„იმისთვის, რომ ერეკლე კოდუას თავისი ოჯახის წევრები მანქანებით მოემარაგებინა, სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული“

„იმისთვის, რომ ერეკლე კოდუას თავისი ოჯახის წევრები მანქანებით მოემარაგებინა, სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული“

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომზე 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილეს. კომისიას განმარტებები მისცა პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელმაც კომისიას წარუდგინა მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ვადაში მილიარდები დააგროვა, როგორც სახელმწიფო ქონების, ასევე რიგითი ადამიანების ძარცვის - სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, აგვისტოს ომის წინა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონების მიტაცება გამალებით მიდიოდა და მის მიერ შეძენილი ქონების უმრავლესობა სწორედ ამ პერიოდშია რეგისტრირებული. მისივე თქმით, განათლების სისტემაში, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ ხდებოდა მონოპოლიების შექმნა, საჯარო სკოლების დახურვისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლისთვის ქონების ჩამორთმევის გზით.

„ჩემ მიერ წარმოდგენილი მასალები არ აჩვენებს ერთი კონკრეტული დანაშაულის ან ერთი კორუმპირებული პრეზიდენტის და მისი ოჯახის კორუმპირებულობას, რაც თავისთავადაც სამარცხვინოა, არამედ, ამ მასალებში ჩანს ხელისუფლების ყველა შტოს ხრწნის უკანასკნელი სტადია, სისტემური დანაშაული, როცა დანაშაულში ჩართული არის ყველა და ყველაფერი, რაც კი სახელმწიფოსთან არის გაიგივებული. დანაშაულებრივ სისტემაში, რომელიც პრეზიდენტმა თავის გუნდთან ერთად შექმნა, ჩართული იყო სასამართლო სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საჯარო რეესტრი, დედა, მამა, სიდედრი, მეუღლე და ასევე, მედია“, - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

საკუთრების უფლებების შელახვის ფაქტზე კომისიამ ბიზნესმები ჯუმბერ ბუზალაძე გამოჰკითხა, რომელსაც 2005 წელს, იაპონურ მაფიასთან კავშირისა და მოპარული ავტომანქანების საქართველოში ჩამოყვანის ცრუ ბრალდებით, ავტოსადგომზე გასაყიდად განთავსებული ორი ავტომანქანა ჩამოართვეს და ერთი წლით საპატიმროში ჩასვეს.

როგორც ბუზალაძემ აღნიშნა, ავტომანქანების ჩამორთმევაში მონაწილეობდნენ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა. როგორც ჯუმბერ ბუზალაძემ კომისიის სხდომაზე საუბრისას აღნიშნა, 2005 წელს ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები მოეწონათ და შემდეგ გაიგო, რომ მათ ეს მანქანები მეუღლეებისთვის, თაკო სალაყაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის სჭირდებოდათ.

„2005 წელს დუბაიში შვილი მოეწყო ამერიკულ უნივერსიტეტში, ჩავდიოდით ხოლმე მე და ჩემი მეუღლე. ახლობელი გვყავდა, და თუ გაქვთ საშუალება, მანქანები მიჰყავთ აქედან და რაღაც რჩებაო. ჯერ უბრალო მანქანები წამოვიყვანე, შემდეგ ჩავდე ბინა და საოფისე ფართი დიღომში. მარჯვენასაჭიანები იყო და საჭის გადატანა დამჭირდა. სულ სამი მანქანა შევიძინე, თითო მანქანის გადაკეთება 3 500-დან 4 ათასამდე დამიჯდა, ზუსტად არ მახსოვს. დუბაიში იანვარში შევიძინე და მარტ-აპრილში წამოვიდა გემით.

ჩამომყავს თბილისში, მაქვს ყველანაირი საბუთი. შემდეგ გადამყავს მანქანები ავტოსადგომიდან ავტოსადგომზე. გელა ბარკალაიამ მითხრა, ჩემთან დააყენე, უფრო გაიყიდებაო. დავუჯერე. გადავიყვანე ორივე მანქანა ბარკალაიას ავტოსადგომზე, თბილისში, სანაპიროზე. 2005 წელია - ვხედავ, თანამშრომლების ჩოჩქოლია, ეგრევე ჩამომართვეს გასაღებები, უნდა შევამოწმოთო. ერთ-ერთი უფროსი ურეკავს მათ ზემდგომს და ეს მანქანა უნდა გადავიყვანოთო.

წავედით, გავყევი მეც. მაშინ სოდ-ი იყო, წინა მხარეს უყენია ორივე, ვუყურებ ჩემს მანქანებს, გული გამისკდა. მოდის ბატონი მერაბიშვილი, მოეწონა, გადაუსვა ხელი ერთ მანქანასაც, მეორესაც, ეცინება. დაიწყეს ძიება. შემდეგ დავუკავშირდი ბატონ ჯონდის. გავიგე, რომ მერაბიშვილს მისი მეუღლისთვის უნდოდა და კოდუას კიდევ - ნანუკასთვის“, - აღნიშნა ბუზალაძემ.

კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის კითხვაზე, საიდან იცის, რომ ეს მანქანები ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას მაუღლეებისთვის უნდოდათ, ჯუმბერ ბუზალაძემ განაცხადა: „ერთ გორელს ჰყავდა ჩემი მანქანისნაირი შინდისფერი თუ წითელი. ედავა, ედავა მას და ვერ წაართვა. მე მომერია. ნანუკა შემოვარდა გამოძიების დროს სოდ-ის შენობაში, საბურთალოზე ორი ოპერატორით, გადამიღო. სამი ადვოკატი მყავდა და ისინი მიხვდნენ, ვინც იყო, მე ვერ მივხვდი. მერე გამომაცხადა „რუსთავი 2“-ში, თითქოს მე ვარ იაკუძას მაფიასთან შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარვინებ მანქანებს, გადამყავს დუბაიში და იქიდან მომყავს საქართველოში. დაკითხვის დროს შემოვიდა, მკითხავდა გამომძიებელი გულედანი“, - განაცხადა ჯუმბერ ბუზალაძემ.

კომისიის თავმჯდომარის კითხვაზე, რითი დამთავრდა გამოძიება - ბუზალაძემ განაცხადა, რომ მომხდარის გამო მან დაკარგა უძრავი ქონება და შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. „ავადმყოფობები ავიკიდე, ამიწია შაქარმა, ყურის აპკები დამისკდა, ოთხი სტენტირება დამჭირდა, დამაინვალიდეს ნერვიულობისგან. დამატებით კიდევ ერთი რამ მოხდა. ვადა გასდიოდა მანქანებს და განვაბაჟე, რომ ჯარიმები არ მოსულიყო. როცა წაიყვანეს, უკვე განბაჟებული მქონდა.

ორ თანამშრომელს აჰკიდეს ე.წ. სროკი, ვითომ ფული გადავიხადე და განვაბაჟე. მე ავუხსენი, როგორც მოხდა განბაჟება. არასწორად მოხდა განბაჟებაო და ისინი დაიჭირეს. ვუთხარი, რომ ვიდრე წამოიყვანდით, მე წინა დღეს განბაჟებული მქონდა-მეთქი და ფულიც ჩარიცხული. მისაყვედურეს, რატომ იჩქარე განბაჟებაო. ერთი წელი ორთაჭალაში არსებულ ციხეში ვიჯექი ამ მანქანების გამო. ეს მანქანები საბოლოოდ ვისი საკუთრება გახდა, არ ვიცი. მერე კოდუას სამინისტროს დარჩა თუ ვის, არ ვიცი. სახლები დავკარგეთ. ორი წელი მომისაჯეს“, - განაცხადა ჯუმბერ ბუზალაძემ.

კომისიის სხდომის დასასრულს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნა მიხეილ სააკაშვილისთვის კიდევ ერთი განაჩენი იქნება, რომელიც ვერ შევა ისტორიაში როგორც აღმაშენებელი და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ამ დასკვნის საფუძველზე, ერთ დოკუმენტში თავმოყრილი იქნება თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით ჩვენს ქვეყანას და თითქმის ყველა ოჯახს თავს დაატყდა, ის ისტორიაში შევა.

„ერეკლე კოდუას და მისი მაშინდელი მეუღლის, ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანის, ნანუკას რომ ეძახის საკუთარ თავს, და ასევე, ერეკლე კოდუას შვილის მსგავსი ქმედებები მანქანებთან დაკავშირებით ცნობილი სქემა იყო. ერთ-ერთ სხვა საქმეზე, რომელიც ჩვენს კომისიაზეა შემოტანილი, განაჩენიც არის დამდგარი, სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით როგორ წაართვა ერეკლე კოდუამ თქვენსავით ერთ-ერთ პირს, თუ არ ვცდები, სულ მცირე, ორი მანქანა და მათგან ერთ-ერთი თავის შვილს გაუფორმა. იმისთვის, რომ ერეკლე კოდუას თავისი ოჯახის წევრები მანქანებით მოემარაგებინა, ის, რეალურად, სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული. მოცემულმა პირმა იჩივლა და განაჩენია დამდგარი კოდუას წინააღმდეგ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თომა ახალი ამბავი, თურმე აქამდე არ ვიცოდით ან რა თქვენც ხვალვე არ დაკავოთ ერთ ან მეორე.🤣
2 დღის უკან
კანუდოსელი ქართველ ხალხს გულს უხეთქავენ და ახსენებენ იმ ჯოჯოხეთს, რაც ნაცებმა გამოგვატარეს. თუმცა შედეგი რა იქნება? ამ კაცს ქონებას და მანქანებს ვინმე დაუბრუნებს? კოდუას ვინმე ბორკილებდადებულს ჩამოათრევს? არა! რატომ შერჩა ბარამიძეს აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტა, რატომ დადის ქუჩაში უშიშრად?! როგორ მოხდა, რომ ის ხალხიც კი ვერ დაიჭირეთ, ვისი დანაშაულის ზედაპირზე იდო. ხანდაზმულობის ვადა რომ გავიდა, ახლა გამოგყავთ გაუბედურებული ხალხი და სისხლის გამყინავ ისტორიებს გვასმენინებთ. ჩვენ ეგ ყველაფერი კარგად ვიცით, ვითხოვთ შედეგებს, სამართალს და ამ ყველაფრის ანაზღაურებას სახელმწიფოს მხრიდან. ამას კი არ აკეთებს და არც გააკეთებთ. წლები შემოდეთ თაროზე ეს საქმეები და ახლა გინდათ ისევ საარჩევნოდ გამოიყენოთ. ოცნებას ხალხის ნდობის ლიმიტი უკვე ამოეწურა. ნაცების გაუქმება გადაიდო, ალბათ სამუდამოდ. სამართლებრივ დასჯაზე საუბარიც კი ზედმეტია. ოცნებამ უმსგავსობით უკვე ფსკერი გახვრიტა.
1 დღის უკან