მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, ოღონდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების გარეშე.
„მზად ვართ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება, აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, - ამბობს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი.
მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა ცხინვალის რეგიონში აგრესიის განხორციელებით. გალუზინი კმაყოფილია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციით, რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე საარჩევნო კამპანიის დროს ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და შერიგების განზრახვა გაახმიანა. გალუზინის თქმით, ოფიციალურ თბილისს ასეთივე დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის მიმართ და ეს დადებითი სიგნალებია. მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაილ გალუზინის შეთავაზებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ - რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთს მარტივად შეუძლია მოხსნას ეს ბარიერი.
ქართული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მოსკოვთან არაოფიციალური მოლაპარაკებები უკვე არსებობს. ხატია დეკანოიძის აზრით, ეს მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილის არხების მეშვეობით ხორციელდება და ეს არხებია ოლიგარქიული წრეებიდან - ევტუშენკოვი, დერეპასკა, რომლებიც პუტინის გარემოცვაში მოიაზრებიან.
რას ნიშნავს მოსკოვისგან დიალოგის შემოთავაზება საქართველოს ორი ტერიტორიული ერთეულის დაბრუნების გარეშე?! ხომ არ გაუხსნა რუსეთს მადა სულ ახლახანს სტივ უიტკოფის (ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი) მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემაა?!
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ხატია დეკანოიძის ფანტაზიებია, თითქოს ევტუშენკოვის და დერიპასკას მონაწილეობით მოსკოვთან დიალოგი მიმდინარეობს. პეტრე მამრაძის თქმით, ნიშანდობლივია, რომ 2015 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, თავის სევასტოპოლიანად, მაგრამ უკრაინას მაშინ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვეტია. უფრო მეტიც, ისე დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინასთან 2022 წლის 24 თებერვალს, რომ მშვენიერი დიპლომატიური ურთიერთობა და უვიზო მისვლა-მოსვლა ჰქონდათ. მსოფლიოში ხუმრობდნენ კიდეც, უკრაინა ვერანაირად ვერ დააბრალებს რუს ჯარისკაცებს, რატომ შედიან მათ ტერიტორიაზე, რადგან უკრაინას უვიზო რეჟიმი აქვთ რუსეთისთვის. მხოლოდ მოგვიანებით გაუქმდა ეს რეჟიმი. არც დსთ-ში არ შეწყვიტა უკრაინამ თავისი მოქმედება.
„საქართველოსთან მიმართებით კი სპეციფიკური ვითარებაა. რუსეთმა დღემდე არ მოახდინა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსია. მართალია, მან სცნო ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მოაწერა ხელი ხელშეკრულებებს, ჰყავს იქ თავისი საელჩოები და წარმომადგენლობა, ასევე, საჯარისო კონტინგენტი, ბაზები, მაგრამ ანექსია არ მოუხდენია. უფრო მეტიც, პუტინმა ერთი-ორჯერ თქვა, თუ ოდესმე მოილაპარაკებენ ცხინვალისა და აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოსთან, ეს მათი საქმეა, იცხოვრონ ერთიან სახელმწიფოშიო. პრინციპულად ეს სხვა რამეა. ცხადია, პუტინს შეუძლია ნებისმიერ მომენტში მოაწეროს ხელი და შეუერთოს ცხინვალის რეგიონი ჩრდილო ოსეთს, მით უმეტეს, იმდენი თხოვნაა ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლებისგან, მათი ე.წ. პარლამენტიდან, ე.წ. რეფერენდუმები ჩატარებულია და იხვეწებიან, შეუერთოს ჩრდილო ოსეთს, მაგრამ რუსეთი ამას ჯერჯერობით არ აკეთებს. აფხაზებისგანაც სხვანაირი თხოვნაა, მზად ვართ, ვიყოთ ერთიან სამოკავშირეო სახელმწიფოში, ანუ რუსეთი, ბელორუსია, აფხაზეთი. პუტინი ამასაც არ აწერს ხელს. ასეთ ვითარებას გაფრთხილება სჭირდება“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს. რომ შეუძლებელია შალვა პაპუაშვილს არ დაეთანხმო, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ განახლდება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის პირობა. თუ ეს პირობა დაკმაყოფილდება და საოკუპაციო ჯარები გავლენ როგორც ცხინვალიდან, ისე აფხაზეთიდან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილ იქნება, ჩვენ რუსეთთან სხვა საკამათო არაფერი გვაქვს. თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით მოძრაობა რუსეთის მხრიდან არ შეინიშნება. დათმობაზე რუსეთი არ მიდის, უბრალოდ, ეს არის რუსეთისთვის პიარის თემა შიდა მოხმარებისთვის და არა მარტო შიდა მოხმარებისთვის.
„მას შემდეგ, რაც ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან გამწვავდა, რუსეთისგან ასეთი მესიჯი უკვე აღიქმება იმად, რომ საქართველოს ხელისუფლება და რუსეთი რაღაც გეგმებზე თანხმდებიან და საქართველო აღმოჩნდება რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს არის განაცხადი, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა ძალიან მაღალია და რუსეთი საქართველოს თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ამასთან, არ გამორიცხავს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან მოლაპარაკებს. ასეთი მოძრაობის დიდი ალბათობა არსებობს, მაგრამ დერიპასკას მეშვეობით მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები, თუ ფარცხალაძის მეშვეობით, რომელიც უკვე გახმიანდა, ამის თქმა ძნელია.
„ნამდვილად არ ვიცი ამ მოლაპარაკებებს ვინ უდგას სათავეში, მაგრამ რენეგატი ქართველებით სავსეა მოსკოვი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.