ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მიწვეულები. შეხვედრაზე საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა არ იყო მიწვეული. მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ არჩევანი გააკეთა მშვიდობასა და სუვერენიტეტს შორის, „მეგობარი“ დასავლეთი სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს ქვეყნის წინააღმდეგ. მიუხედავად შანტაჟისა, საქართველო არ თმობს სუვერენიტეტს და ამ არჩევანში მას აქვს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა, თუ არ ჩავთვლით მე-5 კოლონას, რომლებიც არ მალავენ, რომ დასავლეთის აგენტურას წარმოადგენენ.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმ ქმედებებით, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მიერ.
„ვწუხვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი რეალობა, რომ სულ უფრო მეტი მოვლენა ხდება, მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი. ეს გამოწვეულია იმ ქმედებებით, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მიერ. ეს უკიდურესად სამწუხაროა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის საქართველოსთან დღევანდელი ურთიერთობების რეალობა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ის, რაც ვერ თქვა ევროკავშირის ელჩმა, თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს არ მიწვევა ამ შეხვედრაზე არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით.
„იცით რა არის საერთო სურათი 2022 წლის შემდეგ, როცა ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე? ჯერ სრულიად უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსი მინიჭებაზე. ქართველ ხალხს უთხრეს უარი, არავითარი დასაბუთება არ ყოფილა. შემდეგ 1.5 წელი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გვითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და ა.შ. ეს უსამართლობა გრძელდება. ეს არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით, რაც არის ძალიან სამწუხარო.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თავის დროზე მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენი მხრიდან არის საჭირო. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ექნებათ განსხვავებული დავალება, ამ შემთხვევაში მიდგომა შეიცვლება. მაგრამ, ჯერჯერობით, „დიფ სთეითისგან“ მათ აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ მაქსიმალურად სცადონ დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც სამწუხაროა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გერმანიის ელჩმა ზუსტად იცის, რომ დიახ, ის წარმოადგენს საქართველოში „დიფ სთეითს“ თუმცა ამბობს, რომ ნამდვილად არ არიან „დიფ სთეითი“ და მეტიც, მისი განმარტებით, ეს არ არსებობს, გამოგონილია. პეტერ ფიშერს ძალიან აინტერესებს „დიფ სთეითის“ ნახვა. რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება.
„ჩვენ, გერმანელები და ევროპელები, თქვენი მეგობრები ვიყავით და თქვენს მეგობრებად დავრჩებით. ჩვენ არ ვართ მტრულად განწყობილი სუბიექტი. არ გვინდა, ქართველებს ვუთხრათ, რა გააკეთონ. ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“. ეს არ არსებობს. ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა“, - განუცხადა ელჩმა „ინტერპრესნიუსს“.
საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ საქართველომ თავისი სუვერენული უფლებების დაფიქსირებით ევროკავშორის გულისწყრომა გამოიწვია, მაგრამ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა. კიკნაძის განცხადებით, საქართველო რომ ევროპის პოლიტიკას აყოლოდა, ასეთ შემთხევაში საქართველო გახვეული იქნებოდა ცეცხლის ალში და უკრაინაზე უფრო ცუდი დღე დაადგებოდა.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ბუნებრივია, როდესაც ისინი თვლიან, რომ შენ მათ ინტერესებს არ ახორციელებ, ცდილობენ დაგსაჯონ. ამიტომ, ასეთი ქმემდებები გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ არჩევანი უკვე გაკეთებული გვაქვს, სიმშვიდის, მშვიდობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ.
„რეზოლუციები მიიღეს და ჩვენი კრიტიკა ისმის სულ. მოდით, სიმართლე ვთქვათ, ნებისმერ გაერთიანებაში შესვლა გარკვეულწილად, სუვერენიტეტზე უარის თქმა არის. რატომ გამოაცხადა კობახიძემ, რომ 2008 წლამდე ჩვენ ვაჩერებთ ევროკავშირისკენ სწრაფვას? ძალიან კარგად ახსნა, რომ დღეს, ევროკავშირში გაწევრიანება არის ვაჭრობისა და შანტაჟი საქართველოსთან მიმართებაში. თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანდე, შენს სუვერენიტეტზე უნდა თქვა უარი, იქ მეორე ფრონტი უნდა გახსნა, ლგბტქ+ კანონი უნდა მიიღო და ა.შ. ის კანონები რაც მივიღეთ, უპირეველეს ყოვლისა იყო სუვერენიტეტისკენ მიმართული.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახეთ ხელისუფლების შეცვლაზეც იყო აქ ლაპარაკი. კი, ეს ხელისუფლება თანამშრომლობდა კონსტრუქციულად, მაგრამ მათ უნდოდათ ასეთი ბრმა შემსრულებელი ხელისუფლება, როგორიც იყო სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ დაგიდევდათ და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო 2008 წლის ომი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ დღეს, ჩვენი ინტერესები თანხვედრაში არ არის. არჩევანი გაკეთებულია და ჩვენ უნდა ველოდოთ უარეს ქმედებებს მათგან. სუვერენიტეტი და მრავალმხრივი ვექტორი - დღეს, ეს არის გამოსავალი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.