„ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა შედგეს, თუმცა ირან-ისრაელის კონფლიქტის ფონზე, რუსეთის ინტერესებში არ შედის ომის შეწყვეტა უკრაინაში“

„ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა შედგეს, თუმცა ირან-ისრაელის კონფლიქტის ფონზე, რუსეთის ინტერესებში არ შედის ომის შეწყვეტა უკრაინაში“

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზაობას გამოხატავს შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის, თუმცა აქვე აყენებს საკითხს, ვინ შეიძლება მოაწეროს ხელი დოკუმენტებს, რადგან თვლის, რომ უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ექსპერტულ წრეებში, კრემლის ლიდერის ეს განცხადება ერთგვარ სიგნალად აღიქვეს, რომელიც აშშ- პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისამართით იყო გაჟღერებული. ამასთან, გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერს შორის შესაძლოა ივლისი დასაწყისში შედგეს, რადგან სწორედ ამ პერიოდში არის დაგეგმილი მორიგი შეხვედრა მხარეებს შორის სტამბოლში.

სხვათა შორის, მე ვთქვი, რომ მზად ვარ ყველასთან შესახვედრად, მათ შორის ზელენსკისთან. თუ უკრაინის სახელმწიფო ვინმეს ენდობა მოლაპარაკებაში, ღვთის გულისათვის, დაე, ეს ზელენსკისთან იყოს. საქმე ამაში არ არის. საკითხავია ის, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს. შეხედე, მე არაფერი მომიგონია. პროპაგანდის თვალსაზრისით, შეგიძლიათ რაც გინდათ თქვათ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე. მაგრამ სერიოზული საკითხების გადაჭრისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა პროპაგანდის კომპონენტი, არამედ სამართლებრივი. ყველა სამხედრო მეთაურს ნიშნავს პრეზიდენტი, ყველა მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი და ყველა გუბერნატორს ნიშნავს პრეზიდენტი. მაგრამ თუ პირველი პირი არალეგიტიმურია, ძალაუფლების მთელი სისტემა არალეგიტიმური ხდება. რატომ ვამბობ ამას? ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუნდაც ეს რეჟიმის ამჟამინდელი ხელმძღვანელი იყოს. შეხვედრისთვისაც კი მზად ვარ, მაგრამ თუ ეს რაღაც სახის საბოლოო ეტაპი იქნება, რათა არ დავსხდეთ და უსასრულოდ არ გავყოთ რაღაც, არამედ წერტილი დავუსვათ. მაგრამ წერტილი უნდა დასვას, ხელი უნდა მოაწეროს ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ. თორემ, ხომ იცი, შემდეგი მოვა სხვა და ყველაფერს ნაგავში გადაყრის, მაგრამ ასე არ შეიძლება, ჩვენ სერიოზულ პრობლემებს ვაგვარებთ“, - განაცხადა პუტინმა.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა მართლაც შედგეს, თუმცა, მისი შეფასებით, ირან-ისრაელის კონფლიქტის ფონზე, ახლა მის ინტერესებში არ შედის ომის შეწყვეტა უკრაინაში.

შეხვედრა გამორიცხული არ არის. ერთი-ორი დღით უკან რომ გადავახვიოთ, პუტინს საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, რა დროსაც პუტინმა შესთავაზა ირანის საკითხში შუამდგომლობა და ეს საუბარი ტრამპმა საჯაროდ გამოიტანა და პირდაპირ უთხრა პუტინს, ჯერ უკრაინა დავარეგულიროთო - ფაქტობრივად, უარი უთხრა ირანთან შუამავლობაზე. არ არის გამორიცხული, რომ ეს განცხადება ტრამპის გასაგონად იყოს, რომ თავად მზად არის შესახვედრად, მაგრამ შემდეგ როგორ წავა სიტუაცია?! ბოლო თვეების განმავლობაში, შეინიშნება ტენდეცია, რომ რუსეთი ნელი ტემპით მიიწევს წინ აღმოსავლეთის ფრონტზე - მთლიან ფრონტზე, სტრატეგიულ უპირატესობას მაინც რუსეთი ფლობს. ამ ფონზე, მგონია, რომ ეს განცხადება ტრამპის გასაგონად არის გაკეთებული და თუ ეს პროცესი არ წავა მოლაპარაკებებისკენ, ისევ უკრაინას დააბრალებს - მე მზად ვიყავი შესახვედრად და უკრაინა მოლაპარაკებებისკენ არ მოდისო.

რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ შეხვედრა და საუბარი პრობლემა არ არის, მთავარია შეთანხმებას ვინ მოაწერს ხელს. პუტინი ამბობს, რომ ზელენსკის ამის უფლება არ აქვს, რადგან არალეგიტიმურია - რადგან ზელენსკი ვადაგადაცილებული პრეზიდენტია, პუტინი მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პრეზიდენტის ვადის გაგრძელებას. შეხვედრა შესაძლოა შედგეს კიდეც, მაგრამ პუტინი თავისი სიტყვების შემდეგ გადათქვამს და რაიმე შეთანხმებას გააფორმებს ზელენსკისთან?! - ვფიქრობ, რომ - არა. სანამ ირან-ისრაელის ომი მიმდინარეობს და ვიდრე ეს არ ჩაცხრება, არ მგონია, რომ უკრაინაში ვითარება მშვიდობისკენ წავიდეს, რადგან ეს მდგომარეობა აწყობს რუსეთს.

ამერიკა, მთელი თავისი რესურსებით, გადართულია ახლო აღმოსავლეთისკენ. სანამ აღმოსავლეთი დუღს, არ მგონია, რომ რუსეთს აწყობდეს მშვიდობის დამყარება უკრაინაში, მით უმეტეს, როდესაც წინ მიიწევს. თუმცა, თუ რუსეთის პირობებზე უკრაინა მეტ-ნაკლებად წამოვა, შეიძლება შეთანხმებაც. დაანონსდა მორიგი შეხვედრა სტამბოლში ივლისის დასაწყისში. არ არის გამორიცხული, რომ პუტინი და ზელენსკი შეთანხმდნენ სიტყვიერად და იურიდიულად ხელი მოაწეროს რადას სპიკერმა - ასეთი ვარიანტიც შესაძლებელია, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსეთს უკრაინასთან კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდობიანი გზით დასრულება სურს.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ კონფლიქტს დაასრულებს, არამედ შექმნის პირობებს იმისთვის, რომ მსგავსი სიტუაციები ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივის განმავლობაში არ განმეორდეს“, - აღნიშნა პუტინმა.