საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრებს აგრძელებს. მთავარი საკითხი იგივეა - საქართველოში მიმდინარე პროცესები და წინააღმდეგობის პლატფორმის გეგმები, რომლის შექმნაც ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივა იყო. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს შეხვედრები ისეთივე უშედეგო და არაფრის მომცემი იქნება, როგორიც მანამდე იყო სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. აღინიშნა, რომ დღეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ ქვეყანაში რაიმე შეცვალონ, თუნდაც რევოლუციური გზით.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
„განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, წინააღმდეგობის პლატფორმის გეგმები. საზოგადოებას შევთავაზებთ შეხვედრებს და გაგაცნობთ, როცა იქნება კონკრეტული თარიღი. თვითმმართველობის არჩევნები არ არის ჩვენი განხილვის საკითხი“, - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციას დასავლეთისგან ფული აქვს აღებული და ამ შეხვედრებს შეხვედრისთვის მართავენ. მისი შეფასებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაც სწორედ დასავლეთის მიერ არის დაფინანსებული.
„შეხვედრებმა ამ დრომდე რა შედეგებიც გამოიღო, იგივე შედეგებს გამოიწვევს მომავალშიც, კიდევ უარესს. სალომე ზურაბიშვილი რას წარმოადგენს?! ის არის პოლიტიკური გვამი, რომელთანაც არიან შეკრებილები პოლიტიკური გვამები ასევე. ვინმემ დამისახელოს, რომელი არის მათ შორის წონადი პოლიტიკოსი, რომლისაც ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის აბსოლუტურ უმრავლესობა სჯერა?! მათ მიღებული აქვთ დაკვეთა მათი პატრონებისგან, გარე ძალებისგან, რომელთაც ქართველ ოპოზიციონერებზე დიდი ფული აქვთ დახარჯული და ითხოვენ რაღაც საქმის კეთებას, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან აკეთონ შეხვედრები შეხვედრებისთვის.
საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციებზე შემოსული თითოეული თეთრი გაკონტროლდება. ესენი რასაც აკეთებდნენ, აკეთებდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის მეშვეობით, რასაც გარედან ფულს ჩაურიცხავდნენ. ის სუბიექტები, რომლებიც რუსთაველზე დგანან, სწორედ ფულის გამო დგანან - მათ არაფერი საერთო არ აქვთ პოლიტიკასთან. ეს არის შეუმდგარი ერთობა და შეუმდგარი პოლიტიკოსები - როგორც კოვზისაგან სალამური არ გამოვა, ისე ამათგან ის შედეგები ვერ დადგება ვერასდროს, რასაც მათ გარე ძალები სთხოვენ, ანუ ხელისუფლების შეცვლას. იმასაც კი ამბობენ, რომ ცუდ მდგომარეობაში არიან და მხოლოდ რევოლუცია უშველით. მამალი ინდაურებივით ფაფხურობენ და იფხორებიან, რომ დასავლეთს დაანახონ, თორემ რა გეგმა უნდა ჰქონდეს რომელიმე მათგანს?!“ - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ამის ფონზე, სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობა“ სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებს და არ არის გამორიცხული, რომ პარტიამ უარი თქვას მეხუთე პრეზიდენტთან საუბარზეც. უთანხმოების მთავარი მიზეზები მიხეილ სააკაშვილის არშეწყალება და გაერთიანების იდეის უარყოფაა. ამასთან, გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მოწინააღმდეგეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია - „გახარია საქართველოსთვის“. ის, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, კვლავ ინარჩუნებს მანდატებს სადავო პარლამენტში, მაგრამ არ ერთვება „ქართული ოცნების“ პარლამენტის მუშაობაში.
„ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. მათ შორის, პირველ რიგში, სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზით, ქვეყნის ევროპული მომავლის აღსადგენად. ამ მიზნების მისაღწევად, პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ კოორდინაციის ფორმატში და ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, - ნათქვამია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.