ხაზარაძის გაბახებული ამბიციები

ხაზარაძის გაბახებული ამბიციები

ოპოზიციის გაერთიანების შანსებზე და მამუკა ხაზარაძის ფორმულაზე „ნეიტრალური პლატფორმის“ შექმნის შესახებ ანალიტიკოსები სკეპტიკურად საუბრობენ. ისინი for.ge-თან მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურ სპექტრში არსებული ღრმა დაპირისპირება, იდეოლოგიური განხეთქილება და ზიზღი ერთმანეთის მიმართ, ოპოზიციის ერთიანობას გამორიცხავს. ანალიტიკოსების აზრით, ხაზარაძის ინიციატივა რეალობას არის მოკლებული და ოპოზიციის უდიდესი ნაწილის უარი უკვე აჩვენებს, რომ მის იდეას განვითარება არ ექნება. ამიტომ მისი მცდელობა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამყარებაა. თუმცა ესეც სათაუოა, რადგან ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური კაპიტალი არა აქვს და მის მიმართ წარსულის გამო, მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს.

მამუკა ხაზარაძე ოპოზიციას თბილისში საერთო კანდიდატისა და სიის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს და ადგილობრივ არჩევნებს „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებად“ აფასებს.

„ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული! პარტიები ამ კანდიდატებს გვერდით უნდა დაუდგნენ სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იქცეს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტად!“ – წერს ხაზარაძე Facebook-ზე.

მისივე თქმით, მზადაა ახალი პლატფორმისთვის, საერთო ნომრით, სიითა და კანდიდატით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეარჩიოს.

„ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის – ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის!“, - წერს ის.

ხაზარაძის განცხადებით, „არალეგიტიმური ხელისუფლების“ წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის ყველა კუთხეში უნდა გაგრძელდეს.

„ვიბრძვით საქართველოს დეოკუპაციისთვის, რაც დედაქალაქის გათავისუფლებით უნდა დაიწყოს და ეს ტალღა მთელ საქართველოს მოიცავს... თუ საჭიროა, არჩევნებიც უნდა ჩავშალოთ!“ - აცხადებს ხაზარაძე.

ხაზარაძის ამ იდეას ოპოზიციაში უარყოფითად უკვე შეხვდნენ. მის ამ განცხადებას ზოგმა ფარსი, ზოგმაც კი აბსურდი უწოდა.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია ხაზარაძის ინიციატივას კრიტიკულად ეხმიანება და მას „ფარსს“ უწოდებს.

„არ არსებობს კომბინაცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მოუგებ არჩევნებს, სანამ ძალაუფლებაში არიან. მათ აქვთ ცესკო, ძალოვანი სტრუქტურები და ადმინისტრაციული რესურსი. ყველა ბერკეტი გამოიყენეს, რათა 2024-ში შედეგები გადაეკეთებინათ“, - ამბობს ნარმანია.

მისივე შეფასებით, დასავლეთის წნეხიც შესუსტდება, თუ ოპოზიცია მმართველ პარტიასთან „მოლაპარაკებების ილუზიას შექმნის“.

„უცხოური ზეწოლა შენელდება, თუ დაინახავენ, რომ ივანიშვილის წესებით ვთამაშობთ“, - აცხადებს პოლიტიკოსი.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-თან ამბობს, რომ რთული წარმოსადგენია, ამჟამინდელმა ოპოზიციამ ერთიანობა შეძლოს. მისი შეფასებით, ოპოზიცია სრულიად განსხვავებული და ეკლექტურია - მათ შორის არც იდეოლოგიური და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა არსებობს. პირიქით, როგორც ანალიტიკოსი ამბობს, გაერთიანების პერსპექტივას შიდა დაპირისპირება და ურთიერთზიზღი სრულად გამორიცხავს.

„როგორ უნდა მოხდეს ამ ოპოზიციის გაერთიანება, როცა საქმე გვაქვს ღირებულობრივად სრულიად განსხვავებულ პოლიტიკური ჯგუფებთან? მათ ერთ პლატფორმაზე შეკრებაზე საუბარი მართლაც აბსურდია. შეიძლება ვინმემ მაგალითად მოიყვანოს 2012 წელი და ბიძინა ივანიშვილის მიერ განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიების გაერთიანება, მაგრამ მაშინ სულ სხვა იყო როგორც საზოგადოების, ისე რეჟიმის (სააკაშვილის) მიმართ დამოკიდებულება. თანაც, მაშინ ოპოზიცია ერთი ლიდერის, ივანიშვილს გარშემო შეიკრიბა. ხაზარაძეს კი მსგავსი ავტორიტეტი არ გააჩნია და მის მიერ შეთავაზებული პლატფორმა ნეიტრალური კი არა, ანტიქართულია. ამ ჯგუფებს ხალხში არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და არც თავად წარმოადგენენ რეალურ პრობლემებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალას. მათი მთავარი ღირებულება მხოლოდ უცხო ძალების მიმართ მორჩილებაა. თავად ხაზარაძეც ცდილობს, დასავლეთის თვალში ლიდერის იმიჯი მოირგოს და ოპოზიციურ ველზე პირველი ფიგურის სტატუსი მოიპოვოს. მისი ეს მცდელობები აშკარად პირადი ინტერესებითაა განპირობებული და არა ქვეყნის ან საზოგადოების საჭიროებებით“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციის ერთადერთი საერთო მიზანი დესტრუქციაა, რაც დესტაბილიზაციის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული და არა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაზე.

„ცხადია, ხაზარაძეს სურს, ოპოზიციამ რაც შეიძლება მეტი ხმა დააგროვოს დიდ ქალაქებში. ეს არის ტაქტიკური გეგმა, რათა ერთიანი კანდიდატი წარადგინონ. თუმცა, ბოლო არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ჯამური რეიტინგით ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ჩამორჩება. მით უფრო ახლა, როცა რეიტინგი კიდევ უფრო შემცირებული აქვთ რადიკალური ტონითა და არასწორი მანევრებით. გაუგებარია, რა გათვლით ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას დაამარცხებენ. ოპოზიციას თითქოს მრავალფეროვანი ტაქტიკა აქვს, მაგრამ მათი სტრატეგია ერთია - ქვეყანაში არეულობა და მუდმივი რყევები.

ნაწილი პირდაპირ დესტრუქციაზე მუშაობს - მათ შორის არჩევნების ჩაშლასა და ფიზიკურ დაპირისპირებაზეც. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ჯგუფები. მეორე ნაწილი კი თითქოს არჩევნებზე კონსოლიდაციას ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ, არჩევნების წაგების შემდეგ ერთი იტყვის, რომ გაყალბდა, მეორე კი ხელისუფლებას არალეგიტიმურად გამოაცხადებს. ეს არის მათი რეალური გათვლა, რაც საბოლოოდ განხორციელებადიც არ არის“, - დასძენს ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან ხაზარაძისთვის უარის თქმა უკვე სიგნალია, რომ მისი ინიციატივა რეალობას მოკლებულია. საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში ხაზს უსვამს, რომ ხაზარაძის მიზანი აშკარაა - მას სურს, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარე პროცესებში თავისი პოზიცია გაიმყაროს, თუმცა ეს უფრო პირად მიზნებზეა მორგებული, ვიდრე საერთო სტრატეგიაზე.

„ხაზარაძეც კარგად აცნობიერებს, რომ ეს იდეა ოპოზიციისთვის მიუღებელია. ამის მიზეზი ბევრია - ოპოზიცია ვერ ახერხებს გაერთიანებას: ერთი ნაწილი ამბობს, რომ „ოცნება“ არალეგიტიმურია და არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ხოლო ვინც მაინც მონაწილეობს, ის სხვა ოპოზიციური ჯგუფებისგან კრიტიკას იღებს.

ამიტომ ხაზარაძე ცდილობს, ოპოზიციური ლიდერების დეფიციტის პირობებში, თავისი თავი წამოსწიოს წინა პლანზე. ერთი მხრივ, სურს დასავლეთს აჩვენოს, რომ ლიდერია და მხარდაჭერის ღირსია; მეორე მხრივ კი, ცდილობს, ოპოზიციურ ამომრჩეველთან თავი მთავარ ფიგურად წარმოაჩინოს. ფაქტია, დასავლეთის მხრიდან სალომე ზურაბიშვილზე გაკეთებულმა ფსონმა ვერ გაამართლა. არც ოპოზიცია აღიარებს მას ლიდერად და არც ხალხი. თუმცა არც ხაზარაძის პერსპექტივაა უკეთესი“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე შეფასებით, ხაზარაძეს მძიმე და უარყოფითი რეპუტაცია აქვს ქართულ საზოგადოებაში, რაც მისი პოლიტიკური მომავლისთვის სერიოზული ბარიერია.

„ხაზარაძის პოლიტიკური კაპიტალი ფულის გარდა სხვა არაფერია. ამიტომ ცდილობს, როგორც „ტვ პირველის“, ასევე „ფორმულას“ მეშვეობით, თავისი პოზიციები გაიმყაროს ოპოზიციურ ამომრჩეველში. წარსულში ცდილობდა ამ უარყოფითი იმიჯის გადაფარვას ქველმოქმედებით, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში გადმოვიდა, ეს მიმართულება დაივიწყა. მაგრამ ჩვენს საზოგადოებას არაფერი ავიწყდება. ამიტომ ხაზარაძის პოლიტიკური კაპიტალი არ არსებობს, თუმცა თვითონ სხვაგვარად ფიქრობს. ამის გამო „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ იგრძნო შიში, რომ ხაზარაძეს შესაძლოა ოპოზიციურ ველზე პირველობა სურს. ფიქრობს, ფულიც აქვს, ნაცების ვარდნის ფონზე რესურსიც და, შესაძლოა, მათი ამომრჩეველიც გადაიბიროს. ამიტომ ცდილობს თავისი გზით იაროს, რაც გასაკვირი არცაა. თუმცა ოპოზიციის გაერთიანება ამ ან სხვა ფორმულით, სრულიად გამორიცხულია“, - ამბობს საყვარელიძე.

 

 

Gami მიჩურინის მეთოდით ერთმანეთს უნდა დაემყნან უბადრუკი ინციატივიანები: ხაზარაძე, ვაშაძე და ბურჭულაძე; მერე ნახეთ " მსხმობიარობა".
2 საათის უკან