მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტის ხაზი. ხელისუფლების სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიუღებელი გახდა აგრესიული დასავლეთისთვის, რომელსაც მალევე მოჰყვა შემხვედრი ნაბიჯები - სანქციები ხელისუფლების სხვადახვა წევრების წინააღმდეგ, რადიკალური საპროტესტო აქციების დაფინანსება, რეზოლუციები, სხვდასხვა პროგრამების დაფინანსების შეჩერება და საპარლამენტო არჩევნების არაღიარება. აგრესიული ბრიუსელი უფრო შორს აპირებს წასვლას და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე აკეთებს გათვლას.
პარლამენტის თავმჯდომარეს უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. თუმცა, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია.
„ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად, ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.
რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ვუსმენდი გერმანიის ელჩის ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრივილეგია, უნდა დავაფასოთო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას.
თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ზრდა არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინსა თუ ფრანკფურტშიო. ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შანტაჟი კარგა ხანია მიმდინარეობს და გრძელდება, ევროინტეგრაციის პროცესი გამოიყენება შიდა დაძაბულობისთვის, რადიკალური ჯგუფების გამოღვიძებისა და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის - ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მისი შეფასებით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ შანტაჟის ენით საქართველო ცუდ კონტექსტში, სათავისოდ გამოიყენოს.
„ახალი არაფერია, არც პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება, შანტაჟი კარგა ხანია მიმდინარეობს და გრძელდება, ჯერ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არ მოცემის საკითხი იყო, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის, ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის შანტაჟის მექანიზმად იყენებენ, ეს დამოკიდებულება წარმოუდგენელია. ჩვენ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ და იმიტომ გვინდა ევროპა, რომ ევროპული ღირებულებები - სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა გვინდა.
ევროინტეგრაციის პროცესი გამოიყენება შიდა დაძაბულობისთვის, რადიკალური ჯგუფების გამოღვიძებისა და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის. გვახსოვს, როგორ ხდებოდა სხვადასხვა თემების გამოყენება, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღება-არ მიღების საკითხი, რომ რევოლუცია მოეწყოთ, დაპირისპირება და სახელმწიფო გადატრიალება და არ გამოუვიდათ. შემდეგ შემოიტანეს მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ახლა ვიზალიბერალიზაციის საკითხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე განცხადებები არის დაშინების მექანიზმი. თუმცა არ ფიქრობს, რომ ევროკავშირი ამ დონეს იკადრებს და ქართველ ხალხზე ამგვარი ზეწოლა მოხდება. მისივე თქმით, ეს არის ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს „დიფ სთიეთს“ და „ომის გამჩაღებლებს უკრაინაში“, მაგრამ „ვერ ეღირსებიან“.
„მე მაინც არ მგონია, რომ იკადრებს ევროკავშირი და ქართველ ხალხზე მოხდება იმგვარი ზეწოლა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ქართველი ხალხის სულისკვეთება არის, რა თქმა უნდა, ევროპული მომავალი. ქართველმა ხალხმა დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატოსთან, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა დასავლური წამოწყების მაქსიმალურად მხარდამჭერი ყოფილიყო, მათ შორის, სამსხვერპლოზე დადო ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ნატოს და შეერთებული შტატების მისიებში. ეს არის დაშინების მექანიზმი.
ოპოზიცია არის ერთი დიდი მოღალატეობრივი სინდიკატი საქართველოში, ცოცხალი, ხელშესახები ორჯონიკიძეები, შადიმანები, რომლებიც არ იღლებიან საკუთარი ქვეყნის ღალატით. აკეთებენ იმას, რაც შეუძლია. დადიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ითხოვენ, რომ რამენაირად ქართველი ხალხი დაისაჯოს, მაგრამ ბუნებრივია მათ მცდელობას საბოლოოდ არ ექნება წარმატება. ის მნიშვნელოვანი ევროპულო გზა, რომლის საქართველომ დღემდე გამოიარა და რომელსაც აგრძელებს, ბუნებრივია, დასრულდება იმით, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ხელი შეუწყონ საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა არის ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველს და გარიყულს - ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია.
„ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია! „ქართული ოცნება“ გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ. ჯერ გვეუბნებიან: „ვიზალიბერალიზაცია დიდი არაფერია“ - ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა, მათ უნდათ, დაგვათმობინონ ის, რაც თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი მიზანია - საზოგადოება შეეგუოს უარესს და მოამზადონ ნიადაგი უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ იბრძვიან არა ხალხის, არამედ საკუთარი ძალაუფლებისთვის. ამიტომ ებრძვიან ევროპას, ამიტომ დევნიან პროდასავლურ ახალგაზრდებს, ამიტომ იღებენ „რუსულ კანონებს“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოს მოსახლეობის რეაქცია იქნება ყველაზე კარგი რეფერენდუმი იმაზედ, მზად არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები გაცვალონ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმიზე.
„მე, პირადად, ძალიან დიდი ინტერესით ველოდები. რიკარდ იოზვიაკი, „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს რედაქტორი, კარგად ინფორმირებული ევროკავშირის კულუარულ პროცესებზე, წერს, რომ EU-ს მიერ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება/გაუქმების პროცედურების გამარტივება ისახავს ორ მიზანს: პირველი - ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა; მეორე - პოტენციურად გამოიყენოს სავიზო პოლიტიკა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი მესამე ქვეყნებზე ზეწოლის მიზნით.
იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაცია დიდი ხნის მანძილზე გამოიყენებოდა როგორც ერთგვარი თაფლაკვერი, განსაკუთრებით მის სამეზობლოში (პოსტსაბჭოთა ქვეყნები), შესაბამისად, ამ პრივილეგიის შეწყვეტის მუქარა განიხილება როგორც რეალური მათრახი. სხვადასხვა წყაროების თანახმად, საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპაში უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი ევრობიუროკრატიის მაგიდაზე დევს და შესაფერის დროს ელოდება“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემდეგ, კიდევ ერთი ინსტრუმენტი დარჩებათ ევრონაძირალ ბიუროკრატებს. ისინი შეეცდებიან საქართველო მოკვეთონ ევროსპორტიდან. გაგვრიცხონ UEFA-დან, FIBA EUROPE-დან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიდან.
„დამერწმუნეთ, ამაზეც წავლენ. ოღონდაც კი ლომჯარიები, მელიები, უგულავები, გვარამიები...ხელისუფლებაში მოიყვანონ და საკუთარ თავზე მიმართული ვოლოდიას „ორეშნიკები“, ჩვენკენ გადმოამისამართონ. ეს არის 21-ე საუკუნის ევროიმპერიალიზმის რეალური სახე. ამიტომაც, ქართველ ხალხს და მის მომავალს უდიდესი განსაცდელი ელოდება ანუ ოთხი მხრით პოლიტიკურ-დიპლომატიური ხმლის ქნევა: ოკეანისგაღმელ „დიფ სთეითთან“, იმავე „დიფ სთეითელთა“ მიერ მართულ ევრობიუროკრატიასთან, რუსულ ოკუპაციასთან და გადამწყვეტი, ხმალამოღებული, გამანადგურებელი შეტევა ამათ მიერ საქართველოში დაფინანსებულ, ჩანერგილ და მართულ მეხუთე კოლონასთან. ესაა რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც მოქმედებდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც ამ დრომდე მოიტანეს საქართველო“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
საბჭოთა კავშირმა დაუნგრიათ მათ კოლონიური სისტემა და ახლა ჯავრს იყრიან ყოფილ სოციალისტურ და პოსტ საბჭოთა ქვეყნებზე, მათი ახლებურად კოლონიალიზაციით.
ზოგი ამას სიამოვნებით ხვდება, მაგ. ბალტიისპიორეთის რესპუბლიკები - გამოაცხადა კიდეც ლანდსბერგისმა - შემოსვლა თუ გინდათ, სუვერენიტეტს დაემშვიდობეთო. თითონ დაემშვიდობნენ, თან ასე ძალიან სიამოვნებთ. სხვებისთვის ასეთი სიამოვნება მიუღებელია, რადგან ეს ჩვეულებრივი კოლონიალიზმია, ახალი შეფუთვით.
ადრე თუ კოლონიზატორების იარაღი ზარბაზანი იყო, ახლა გრანტებით გამოზრდილი არასამთავრობოები და ადგილობრივი ინტელიგენციის სულგაყიდული, მცირე, მაგრამ კარგად დატრენინგებულ-დაფინასებული ნაწილია.
ქართველი ხალხისათვის ნებისმიერი სახის უცხოური უღელი მიუღებელია. საქართველო ღია უნდა იყოს ურთიერთ სასარგებლო და თანასწორი კავშირებისათვის, მებისმიერ ქვეყანასთან და ქვეყნების გაერთიანებასთან, ყველა კონტინენტზე.