რუსეთი და ნატო - აუხდენელი ზღაპარი

რუსეთი და ნატო - აუხდენელი ზღაპარი

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა და აშშ-მ აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებასთან დაკავშირებით საერთო ენა გამონახა, ცივი ომის თავიდან ასაცილებლად, შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი რუსეთის ნატოსთან მიერთება იქნება. ბოლო წლებში, ყველა დაძაბული მომენტი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ რუსეთი მეტისმეტად უფრთხის ნატოს „შემოტევას" მის საზღვრებთან. ეს საკითხი აქტუალობას დაკარგავს, თუკი რუსეთი ნატოს კანდიდატი ქვეყანა გახდება. თავად მიპატიჟების პროცესი კი მოსკოვისათვის დიდი სტიმული იქნება, გადახედოს თავის მტრულ ურთიერთობებს ბალტიისპირეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან. თავის მხრივ, ეს ნატოსთვისაც გამოცდად იქცევა. ალიანსი, რუსეთის ჩათვლით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს აითვისებს", - ნათქვამია სტატიაში.

„გასულ კვირას ანდრეს ფოგ რასმუსენმა, ნატოს ახალი გენერალური მდივნის რანგში, თავის საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნა, რომ ალიანსისათვის აუცილებელია, რომ რუსეთი გახდეს „ევროპისა და საერთაშორისო უსაფრთხოების თანასწორუფლებიანი მონაწილე", ნატოს წევრობა კი უზრუნველყოფს მის მუდმივ მონაწილეობას. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, ცდილობს რა განმუხტოს დაძაბულობა, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ინიციატივით გამოდის, მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნებს არ სურთ ველოსიპედის გამოგონება, რადგან ეჭვის თვალით უყურებენ რუსეთთან ურთიერთობის მოტივებს.

თუ, რუსეთი და უკრაინა ნატოში იქნებიან წარმოდგენილნი, ეს ქვეყნებს შორის დაძაბულობას შეასუსტებს, რომელიც ეხება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბედს ყირიმში. თუ მოსკოვის ნამდვილი მიზანი, როგორც უკრაინაში თვლიან, არის ყირიმის უკან დაბრუნება, მაშინ რუსეთის ამბიციები დაკმაყოფილებული იქნება, რადგან ორგანიზაციაში შესვლით იგი, აგრესიის შემთხვევაში, ურთიერთდახმარების პასუხისმგებლობას იღებს.

რუსეთი თავისი შეიარღებული ძალების სრულ რესტრუქტურიზაციას იწყებს, რათა შესაბამისობაში მოიყვანოს ნატოს თანამედროვე სტანდარტებთან. ამის განხორციელება კი უფრო მარტივი იქნება ნატოს დახმარებით, ანუ ალიანსში ინტეგრაციის მომზადების პროცესში. ნატოს წევრობა რუსეთისათვის იქნება გარანტი, რომ არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას უკავშირდება, მისი თანხმობის გარეშე არ მოხდება. ეს კი მას ყოველთვის სურდა", - წერს „თაიმსი".

2001 წელს სლოვენიაში გამართულ სამიტზე, რომელსაც ჯორჯ ბუშიც ესწრებოდა, ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ 1954 წელს საბჭოთა კავშირმა საიდუმლოდ სთხოვა ნატოს, მიეღო იგი ორგანიზაციაში. კითხვაზე შეუერთდება თუ არა რუსეთი ნატოს, პუტინმა განაცხადა - რატომაც არა! „როდესაც ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სურს იხილოს რუსეთი პარტნიორ, უფრო მეტიც მოკავშირედ, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს", - განაცხადა პუტინმა.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ მოსაზრებები, რომელიც სტატიაში არის, არ სცილდება კეთილი სურვილების ზღვარს.

„რამდენიმე საკითხში უნდა გავერკვეთ. უპირველეს ყოვლისა, რუსეთს ნატოსთან თანასწორი თანამშრომლობის ფორმატი უკვე გააჩნია - ნატო-რუსეთის საბჭოს სახით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელმძღვანელობა ნატოში მტრულად განწყობილ ძალას ხედავს, პრობლემაც ეს გახლავთ. რაც შეეხება ევროპის უსაფრთხოების ახალ არქტიტექტურას, რომელსაც რუსეთი აყენებს, დასავლეთს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთისაგან მკაფიო წინადადებები ჯერ არ მიუღია და დღესაც ელის.

მოსაზრებები, რომელიც ამ სტატიაში არის მოყვანილი, არ სცილდება კეთილი სურვილების ზღვარს, პრაგმატული და კონკრეტული კი ძალიან ცოტაა. ასე მარტივი რომ იყოს, რუსეთის პოზიტიური დამოკიდებულება ბევრ რამეს შეცვლიდა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. რამდენიმე დღის წინ, როდესაც მოხდა მედვედევისა და ობამას შეხვედრა, მედვედევმა განაცხადა, რომ იგი მისაღებად თვლის ირანის წინააღმდეგ შემოღებული იქნას სანქციები, თუ ექვსეულის დიალოგი ირანთან ეფექტს არ მოიტანს. იმავე დღეს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის სიტყვის დეზავუირებას ახდენს. ლავროვი ახალს ვერც რაკეტსაწინამდეგო სისტემებთან დაკავშირებით ხედავს და ირანთან მიმართებაშიც დიდად არ ეთანხმება მედვედევს.

მე არ მინდა იმედი დავუკარგო თქვენი გაზეთის მკითხველებს, მაგრამ, ჯერჯერობით, გარდა კეთილი სურვილებისა, პრაქტიკულს აქ ვერაფერს ვხედავ. კარგია, რომ სასწაული მოხდეს, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რეალობის გრძნობა არ უნდა დავკარგოთ", - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

ექსპერტი არჩილ გეგეშიძე კი თვლის, რომ დღევანდელი გადასახედიდან ეს მოსაზრება უტოპიის კატეგორიაში შედის.

„ეს უფრო კეთილი სურვილია, ვიდრე რეალობა. თაობები უნდა შეიცვალოს, რომ ეს მოხდეს, თანაც რუსეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კვალდაკვალ. ისეთი ელიტა უნდა მოვიდეს, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთის ნატოში გაწევრიანებას. იმავე ელიტის ხელმძღვანელობამ უნდა შეცვალოს რუსეთის პოლიტიკა. სწორედ ასეთი რუსეთის მიღებას აქვს აზრი და არ ისეთის, როგორც დღეს არის", - აცხადებს არჩილ გეგეშიძე.