დასავლეთ საქართველოში ფუტკრის პარაზიტი ტროპილელაფსი უკვე მეორე წელია გავრცელდა. ის ფუტკრის ოჯახების დასუსტებასა და განადგურებას იწვევს. ჯერჯერობით მავნებელი დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, თუმცა მალე აღმოსავლეთშიც გადმოინაცვლებს. მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება ჯერ დადგენილი არ არის.
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ დაავადება ტროპილელაფსიზე საუბრისას აღნიშნა, რომ შემოდგომისთვის უფრო გვეცოდინება, თუ როგორი იქნება გავრცელების მასშტაბი და ამ მხრივ, რა სურათი იქნება ქვეყანაში. მეფუტკრეთა გაერთიანებაში, რაიმე კატასტროფულის მოლოდინი არ აქვთ.
„ფუტკრის კონტროლი შეუძლებელია, შესაბამისად ეს დაავადება მაინც სრულად გავრცელდება. ამიტომ მთელი აქცენტი გადატანილი გვაქვს იმაზე, რომ მეფუტკრეების დროული ინფორმირება მოხდეს, რათა მათ შეძლონ ამ დაავადების ამოცნობა და მასზე რეაგირება. ვიყენებთ სოციალურ ქსელსაც იმისთვის, რომ ამაზე მეფუტკრეებს ინფორმაცია მივაწოდოთ. ასევე, შემოდის ძალიან ბევრი ზარი. ძირითადად, რაც დავასკვენით, არის ის, რომ ახალი პარაზიტის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია ჭიანჭველმჟავა, ოღონდ მასთან ერთად უნდა გატარდეს ზოოტექნიკური ღონისძიებები. ახლა ასევე მიმდინარეობს ახალი პრეპარატის გამოცდა, რომელსაც ჯერ სახელიც არ ჰქვია. ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამაიმედებელი ცნობებია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ალეკო პაპავამ.
მისივე თქმით, თუ მეფუტკრემ არ მიაქცია ყურადღება, ეს დაავადება გამოიწვევს ფუტკრის დახოცვას.
„ეს დაავადება თავად თაფლის დაბინძურებას არ იწვევს, უბრალოდ მეფუტკრეზეა დამოკიდებული ამ დაავადების საწინააღმდეგოდ, რა პრეპარატებს გამოიყენებს. მაგრამ ახლა ჩვენ რა მეთოდებსაც ვნერგავთ, პრაქტიკულად 100%-ით გამორიცხავს თაფლის დაბინძურებას, ვინაიდან აქცენტი გვაქვს გაკეთებული ჭიანჭველმჟავაზე, რომელიც ორგანულ მეფუტკრეობაში დაშვებულია“, - დასძინა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას.
რაც შეეხება დაავადებასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს ჩართვას, პაპავას თქმით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, მაგრამ, მისი აზრით, სახელმწიფო უფრო უნდა გააქტიურდეს.
„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ თავმჯდომარე მიხეილ თეთრუაშვილიც ადასტურებს, რომ საქართველოში ფუტკრის ახალი დაავადებაა, ტროპილელაფსოზია გავრცელებული., მეფუტკრეები გამოწვევის წინაშე არიან, თუ როგორ ებრძოლონ ახალ დაავადებას, რათა ფუტკარი გადაარჩინონ. დაავადება საკმაოდ დიდი დოზით განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში: გურიაში, სამეგრელოში, იმერეთის ზოგიერთ ზონაში ფიქსირდება.
„როგორი იქნება თაფლის მოსავალი დღესდღეობით ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ქართული თაფლის მოსავალი, ძირითადად, მაინც ბუნებაზეა დამყარებული. ჩვენთან ნაკლებადაა ხელოვნური სავარგულები, კულტურები, მხოლოდ ბუნებრივ მოსავალზე ვართ, როგორიცაა აკაციის, წაბლის, მინდვრის ყვილების მოსავალი და ა.შ.
მეორე წელია საქართველოში ახალი დაავადება (ტროპილელაფსოზის სახელწოდებით) ფიქსირდება. ახალი იმიტომაა, რომ ეს დაავადება ჯერ ევროპის ქვეყნებშიც არ შესულა. მისი მართვა ჯერჯერობით რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ სამკურნალო საშუალებები ბოლომდე მიკვლეული არაა. ეს დაავადება, დიდი ალბათობით, რუსეთის გამოვლით არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან შემოვიდა. მეფუტკრეები დილემის წინაშე არიან, თუ როგორ ებრძოლონ ამ ახალ დაავადებას, რათა ფუტკარი გადაარჩინონ.
ახალი დაავადების მართვა გაჭირდება, თუ არა სახელმწიფოს, „მეფუტკრეთა გაერთიანების“ ერთობლივი მუშაობა. ჩვენთან არსებული მდგომარეობა ევროპისთვისაც ცნობილია. შესაძლოა, ევროპიდან სამეცნიერო წრეები დაინტერესდნენ, ჩამოვიდნენ და მართვაში დაგვეხმარონ. დაავადების სწრაფად სამართავად სახელმწიფოსთან ერთად რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რათა წელს მეფუტკრემ ნაკლები ზარალი მიიღოს. განსაკუთრებით ეს დასავლეთ საქართველოზე ითქმის, გურიაზე, სამეგრელოზე, იმერეთის ზონაზე, სადაც დაავადება საკმაოდ დიდი დოზით ფიქსირდება. თაფლის მოსავალი ფუტკრის ოჯახების შენარჩუნება-გამრავლებაზეა დამყარებული.
ევროპაშიც, ჩვენთანაც სამეცნიერო წრეები მუშაობენ იმისთვის, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ უფრო კარგი პრეპარატი შეიქმნას, ვიდრე ახლა არსებობს. ახლა ჩვენი საშუალო გათვლით, ამ დაავადების გამო შეიძლება, დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების 50% განადგურდეს. ეს, ალბათ, უფრო ზაფხულის პერიოდში გამოვლინდება. ახლა რამდენიმე პრეპარატი, ასე ვთქვათ, არალეგალურად იტესტება, არა კვლევის, სამეცნიერო მიმართულებით, არამედ თვითონ მეფუტკრეები სატესტო პასუხებს დებენ და დადებითი სიგნალები მოდის, რომ ამ დაავადებაზე პრეპარატმა კარგად იმუშავა. ფუტკრის ოჯახების დაცემა და ლეტალობა, შესაძლოა, ისეთი დიდიც არ იყოს, რასაც ვვარაუდობთ“, – განაცხადა მიხეილ თეთრუაშვილმა.