„სპეკულაცია, ტყუილი, გამოგონილი ამბავი“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა მისი პოლიტიკიდან და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის გამო ატეხილ აჟიოტაჟს. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს, რჩება ქვეყანაში და რჩება იმ პარტიის რიგით მხარდამჭერად, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავადაც იყო. აპირებს თუ არა პოლიტიკაში მესამედ მოსვლას? - ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, გარდა ერთისა - გახდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიცია.
ღარიბაშვილის განმარტების მიუხედავად, ოპოზიციას პოლიტიკიდან მისი წასვლის ოფიციალური მიზეზების არ სჯერა. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი გადაწყვეტილებას ფორმალობას უწოდებს, ნაწილი კი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ნაწილის ვერსიით კი მმართველი გუნდი რიგგარეშე და თვითმმართველობის არჩევნების ერთად ჩატარებისთვის ემზადება, რის არგუმენტად ხელისუფლებაში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს იშველიებენ. ზოგისთვის კი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წასვლა პრემიერ ირაკლი კობახიძის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას უკავშირდება და ამას შიდა დაპირისპირებადაც მოიაზრებენ.
პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ლიდერებმა წინასწარ იცოდნენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკის მიღმაც წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარების საქმეში. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს მისი პრემიერ-მინისტრობის რამდენიმე პერიოდი გამოყო - რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და კოვიდ პანდემიის. თქვა, რომ ღარიბაშვილის, როგორც მთავრობის მეთაურის პოზიციები მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მშვიდობის შენარჩუნების და კრიზისების მართვის პროცესში.
„ყველას შევახსენებ, რა წნეხი გამოიარა საქართველომ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში. შეგახსენებთ, მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. ეს მეც მაქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი პირდაპირ, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, ჩემს კაბინეტშიც იყო, რათა ეიძულებინა საქართველო, წასულიყო რუსეთთან ესკალაციაზე, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა ცა და ასე შემდეგ. ეს ზუსტად ემსახურებოდა ესკალაციას. მაშინ წნეხი მოდიოდა ყველაზე, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი არის უმაღლესი პირი, რომლის სიტყვაც, გადაწყვეტილებაც არის გადამწყვეტი ქვეყნისთვის. ამერიკის ელჩის პირით იქნებოდა თუ სხვა წნეხი, რომელიც მოდიოდა სხვადასხვა მხრიდან, ემსახურებოდა იმას, რომ შევსულიყავით ესკალაციაში. მათ შორის, გახსოვთ, უკრაინა როგორ ესხმოდა თავს საქართველოს ხელისუფლებას, პირდაპირ აქციებს გვიორგანიზებდა პარლამენტის წინ, პირდაპირ ერთვებოდა ზელენსკი, ელჩი გაიწვია, რათა ყველანაირად შფოთი შემოეტანა და ეიძულებინა საქართველოს ხელისუფლება, წასულიყო რუსეთთან ესკალაციაზე. ამაში ირაკლი ღარიბაშვილის როლი არის განმსაზღვრელი. მინდა, მას მადლობა გადავუხადო, რადგან მაშინ ამ წნეხს გაუძლო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია, მით უფრო მაშინ, როდესაც ყველა შეკითხვას მან თავადვე გასცა პასუხი.
ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში დღემდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი. პირველი ვადით 2013-2015 წლებში, მეორედ კი 2021 წელს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია გადადგა და მთავრობის მეთაურის პოზიციაზე 2024 წლამდე დარჩა. ორჯერ იყო მინისტრიც - ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოგვიანებით კი თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა.
ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გააფორმა ხელისუფლებამ ასოცირების ხელშეკრულება 2014 წელს, ღარიბაშვილის ხელმოწერა აქვს კანდიდატის სტატუსსაც, რომელიც საქართველოს 2023 წელს მიენიჭა.
ვინ გახდება მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარე? - ეს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გაირკვევა, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ დანიშნულა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ ახლა ოპოზიცია და მასთან აფილირებული მედიასაშუალებები ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შესახებ არაერთ ამბავს შეთხზავენ. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ სინამდვილე არის ის, რომ ამა თუ იმ სფეროში ადამიანი თავს რომ ამოწურავ, გადაწყვეტილებას იღებ, რომ წახვიდე. აბაშიძე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილმა პოლიტიკაში და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მაქსიმუმი გააკეთა, შესაბამისად, მან საკუთარი თავი ამ ეტაპზე, სახელისუფლებო გუნდში ვეღარ დაინახა.
„ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა კაცია და მას კარიერაში არაერთი პერსპექტიული გამოწვევა ელის. მე ვფიქრობ, რომ მან ამოწურა საკუთარი თავი პოლიტიკაში, ამიტომ გასაკვირი არაფერია, რომ მან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება სპეკულაციებს იმაზე, რომ შესაძლოა, ეს იყოს ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება, ან ვითომ შიდა დაპირისპირებაა და „ოცნებას“ რეიტინგი დაუვარდა, ყველაფერი ეს არის აბსურდი და ოპოზიციის ზღაპრები. არაფერი ეტყობა „ოცნებას“, რომ რამე დაპირისპირება არსებობს, ან რაიმე სახის პოლიტიკური კრიზისია ქვეყნის მართვის მხრივ. ამიტომ ეს არის ოპოზიციის ოცნებები, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. პრობლემები და დაპირისპირება თავად ოპოზიციაშია და ეს დღესავით ნათელია. ის, რაც თავად სჭირთ, უნდათ, რომ სხვას დააბრალონ. მოიგონეს, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაში მიდიოდა. მან სწორი კითხვა დაუსვა ჟურნალისტებს, ვის წინააღმდეგ შეიძლება ის ოპოზიციაში გადავიდეს, რითაც ამ სპეკულაციასაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, სჯობია რადიკალები თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ და მკითხაობას თავი დაანებონ. აბაშიძე ამბობს, რომ საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივ ამბავია ნებისმიერ ქვეყანასა და ხელისუფლებაში. ამიტომ აქაც რაღაცა შეთქმულების თეორიების ძებნას სჯობს ოპოზიციამ თავი დაანებოს.
„თუკი ხელისუფლებაში დაპირისპირებაა, ვიღაცები ვითომ გარბიან თანამდებობიდან და ათასი ტყუილი, მაშინ მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. საკრებულოებში გაიყვანონ თავიანთი ხალხი თუ ამხელა მხარდაჭერა აქვთ. რეალურად კი, რეგიონებში ყველაზე მძიმე სურათი აქვთ და ეს ყველაზე კარგად იციან. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს და საკადრო გადაადგილებებს, ეს ნებისმიერ ევროპულ დემოკრატიაში ხდება. ამას ვადევნებთ თვალს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში. ამის მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლება უფრო ეფექტური იყოს. ერთი და იგივე ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე იფიტება და ახალი სახე, ახალი ხედვებია საჭირო. ამიტომაც ხდება, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ კერძო სექტორშიც მენეჯერები იცვლებიან. ასე ხდება „ქართულ ოცნებაშიც“. აქ საგანგაშო და უცნაური არაფერია, პირიქით, ხელისუფლების კიდევ უფრო გაძლიერება ხდება, რომელიც ქვეყნის მართვა ბევრად ეფექტურად შეძლებს“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება პარტიის ახალი თავმჯდომარის ვინაობას, აბაშიძე ამბობს, რომ რამდენიმე კანდიდატურა არსებობს და ეს გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე იქნება მიღებული.
„პარტიაში რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერი არსებობს. ეს გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე გაირკვევა. შესაძლოა, ეს იყოს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ანაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ან ქალაქის მერი კახა კალაძე. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გამოჩნდება ვინ შეიძლება ეს თანამდებობა დაიკავოს.