ოპოზიცია მხოლოდ „დიფ სთეითს“ მზეს ხედავს - ეუთოს გენმდივნის ვიზიტი არ შეიმჩნიეს

ოპოზიცია მხოლოდ „დიფ სთეითს“ მზეს ხედავს - ეუთოს გენმდივნის ვიზიტი არ შეიმჩნიეს

6 თვის განმავლობაში ხელისუფლების არალეგიტიმურობის „მტკიცების“ მიუხედავად, საქართველოს პერიოდულობით სტუმრობდნენ ოფიციალური პირები. ამჟამად ქვეყანაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს ეუთოს გენერალური მდივანი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული ვიზიტი, ოპოზიციის კრახია, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებდა. 

სახელისუფლებო გუნდში, ოპოზიციური პარტიების ლიდერების, წარსულში გაკეთებული წინააღმდეგობრივი განცხადებებიც გაიხსენეს. არჩევნებამდე ოპოზიცია ეუთოს დასკვნას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. 26 ოქტომბრის შემდეგ კი, ხელისუფლების ოპონენტებმა არჩევნების მთავარ არბიტრად აღიარებული ორგანიზაციის დაკნინება დაიწყეს.

ეუთოს დასკვნისა და მისი გენერალური მდივნის ვიზიტის იგნორირება, ოპოზიციის მძიმე მდგომარეობის მანიშნებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლებმა, ოპონენტებს რეალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება კიდევ ერთხელ ურჩიეს. განმარტეს, რომ მცდელობების მიუხედავად, ხელისუფლების შეცვლის ყველა ძალადობრივი სცენარი ჩავარდა.

„ქართული ოცნება“ ოპონენტებს კითხვას უსვამს - როგორ არის თანხვედრაში ერთმანეთთან ქვეყნის იზოლაციაში ყოფნის ბრალდება და ეუთოს უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტი?

აქვე, სახელისუფლებო პარტიაში მიუთითებენ ეუთოს საარჩევნო დასკვნებსა და ამ შეფასებების გამო ოპოზიციის უკმაყოფილებაზე.

ეუთოს გენერალური მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ თბილისში მისი ჩამოსვლა ეუთოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დადასტურებაა. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ინტერესებშია საქართველოში სტაბილური გარემო, რადგან ეს არა მარტო ერთი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეუთოს მაღალჩინოსანმა მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოს გარე და შიდა გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გაძლიერება, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია, ეს საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. მაკა ბოჭორიშვილი გენერალურ მდივანს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო პატივს სცემს ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და მიუღებელია კონკრეტული ძალების მხრიდან, ამ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობები. მაკა ბოჭორიშვილმა ამ კონტექსტში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევები ახსენა და განმარტა, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ პრინციპებთან, რასაც საერთაშორისო წესრიგი ეფუძნება.

ოპოზიციური პარტიების მტკიცებით კი ვიზიტი არ არის კავშირში ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ ეს შეხვედრა არ შემდგარიყო, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც დასავლეთი საჭიროების შემთხვევაში „ჰამასსა“ და „ჰეზბოლასაც“ კი შეხვედრია.

„უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა დასავლეთი საჭიროების შემთხვევაში, „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ ესაუბრება. არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დითირამბების სათქმელად იყოს ჩამოსული. ასეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც წესი, ჩამოდიან მოლაპარაკებებზე, რომ კიდევ ცადონ ხელისუფლების მობრუნება იმ კრიტიკულ წერტილამდე, რასაც მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ჰქვია. გაფრთხილების მიმღები შიკრიკები ხშირად ჩამოდიან ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების საკითხი ხალხის გადასაწყვეტია და ეს გადაწყვეტილება ერთი ხელის ჩამორთმევით თუ შეხვედრით ვერ შეიცვლება.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რო ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების აღიარებას ნიშნავს. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ ნირწამხდარი ოპოზიცია სხვას ვერაფერს იტყვის და ამიტომ ამტკიცებს, თითქოს ამხელა რანგის პირის საქართველოში ვიზიტი ლეგიტიმაციის აღიარება არ ყოფილა.

„საქმე ისაა, რომ ეუთოს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარების პრობლემა არასდროს ჰქონია. ფაქტია, ეს არის აღიარება და იმის მოლოდინი არსებობს, რომ დასავლეთში ეს ნავსი გატყდება. თუმცა ვიცით, რომ ეუთოსა და არჩევნებზე მისი სადამკვირვებლო მისიის მხრიდან არასოდეს არ თქმულა, რომ არ აღიარებენ პარლამენტს, ხელისუფლებას და არჩევნებს. ძალიან მარტივია ერთმანეთს შევადაროთ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები - რას წერდა მაშინ ეუთო და რას წერს ახლა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე.

2024 წლის არჩევნების დასკვნა გაცილებით უფრო რბილია და ნაკლებ შენიშვნას შეიცავს. 2008 წელს ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა, რომ არჩევნები აშკარად გაყალბებულიაო. ახლა მსგავსი რამ არავის უთქვამს. ამიტომ არც კი ისმება კითხვა ასე, ეუთო ცნობს თუ არა „ოცნების“ ხელისუფლებას ლეგიტიმურად. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, საუბრები ყოფილიყო იმაზე, თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე. ანალიტიკოსი ასევე არ გამორიცხავს შენიშვნებს ადამიანის უფლებების მხრივ. ასევე, შესაძლოა, კითხვები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც დაისვას. ეუთოს სურვილია, რომ ეს არჩევნებიც მაღალ დონეზე ჩატარდეს. არ იყოს შენიშვნები ბევრი და ა.შ.“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით ვიზიტისგან არ უნდა ველოდოთ, რომ აღიარების საკითხის პრობლემა დასავლეთიდან ასე უცბად გადაიჭრება, თუმცა მას გავლენა ექნება.

„სამწუხაროდ, ევროპარლამენტარების და ევროსაბჭოს წევრების ნაწილის პოზიციები როგორიც არის, კარგად ვიცით. ვხედავთ, რომ იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას ბედავენ, ბულინგის და საყვედურების ქვეშ აქცევენ. ამიტომ მიჭირს ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ ამ მხრივ რაღაცა დიდი ცვლილება იქნება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არა აქვს ურთიერთობის პრობლემები მეზობლებთან, რეგიონში იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ამასთანავე ვხედავთ რუსეთიდან დაძრულ მცდელობებს და სურვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის. ეს მართალია სხვა საკითხია რის ფასად სურთ, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებასაც შეუძლია აქედან რაღაცა სარგებლის მიღება ეცადოს და თავის პოზიციაზე მყარად დადგეს. ჩვენი საჭიროების გაზრდა რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ძალიან სწორი სვლაა, როცა აღმოსავლეთ და სამხრეთთან ურთიერთობის დაბალანსება ხდება. გვახსოვს კობახიძის ვიზიტი ემირატებში, ცენტრალურ აზიაში და ა.შ. ეს ძალიან საჭირო და სწორი ტაქტიკაა. როგორც წამყვანი ეკონომისტები ამბობენ, თუ გინდა მსოფლიოში კრედიტის მოპოვება, აღმოსავლეთსა და სამხრეთში უნდა წახვიდე“, - ამბობს მამრაძე.

ეუთო-ს გენმდივანი ოპოზიციას არ შეხვედრია, რისი მიზეზიც მამრაძის აზრით, თავად ოპოზიციის პოზიციაა. მათ არ მოითხოვეს შეხვედრა, რაც პოლიტიკურად დიდი შეცდომაა.

მარბიელი ქოცები იძახიან ოპო გარედან იმართება და რასაც დაავალებენ პატრონები, ისე მოიქცევიანო
ოპო იძახის ქოცები პუტინის ხელის ბიჭები არიან და ქვეყანა რუსის ორბიტაზე შეიყვანესო
ქოცი - ოპო ქვეყნის მტერი, დიფსტეიტის აგენტი მოღალატეა
ოპო - ქოცი რუსის აგენტია და ქვეყანას ფაქტიურად რუსები მართავენ
ქოცი - ოპოს გარედან აფინანსებენ ქვეყნის დასაქცევად
ოპო - ქვეყანაში ბევრი შავი რუსული ფული შემოდის ქოცების გასამაგრებლად
იქნებ ორივე მართალია?
2 საათის უკან
Gami ამ " ნედოროსლი" სანიკიძის მამა ქაქის ბოჩკა გუბაზა იძახდა: "ოცნების გენერალი ვიყავიო." ეს შვილი ვინღა გამოდის - ნაცების ზემდეგი თუ?...
1 საათის უკან