შეშლილი, შეშლილი მსოფლიო, სადაც ცნება „მტყუან-მართალი“ საზრისს კარგავს

შეშლილი, შეშლილი მსოფლიო, სადაც ცნება „მტყუან-მართალი“ საზრისს კარგავს

დონლად ტრამპმა პოზიცია შეიცვალა. იმედოვნებს, რომ ისრაელი და ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან და სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ. აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ კიდეც, ისევე როგორც ინდოეთის და პაკისტანის შემთხვევაში, რაც გახდა ომის სწრაფად დასრულების საფუძველი.

„ისევე როგორც მე დავარწმუნე ინდოეთი და პაკისტანი, ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის გამოყენებით, რომ ორ შესანიშნავ ლიდერთან მოლაპარაკებებში გონიერება, ერთიანობა და საღი აზრი შემეტანა, რომლებმაც შეძლეს სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილება და შეწყვიტეს, ასევე, მალე გვექნება მშვიდობა ისრაელსა და ირანს შორის! ახლა ბევრი ზარი ხორციელდება და შეხვედრა იმართება. ბევრს ვაკეთებ და არასდროს მიმიღია აღიარება რაიმესთვის, მაგრამ არა უშავს, ხალხი ხვდება. გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი კვლავ დიდებული!“, - წერს დოლანდ ტრამპი.

ტრამპის განცხადების მიუხედავად, ომის დასრულება და მით უფრო სწრაფად არ სურს ისრაელს. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის.

„ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დაუძლეველი ძალით დავარტყამთ. ისრაელი ეგზისტენციალურ ბრძოლაში იმყოფება. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს ისრაელის ქალაქებზე ჩამოსაგდებად ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს; დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს 20 000 ასეთი რაკეტა რომ ჰქონდეს - არა ერთი, არამედ 20 000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გადარჩენის ომი. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცის ზემოთ არიან. ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მას შემდეგ, რაც ირანმა მიიღო მიიღო შეტყობინება, რომ აშშ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზდრის მოლაპარაკების ალბათობას. თუმცა, აქვე სეიედ აბას არაღჩი ამბობს, რომ ირანს აქვს მტკიცებულებები. ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებში „ამერიკა პარტნიორია“ და მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

„თავდასხმები არასდროს მოხდებოდა აშშ-ს ისრაელისთვის მწვანე შუქი რომ არ აენთო და მხარდაჭერა არ აღმოეჩინა. მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხებიდან, რომ აშშ ამ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა არ გვჯერა ამ განცხადების და გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც მას ეწინააღმდეგება. აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს შეეძლო შეთანხმების გზა გაეხსნა, მაგრამ ისრაელმა მოლაპარაკებების საბოტაჟი მოახდინა“, - აცხადებს ირანელი დიპლომატი.

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი ოთხი დღეა გრძელდება. რეგიონში ვითარება რთულია და სულ უფრო სახიფათო ხდება. ანალიტიკოსების შეფასებით, მოვლენები ყველაზე უარესი სცენარით ვითარდება და თუკი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დეესკალაციის თუნდაც თეორიული შანსი მაინც არსებობს, იგივე ვითარება არ არის ისრაელ-ირანის კონფლიქტის შემთხვევაში. ვითარება მძიმეა, პროგნოზირება რთული.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ისრაელი-ირანის ომის თემამ ნათლად გამოაჩინა, რომ ჩვენი საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილი საერთოდ არაა ახლოს გავლილი ზნეობასთან, საღ აზრთან და ელემეტარულ თვითგადარჩენის ინსტიქტთანაც კი.

„რაებს წერენ, რა ჟრიამულია, ერთი მხარე ირანელ ფანატიკოსებს აჭარბებს ირანულ ფანატიზმში, მეორე გაცილებით რადიკალური და დაუნდობელია, ვიდრე ბენიამინ ნეთანიაჰუ. ცხადია, ეს ორი მხარე ერთმანეთს გამწარებული ებრძვის, ზუსტად ისე, როგორც რუსოფილები და სლავაუკრაინშიკები. საქართველო ამ დროს არც ახსოვთ, როგორც წესი. ამ ახალმა საშინელმა ომმა არანაირად არ შეცვალა რევანშისტთა განწყობა. მოკლედ, თუ ხელისუფლებაში არ არიან, მზად არიან ქვეყანაც გასწირონ, საკუთარი თავიც და მთელი მსოფლიოც. მშვიდობა კვლავ „ქოცურ“ ნარატივად განიხილება, ხოლო ვითომ უპატიოსნესი მაქსიმალისტი კრიტიკოსები ისე არიან გალექსილები, თითქოს თვითონ ქრთამი არ ქონდეთ აღებული არასდროს, ან უარს იტყვიან, ვინმემ რომ მისცეს“, - წერს მანჯავიძე.

პოლიტილოგის შეფასებით, ლიბერალების სიგიჟეს ტოლს არ უდებენ ე.წ. ტურბოპატრიოტები, რომლებიც აცხადებენ, რომ თურმე ქვეყანაში 450.000 ბინადრობის უფლების მქონე უცხოელი და 500.000 არალეგალი მიგრანტია.

„თუ ამ სიგიჟეს რეალურ სტატისტიკას დაუპირისპირებ, მომენტალურად იწყება რაღაც განსაკუთრებულად აქოთებული ფაშისტური ლექსიკა. განსაკუთრებულ გაოგნებას იწვევს ის, რომ ეს აბსურდი ძალიან ბევრმა დაიჯერა. თითქოს რეალურად რაც არის, ძალიან სახარბიელო იყოს და კიდევ გაზვიადება და ჰიპერბოლიზაცია ჭირდებოდეს. ჰოდა, ვისაც ამის გჯერათ, მე არ მაქვს იმის იურიდიული უფლება, რომ პანიკით ტკბობაში ხელი შეგიშალოთ, უბრალოდ, ნუ გააკეთებთ ამას ჩემს გვერდზე, მიბრძანდით სადმე სხვაგან, ფეისბუკის სანახები უსაზღვროა“, - წერს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ძნელია არ დაეთანხმო ამგვარ დასკვნას. ამიტომაც, ბუნებრივია, საბედისწერო ესკალაციის ახალი ფაზის მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. დიფუზურობა - არეულობა, არაპროგნოზირებადობა, ეგზისტენციური საფრთხეები და კატსტროფული განვითარების ალბათობა საყოველთაოდ - მთელი კაცობრიობისთვის, კიდევ უფრო გაიზარდა. რაც ყველაზე უარესია - ჯერჯერობით ზეგარდმო სასწაულებრივი ნების გარდა, არც არაფერია და არც არავინაა კაცთაგან ისეთი, ვინც კატასტროფისკენ ამგვარ შლეგურ სრბოლას დაამუხრუჭებს.

„როგორც ჩანს, მოსახდენი მაინც მოხდება: „არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა“. დაე, იყოს ნება ღვთისა! ვილოცოთ სასწაულისათვის. ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, იმთავითვე უდავოა - ირანის ისლამური რესპუბლიკა ეგზისტენციური საფრთხეა ისრაელისთვის. ასევე არ შეიძლება საკამათო იყოს, რომ ისრაელს, ბუნებრივია, აქვს თავდაცვის სრულიად ლეგიტიმური უფლება. საკამათო აქ მხოლოდ ესაა: ხელს უწყობს თუ არა ეს უპრეცენდენტო ესკალაცია ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის, მთელი მსოფლიოს მეტ უსაფრთხოებას? ხომ არ არის პირიქით?

ხომ არ გამოიწვევს ისრაელის სავსებით ლეგიტიმური მიზნის - არ დაუშვას ამ ისლამური რესპუბლიკის მიერ (რომლის ერთ-ერთი ძირეული კონსტიტუციური მიზანი ისრაელის განადგურებაა), ატომური იარაღის შექმნის საბედისწერო შესაძლებლობა. ხომ არ გამოიწვევს კონტრპროდუქიულ შედეგს - ირანის მიერ არმაგედონის ამ იარაღის დაჩქარებულ შექმნას და, უდიდესი ალბათობით, გამოყენებასაც კი?“, - წერს ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსის დაკვირვებით, მოვლენების განვითარება მიუთითებს, რომ საფრთხე მატულობს, მით უფრო, როდესაც ირანმა გამოაცხადა, რომ წყვეტს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებულ ყველანირ მოლაპარაკებებს და უარს ამბობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგანეტოსთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე.

„ეს, ფაქტობრივად, ცხადი ანონსია, რომ ირანი მუშაობს ბირთვული იარაღის უახლოეს მომავალში, შეიძლება კვირების ან სულაც დღეების განმავლობაში შექმნაზე. ისრაელი უდავოდ მართალია და მას თავდაცვის ლეგიტიმური უფლება უეჭველად აქვს. მაგრამ მეთოდები, რასაც იგი ამჟამად იყენებს, იმდენად სარისკოა, რომ შეიძლება ისრაელიც შეიწიროს, რეგიონიც და პლანეტაც. ესაა პრობლემა და არა ის, ვინ არის მტყუანი ან მართალი. თუ ისრაელის მიერ გაწეული წრეგადასული რისკი გაუმართლებელი აღმოჩნდა, მტყუან-მართალს მნიშვნელობაც აღარ ექნება“, - წერს დავით ზარდიაშვილი.