საქართველოში მოსავლიანობა კატასტროფულად შემცირდა. იმის ნაცვლად, რომ სოფლის მეურნეობას ხელი შეეწყოს და გლეხი წელში გაიმართოს, ყველაფერი პირიქით კეთდება. შემოდგომა ჯერ არ დამდგარა, ნავთობმაგნატებმა კი თადარიგი წინასწარ “დაიჭირეს” და მეურნეობისთვის ეგზომ საჭირო პროდუქტი - დიზელი უკვე გააძვირეს.
ნავთობკომპანიებმა ყველაზე მოხმარებადი აზერბაიჯანული დიზელის ფასი სწორედ მაშინ გაზარდეს, როდესაც ხორბლის დასათესად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება მალევე დაიწყება. მენავთობეებმა შანსი არ გაუშვეს ხელიდან, რომ ისედაც გაღატაკებული გლეხისთვის ყელში ხელი წაეჭირათ.
საქართველოში საწვავზე ფასი 5 თეთრით გაიზარდა. მენავთობეებს გაძვირების ცნობილი არგუმენტი მოჰყავთ - წინა კვირას დიზელზე პლაცის ფასი 35 დოლარით გაიზარდა და 695 დოლარი გახდა. შედარებით მაღალი ფასი მხოლოდ რამდენიმე დღე აღინიშნებოდა, ამჯერად დიზელის საერთაშორისო ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და იგი 665 დოლარს შეადგენს.
ასე რომ, სპეციალისტების განცხადებით, ეს არის “თითიდან გამოწოვილი”, არაფრისმომცემი არგუმენტი, ვინაიდან მათ სასოწარკვეთილი გლეხისთვის სხვა სათქმელი არ აქვთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გლეხები ხორბლის დასათესად მიწების დამუშავებას იწყებენ. მიწები ოქტომბრამდე უნდა მოიხნას, რათა ხორბლის დათესვა ნოემბრამდე მოესწროს. თუ მიწის დამუშავება და შემდეგ ხორბლის დათესვა დაგვიანდა, მარცვალი იყინება და მოსავლიანობა მცირდება.
ამჯერად, როდესაც მთელი მსოფლიო ხორბლის დეფიციტზე საუბრობს, ხოლო ექსპერტების ერთი ნაწილი შიმშილიანობის მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებენ, ქართველმა მენავთობეებმა გლეხს დიზელი გაუძვირეს და მომავალ უბედურებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
არადა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხორბლის მოსავალი 300 ათასი ტონიდან 45 ათას ტონამდე შემცირდა, ქვეყანა იმპორტირებულ პროდუქტზე უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება. გლეხს კი ყველა გზა მოჭრილი აქვს იმისთვის, რომ მოსავალი მოიყვანოს.
აღსანიშნავია, რომ წელს სოფლის მეურნეობას, გლეხს და მთლიანად საქართველოს განსაკუთრებულად უჭირს. უკვე ცხადია, რომ წლეულს 35-50 პროცენტით შემცირდება ხორბლის, ყურძნის, ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხილისა და ბოსტნეულის მხრივ.
დასავლეთში სიმინდსაც უჭირს. იმერეთსა და გურიაში ერთწლიანი კულტურები განადგურების პირასაა. გვალვიანობა, სავარაუდოდ, მეცხოვრელეობაზეც მოახდენს გავლენას, რადგან გვალვების გამო მინდვრებია გადამწვარი.
საფრთხის წინაშეა ყურძნის მოსავალი. ქვეყანამ, შესაძლოა, ბოლო წლებში ყველაზე მცირე მოსავალი მიიღოს. შარშან 180 ათასი ტონა ყურძენი მოიკრიფა, წელს კი 100 ათას ტონაზე მეტს არავინ ელის.
ქვეყანაში სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ყოველწლიურად პრიორიტეტად ცხადდება, მაგრამ ასევე წლიდან წლამდე უფსკრულისკენ მივექანებით. ასეთი პოლიტიკის შედეგს ე.წ. ქართველი ამომრჩეველი განსაკუთრებით ზამთარში იგრძნობს.