ბოლო პერიოდში ილჰამ ალიევი სიტყვას გვაწევს ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საქართველოც და აზერბაიჯანიც დაახლოებით ერთსა და იმავე მდგომარეობაშია. „იუსაიდი“ იქაც მავნებლობს და საქართველოშიც, პოლიტიკურად ანგაჟირებული არასამთავრობოები იქაც ცდილობენ ხელისუფლების შერყევას და საქართველოშიც.
გარდა ამისა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც საქართველოს და აზერბაიჯანს ერთმანეთი სჭირდებათ, რადგან შუა აზიის დამაკავშირებელი ფუნქცია გააჩნიათ. ჩვენ გვაკავშირებს საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.
ამ რამდენიმე დღის წინ ილჰამ ალიევმა შეუტია ბიუროკრატებს ბრიუსელიდან და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს კოლონიალისტივით ექცევა, შიდა საქმეებში ერევა, ხალხის ნებას უგულებელყოფს.
„ბიუროკრატები ბრიუსელსა და სტრასბურგში თავიანთ პლანეტაზე ცხოვრობენ. ფიქრობენ, რომ ყველას მათთან დაახლოება უნდა. არა, ის დრო წავიდა“, - ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
რა ეტაპზე გადადის საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა?! სხვა მხრივაც რატომ არ გრძელდება ეს ურთიერთობა, მაგალითად, როგრც ამბობენ, ისტორიული ჰერეთის - საინგილოს გზა დღემდე ჩაკეტილია და კორონასდროინდელი კარანტინის რეჟიმი გააგრძელა ალიევმა, ასევე, დავით გარეჯის საკითხია გადასაწყვეტი.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ სრულიად ახალ ეტაპზე ავიდა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა და ალიევი თავისი წონიანი სიტყვით გამოდის საქართველოს მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა გააქტიურებულია ახლა, რაც აზერბაიჯანმა შეძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყარაბაღში ომის შემდეგ და ეს მოახერხა თურქეთის აქტიური სამხედრო დიპლომატიური დახმარებით. შემთხვევითი არ იყო ერდოღანის საჯარო განცხადება, „ჩვენ ვართ ერთი ხალხი-თურქები და აზერბაიჯანელები, რომლებიც უბრალოდ ვცხოვრობთ ორ სხვადასხვა სახელმწიფოში“. ის ამბობდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო თვალსაზრისით, დავეხმაროთ აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. სხვათა შორის, ბაქოში სამხედრო აღლუმი ალიევმა და ერდოღანმა ერთად ჩაიბარეს. გავიდა დრო და რუსეთის სამშვიდობო ძალებიც ყარაბაღიდან გააძევეს და არავითარი რეაგირება პუტინს და კრემლს ამაზე არ ჰქონიათ. რუსეთის სამშვიდობო ძალები უბრალოდ წავიდნენ ყარაბაღიდან.
„ეს ტანდემი, ეს ერთობა, ანუ ერთი ერი ორ სახელმწიფოში და შუაში საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სურათია სამხრეთ კავკასიაში. ერთი მხრივ, სააკაშვილისა და ბიძამისის საშინელი ღალატის შედეგად რუსული ბაზები და ტანკები დგას საქართველოს ტერიტორიაზე, თბილისიდან 30 კილომეტრში, მეორე მხრივ, თბილისი ახერხებს პოზიტიურ დამოკიდებულებას როგორც თურქეთთან, ისე აზერბაიჯანთან. ანტალიაშიც როცა ჩავიდა ბოჭორიშვილი, მისმა კოლეგამ თურქეთის მინისტრმა ხაზგასმით თქვა, ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე, „excellent“ ურთიერთობა საქართველოსთანო. ამ გეოპოლიტიკურ სურათში ასეთი განლაგება ჩამოყალიბდა, მაგრამ კარგია, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდა სომხეთთან საქართველოს ურთიერთობის წახდენის ხარჯზე. ამ მხრივაც შესანიშნავი ურთიერთობაა, საქართველოში ჩამოდის ხოლმე ფაშინიანი“, -აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
მისივე განმარტებით, შესაძლოა, ზოგიერთებს ცდუნება გაუჩნდეთ, რომ ჩვენც გამოვიყენოთ თურქეთის ფაქტორი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, რადგან ყველას ესმის, ეს რასაც ნიშნავს. ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება უკრაინაში, ღმერთმა აშოროს ნებისმიერ ქვეყანას, პირველ რიგში, საქართველოს მსგავსი განადგურება. თუმცა ბევრი კარგი პროექტის განხორციელება შეიძლება თურქეთ-აზერბაიჯანთან ერთად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის, ინფრასტრუქტურისთვის უაღრესად სასარგებლო იქნება.
პეტრე მამრაძის შეფასებით, ცხადია, უცხოური ორგანიზაციები აზერბაიჯანშიც ცდილობდნენ სიტუაციის ამღვრევას, არც თურქეთია კმაყოფილი ევროკავშირის საქციელით. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა თურქეთს კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს მიანიჭა. უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია გასული, მაგრამ შეეშინდათ ამხელა ქვეყნის მიღება ევროკავშირში, წაგვლეკავსო მათი სამუშაო ძალა და გააჯანჯლეს თურქეთის მიღება.
რაც შეეხება დავით გარეჯს, პეტრე მამრაძის მოსაზრებით, ეს ძალიან მგრძნობიარე, სენსიტიური საკითხია ორივე ერისთვის-საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის, თვით შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმაც ვერ მოახერხეს ამ საკითხის გადაწყვეტა. არადა, ეს ადამიანები ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ, ეს ტანდემი, მათი საოცარი ნდობა, მეგობრობა რომ არა, ვერ განხორციელდებოდა საუკუნის პროექტები - ნავთობსადენი და გაზსადენი.
„ჰეიდარ ალიევი იტყოდა ხოლმე, კი, ნავთობი და გაზი ჩვენია, მაგრამ ედუარდის გარეშე ჩვენ ამას ვერ გავიტანდითო. ასევე, გვახსოვს 1999 წლის სამიტი, სტამბოლში ხელის მოწერა, ელცინი, დემირელი იყვნენ ჩასულნი. ელცინმა მოაწერა ხელი, რომ ბაზას გაიყვანდა, ასეთი მჭიდრო ურთიერთობის ფონზეც კი ვერც ერთმა მხარემ თავის თავზე ვერ აიღო და ვერც მეორე მხარე ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში, რომ მოდით, დავით გარეჯის პრობლემა საბოლოოდ გადავწყვიტოთ, რადგან ეს იქნებოდა პოლიტიკური ჰარაკირი ნებისმიერი მხარისთვის, რომელიც კომპრომისზე წავიდოდა. შეთანხმდნენ იმაზე, რომ საერთო სარგებლობაში იყოს ეს ტერიტორია, ანუ ქართველები, მომლოცველები იქ დადიან, ჩვენი სამღვდელოება იქ მოღვაწობს. მრავალი წლის განმავლობაში იყო მხოლოდ ერთი კრიზისი, როცა ანტიეროვნული ძალების ერთ-ერთი ბელადი, მაშინდელი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩავიდა დავით გარეჯში, დადგა და თქვა, ეს ქართული მიწაა და დავალებას ვაძლევ საგარეო სამინისტროს, სასწრაფოდ ეს დაჩქარებული წესით გააფორმოს. მაშინ გადაიკეტა ყველაფერი, იძულებული გახდა აზერბაიჯანის ხელისუფლება დამატებითი მესაზღვრეები გამოეგზავნა. ალიევს ეს რომ არ ექნა, თვითონ უნდა წასულიყო თანამდებობიდან, ისეთი განწყობა იყო შექმნილი. ამდენად, რა უკეთესია, ასეთი კომპრომისი, თუ კონფლიქტი, რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდება?!“ - აცხადებს პეტრე მამრაძე.