მეპურეებსა და მეხორბლეებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. ქვეყანაში პური გაძვირდა და მისი ხარისხი გაუარესდა. წარმოების ორი მთავარი მხარე კი ერთმანეთს ადანაშაულებს. ამასობაში მომხმარებელი ზარალდება, პასუხისმგებლობას კი ყველა გაურბის.
პურის ფასი შესაძლოა, შენარჩუნდეს, მაგრამ ხარისხი მკვეთრად გაუარესდეს. ეს უკვე საკმაოდ რეალური პერსპექტივაა და ნეგატიური პროცესი უკვე დაწყებულიცაა.
საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი რუსეთიდან ფქვილის შემოტანის პროცესის გართულება და დაწესებული გადასახადებია.
„რუსეთიდან ფქვილის შემომტანებისთვის დროებითი გადასახადი მოქმედებდა, თავდაპირველად ეს თანხა 10 ლარი იყო, შემდეგ 12.5 ლარი გახდა. სამინისტროსთანაც არსებობდა შეთანხმება, რომ რუსეთიდან შემოტანილი ტომარა ფქვილის ფასი ჯამურად 52 ლარი იქნებოდა და ეს რიცხვი არ შეიცვლებოდა. ეს მოცემულობა არჩევანისა და მარაგის ქონის საშუალებას გვაძლევდა.
ბოლო პერიოდში კი ადგილობრივი დამზადების ტომარა ფქვილის ფასი 52 ლარს მნიშვნელოვნად გაცდა და თითქმის 7-8 ლარით გაძვირდა, რისი მიზეზიც რუსეთში ხორბლის ფასის მატებაა. ასევე, აიწია შემოტანის გადასახადმაც, რაც სურსათის უვნებლობის სამსახურის გამო ხდება - ჩათვალეს, რომ ხარისხის მომატება ფქვილზე 300-ლარიანი გადასახადის დაწესებით იყო შესაძლებელი. ამ მოცემულობამ რუსეთიდან ფქვილის შემოტანა სრულიად არარენტაბელური გახადა, რადგან უმაღლესი ხარისხის ფქვილი 80 ლარამდე ჯდება, საქართველოში კი პურის ფასი ძალიან დაბალია, 105 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზე ვართ. ფქვილში ასეთი თანხის გადახდა პირდაპირ წაგებაზე მუშაობაა“, - განაცხადა დოლიძემ.
საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში მოყვანილი ხორბალი არაა იმ ხარისხის, რომ პურის წარმოების პროცესში მთავარი როლი ჰქონდეს.
„მართალია, შარშან საქართველოში უფრო დიდი ოდენობით ხორბალი მოვიყვანეთ, მაგრამ მისი ხარისხი არაა ისეთი, რომ წარმოების პროცესში მთავარი როლი შეასრულოს. ჩვენთან ფქვილი დღესდღეობით ყაზახური, რუსული და ქართული ხორბლის შერევისგან მზადდება - რუსულის წილი და მნიშვნელობა სერიოზულია და მასზე წვდომის დაკარგვა ხარისხს მკვეთრად აუარესებს.
ზოგადად, პურის მწარმოებელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მარაგი, რათა პროცესი შეუფერხებლად და ხარისხიანად წარმართოს. მაგალითად, გუშინ ვესაუბრე კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელს, რომელმაც მითხრა, რომ რუსთავის წისქვილიდან, რომელიც წლებია ბაზარზეა და საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, 59 ლარად შეიძინა ტომარა ფქვილი და მისი ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა როგორც ნესტიანობით, ისე შეფერილობით - ასეთი ფქვილით ხარისხიანი პურის გამოცხობა წარმოუდგენელია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ არსებული ვითარება არ შეიცვალა, პურის ხარისხი მკვეთრად გაუარესდება და ეს შეუქცევადი პროცესია, რადგან საქართველოში ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვაწარმოოთ ან შემოვიტანოთ ისეთი ხორბალი, რომლითაც სათანადო ხარისხის ფქვილი დაიფქვება“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მალხაზ დოლიძემ.
პრობლემა მართლაც აშკარაა. ქვეყანაში პური გაძვირდა და მისი ხარისხი გაუარესდა. ეს უკვე მომხმარებლის აბუჩად აგდებაა.
მეპურეების პრეტენზიებს მალევე გამოეხმაურა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია. ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან ბოლო პერიოდში პურის მწარმოებლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ საკითხები ეხება უშუალოდ ჩვენ დარგს, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სინამდვილეში რა პროცესები მიმდინარეობს დღეს აღნიშნულ ბაზრებზე:
1. თითქოს ფქვილის საიმპორტო გადასახადი, რომელიც მოქმედებს საქართველოში, ზღუდავს კონკურენციის პირობებს ბაზარზე და აქედან გამომდინარე, რუსული ფქვილის ხელმისაწვდომობა ბაზარზე შეზღუდულია:
2021 წლის ივნისის თვეში რუსეთმა შემოიღო „მცურავი ბაჟი“ ხორბლის ექსპორტზე, რამაც ხელოვნურად გააძვირა ხორბლის ფასი, პარალელურად, ნულოვანი გადასახადი დარჩა რუსეთიდან ექსპორტირებულ ფქვილზე, აღნიშნულმა გამოიწვია საქართველოს ბაზარზე თანაბარი კონკურენციის პირობების დარღვევა რუსული ფქვილის სასარგებლოდ, მივიღეთ მოცემულობა - თუ მანამდე 2021-2023 წლებში სტატისტიკურად საქართველოში შემოდიოდა 12 000 ტონა/წელიწადში რუსული ფქვილი, 2021 წლიდან საქართველოში აგრესიულად შემოვიდა რუსული ფქვილი, აღნიშნულ ნიშნულმა წელიწადში 180 000 ტონას მიაღწია. შესაბამისად, გაჩერდა წისქვილები, ქართველმა მეხორბლეებმა ვერ ჩააბარეს ხორბალი, ამის ფონზე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას შეექმნა პრობლემები. ცნობისათვის პურის ფასს ამ რაოდენობით რუსული ფქვილის იმპორტმაც ვერ უშველა და ფასმა 2022 წელს მოიმატა.
აღნიშნულის საპასუხოდ, რუსული ფქვილის კატასტროფულად გაზრდილი იმპორტის მაჩვენებლის საპასუხოდ, 2023 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ შემოიღო რუსული ხორბლის „მცურავი ბაჟის „საპირწონე, „ფქვილის საიმპორტო (დამაბალანსებელი)“ მოსაკრებელი, რომლის მოქმედების შედეგად საქართველოს ბიუჯეტში დამატებით შევიდა 50 მილიონამდე ლარი. აღნიშნული მოსაკრებელი დღესაც მოქმედებს და მისი ოდენობა განსაზღვრულია და პერიოდულად იცვლება ისე, რომ შენარჩუნებული იქნას ბალანსი და თანაბარი კონკურენციის პირობები რუსულ ფქვილის იმპორტსა და ადგილობრივად გამოშვებულ ფქვილს შორის.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის განმავლობაში სტაბილურად შემოდის 3 000 ტონამდე ფქვილი, რაც საქართველოს ფქვილის მოხმარების დაახლოების 10%-ს წარმოადგენს და მრავალწლიან ყოველთვიურ სტატისტიკურ მონაცემს 2-ჯერ აღემატება.
2. თითქოს რუსული ფქვილი თავისი პარამეტრებით გაცილებით უკეთესია ქართულ ფქვილზე და მისი გამოყენების გარეშე პურის ხარისხი უარესდება;
- გვინდა განვმარტოთ, რომ ასოციაციის წევრი წისქვილკომბინატების მიერ იფქვება ზუსტად იმ ხარისხის და კატეგორიის სასურსათო ხორბალი, რასაც რუსეთში იგივე რეგიონში მდებარე წისქვილკომბინატები ფქვავენ და ფქვილის ექსპორტს ახორციელებენ საქართველოში.
ბოლო პერიოდში ბაზარზე შემოვიდა ყაზახური ხორბალი. გვინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნოთ, რომ იგი სრულ შესაბამისობაშია სასურსათო ხორბლის პარამეტრებთან, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტით. ასევე გვინდა განვმარტოთ, რომ ყაზახეთი არის საერთაშორისო ბაზარზე ათეულობით ქვეყნისათვის ხორბლის მიწოდების სანდო პარტნიორი.
რაც შეეხება ქართულ ხორბალს - საქართველოს ბაზარზე დღეის მდგომარეობით თითქმის ამოწურულია ქართული ხორბლის მარაგები და შესაბამისად, ის თითქმის არ იფქვება. ახალი შესყიდვები ბაზარზე განახლდება ახალი მოსავლის პირობებში დაახლოებით 2 თვეში.
ცნობისათვის: ასოციაციის წევრი კომპანიები მუშაობენ მკაცრად განსაზღვრული საქართველოში მოქმედი ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სადაც მკაცრად არის განსაზღვრული ფქვილის პარამეტრები კატეგორიების მიხედვით. აგრეთვე ასოციაციის ყველა კომპანიას დანერგილი აქვს HACCP - სურსათის უვნებლობის სისტემა და რამდენიმე ISO სტანდარტის სისტემა.
შენიშვნა: გარდა ასოციაციის წევრი კომპანიებისა, ბაზარზე მუშაობს რამდენიმე ათეული წისქვილკომბინატი, რომლებიც ასოციაციის წევრი არ არის და თუ მეპურეებს მათთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები აქვთ, მოუწოდებთ ნუ შეიძენენ მათ პროდუქციას, არამედ შეიძინონ იქ, სადაც ამის მაქსიმალური გარანტიები აქვთ. ასოციაცია ყოველმხრივ დაინტერესებულია ამ მხრივ ბაზრის სწორ ფუნქციონირებაში.
3. თითქოს საიმპორტო გადასახადის მოქმედების გადახედვა და რუსული ფქვილის შემოსვლა არის გარანტია მეპურეების მიერ პურზე ფასის შენარჩუნების
2022 წელს მეპურეების კატეგორიული მოთხოვნით, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ შეთავაზებულ საიმპორტო (დამაბალანსებელი) გადასახადის მიღებაზე და გაიზიარა მეპურეების არგუმენტი, რომ აღნიშნული გადასახადის შემოღება საქართველოში პურს გააძვირებდა, რადგან შეიზღუდებოდა რუსული ფქვილის იმპორტი. (ზუსტად იგივე არგუმენტი რასაც დღეს აყენებენ მეპურეები).
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 180 000 ტონა რუსული ფქვილი მთლიანად დომინირებდა საქართველოს ბაზარზე, ქართული წისქვილკომბინატების გაჩერების ფონზე, პური მაინც გაძვირდა. შესაბამისად, გაუგებარი და მიუღებელია დღეს მეპურეების მიერ ისევ იგივე საკითხის და იგივე არგუმენტებით წამოწევა, თითქოს პურის ფასის შენარჩუნების მოტივით.
- საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მოუწოდებთ მეპურეებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხებს, რადგან ორივე ჩვენი დარგი მუშაობს სფეროებში, რომელიც როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია. ამდენად, გვმართებს უფრო ფართო პრიზმით შევხედოთ აღნიშნულს.
რადგან დღეს საკითხები ფართო მსჯელობის საგანია და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს - გვინდა მივმართოთ მეპურეებს - გათვითცნობიერებული თუ აქვთ, მათ მიერ მოთხოვნილი საიმპორტო გადასახადი რომ გადაიხედოს, რა პროცესები განვითარდება ბაზარზე და თუ იღებენ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას - ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების, მოსახლეობის პურით შეუფერხებელი მომარაგების და პურის ფასის შენარჩუნების კუთხით. უფრო კონკრეტულად:
1. საიმპორტო გადასახადის გადახედვის შემთხვევაში, მეპურეები იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას სასურსათო უსაფრთხოებაზე (ქვეყანაში 2-თვიანი გარდამავალი მარაგების არსებობაზე და შესაბამისად, მოსახლეობის შეუფერხებლად მომარაგებაზე)?
2. საიმპორტო გადასახადის გადახედვა, რაც ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის სრულ გადასვლას იმპორტირებულ ფქვილზე, წარმოადგენს თუ არა პურის ფასის შენარჩუნების გარანტიას? (რატომ ვერ მოახერხეს მეპურეებმა იგივე პირობებში პურის ფასის შენარჩუნება 2022 წელს?)
3. საიმპორტო გადასახადის გადახედვის და შესაბამისად, წისქვილების გაჩერების პირობებში, რას სთავაზობენ მეპურეები ქართველ მეხორბლეებს - სად ჩააბარონ ხორბლის მოსავალი, რომლის აღებაც უახლოეს თვეებში დაიწყება (დაახლოებით 160 000 ტონა ელოდებიან).
თავის მხრივ, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ როგორც ყველა დარგში, ჩვენ დარგშიც არის გამოწვევები და ვმუშაობთ მათ აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნულია განცხადებაში.