მოსახლეობა ფაქტობრივი რაოდენობა უცხოელების ხარჯზე იზრდება - ეს უკვე სახიფათოა

მოსახლეობა ფაქტობრივი რაოდენობა უცხოელების ხარჯზე იზრდება - ეს უკვე სახიფათოა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 9.9 ათასით გაიზარდა და 3 704 500 კაცი შეადგინა. ეს მაშინ როდესაც, ქვეყანაში 2024 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386) იყო. საიდან გაიზარდა ქვეყნის ფაქტობრივი მოსახლეობა? როგორც ირკვევა, ეს სასიხარულო და დადებითი შემთხვევა სულაც არ არის. საქმე ისაა, რომ მოსახლეობა შემოსული უცხოელების ხარჯზე იმატებს.

სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ აღნიშნა, რომ ზრდა აშკარად უკავშირდება არარეზიდენტ უცხოელებს, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა საქართველოში ცხოვრობენ. ქვეყანაში უფრო მეტი უცხოელი შემოდის, ვიდრე გადის. აქ დარჩენილები კი, ქვეყნის ფაქტობრივ მოსახლეობას წარმოადგენენ.

„ბოლო წლების სამწუხარო ტენდენცია ასაბუთებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიხედვით ჩვენს ქვეყანას აქვს უარყოფით სალდო, ანუ გადის მეტი, შემოდის ნაკლები. არარეზიდენტების მიხედვით, ქვეყანას აქვს დადებითი სალდო. ე.ი. სხვა ქვეყნის მოქალაქე უფრო მეტი შემოდის, ვიდრე გადის. ეს არის იმის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მოსახლეობა არის რეგიონში ყველაზე ხანდაზმული ერი. რეგიონში მედიანური ასაკი ჩვენთან უფრო მაღალია, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით დაბალი. ეს კიდევ დამატებითი საფრთხის შემცველია“, - ამბობს სოსო არჩვაძე.

ბიზნესპრესნიუსის კითხვაზე, კონკრეტულად ვინ ითვლება საქართველოს მოსახლეობაში, სტატისტიკოსი ამბობს, რომ ამ რაოდენობაში ხვდებიან ის უცხოელები, ვინც ქვეყანაში უკვე საერთო მოთხოვნებს განსაზღვრავენ.

„რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც 1 წელზე მეტ ხანს ატარებენ საქართველოში, თავისთავად ითვლებიან საქართველოს მოსახლეობაში. უცხოელი სტუდენტების რაოდენობას რომ გადავხედოთ, ყოველი მეხუთე სტუდენტი არის უცხოელი. ეს არის, ინდოეთი, სირია, ბანგლადეში, ერაყი და ა.შ. ამიტომ, მათი რიცხოვნობა მონაწილეობს საქართველოს საერთო რაოდენობის განსაზღვრაში.

არსებობს მოსახლოების იურიდიული და ფაქტობრივი რაოდენობა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ერთობლივ მოთხოვნებს განსაზღვრავენ: სატრანსპორტო საჭიროებებზე, კვების პროდუქტებზე და რიგ სხვა ინფრასტრუქტურულ, თუ სხვა სახის მომსახურებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოსო არჩვაძე და დასძინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიური ქმედებებია გასატარებელი.

„დაგვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიური მოქმედება, რომ ჯერ ერთი, გავზარდოთ შობადობა და სოციალური პრესტიჟულობა გავუზარდოთ მრავალშვილიან ოჯახებს. მეორე მხრივ, უნდა შევქმნათ ღირსეული შრომის პირობები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც განათლებას იღებენ საქართველოში ან უცხოეთში. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის დემოგრაფიულმა მდგომარეობამ მიიღოს პოზიტიური დატვირთვა“, - განაცხადა არჩვაძემ.

ამასობაში, შობადობის წახალისებას აპირებენ თვით ისეთ დიდ და ძლიერ ქვეყანაშიც კი როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ტრამპის ადმინისტრაცია ოჯახების ფინანსურ დახმარებასაც გეგმავს. საუბარია შვილის გაჩენისთვის დაწესდეს 5000-დოლარიანი დახმარება. პროექტი ჯერ განხილვის სტადიაშია, თუმცა მას უკვე გამოეხმაურნენ საქართველოშიც.

„ხალხის ძალის“ წევრის თამარ ჩიბურდანიძის თქმით, მიგრაცია უდიდესი პრობლემაა მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი სხვა ეთნოსის მიგრანტების შედინება მცირერიცხოვან ქვეყნებში, რომლებსაც საქართველოსავით უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები აქვთ.

„იაფი მუშახელის მიღების მიზნით მოსახლეობის შევსებამ მიგრანტებით თვით ამერიკასაც კი ნეგატიური შედეგი მოუტანა. ამ პოლიტიკამ ევროპა გაანადგურა და გაანადგურებს ყველა სახელმწიფოს, ვისაც ეროვნული იდენტობა აქვს. ეს შედეგი უკვე იწვნია საფრანგეთმა გასულ წელს, სადაც ქვეყნის ბედი იმიგრირებულმა მუსლიმებმა გადაწყვიტეს. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანიის არჩევნებშიც სხვა ეთნოსის მიგრანტების ხმებსაც.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანაბელა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიის დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობის შევსება იმიგრანტებით სწორი პოლიტიკაა. ეს განცხადება მან გააკეთა გერმანიის კონსერვატიული ძალების განცხადების საპასუხოდ, რომლებიც ითხოვდნენ მიგრაციული ნაკადის შეჩერებას და აკრიტიკებდნენ გერმანიის ბოლო ათწლეულების არასწორ დემოგრაფიულ პოლიტიკას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდება, ისევე როგორც ცდება ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი.

დღეს მიგრაცია უდიდესი პრობლემაა მსოფლიოსთვის. პრობლემაა მოსახლეობის გადინება მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა სხვა ეთნოსის მიგრანტების შედინება მცირერიცხოვან ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენსავით უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები აქვთ და ამასთანავე, აქვთ საუკუნოვანი ეროვნული პოლიტიკა.

ტრამპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და შობადობის გაზრდის მიზნით აპირებს მთელ რიგ ღონისძიებებს ქვეყანაში. ეს არის მართებული დემოგრაფიული პოლიტიკა, რაც შედეგს გვიან, მაგრამ აუცილებლად იძლევა“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.