მთავრობის საინვესტიციო გეგმები საფრთხის ქვეშ დაადგა

მთავრობის საინვესტიციო გეგმები საფრთხის ქვეშ დაადგა

[ლელა კობერიძე]

არაბულმა რევოლუციებმა საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა საფრთხის ქვეშ დააყენა. მთავრობა, ინვესტიციებს, რომელმაც წლის ბოლოსთვის 1 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს, ძირითადად, არაბეთიდან ელის. თუმცა, საფრთხე არა მარტო ინვესტიციებს ეხება, რევოლუციას მოყოლილმა ნავთობის გაძვირებამ გავლენა საქართველოზეც იქონია. ნავთობ იმპორტიორების განცხადებით, თუ არაბულ ქვეყნებში მდგომრეობა არ დასტაბილურდა „შავი ოქრო“ საერთაშორისო ბირჟებზე კიდევ უფრო გაძვირდება, რის შედეგადაც საქართველოში საწვავზე ფასი კიდევ 10 თეთრით მოიმატებს.

ამ დროისთვის ლიბიაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს, ავიაცია და არტილერია საცხოვრებელ სახლებს ბომბავს. ლიბიის ხელისუფლების ლიდერმა, მოამარ კადაფიმ გასცა ბრძანება, ჩამოახრჩონ მფრინავები, რომლებიც მას არ დაემორჩილებიან. ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურულია, როგორც „როიტერი“ გადმოსცემს, ბენგაზის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი დაზიანებულია.  „ალ-არაბიას“ ცნობით, საავაციო ძალები ცდილობენ, შეაჩერონ ტრიპოლისკენ მიმავალი მანიფესტანტების ჯგუფი. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, უკვე დაღუპულია 500 ადამიანი, 4000 ზე მეტი კი დაჭრილია.

საერთაშორისო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მანიფესტანტების მხარეზე უამრავი სამხედრო შენაერთი გადადის, აჯანყებულები აკონტროლებენ ქალაქებს-ტობრუკს და სირტს.     

ლიბიის ოპოზიცია ნავთობის ექსპორტის ბლოკირებით იმუქრება. ამ განცხადებების ფონზე, ბარელი ნავთობის ფასმა 107 დოლარს გადააჭარბა.

გარდა ამისა, საფონდო ბირჟებზე ინდექსების დაცემა დაფიქსირდა. საფონდო ბირჟის Boorsa Italiana-ს ძირითადი ინდექსი გუშინ 3%-ზე ქვევით დაეცა და 22865 პუნქტზე დაფიქსირდა. ეს მოვლენა ლიბიაში მიმდინარე მანიფესტაციებს უკავშირდება, სადაც ტრადიციულად, ბევრი იტალიური ფირმა მუშაობს.

ასევე ქვემოთ მიდის ევროპის სხვა ქვეყნების ინდექსები. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში FTSE 100-მა 3%-ით დაიკლო. ევროპისგან განსხვავებით რუსეთში საფონდო ინდექსები იზრდება.

რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება თუ არა არაბულ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა შეაფერხოს. მთავრობამ, აზიაში მოგზაურობისას საინვესტიციოფსონი სწორედ არაბულ ქვეყნებზე დადო.

2010 წლის საინვესტიციო კრახის შემდეგ, მთავრობა წლეულს 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს სწორედ აზიიდან ელის და უმეტესად არაბული ქვეყნებიდან ელის. ექსპერტების განცხადებით, საინვესტიციო საფრთხეს არაბულ ქვეყნებზე მეტად საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და საინვესტიციო გარემო ქმნის.

ექსპერტი გია ხუხაშვილის მიიჩნევს, რომ ინვესტიციების შემოსვლას არაბულ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე მეტად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და საინვესტიციო გარემო შეაფერხებს.

„არა მგონია, რომ არაბულ ქვეყნებში მიმდინარე რყევებმა ინვესტორების გეგმებზე იმოქმედოს. ინვესტიციების შემოსვლაზე ეგვიპტის პრობლემა ნაკლებად განიხილება, ანუ პრობლემა საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომრეობა და საინვესტიციო გარემოა.

შეიძლება აზიიდან ინვესტიციების პრობლემა არ შეიქმნას, მაგრამ საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინვესტიციები პოლიტიკური იქნება. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირების პროცესში საქართველო გარკვეული პლაცდარმია, შესაბამისად, ეს ინვესტიციები შეიძლება ისეთივე საფრთხის შემცველი იყოს, როგორიც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება“, -ამბობს გია ხუხაშვილი.

„მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა შეაფერხოს. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესები მალე არ დასრულდება და შეიძლება იგი სხვა ქვეყნებსაც მოედოს.

„არ არის გამორიცხული, რომ არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ინვესტიციების შემოსვლა შეაფერხოს. საპროტესტო გამოსვლებმა არაბული ქვეყნების ეკონომიკას ზარალი მიაყენა, არადა მთავრობა საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერას სწორედ ამ ქვეყნებიდან ელოდა. არა მგონია, რომ ეს არეულობები მალე დასრულდეს. უფრო მეტიც, იქაური ექსპერტები და ინვესტორები ამ ტალღის სხვა ქვეყნებში „გადასროლასაც“ კი ვარაუდობენ. შესაბამისად, როდესაც საქართველოს საინვესტიციო გეგმები ამ ქვეყნებზეა მიბმული, ბუნებურივია, ეს გარკვეულ საფრთხეებს ქმნის“, - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.