კუს ტბის თავდაპირველმა მფლობელებმა ილია კაკაბაძემ, რამაზ გიორგობიანმა, და კუს ტბის პროექტის თანაავტორმა თემურ მიქაშავიძემ მათ ბრალდებებზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის გამოხმაურებას სპეციალური ბრიფინგით უპასუხეს და მას მორიგ სიცრუეში დასდეს ბრალი.
კუს ტბის ყოფილი მფლობელები ხარძიანს თაღლითობაში და ამ გზით მათი კუთვნილი აქტივების მითვისებაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ხარძიანი მათ გააქტიურებას მისივე ყოფილი პარტნიორის ნაციონალი გია უდესიანის ინტერესებს უკავშირებს და ამბობს, რომ მან შპს„კუს ტბაში“, თავის დროზე, როგორც ფულადი ისე ინტელექტუალური რესურსი ჩადო და სწორედ ამის საფუძველზე გაიზარდა მისი წილი კომპანიაში.
ილია კაკაბაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხარძიანმა მართლაც ჩადო ინტელექტუალური რესურსი ამ საქმეში და ეს იმაში გამოიხატა, რომ მან მთელი თავისი ინტელექტი ეშმაკობით და თაღლითობით გამოიყენა, ხელოვნურად გააკოტრა კომპანია, არ იხდიდა გადასახადებს და აყალბებდა კერბის ოქმებს. თუ ამას ქვია ინტელექტულაური კაპიტალი, კი ბატონო, ვეთანხმები, ნამდვილად ჩადო, – ამბობს კაკაბაძე.
„ხარძიანი კიდევ ერთხელ ურცხვად ცრუობს, როცა ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ გაანადგურა და ყველაფერი წაართვა. იტყუება, – უნდა ნახოთ საჯარო რეესტრის ამონაწერი, უნდა ნახოთ მისსავე სახელზე რა აქტივებია დღემდე დაფიქსირებული. არ უნდა ამას აუდიტი, თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ ხარძიანი დღესაც რამდენიმე მილიონის პატრონია. ცდილობს თავი მოისაწყლოს და საზოგადოებას წარუდგეს, როგორც დაჩაგრული. უდესიანთან კავშირში რომ გვდებს ბრალს დ ფანტაზიორობს, სწორედ მისი მოყვანილია უდესიანი „კუს ტბაში“, შემდეგ, რაც ჩვენ მოგვიშორეს, როგორც ჩანს თავადაც ერთმანეთს გადაეკიდენ და ვინ ვის როდის და რაში მოერია თავადვე არკვიონ. ჩვენ ერთი ვიცით, რომ მართლაც ერთია სიმართლე და ის ჩვენს მხარეზეა. მილიონერი ხარძიანი, რომელმაც ყველანაირი სიყალბე იკადრა, საკუთარ უფლებებს მისტირის, როცა ეს უფლებები უკანონოდ და ძარცვით აქვს ჩვენზე წართმეული. მისი მაქინაციების შედეგად, ჩვენი პარტნიორი, გარდაცვლილი კაციც კი გაძარცვეს, გაყალბებული ოქმებით კომპანიაში მისი წილი გააქრეს. ვინ არის ამის შემდეგ ხარძიანი საერთოდ?! პირველ რიგში, საკუთარ უფლებებზე როცა ზრუნავს, რატომ არ ახსენდება, როგორი ცინიზმით, მოტყუებით და სწორედ იმ ხელისუფლების ბერკეტებით, როგორ გაგვყარა კომპანიიდან და როგორ გააკოტრა ის, რომ პარალელურად მთელი აქტივები მის საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე გადაეტანა. ყოვლად უკანონოდ, ყველა ვადის და წესის დარღვევით როგორ „გააპრავა“ ეს ქმედება იმდროინდელი სასამართლოს მეშვეობით და ცოცხლებიც და მკვდრებიც როგორ გაგვძარცვა.“, –აცხადებს ილია კაკაბაძე
შეგახსენებთ, კუს ტბის ყოფილი მფლობელები საკუთარი უფლებების აღსადგენად და ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წინააღმდეგ განცხადებით პოკურატურისთვის მიმართვას აპირებენ.