„რეგიონებში ხალხთან გასვლას ვერ ახერხებენ, თბილისში საერთოდ ვეღარ გამოჰყავთ ხალხი - ამ ოპოზიციას რა არჩევნები უნდა გაუყალბოს ვინმემ?!“

„რეგიონებში ხალხთან გასვლას ვერ ახერხებენ, თბილისში საერთოდ ვეღარ გამოჰყავთ ხალხი - ამ ოპოზიციას რა არჩევნები უნდა გაუყალბოს ვინმემ?!“

ოპოზიციის მოთხოვნა, რომ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მიიწვიონ, მმართველი გუნდისთვის კრიტიკის ახალი საბაბი გახდა. 

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც ეუთო/ოდირის სანდოობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეჭქვეშ აყენებდა, ახლა თავადვე მოითხოვს ამავე მისიის თვითმმართველობის არჩევნებზე დასწრებას. სახელისუფლებო პარტია ამას ოპოზიციის მხრიდან ფარისევლურ ნაბიჯად აფასებს და მიუთითებს, რომ მისიის მოწვევის მოთხოვნა არა დემოკრატიული პროცესის, არამედ პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად უნდათ.

ოპონენტების მხრიდან გასულ წელს გაკეთებულ განცხადებებს მმართველი გუნდი არქივით იხსენებს და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის მიუღებლობა არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციის მცდელობის ნაწილი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები წარსულში გაკეთებული განცხადებების შეფასებაზე საჯაროდ უარს ამბობენ, კვლავ ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება შეგნებულად არ იწვევს ეუთო/ოდირს თვითმმართველობის არჩევნებზე.

ეუთო/ოდირი ამბობს, რომ მათ საქრათველოს ხელისუფლებისგან მოწვევა არჩევნებზე დასაკვირვებლად ჯერ არ მიუღიათ.

„ჯერჯერობით ჩვენ არ მიგვიღია მოწვევა საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. დროული მოწვევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა განვახორციელოთ არჩევნებზე დაკვირვებისთვის საჭირო აქტივობების სრული სპექტრი ჩვენი კარგად ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც გრძელვადიან, მიუკერძოებელ, ყოვლისმომცველ და პროფესიონალურ დაკვირვებას ეფუძნება“, - განაცხადა ეუთო-ოდირმა.

მოსაზრებას სადამკვირვებლო მისიის მოწვევის აუცილებლობაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ითხოვენ იმ მისიას როგორც ოპოზიცია, ისე დასავლელი პარტნიორები, რომელსაც თავადვე არ ენდობოდნენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

საველე მისიის მოწვევის ინიციატივა, ოპოზიციის მსგავსად, გააჟღერა ბრიტანეთის საელჩომაც, თუმცა კობახიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნების შემთხვევაში ეუთო/ოდირის ჩართულობა აპრობირებული პრაქტიკა არ არის.

„გადახვევები ხდება, მათ შორის ჩვენ გვქონდა გადახვევა 2021 წელს, რადგან ის არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასე რომ, არის შემთხვევები, როცა თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ მათ, თუმცა ეს არის გამონაკლისი. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე მისიის მოწვევა. შესაბამისად, ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება მათი დატვირთვა ამ არჩევნებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ჯანსაღი ფორმით. ეუთო აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, მოამზადა დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით. დღეს იგივე ადამიანები გვთხოვენ მათ მოწვევას“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან ეს დამოკიდებულება, თვალთმაქცობაა.

„ორგანიზაცია, რომელთა ხელმძღვანელებზე ზეწოლა მოახდინეს, პოლიტიკურად დაამცირეს და სერიოზულად გაილაშქრეს ეუთო/ოდირის წინააღმდეგ მას მერე, რაც მათ საქართველოსთან მიმართებაში 2024 წლის ოქტომბერში პოზიტიური გადაწყვეტილება დადეს, ახლა მათ ჩამოსვლას ითხოვენ, რაც თვალთმაქცობაა. არჩევნებზე დამკვირვებლების რაოდენობაც იქნება და კომისიაში ყველა ოპოზიციას ეყოლება თავისი წარმომადგენელი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიცია, რომელმაც წარსულში ეუთო/ოდირის დასკვნები არაერთგზის გააკრიტიკა და ამ ორგანიზაციის მიმართ არ დაიშურა უარყოფითი შეფასებები, ახლა სწორედ ამ მისიების მოწვევას ითხოვს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ჯგუფების ჩამოსვლა საქართველოში სწორედ ამ ეტაპზე იგეგმებოდეს იმ მიზნით, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს პროვოკაციები მოაწყონ.

„ძალიან კარგად ვიცით, ამ ხალხს რა უნდა. მათი სურვილია, ქვეყანაში მოხდეს ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა და სათავეში მოვიდნენ ძალები, რომლებიც ქართველ ხალხს გულწრფელად სძულს. ვინ ჰკითხავს დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ვინ უნდა მოიწვიოს საქართველომ არჩევნებზე და ვინ არა? ეს პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა საქმეებში. როდის უნდა დასრულდეს ეს ვასალური დამოკიდებულება?! გეოპოლიტიკური ინტერესები არ შეცვლილა, ამიტომ სურთ, საქართველოში მუდმივად დაძაბულობის კერა არსებობდეს და ქვეყანა მუდმივად პოლიტიკურ ტურბულენტობაში იმყოფებოდეს“, – აცხადებს გვენეტაძე.

ის ეჭვობს, რომ ეუთო/ოდირის მისიის ასეთი დაჟინებული მოწვევის მიზანი შეიძლება წინასწარ დაგეგმილ პოლიტიკურ სცენარს ემსახურებოდეს.

„უნდათეუთო/ოდირის კონკრეტული, დატრენინგებული და მომზადებული ადამიანები ჩამოიყვანონ, რომლებმაც თავისი როლი უკვე იციან. კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცნენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - მაშინვე დადეს დასკვნა, რომელმაც პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა ხელისუფლება. თუმცა, შემდეგ ეყოთ გონიერება და ბოლომდე მაინც არ დაკარგეს ნამუსი, რაღაც პროცენტი მაინც დაწერეს, სადაც თქვეს, რომ საქართველოში კონკურენტული და შედარებით სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. ჩემი აზრით, სწორედ აქეთკენ იხრება სიტუაცია – თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც ეუთო/ოდირი ჩვეულებრივად არ აკვირდება პროცესს, რატომ უნდა იყოს მოწვეული საქართველოში, თუ ამის უკან კონკრეტული მიზნები არ დგას?! მით უმეტეს, ეჭვებს ბრიტანეთის ბოლოდროინდელი განცხადებებიც აძლიერებს“, – ამბობს ანალიტიკოსი.

გვენეტაძის აზრით, მმართველი გუნდი მყარად დგას და არანაირი საფუძველი არ აქვს გაყალბებაზე იფიქროს, მით უფრო, როცა ოპოზიციის მდგომარეობა, მისივე შეფასებით, 2024 წელთან შედარებით კიდევ უფრო მძიმეა.

„ხელისუფლებას არ აქვს მიზეზი, რომ რაიმე გაყალბებაზე იფიქროს – რეგიონებში მისი მხარდაჭერა ყველაზე მაღალია. მთავარი დამკვირვებელი ქართველი ხალხია, ქართველ ხალხზე უკეთ ვინ იცნობს ამ ოპოზიციას?! განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვთ რეგიონებში, საერთოდ ვერ ახერხებენ ხალხთან გასვლას. მხოლოდ ბრიუსელში და სტრასბურგში დარბიან. წარმოიდგინეთ, ასეთ ოპოზიციას ხელისუფლებამ რა უნდა გაუყალბოს?! ხალხს ვერ ელაპარაკებიან და დახმარებას დასავლეთს სთხოვენ. საუბარი იმაზე, რომ თუ ეუთო/ოდირი არ დააკვირდება, „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, სუფთა აბსურდია. უკვე იმ დიდ ქალაქებშიც აღარ ჰყავთ მხარდამჭერები, სადაც ადრე ჰყავდათ. თბილისში კი საერთოდ ვეღარ გამოჰყავთ ხალხი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციას რა არჩევნები უნდა გაუყალბოს ვინმემ?! როცა საკუთარ ხალხთან კომუნიკაცია არ შეგიძლია და შველას მხოლოდ გარედან ელი, რა შანსი უნდა გქონდეს?!“ – აცხადებს გვენეტაძე.