუთარ „კაგებეშნიკურ“ დაჯგუფებასთან ერთად ნაკლებად თავდაჯერებულად მოვიქცეოდი“.