„მესამე მსოფლიო ომი იქნება თუ არა, რთული სათქმელია, მაგრამ დიდი ომი რომ იქნება, ფაქტია“

„მესამე მსოფლიო ომი იქნება თუ არა, რთული სათქმელია, მაგრამ დიდი ომი რომ იქნება, ფაქტია“

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ადასტურებს, რომ ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია. ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „აღმავალი ლომი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებული არიან ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ. ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე ექვსი მეცნიერი დაიღუპა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა გაანადგურა ნათანზის ბირთვული ობიექტი და ეს არის ისრაელის საჰაერო ძალების წარმატება. თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შესაძლოა მეორე შანსი ჰქონდეს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად.

„ორი თვის წინ ირანს 60-დღიანი ულტიმატუმი წავუყენე „შეთანხმების დასადებად“. მათ ეს უნდა გაეკეთებინათ! დღეს 61-ე დღეა. ვუთხარი, რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ, უბრალოდ, ვერ შეძლეს ამის გაკეთება. ახლა, შესაძლოა, მეორე შანსი აქვთ. ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, გაურკვეველია, კვლავ აქვს თუ არა ირანს ბირთვული პროგრამა. ისრაელის თავდასხმის გეგმების შესახებ ყველაფერი ვიცოდით და ვცდილობდი, ირანი დამეცვა. ძალიან ვეცადე მათ გადარჩენას, რადგან ძალიან მინდოდა შეთანხმების მიღწევა. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა, ჯერ კიდევ არ არის გვიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად რეგიონული ომის დაწყების არ ეშინია, მაგრამ ირანის შურისძიებამ არ დააყოვნა. რელიგიურ ცენტრში, ქალაქ ყუმის მეჩეთზე აღმართეს წითელი დროშა, რაც თავდასხმისთვის მზადების სიმბოლოა, ხოლო წითელი დროშის აღმართვიდან რამდენიმე საათში ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რომლის შედეგად მთელი ისრაელი ცეცხლში რკალში მოექცა. ვითარება უკიდურესად იძაბება. მსოფლიო ჯერ შორიდან ადევნებს თვალს ირანსა და ისრაელს შორის ბალესტიკური რაკეტებით თავდასხვას.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელი ღრმად ინანებს ირანზე თავდასხმისას გამოჩენილ უგუნურ აგრესიას.

„ისრაელმა, მსოფლიოში ყველაზე ტერორისტულმა რეჟიმმა, ახლა უკვე ყოველგვარ წითელ ხაზს გადააბიჯა და საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი დარჩეს. ირანი ამ უკანონო და ლაჩრულ ქმედებებს გადამწყვეტად და პროპორციულად უპასუხებს. ირანის ისლამური რესპუბლიკა სრული სიმტკიცით იმოქმედებს თავისი სუვერენიტეტის, ხალხისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს. მისი თქმით, ირანი-ისრაელის სამხედრო დაპირისპირების ამბავი იმდენად ცხელია, რომ პროგნოზის გაკეთება სითამამეა. თუმცა, ამ მომენტისთვის რაც უკვე მკაფიოდ ჩანს, არის ის, რომ ამ ყველაფერს საბაბიც აქვს და შორსმიმავალი გეგმებიც გააჩნია.

„ისრაელისგან ირანზე სამხედრო თავდასხმის საბაბი არის ის, რომ თითქოს ირანი ჯიუტად არ ეთანხმება იმ კონსორციუმში გაერთიანებას, რომელშიც შედის საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები და რომელთაც ერთობლივად უნდა ემუშავათ ბირთვულ პროგრამაზე. ანუ, ამ კონსორციუმში შემავალ ქვეყნებს ბირთვულ პროგრამაზე დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება არ ეძლეოდათ, რასაც ირანი ჯიუტად აგრძელებდა.

დღეს დავინახეთ, რომ თავი გამოყო ირანის უკანასკნელი შაჰის შვილმა, პოლიტიკური განცხადება გააკეთა და ირანელ ხალხს აუწყა, რომ ის მზად არის, ამ ქვეყნისა და ერისათვის რთულ პერიოდში, ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგეს და ირანელი ერი გამოიყვანოს იმ ჩიხიდან, რაშიც ათობით წელია იმყოფება, უმკაცრესი სანქციების ქვეშ. როგორც ჩანს, ირანის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ ის არსენალი, რითაც ისრაელისთვის ჯეროვანი სამხედრო პასუხის გაცემას შეძლებდნენ.

ხოლო, ის ფაქტი, რომ დღეს ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ირანის ქუჩებში და თავისი ხელისუფლებისგან ითხოვს, ისრაელს ადეკვატური პასუხი გასცეს, ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციის შესაძლებლობასაც აჩენს, რასაც ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟის გამოჩენაც დაემთხვა. ამ შემთხვევაში კი ირანში არსებული სისტემა თავდაყირა დადგება“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ სახეზეა მესამე მსოფლიო ომი, არსებობს ბირთვული ომის საფრთხე.

„პირველ რიშგი, ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საფრთხე ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც ძალიან საყურადღებოა და მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეცსამსხურები და სხვადასხვა უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ მდგომარეობის მყარი შესწავლით, რომ პირდაპირ დაზიანების ობიექტებად არ ვიქცეთ ჩვენც. რაც შეეხება ბირთვულ საფრთხეს, უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც მჭიდრო კოორდინაციაში არიან ირანთან და თუ მათი ინტერესები დღეს არის თანხვედრილი ისრაელთან მიმართებაში, ვფიქრობ, შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს ეს საფრთხე. ვიმეორებ, გააჩნია, რა პოზიციას დაიკავებენ ის მხარეები, რომლითაც ინსპირირება გაუკეთეს ამ კონფლიქტს და თუ იქნება მათი სტრატეგიული ინტერესი, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ლოკალიზება, მოხდება ვითარების განმუხტვა.

მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთახმდეთ, უკვე ამ აქციას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა რელიგიურად თანხვედრილი ჯგუფების მხრიდან სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ და თავიდან ბოლომდე ამის ლოკალიზება შეუძლებელი იქნება. რეალურად, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე კიდევ უფრო გაზრდილია, იმიტომ რომ ამის ყველა ელემენტი გვაქვს. მსოფლიო გადაჯგუფებულია და რუსეთ-უკრაინის ომში სხვადასხვა მხარეს მონაწილეობს. იხარჯება დიდი რესურსები და, აქედან გამომდინარე, ნიშანთა ერთობლიობა გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ მესამე მსოფლიო ომის ნიშნები უკვე არსებობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, საკმარისია მოახერხონ ირანის დაყოლიება, რომ ატომური იარაღის წარმოების ინფრასტრუქტურის ლიკვიდაცია მოახდინოს, რისი პრეტენზიაც ისრაელს აქვს, კონფლიქტი დასრულდება.

„თუ გაჯიუტდება ირანი, შეიძელება კონფლიქტი გაგრძელდეს. მეორე მხრივ, კონფლქტი შეიძლება დიდი ხნით არ გაგრძელდეს, რადგან ისრაელი ებრძვის ირანს უკვე ახალი იარაღით, ანუ ლაზერულით. გასაგებია, რომ ირანს აქვს ძალიან ბევრი დრონი, მაგრამ შეიძლება ვერ გამოიყენოს ისრაელის საპასუხოდ. ამიტომაც, შეიძლება იყოს ხანმოკლე ეს ბრძოლა და თან საკმაოდ პრაგმატული აზროვნების ხალხი არიან ირანელები და მაგის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გათვლიან, გაიმარჯვებენ თუ არა და ტყუილად არ დააჯახებენ სამხედრო ძალებს ისრაელის სამხედრო მანქანას. თუმცა, ვლაპარაკობ და ვფიქრობ თქვენთან ერთად, შეიძლება ეს ყველაფერი ლაპარაკად დარჩეს და არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია დატრიალდეს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

კითხვაზე, ირანის გაჯიუტების შემთხვევაში მივიღებთ თუ არა მესამე მსოფლიო ომს, რომლის ზღვარზე არის მსოფლიო? პოლიტოლოგი ამბობს: „გეთანხმებით, რომ ზღვარზე ვართ, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი იქნება თუ არა, ძნელი სათქმელია. იმიტომ, რომ ვინ საით ჩაებმება, რთული სათქმელია, მაგრამ დიდი ომი რომ იქნება, ეს ფაქტია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.