„დილით თვითონ მუშაობდა გამჭვირვალობის კანონზე, საღამოს კი ჩვენ თითს გვიქნევდა, რომ იგივე კანონი არ მიგვეღო“

„დილით თვითონ მუშაობდა გამჭვირვალობის კანონზე, საღამოს კი ჩვენ თითს გვიქნევდა, რომ იგივე კანონი არ მიგვეღო“

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებას გამჭვირვალობის დამატებით სტანდარტებზე და მის კიდევ უფრო გამკაცრებაზე, სენატორი ჯიმ რიში მიესალმება, თუმცა საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებას მკაცრად აკრიტიკებდა და კანონის დამტკიცების დღეს დაწერა: „ქართველების 80%-ს, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ხელისუფლებამ სახეში სილა გააწნა“. საქართველოში მიღებული კანონიდან თითქმის 1 წლის შემდეგ რიშის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და ის ახლა საკუთარ ქვეყანაში ახალი რეგულაციის ამოქმედებას ემხრობა.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის მორიგი ბრძანება შტატების უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს გამჭვირვალობის დამატებით სტანდარტებს უწესებს. აღმასრულებელი ბრძანება ამერიკულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავალდებულებს, უცხოური დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროები გაასაჯაროონ, გაამჟღავნონ კონკრეტული დეტალები, უცხოური დაფინანსების რეალური წყარო და მიზნები. დონალდ ტრამპი განმარტავს, რომ მისი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, დასრულდეს უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება.

მმართველი პარტია ჯიმ რიშის შეცვლილ მიდგომას ამერიკელი სენატორის ორმაგ სტანდარტს უკავშირებს. დეპუტატების განცხადებით, მინიმუმ, არამეგობრული დამოკიდებულებაა, როცა უცხოურ დაფინანსების გამჭვირვალობას ამერიკისთვის იწონებ, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ეწინააღმდეგები.

„თუ გამჭვირვალობა არის ის აქტუალური თემა, რომელსაც მიყოლა სჭირდება და თანხების გამჭვირვალობა პრიორიტეტია, ეს საჭიროა ქვეყნისთვის და ეს სახელმწიფოებრივი აზროვნებაა აშშ-ში, როგორ შეიძლება საწინააღმდეგო იყოს საქართველოში?!

ჩემი აზრით, ქართველს, რომელსაც ეუბნებიან, რომ ის, რაც ჩემს ქვეყანაში არის აუცილებლობა, ის დაუშვებელია შენს ქვეყანაში სახელმწიფოებრივად, ეს ნებისმიერი ქართველის შეურაცხყოფაა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არგუმენტების ნაკლებობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საქართველოში დაუშვებელი გამჭვირვალობა, იმაშიც გამოიხატება, რომ ამ ყველაფერს „რუსულს“ უწოდებენ. მდინარაძე სვამს კითხვას, აშშ-ში სახელმწიფოებრივ საკითხად მიჩნეული თანხების გამჭვირვალობა საქართველოში რატომ არის რუსული საქციელი?

ჯიმ რიშის განსხვავებული დამოკიდებულების ახსნას ოპოზიცია სხვადასხვა არგუმენტით ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკული და ქართული კანონების შედარება არასწორია, რადგან ინსტიტუციური მოწყობა ამ სახელმწიფოებში სხვადასხვაა.

იურისტი ზაზა მარიდაშვილი აცხადებს, რომ რიშის ორმაგი სტანდარტი ნამდვილად სამწუხაროა და ის დამოკიდებულება, რაც მას საქართველოსთან აქვს, სამარცხვინოა. იურისტი for.ge-თან ამბობს, რომ მისთვის და მისნაირი სენატორებისთვის საქართველო ვასალ ქვეყნად არის მიჩნეული, რომელსაც თითის ქნევით უნდა ელაპარაკონ.

„ჯიმ რიში ამბობს, რომ ამერიკის ელიტარული სასწავლებლების დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მისი კურსდამთავრებულები ამერიკის მაღალ თანამდებობებზე ხვდებიან. ანუ გამოდის, რომ ამერიკელები ჯიმ რიშის სახით ფიქრობენ, ახალგაზრდები იქიდან მოწამლული ტვინით არ უნდა გამოვიდნენ, მის განათლებაში ვიღაცის ხელი არ უნდა ერიოს და „დავერბორკებული“ რომელიმე უცხო ქვეყნის მხრიდან არ უნდა იყოს. კი ბატონო, ვეთანხმები და მივიჩნევ, რომ ეს ნამდვილად სწორი მიდგომაა. მეორე თემა არის ის, რომ ის ასევე განკარგულებას ეთანხმება, რომელიც უცხო ძალების არჩევნებში ჩარევის საფრთხეზე საუბრობს და ამ რისკებისგან ქვეყანამ თავი უნდა დაიცვას. ჯიმ რიში ამბობს, რომ ის ამ კანონზე დიდი ხანია რაც მუშაობს. მაშ, რა გამოდის, ეს კაცი საქართველოს ხელისუფლებას უკრძალავს, ეუბნება, რომ უფლება არა აქვთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღონ, ხოლო თავის ქვეყანაში ეს პრობლემა არ არის? უფრო მეტიც, თავად ამაზე დიდი მონდომებით მუშაობს. ეს ხომ ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ რაღაცა სტანდარტები, რომელიც რიშს, შაჰინს და მათნაირ სენატორებს აქვთ და ჩვენ გვიწესებენ, არ უნდა ავიტაცოთ. უნდა ვიფიქროთ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამბობს იურისტი.

მისივე თქმით, შევხედოთ მათ ცინიკურ დამოკიდებულებას ქართველების მიმართ. დილით თვითონ მუშაობდა გამჭვირვალობის კანონზე, საღამოს კი ჩვენ გვიტრიალდებოდა და თითს გვიქნევდა, რომ იგივე კანონი არ მიგვეღო.

„პირდაპირ გვეუბნება ეს კაცი, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება ამ კანონზე მუშაობის, მაგრამ ამერიკაში არ შეიძლება ვინმე დავერბორკებული იყოს, თუმცა თქვენთან ყველა ეგეთი უნდა იყოს. ანუ საქართველოს არაფრის უფლება არა აქვს, მხოლოდ ვალდებულებები აქვს და ისიც ამათთან. ეს ხომ სამწუხარო ფაქტია და საზოგადოებისთვის ყველაფერი ხომ ხელისგულზე დევს. აქ მთავარი არის ადამიანის ღირსება. როცა შენს ქვეყანას ვიღაც ასე ექცევა, შენს ხელისუფლებას თითს უქნევს იმაზე, რასაც თავად აკეთებს, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის უპირობოდ გჯეროდეს, მისი სიტყვა იყოს მნიშვნელოვანი და ამტკიცებდე, რომ ჩვენთვის სიკეთე უნდა? ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ ქვეყნის მავნებლობით არის დაკავებული, ასეთი ხალხის იმედი აქვს. ხალხის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქართველებს არაფრის უფლება არა აქვთ, საკუთარი კანონების და ქვეყნის მართვის უფლებაც კი არ გააჩნიათ. მე მგონია, რომ ქართველები ღირსეული და ამაყი ხალხი ვართ, ამიტომ ასეთი ადამიანების სიტყვას უპირობოდ არ მიიღებენ, რადგან მათ სიტყვას ჩალის ფასი აქვს“, - ამბობს მარიდაშვილი.