„შამათავამ თავის არეში ერთი გასროლით მოკლა, შემდეგ ცხედარს ბეტონის ფილები მოაბა და ზღვაში ჩაძირა“

„შამათავამ თავის არეში ერთი გასროლით მოკლა, შემდეგ ცხედარს ბეტონის ფილები მოაბა და ზღვაში ჩაძირა“

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სამუშაო ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს. კომისია 20 ან მაქსიმუმ 23 ივნისს მიმართავს ბიუროს იმისთვის, რომ პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი კომისიის უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე. რაც შეეხება კომისიის დასკვნას, როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, ის 4 აგვისტომდე დამტკიცდება, რომელიც შემდეგ სექტემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ახალგზრდა რეინჯერის, დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილა. კომისიას განმარტებები მისცეს დავით ცინდელიანის დედამ თამარ არღვლიანმა, რომელმაც უმძიმესი ისტორია შეახსენა საზოგადოებას და ასევე ისაუბრა, ამ დრომდე უცნობ ფაქტებზე. დავით ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს ზემო სვანეთის სოფელ ხაიშის სატყეო დეპარტამენტში მეტყევე-რეინჯერად მუშაობდა. ის, კუდ-ის მაშინდელი უფროსის, დათა ახალაიას დავალებით ქუთაისში თათბირზე დაიბარეს, საიდანაც დაიკარგა მისი კვალი. მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდა ცნობილი იმ საშინელი დანაშაულის შესახებ, რომელსაც შეეწირა ახალგაზრდა რეინჯერი.

როგორც თამარ არღვლიანმა აღნიშნა, მისი შვილი ქუთაისში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიტაცეს, ბათუმში ჩაიყვანეს და კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს, რომან შამათავას გადასცეს, რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად, ნაცემი დავით ცინდელიანი ზღვაში ნავით გაიყვანა, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა, შემდეგ ცხედარს ბეტონის ფილები მოაბა და ზღვაში ჩაძირა. თამარ არღვლიანის განცხადებით, გატაცების შემდეგ მან შვილის ადგილსამყოფელი არ იცოდა, ხოლო ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, რომ დავით ცინდელიანი ცოცხალი იყო და ზედმეტად არ ეხმაურა.

„ჩააბარეს რომან შამათავას. დანგრეულ შენობაში შეიყვანა თუ მანქანაში დაიმარტოვა და ნახევრად სიცოცხლე იქ მოუსპო. ეს იქიდან ჩანს, რომ მანქანიდან რომ გადმოუყვანიათ და დასახვრეტად მიჰყავდათ ჩემი შვილი, ფეხზე ვერ დგებოდა, ჯანღონით სავსე ბიჭი, მიწაზე ჯდებოდა თურმე. ჩემი თვალით წავიკითხე ყველაფერი და სასამართლო პროცესებზე დაამტკიცეს ყველაფერი მოწმეებმა, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ყველაფერი...

ნავი წინასწარ ნაშოვნი ჰქონიათ. მაშინდელი აჭარის კუდ-ის უფროსის, თეიმურაზ პატარიძისგან (სანაპიროზე ის ხვდებოდა) იცოდნენ. კუდ-ის ორ თანამშრომელს აქეთ-იქიდან მოუკიდიათ ხელი, თავზე შავი ტომარა ჩამოუცვიათ. იმ დღეს ტელეფონით დაბარებული ერთ-ერთი კუდ-ის თანამშრომელი ონისე კვაშილავა, ქრისტიანი კაცი, სურათებს უღებდა უკნიდანო. ეს რომ დაუნახავს ქილერ, ნარკომან შამათავას უთქვამს, მოდი უზბეკ ფოთში წაგვყევიო. სხვა რა გზა ჰქონდა იმასაც და გაჰყოლია უკან. ჩამსხდარან ნავში, წინ გიორგი ჩიქოვანი, ნავის მძღოლი და ეს სადისტი შამათავა უკან, ჩემი შვილი და კვაშილავა.

ზღვაში რომ შესულან, 2-3 კილომეტრზე შევიდნენ, ტალღების შედეგად ნავი რომ მოძრაობდა, კვაშილავა შეეკითხა თურმე, რა არისო და გვერდებისკენ უნიშნებია ხელი. სიტყვებით არაფერს არ ამბობდა ის, არც არ დამხვრიტოთო, არც არაფერს. შამათავას უბრძანებია, ააყენე და წინ დასვი ნავის კიჩოზეო. ააყენა თუ არა, იმ წუთშივე ამოიღო თავისი იარაღი, პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასროლით მოკლა. ასე უთქვამს, აი, რა მაგარი იარაღი ყოფილა, მეორე გასროლა აღარ დამჭირდაო. იქვე დაცემულა დათო, ნავში სისხლის გუბე დამდგარა. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები მოუმარჯვია, გამოუბია ისინი და ზღვაში ჩაუძირია ჩემი შვილი“, - განაცხადა თამარ არღვლიანმა.

მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოჯახისთვის მკვლელობის ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა, თუმცა სად მოხდა ეს ტრაგედია, მათთვის უცნობი იყო. როგორც თამარ არღვლიანმა აღნიშნა, ოჯახი დავით ცინდელიანის მკვლელობის ამბავს ვერ ამხელდა იმის შიშით, რომ ოჯახის სხვა წევრები და მოწმეები არ მოესპოთ.

„ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს და განცხადებით ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩავიდა ქუთაისში, სად იყო, ბანკის წინ ვიდეოთვალიც რომ იყო დამონტაჟებული, ქუთაისის სპეცრაზმმა აიყვანა - ეს ყველაფერი ვუთხარი. ისიც ვიცოდი, რომ თბილისის სპეცრაზმს გადააბარეს. სააკაშვილმა ორჯერვე მითხრა, აუცილებლად დაგეხმარები და ამბავს გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო.

ჩვენთვის პირველი დახვრეტა ის იყო, როცა უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს, მეორედ მაშინ დაგვხვრიტეს, როცა მას „შპიონაჟი“ დასწამეს. მესამედ კი მაშინ დაგვხვრიტეს, როცა სააკაშვილი უკრაინიდან ტელევიზიით თვალში ნაცარს გვაყრიდა და გვეუბნებოდა - შამათავა გმირია და ციხეში რატომ უნდა იჯდესო?“.

რატომ მომიკლეს უდანაშაულო შვილი? - კოდორი თოფის გაუსროლელად და უბრძოლველად ჩააბარა სააკაშვილის სადისტურმა მთავრობამ. როდესაც კოდორიდან გამოსული ჯარი და უფრო ადრე გამოსული ბავშვები, ქალები და მოხუცები უპატრონოდ მიატოვეს, მათი თავშესაფარი ჩემი ოჯახი გახდა. ჩემს შვილს ეცოდებოდა დევნილები, მათ ემსახურებოდა და ყველგან დაჰყვებოდა. ერთხელ დევნილებს შეხვედრა ჰქონდათ თბილისიდან ჩამოსულ მაღალჩინოსნებთან და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან. დევნილებმა საკადრისად ვერ ისაუბრეს და საუბარში ჩემი შვილიც ჩარეულა - საყვედური უთქვამს, რომ კოდორი ჩააბარეთ, ბავშვები და ქალები უპატრონოდ მიატოვეთ და ახლა მაინც რატომ არ ზრუნავთ მათი პირობების შექმნაზეო. კამათის ბოლოს ისიც დაუმატებია - თქვენი დრო დათვლილია და მერე სად შეძვრებითო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები იმ საღამოს იქ დარჩენილან, ყველაფერი შეუსწავლიათ - ვინ იყო ეს ბიჭი და ხევში რა ავტორიტეტით სარგებლობდა. იმ წელს არჩევნები ტარდებოდა და ალბათ შეეშინდათ, რომ ხალხი თავის მხარეს არ გადაებირებინა. გავიდა 10 დღე და ქუთაისში თითქოს თათბირზე დაიბარეს“, - განაცხადა თამარ არღვლიანმა.

ამ სკანდალურ საქმეზე კომისიამ ასევე გამოჰკითხა გია ანსიანი, რომელიც მაშინ ზემო სვანეთის სოფელ ხაიშის სატყეო დეპარტამენტის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ანსიანის განცხადებით, დავით ცინდელიანი სამმა ახალგაზრდამ მისი ავტომანქანიდან სხვა მანქანაში გადასვა, ხოლო მას უთხრეს, რომ ქალაქის მთავარ სამმართველოში გაჰყოლოდნენ, რა დროსაც მისი მანქანიდან მანქანის გასაღები მოიპარეს და ტერიტორია დატოვეს.

„წყალტუბოს გზატკეცილისკენ უნდა ჩამეხვია, შემეშალა და 100 მეტრით გავცდი დაახლოებით. როცა მივხვდი, რომ ავცდი გზას, გავაჩერე, ზაური ცინდელიანი იჯდა ჩემს გვერდით და ჰკითხა წყალტუბოს გზატკეცილისკენ როგორ უნდა გავბრუნებულიყავით. სანამ კითხავს დასვამდა და პასუხს გასცემდნენ, უკვე სამი ახალგაზრდა მომადგა მე, მეკითხებიან რა გვარის ხარო, ვუპასუხე ანსიანი-მეთქი. ჩემს გვერდით ზის ზაური, ზაურის უკან ის გოგო ზის, ჩემს უკან დავით ცინდელიანი იჯდა. პირდაპირ ეუბნებიან - შენ გადმოდიო.

ვიფიქრე, რომ ნარკოტიკზე ხომ არ ამოწმებენ-თქო, არც მიფიქრია, რომ ასეთი შემთხვევა იყო მოსალოდნელი. პირდაპირ წაიყვანეს მანქანისკენ, შავი მაისურები და შარვლები ეცვათ, სპორტული აღნაგობის მოკლედ შეჭრილი თმით ახალგაზრდები. არაფერი უჩვენებიათ, მე რომ ვუთხარი სად მიგყავთ-მეთქი, ჩვენ სამმართველოში ვართ დაბარებულები, ვიცით ყველაფერიო და გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო. ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ. იქვე ჩასახვევი იყო, ეს ბანკის წინ ხდება, იქვე კამერებიც არის, მაგრამ ორჯერ ვიყავით ჩამოსული და კამერები არავინ არ გვანახა“, - განაცხადა გია ანსიანმა.

მან გაიხსენა 15 აგვისტოს მასთან განხორციელებული ზარი, რომლითაც უკლებლივ ყველა ტყის მცველს, ქუთაისში, თათბირზე იბარებდნენ. როგორც ანსიანმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სატყეო სამმართველოს უფროსს განუცხადა, რომ ცინდელიანი ვერ ახერხებდა თათბირზე დასწრებას, მან მოითხოვა, რომ დავით ცინდელიანი იმ შემთხვევაშიც კი უნდა წამოეყვანათ ქუთაისში, ფეხიც რომ ჰქონოდა მოტეხილი.

„დათო ცინდელიანი მეუბნება, მე ზურგი მტკივა, ვერ წამოვალ ქუთაისშიო. რახან უკლებლივ ყველა იყო დაბარებული, გადავურეკე სამმართველოს უფროსს, დავით ცინდელიანი ცუდად არის და ვერ მომყავს-მეთქი, პატარა პაუზის მერე მკითხა, ვინო და ვეუბნები, დავით ცინდელიანი-თქო, ისევ პატარა პაუზა იყო და ტელეფონშიც ისმოდა, ვიღაც ეუბნებოდა, ფეხიც რომ ჰქონდეს მოტეხილი, უნდა წამოიყვანოსო, სამმართველოს უფროსიც კახაბერ ტურავა იმეორებს ამ სიტყვებს, ტელეფონი ხმამაღალზე მაქვს, დათოსაც ესმის და მის მამას, ზაურსაც. რაღაც პატარა წაიბურტყუნა, შევიდა სახლში და ორ წუთში გამზადებული გამოვიდა, წამოვედით. ხაიშში კიდევ ერთი ტყის მცველი გოგო, გულიკო ჭკადუა ჩავისვი და წამოვედით. ძალიან ჩქარა მოვდიოდი, ტრასა ცარიელი იყო, მაგრამ ყოველ წუთში მირეკავდნენ, სად ხარო“, - აღნიშნა გია ანსიანმა.

ანალოგიური ხელწერით 28 აგვისტოს მოკლეს მზვერავი პაატა ქარდავა. ცინდელიანის მსგავსად მასაც მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა.

როგორც საგამოძიებო კომისიის მდივანი სოზარ სუბარი აცხადებს, ორივე საქმეზე დადგენილია სასამართლოს განაჩენი, ორივე საქმეს ჰყავს დამნაშავე და ორივე საქმე იდენტურია -ორივე ჯერზე მოხდა ამ ორი ადამიანის გატაცება, წამება და დახვრეტა.

„ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში - დადგენილია. დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. გამოძიება მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, 2013 წელს. პაატა ქარდავაც ზუსტად ასე, ზუგდიდის ცენტრში დღისით, ბაზართან ახლოს 27 აგვისტოს ჩასვეს მანქანაში, მოიტაცეს უამრავი ხალხის წინაშე, არავის იქაც სახე არ დაუმალავს, ყველამ იცოდა იქაც, რომ სამართალდამცავებზე იყო ლაპარაკი.

ძალიან ხშირად მოდიოდნენ ჩემთან როგორც ქალბატონი თამარ არღვლიანი, ისე პაატა ქარდავას შვილები, ბექა და ქრისტინე ქარდავები. ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე, ბევრი წერილი გვაქვს გაგზავნილი ამ თემაზე, პასუხი ყველა მხრიდან იყო ნული. ორივე შემთხვევაზე მაშინ საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.