"ყირიმში მოვლენათა განვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოხდება რეფერენდუმის შედეგების რეალიზაცია. არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი ყირიმს დღეს-ხვალ მიიერთებს. ამჟამად მთავარი მოვლენები კულუარებში ვითარდება და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება ვაჭრობა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამ ვაჭრობის შედეგი გადაწყვეტს, ომი იქნება თუ მშვიდობა. შესაძლოა, მოსკოვი და დასავლეთი შეთანხმდნენ ასეთ მოდელზე: ყირიმი დარჩება უკრაინის შემადგენლობაში, მაგრამ მიიღებს უფრო ფართო ავტონომიას, სახელმწიფო ენა იქნება რუსული, ნახევარკუნძულზე დარჩებიან რუსული ბაზები, რომლებიც უფრო გაძლიერდებიან. ანუ ფორმალურად ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში იქნება, სინამდვილეში კი მასზე გავლენა მოსკოვს ექნება", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თემურ ალასანია სააკაშვილის ქონების შემგროვებელი იყო" / "თუ დასავლეთმა და მოსკოვმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაპ-ს აუცილებლად მივიღებთ".
"წესით, მოსკოვს ეს მოდელი ხელს უნდა აძლევდეს. თუ მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა, დასავლეთი რუსეთს საკმაოდ მტკივნეულ სანქციებს დაუწესებს. აშშ-ს სხვა ბერკეტებიც აქვს. მაგალითად, ამერიკელებმა დეკლარირებულად განაცხადეს, რომ სტრატეგიული რეზერვებიდან რამდენიმე მილიონ ბარელ ნავთობს გაყიდიან. სხვათა შორის, ნავთობის ფასი 2%-ით შემცირდა. თუ ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარამდე დაეცემა, რუსეთის ეკონომიკა დაინგრევა. ეს კარგად იციან რუსეთში. რა თქმა უნდა, მოსკოვსაც შეუძლია ეკონომიკური ბერკეტებით დასავლეთისთვის მტკივნეული დარტყმის მიყენება. ასე რომ, ვფიქრობ, მხარეები შეეცდებიან ვაჭრობა წარმატებით დასრულდეს. რუსული პროპაგანდიდან გამომდინარე, მართლაც ძნელია იმის თქმა, რომ მოვლენები რადიკალური სცენარით არ განვითარდება. თუმცა ოფიციალურ მოსკოვს ყოველთვის შეუძლია იმის თქმა, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრიაო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტტან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"როგორც ჩანს, ევროკავშირი და ამერიკა მზად არიან მკაცრი სანქციების დაწესებისთვის. დასავლური სანქციები ერთადერთი თავსატეხი არ არის, რაც რუსეთს ემუქრება. თუ ყირიმი მიიერთა, მისი მოსახლეობის შენახვაც მოუწევს, რისი ფულიც ნამდვილად არა აქვს. გარდა ამისა, ყირიმელი თათრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შემადგენლობაში შესვლა - 300 ათასამდე კაცი კი პატარა ძალა არ არის. ვითარებას გლობალურად რომ შევხედოთ, მოსკოვს არ უნდა დაავიწყდეს ჩინური ფაქტორიც. ხაზს ვუსვამ - რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა მიიღო ისეთივე კანონი, როგორიც თავის დროზე რუსეთმა. კერძოდ, ამ კანონის მიხედვით ჩინეთს მიეცა უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ასევე, ჩინეთმა გაიმარტივა ახალი ტერიტორიების შემოერთება. არ დაგვავიწყდეს - ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს მთელ ამურისპირეთსა და შორეულ აღმოსავლეთს. ასე რომ, შექმნილი მდგომარეობა რუსეთისთვის მარტივი ნამდვილად არ არის. იმედია, საბოლოოდ დასავლეთი და მოსკოვი იპოვიან ოპტიმალურ გამოსავალს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"კულუარულმა და არაკულუარულმა ვაჭრობა-მოლაპარაკებამ თუ ნაყოფი არ გამოიღო, მაშინ ომი იქნება. შესაძლოა, სამოქალაქო და უკრაინაში ის განმეორდეს, რაც საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. შესაძლოა, ყირიმში ლოკალური შეტაკებები დაიწყოს, თუმცა არც ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამორიცხვა შეიძლება. უკრაინას კი ჰყავს 150-ათასიანი არმია, მაგრამ მასში ბრძოლისუნარიან სამხედროთა რაოდენობა დიდი არ არის. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, უკრაინულმა არმიამ რუსულ ჯარს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიოს. ისე, უკრაინელებს სხვა რესურსიც აქვთ - "უნა-უნსოს" (უკრაინის ნაციონალური ასამბლეა - ცნობილი ნაციონალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია უკრაინაში) ვგულისხმობ. მათ რამდენიმე ათეული ათასი მებრძოლის მობილიზება შეუძლიათ, რომელთა მორალური საბრძოლო სული მაღალია. "უნა-უნსოს" ბაზაზე უკრაინაში იქმნება ისეთივე დაჯგუფება, როგორიც საქართველოში "მხედრიონი" იყო. პარალელურად, ყირიმის პრორუსულ ხელისუფლებას ჰყავს თავდაცვის რაზმები, რომლებიც რუსი სამხედროებით არის დაკომპლექტებული. ჩემი ინფორმაციით, ყირიმის მთებში უკვე გადასხეს დესანტი როგორც "უნა-უნსომ", ისე ყირიმის თავდაცვის რაზმებმა. ასე რომ, მოვლენათა შემდგომი განვითარება იმაზეა დამოკიდებული, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას დასავლეთი და რუსეთი. კულუარული მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული, დაემუქრება თუ არა უკრაინას ყირიმთან ერთად აღმოსავლეთ რეგიონების დაკარგვაც. სამხედრო ძალით, როგორც უკვე ვთქვით, ის რუსეთს ვერ დაუპირისპირდება", - განმარტავს ექსპერტი.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებას ჩქარობს როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. რაც შეეხება ვაჭრობასა და ქართულ ფაქტორს, საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების თემა რომ გააქტიურდა, სულაც არ არის შემთხვევითი. მიიღებს თუ არა საქართველო მაპ-ს ლონდონის სამიტზე, იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები. თუ დასავლეთმა და მოსკოვმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაპ-ს აუცილებლად მივიღებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერა. რაც უკრაინაში ხდება, საქართველოსთვის სჯობია, ზედმეტად არ იაქტიუროს და დაელოდოს მოვლენების განვითარებას", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.
"ასევე, ბოლოს და ბოლოს, უნდა შევიმუშაოთ რუსეთთან ურთიერთობისა და ამ ქვეყნიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირების სტრატეგია. რუსეთი საქართველოს საკითხში მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას იყენებს. ერთი მხრივ, მზადყოფნას გამოთქვამს ქართულ მხარესთან დიალოგისთვის, მეორე მხრივ, ოკუპირებულ რეგიონებში მავთულხლართებს ავლებს. სხვათა შორის, რუსულ პრესაში გაკრთა მასალები იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომი ერთი კაცის - კოკოითის კისერზეა და რუსეთი პროვოკაციაზე წამოეგო. ამ განცხადებების ზოგიერთი ავტორის კრემლთან კავშირი აშკარაა. ასე რომ, ვიმეორებ _ ჩვენთვის დღეს ყველაზე მომგებიანი მოვლენების განვითარების ლოდინია", - დასძენს ექსპერტი.