აღშფოეთებულ-შეშფოთებული ევროპარალამენტარები და რეზოლუცია

აღშფოეთებულ-შეშფოთებული ევროპარალამენტარები და რეზოლუცია

„მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ - ევროპარლამენტმა ამ სახელმწოდების რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 324-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რაც შეეხება რეზოლუციას, ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ევროპარლამენტი ასევე, გმობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის, კოტე იოსელიანის „ძალადობრივ გატაცებას“ და მისი შვილების უსაფრთხოების მიმართ დამუქრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას; გარდა ამისა, ითხოვს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებას, დემოკრატიის აღდგენას და მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო თავისუფლებების სრულ დაცვას.

ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების „თვითნებური დაკავების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი შევიწროებისა და პატიმრობაში ყოფნისას არასათანადო მოპყრობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის გამო“; მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „დაშინება“ და უზრუნველყოს ჟურნალისტების „უსაფრთხოება და თავისუფლება“.

ასეთია ევროპარლამენტის ღრმა და ყოვლისმომცველი რეზოლუცია. სანამ ამ პოლიტიკურ რეზოლუციას მიიღებდნენ, საინტერესო პერფორმანსი შემოგვთავაზეს ქართული დემოკრატიის „უკუსვლით“ შეწუხელ-შეშფოთებულმა ევროდეპუტატებმა და ევროპარლამენტის დერეფანში - რასა იუკნევიჩიანე, მალგოჟატა გოშევსკა, პეტრას აუსტრევიჩუსი და მარკეტა გრეგოროვა, ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან ერთად „რეჟიმის ტყვე“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების - მიხეილ სააკაშვილის, ზურა ჯაფარიძის და ნიკა მელიას ბანერებით გამოვიდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპის და ევროპარლამენტის პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რაც მათ მიერ მიღებული რეზოლუციებითაც დასტურდება.

„ევროპის და ევროპარლამენტის პოზიცია არის ძალიან მკაფიო, აზრთა სხვადასხვაობა იმ შემთხვევაში იქნებოდა, სხვადასხვა ტიპის რეზოლუციას რომ იღებდნენ. ბოლო თვეების და წლების მანძილზე რეზოლუციები აბსოლუტურად იდენტური არის იმ რეალობასთან, რაც ქვეყანაში არის შექმნილი. კონკრეტული ადამიანები ყველგან იარსებებენ, რომლებმაც შეიძლება განსხვავებული რამ თქვან, მაგრამ საბოლოოდ, ევროპის და დასავლეთის პოზიცია ერთიანია. ამიტომაც არის, რომ მთლიანად დასავლეთს და ევროპას, ივანიშვილი და მისი ბანდა მოიხსენიებენ, როგორც „გლობალური ომის პარტიას“ და „დიფ სთეითს“. ამით ისინი ჩვენს დასავლელ კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებენ.

ივანიშვილი და მისი ბანდა არის გუნდი, რომელმაც საქართველო ჩამოაშორა დასავლურ ინტეგრაციას, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ძალა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, იყო ის ლოკომოტივი, რომელიც ყველაზე დიდი როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ყველაზე ხილული ივანიშვილის მიერ დიქტატურის დამყარების შემდგომ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფარგლებს გარეთაც“, - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

ცხადია, თავად რეზოლუცია არ არის დაფუძნებული რაიმე სამართლიან ინფორმაციაზე. რაც შეეხება, მზია ამაღლობელს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, კონკრეტული დანაშაული ჩადენილია, რაც სამწუხაროა, მაგრამ დანაშაულიც სახეზეა. ვოლსკის შეფასებით, მიღებული რეზოლუცია დაფუძნებულია ისეთ ინფორმაციაზე, რომელსაც მხოლოდ იმ ერთი წყაროდან იღებენ, რომელიც თავის მიერვე არის შექმნილი - არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, რომლებიც პირდაპირ ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის სამოქმედო გეგმაში.

„ეს არის ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ და არა მხოლოდ ამ რეზოლუციის მაგალითით. არაერთი ასეთი რეზოლუციაა მიღებული. რაც შეეხება, მზია ამაღლობელს, კონკრეტული დანაშაული ჩადენილია, რაც სამწუხაროა, მაგრამ დანაშაულიც სახეზეა. ამგვარი დანაშაულისთვის ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტში არიან ადამიანები, ვინც ჯიუტად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. საქართველო აგრძელებს წინსვლას ევროინტეგრაციისკენ, თუმცა არის ხელშემშლელი მომენტები, განცხადებები, რომლებიც შანტაჟზეა დაფუძნებული

„რეალურად, რა ხდება: საქართველო აგრძელებს განვითარებას, წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა არის ხელშემშლელი მომენტები, კონკრეტულად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, შანტაჟზე არის დაფუძნებული, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ხედავს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, იმაზე, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა კამპანია, მიეღო მონაწილეობა, გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება, ხელი აწიოს პოლიციელზე, ვინც არ უნდა იყოს, სტატუსი დანაშაულს ფარად ვერ აღუდგება, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი თუ ჟურნალისტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ“, - აცხადებს კახა კალაძემ.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით, განვიხილოთ, რა მიიღო ამისთანა ევროპარლამენტმა გუშინდელი დებატების შემდეგ.

„2025 წლის 19 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია (2025/2752(RSP)) - „მედიის თავისუფლების შესახებ საქართველოში, კერძოდ - მზია ამაღლობელის საქმე“, რომელიც ითვალისწინებს: მზია ამაღლობელის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას და მის მიმართ ყველა წაყენებული ბრალის მოხსნას. ევროპარლამენტი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მკაცრ პროტესტს „ქართული ოცნების“ მხრიდან სისტემური შეტევების წინააღმდეგ - დამოუკიდებელ მედიაზე, ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სასამართლო სისტემაზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მთლიანობაში. მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი დემოკრატიული ნორმების აღდგენისკენ, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფისა და ჟურნალისტების დაცვისკენ.

ანუ, ევროპარლამენტმა მერამდენედ გამოააშკარავა თავი, როგორც ღრმად დასნებოვნებულმა ორგანიზმმა, რომელთან მიმართებით გვამრთებს დისტანციის დაჭერა და „პირბადის ტარება“. საქართველოს დღეს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ეს სიგიჟე გადაედოს და მსგავსი სისულელით დაინფიცირდეს.

მიღებული მორიგი შიზოფრენიული რეზოლუციის მე-6 პუნქტში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, შემოიღონ მიზნობრივი პერსონალური სანქციები, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება და აქტივების გაყინვა საქართველოს ოფიციალური პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, მოსამართლეებისა და სამართალდამცავების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის გაუარესებასა და ოპოზიციისა და აქტივისტების დევნაზე.

დაველოდოთ ამ სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებების ხორცშესხმას - დიდი იმედია, ამ „მნიშვნელოვანი“ გადაწყვეტილებების მიღებას ხელს არ შეუშლის არც მესამე მსოფლიო ომის საფრთხე, არც სლოვაკეთის მზაობა დატოვოს NATO-ს რიგები. უბრალოდ, არ გვინდა, რაღაც „სისულელეებმა“ არ გადაფარონ აკაცუკების კიდევ ერთი განწირული უსამშობლო მცდელობა და მორიგ ჯერზე „მალაკოში“ გასროლილი დაპირებები ისევ ჩვენვე არ დაგვბრალდეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.