რას ეძებდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ვის კვალზე შეიძლება გავიდნენ, დესტრუქციული აქციების დამფინანსებელი ფონდების ხელმძღვანელების ბინებში ჩხრეკის შედეგად? 29 აპრილს ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის და ალეკო ცქიტიშვილის ბინებში პროკურატურის მიერ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ჩხრეკა მიმდინარეობდა ასევე ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის სახლშიც. „ნეიტრალური საქართველოს“ საჩივრის ფონზე პროკურატურამ 5 საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, „საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა“.
სახლებში საგამოძიებო მოქმედებას სამი უწყება ესწრებოდა, ჩხრეკაში პროკურატურასთან ერთად ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუს-ი.
2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე, როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ „თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთობლივ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.
For.ge-ს სანდო წყარო უყვება, რომ გამოძიება ახლა ამ ფონდების და მათი ხელმძღვანელების დამფინანსებლების გამოვლენას და განეიტრალებას ცდილობს. დამფინანსებელთა შორისაა საქართველოდან გაპარული ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი. სპონსორებს შორის არიან ცნობადი სახეები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და კომპანიები. ასევე, ფულს აღნიშნული ფონდები სხვადასხვა უცხოური წყაროებიდან იღებენ და არსებობს ეჭვი, რომ ფონდებს ფულის გასათეთრებლად და აქციების დასაფინანსებლადაც იყენებენ.
ამის ეჭვს სუს-ის განცხადება ამყარებს. როგორც უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები. სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტებისას, ასევე, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად გარკვეულ ტექნიკურ ღონისძიებებს ატარებდნენ.
ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაფიქსირდა ცალკეული მასმედიის წარმომადგენლის კავშირი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და სავარაუდოდ, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებისგანაც იღებდნენ დაფინანსებას და მითითებებს, ასევე აწვდიდნენ ინფორმაციას დაინტერესების საკითხებზე.
„საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოში ვიზიტად მყოფი პირების გამოყენების მცდელობები. დაფიქსირდა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე საეჭვო საქმიანობის განხორციელების ფაქტები, რაც გამოიხატა GPS კოორდინატების დადგენაში, დრონებით ფოტო და ვიდეოგადაღებებში. აღნიშნული კატეგორიის ზოგიერთი პირის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმი“, - წერია ანგარიშში.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ ძალადობრივი აქციების დამფინანსებლებს ფარდა უნდა ახადოს. გვენეტაძე for.ge-თან ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი რამ საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, ვინ დგანან ქვეყნის გადატრიალების სათავეში.
„მე ვფიქრობ, ძალიან მაგარი საქმე კეთდება და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა. ხელისუფლებამ დაიწყო ნანულას და ნანულასნაირების ანუ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი ფონდების ხელმძღვანელთა ოჯახების ჩხრეკა. საზოგადოებამ ხომ კარგად დაინახა ეს ხალხი როგორ ცხოვრობს - ადამიანები, რომლებიც უწიგნურები, აგენტ-ავაზაკები არიან და ქვეყნის ღალატით ნაშოვნი ფულით ცხოვრება აქვთ მოწყობილი. ჟორჟოლიანმა რით იშოვა ამხელა სახლ-კარის ფული, ჟურნალისტობით? ეს ხომ ტყუილია და ამ ფონდებს ამოფარებულები, სიკეთის სახელით, ქვეყნის გადატრიალებას ცდილობენ. მანამდე ჟორჟოლიანი ქმრის მიერ, სხვებისთვის წართმეული მანქანებით და ქონებით ცხოვრობდა. ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით, ვითომ ახლა ქველმოქმედები გახდნენ. დროა, შეწყდეს ამ ადამიანების პარპაში, რომლებსაც მილიონიანი ქონებები მხოლოდ ქვეყნის ღალატის ხარჯზე აქვთ მოგროვებული“,-ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, 100 ამდენს იყვნენ დაპირებულნი პატრონები ოღონდაც ამ ბანდას სახელმწიფო გადატრიალება, მოეხდინა. შემდეგ საქართველო ომში ჩაებათ და გაენადგურებინათ. დროა შეწყდეს ამათი საქართველოში პარპაში და მათგან ქვეყნის დაზიანება.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან ამბობს, რომ პირველ რიგში, სამარცხვინოა საუბარი რაიმე სახის ტერორსა და დევნაზე, როცა ზრდილობიანად მისული სამართალდამცველები მოწიწებით უკაკუნებენ კარზე და შეშვებას სთხოვენ. მისივე თქმით, შედარებაც არ არის სააკაშვილის რეჟიმისდროინდელ ტერორთან და სახლში შევარდნებთან, რომლის ავანგარდში ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარი იყო.
„როდესაც საქართველომ ძალიან ლმობიერი „გამჭვირვალობის კანონი“ მიიღო და ამ კანონის თანახმად, ყველას შეეძლო იმ თანხების განკარგვის მიზნობრიობა აესახა, რომელიც მათ საზღვარგარეთიდან შემოსდით, რითაც ყოველგვარ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აირიდებდნენ. მათ კი, ამ ელემენტარული კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს თავი აარიდეს და სახელმწიფო იძულებული გახდა, რომ ამ ე.წ. რუსული კანონის გამკაცრების გზით წასულიყო. ამიტომ მიიღეს ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლი, რომელიც ბევრად მკაცრია. მიუხედავად ამისა, ჟორჟოლიანი და მისი მეგობრები ჯიუტად იმეორებენ, რომ ისინი ამ კანონს არ ემორჩილებიან, სახელმწიფოს დასცინიან და დაუმორჩილებლობას უცხადებენ. მაშინ, ასეთ დროს, უნდა ელოდონ, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები კარებთან მოვლენ და ამის გამო პასუხს მოსთხოვენ. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ასეა. იგივე ხდება ევროპაშიც და ამერიკაშიც“, - ამბობს ქართველიშვილი.
რაც შეეხება იმას, გავა თუ არა ხელისუფლება სხვა პირებზეც და გამოიკვეთება თუ არა საქმეში ახალი ფიგურანტები, ქართველიშვილი არაფერს გამორიცხავს. მისი აზრით, ამ გამოძიების მიზანიც სწორედ ეს არის.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისის აქციების გამოძიება, პირველ რიგში, მიადგა იმ ე.წ. პარტიულ საწყობებს, საიდანაც ამოღებული იქნა დიდი ოდენობით პიროტექნიკა. ამან კი შემდგომ ხელისუფლებას მისცა საშუალება, რომ არსებულ კანონმდებლობაში შესწორებები შეეტანა. პიროტექნიკის გაყიდვაზე დაწესდა შეზღუდვები. ახლა ჟორჟოლიანის, მისი კოლეგების მიმართ სისხლის სამართლებრივი ქმედებების ჩატარება გამოიწვევს იმას, რომ რუსთაველზე მიმდინარე ვითომ აქცია, სადაც 100 კაცი გამოდის ყოველდღე, საბოლოოდ დასრულდება. ამ 50-კაციან პერფორმანსებსაც ბოლო მოეღება. როგორც კი საარსებო წყარო გადაეკეტებათ, ეს აქციებიც შეწყდება, ამის მომსწრენი ჩვენ ყველანი მალე გავხდებით“,-ამბობს ქართველიშვილი.
მეცოცხეების დროს, როცა ის კუდზე იყო ამხედრებული, რა დღეში ჩააგდეს სვანები, რომლებთან შემთხვევითი ლაპარაკი მან შეურაცმყოფლად ჩათვალა - აუვარდნენ სვანეთში კოდუას ხალხი და ძვალ-რბილი გაუერთიანეს!!!
გარდა მიტინგზე დაჯარიმებულებისა, სხვას ვის გადაუხადეს ჯარიმა?