„გახარიას თუ დანაშაული აქვს ჩადენილი და, მით უმეტეს - ღალატი, უნდა გამოერიცხოს არჩევნებს - ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ეს კაცი არის ჩვეულებრივი მოღალატე“

„გახარიას თუ დანაშაული აქვს ჩადენილი და, მით უმეტეს - ღალატი, უნდა გამოერიცხოს არჩევნებს - ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ეს კაცი არის ჩვეულებრივი მოღალატე“

გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი ვაჟა ლომიძე და სოფელ წაღვლის მკვიდრი მანანა შეყელაშვილი არიან დაბარებულები. გიორგი გახარია კი ისევ დუმს. პარტიაში აცხადებენ, რომ გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს.

„გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა - პირიქით, დავიცავით ჯამში 17.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია!“,- ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას ჩვენება მისცა შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რომლის განცხადებით, ჩორჩანას საქმეზე ძალოვანი უწყებების ოპერატიულ-ტაქტიკური გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა. მისი თქმით, გამოკითხვაზე საუბარი ძირითადად ეხებოდა ჩორჩანას ირგვლივ საკითხებს, ბორდერიზაციის პროცესებს და საოკუპაციო ზონის მახლობლად შექმნილ ვითარებას.

„რა თქმა უნდა, ბორდერიზაცია და ოკუპაციის თანმდევი პროცესები ძალიან მძიმეა იმ რეგიონში, რომელიც იმ პერიოდისთვის ჩემი კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებოდა. საუბარი ეხება შიდა ქართლის რეგიონს. რა თქმა უნდა, ეს არის საკითხი, რომელიც იმ დროსაც და დღესაც შიდა ქართლისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტული და ყველაზე მტკივნეული საკითხია. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არ უნდა მცოდნოდა და არც მქონდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ოპერატიულ-ტაქტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების შესახებ, ამბობს, რომ აღნიშნული პირადი კომუნიკაციის სფეროს განეკუთვნება, შესაბამისად არ ფლობს ინფორმაციას, იცოდა თუ არა მაშინდელმა მინისტრმა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მინისტრობის პერიოდში მისთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, გზის გაყვანის საჭიროებაზე, რადგან მაშინ ყველა ხედავდა, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა.

ცქიტიშვილის თქმით, ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისიდან დაწყებული იყო მსჯელობა ჩორჩანაში ბორდერიზაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით, ამიტომ ხელისუფლებას იმ დროისთვის არსებული საფრთხეები უკვე შეფასებული ჰქონდა, ხოლო კონკრეტული ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით განხორციელდა.

„მე მაშინ ვიყავი ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი, ჩემთვის ცნობილი იყო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე გზის გაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით, რადგან არსებობდა როგორც ტერიტორიების მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის გააქტიურებული პროცესები. ვისთან რა ფორმით იყო შეთანხმებული არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გზის გაყვანის პროცედურები დაიწყო.

ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში მსჯელობა დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში. ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა, შესაბამისად, მე ვვარაუდობ, რომ სწორედ ეს იყო საფრთხედ შეფასებული. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული ის ღონისძიებები, რომელიც იყო“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში, არცერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით.

„არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ თავის დროზე, გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით. მან საქმის კურსში არ ჩააყენა არც სუს-ის უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, არც ძალოვანი უწყებები და ჩააყენა მარტო ინფრასტრუქტურის მინისტრი. პირადად მამუკა ბახტაძისგან ვიცი, რომ ის არ იყო საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით.

საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში. ეს თავისთავად აჩენს ეჭვებს. თუ რაღაც ისეთი, პრობლემური არ ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში, არც პრემიერ-მინისტრი, არც სუს-ის უფროსი, არც დაზვერვის ხელმძღვანელი, არც სხვა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი? არცერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში.

ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც უცნაურს აკეთებდა, რბილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან. რეალურად, ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. თქვენ იცით, რა შედეგები მოჰყვა ამას ჩვენი ქვეყნისთვის. გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოჰყვა მილიონი კვადრატული მეტრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია. ეს არის განსახილველი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ისევ ღიად რჩება კითხვა - მივა თუ არა საგამოძიებო კომისიაზე გახარია, რომლის წინააღმდეგ ჩვენება გამოძიებას უკვე მისცეს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ეს იყო არაკომპეტენტურობა თუ დანაშაული, ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ რა პირობებში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რა იყო მოტივი და რამ მიიყვანა გახარია ასეთ გადაწყვეტილებამდე.

„შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო არაკომპეტენტურობა, სურდა კარგი და გამოვიდა ცუდი, შეიძლება ეს იყოს. ან შეიძლება შეგნებულ ღალატთან გვქონდეს საქმე. სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება ამ ეტაპზე გაჭირდება. ჯერჯერობით უნდა შეაფასოს გამოძიებამ, რადგან რამ მიაღებინა გახარიას ეს გადაწყვეტილება ნათელი და მკაფიო არ არის. ბევრი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხი სჭირდება.

ერთი რამეც არის - რასაკვირველია, ეს მიზანმიმართული პოლიტიკა არის რუსეთის ფედერაციის, რადგან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარს უნდა გაყვეს ახალი სადემარკაციო ხაზი რუსეთის პოზიციებიდან გამომდინარე და ამას აკეთებენ. რა მოხდა მანდ - ჩორჩანის საგუშაგომ ეს პროცესი დააჩქარა, ხელი შეუშალა, როგორ იყო, რა იყო, ამას სჭირდება გამოძიება - დაველოდოთ. ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ გახარია დამნაშავეა და ვერც იმას ვიტყვი, არ არის დამნაშავე. შედეგი ცალსახაა - ამ გადაწყვეტილებამ დააზიანა საქართველო და ეს ფაქტია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ მოტივს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ აქ ბევრი ფაქტორია ერთად.

„რასაკვირველია, გახარია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ეს შეიძლება განხილული იქნეს როგორც პრევენცია. ეს ადამიანი, თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი და, მით უმეტეს - ღალატი, უნდა გამოერიცხოს არჩევნებს. ხანდაზმულობის ვადა ამ დანაშაულს არ აქვს. რასაკვირველია, არჩევნების წინ ამას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და თუ ეს დანაშაული იქნა ჩადენილი, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ეს კაცი არის დამნაშავე და ჩვეულებრივი მოღალატე. ანუ, ამას აქვს პოლიტიკური დატვირთვა. რატომ აკეთებს ხელისუფლება ახლა - აკეთებს მაშინ, როცა ეს შესაძლებელი გახდა. რატომ დანიშნეს მაშინ პრემიერ-მინისტრად? - ამაზე პასუხი იქნა გაცემული. ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოზე იყო ზეწოლა და მაშინ ქვეყანა მოკლებული იყო უნარს, რომ ზეწოლისთვის გაეწია წინააღმდეგობა. თავის დროზე ამავე არგუმენტაციით დანიშნეს ლომჯარია.

თორემ შეიძლებოდა ლომჯარია სახალხო დამცველად დანიშიშნულიყო?! მაგრამ იყო ზეწოლა. საქართველოს არ შეეძლო საკუთარი სუვერენული უფლებების დაცვა, სუვერენიტეტი არ იყო გარანტირებული და ხშირად ემორჩილებოდა ამ გარეშე ზეწოლას. მაშინდელი მსოფლიო სხვა იყო. ეს იყო ჰეგემონურ წესებზე დამყარებული წესრიგი და წინააღმდეგობას ვერც გაუწევდი. ამის საშუალება არ გაგაჩნდა. დღეს სხვა ვითარებაა“, - ამბობს ანალიტიკოსი.

დავით ზარდიაშვილის განცხადებით, იცვლება საერთაშორისო არსებობის წესები და ამ დროს უნდა ადაპტირდე, არსებობის წესების შესაბამისად უნდა მოახერხო შეგუება ამ ქცევის წესებთან.

„ახლებურად უნდა მოიქცე. სასურველია, რომ მყარად გქონდეს ყველაფერი ჩამოყალიბებული და გქონდეს ურყევი წესები, მაგრამ პოლიტიკა არის შესაძლებლობების ხელოვნება და არა შეუძლებლის. მაშინ ეს შეუძლებელი იყო, ვერ გააკეთებდი, წარმოუდგენელი იყო. დღეს შესაძლებელი გახდა, საქართველომ გზადაგაზა ისწავლა საკუთარი უფლებების დაცვა და ამას აკეთებს. ისიც, რომ თუ ეს დანაშაულია და რეაგირება სჭირდება, სჭირდება სწორედაც არჩვენების პერიოდში, რომ ამომრჩეველი არ დაიბნეს და ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია.

ეს ბუნებრივია და ამაში არაფერი არ არის არც გასაკვირი, არც არაკანონიერი და არც პოლიტიკურად მიზანშეუწონელი. პირიქით, ბევრ შემთხვევაში ბევრ განსაცდელს ავიცილებდით თავიდან, რომ იმ დამნაშავეებისთვის შესაბამისი პროცედურები გვეწარმოებინა და თავი დაგვეცვა მათი არჩვენებში მონაწილეობის მიღებისგან. თავის დროზე რამდენი დამნაშავე შეიპარა პარლამენტში და რამდენმა დამნაშავემ დააპირა პოლიტიკოსობა! ეს, რომ თავის დროზე აღგვეკვეთა ბევრად უკეთესი ვითარება იქნებოდა დღეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

 

 

მარბიელი 2021 და 2024 წელს რატომ არ იდგა ეს საკითხი დღის წესრიგში? ჩორჩანა მერე გაიგეთ? ოკუპაცია მაშინ არ იყო, თუ საგუშაგო მერე აშენდა? მწყინს, ძალიან მინდა ჩემი ხელისუფალი უფრო ჭკვიანი, უფრო წინდახედული, უფრო სამართლიანი და უფრო ქვეყანაზე მოფიქრალი დ ა პარტიული კინკლაობის მიღმა მდგომი იყოს; აფსუს!!
4 საათის უკან
Gami გახარია "დიშოვი პროიდოხა" და გაიძვერაა; მაგის მომყვანი და დამსმელი შტერი /არ დაიწყოთ: ზეწოლა იყოო... ამდენ ზეწოლას გაუძლო მავანმა და ამასაც გაუძლებდა/; ამ კონკრეტულ საქმეში -- მეწვრილმანეობა სამასხროდ გახდის ამ ეპიზოდს. მე მითქვია..
2 საათის უკან
ლევკოთეა მე კი მგონია, რომ ხდება ხელისუფლების მიერ გახარიას გაპიარება, როგორც ოცნებასთან რეალურად მებრძოლი ოპოზიციისა (ხაზარაძისაც).
უნდათ, რომ ის მარგინალი ნაცი სიამის ტყუპი პარტიები ოფსაიდში დარჩნენ და ელექტორატს გახარია და ხაზარაძე შეაყვარონ. :)
ივანიშვილი მიიღებს რაც დიდი ხნის წინ დაგეგმა - ოცნებისთვის კონსტრუქციულ ოპოზიციას.
32 წუთის უკან