აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით ოპტიმისტური პროგნოზები გაჩნდა. ვხედავთ შეცვლილ გეოპოლიტიკურ სურათსა და პოზიციათა თანხვედრას, რაც ქმნის მოლოდინს, რომ უახლოეს პერიოდში ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყება მოისურვოს და დიპლომატიური ურთიერთობები საბოლოოდ გადაიტვირთოს.
„ქართული ოცნება“ ურთიერთობის გადატვირთვისთვის სრულ მზაობას გამოთქვამს და შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. ამასთან, უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ინტერესი ორმხრივია და ეს ამერიკის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც გამოჩნდა. ცნობილი ხდება, რომ ამერიკელმა დიპლომატმა ტრამპის პრიორიტეტები ოფიციალურ თბილისს უკვე გააცნო. ახალ ადმინისტრაციასთან საკუთარი გზავნილები აქვს საქართველოს ხელისუფლებასაც, რომელსაც ამერიკაში ელჩობის კანდიდატიც შერჩეული ჰყავს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბრძოლა ჯერ კიდევ უშუალოდ ამერიკის შიგნით მიმდინარეობს - ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. მისი შეფასებით, დონალდ ტრამპს სურვილი აქვს უკრაინა-რუსეთის ომი შეაჩეროს, რადგან სწორედ ეს ომი ლიბერალურ ფრთას კვებავს.
„ამერიკულ და ქართულ პოლიტიკურ ელიტას შორის, სავარაუდოდ, გაიბმება ხიდი, რადგან ორივე მათგანისთვის მიუღებელია „დიფ სთეითი“, ანუ ულტრალიბერალური ჯგუფების მოქმედება, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში - ამ პოზიციების თანხვედრა, ალბათ, ადრე თუ გვიან, გამოიღებს საიმისო შედეგს, რომ მხარეებმა ერთმანეთს გაუგონ, უფრო დეტალური ინფორმაცია გაცვალონ. ამასთან, პარტნიორებიც საერთო გვყავს, მაგალითად, ორბანი - მისაღებია ტრამპისთვის და მისაღებია ჩვენთვისაც, მაგრამ, ჯერჯერობით, პროცესები ძალიან შორსაა იმისგან, რომ საქართველო გახდეს აქტუალური ამერიკისთვის, რადგან ჯერ ბრძოლა აქვთ გადასატანი.
ამერიკის სამი მუშკეტერი ჯერ კიდევ შუა ბრძოლაშია - ჯერ დუელი არ დამთავრებულა მათსა და ულტრალიბერალებს შორის. ბრძოლა ჯერ კიდევ ამერიკის სივრცეშია: მუშკეტერებს და გვარდიელებს დაშნები ჩაგებული არ აქვთ, ისინი ჯერ იბრძვიან იმის გასარკვევად, ვინ გაიმარჯვებს - იქ რომ დამთავრდება ეს ბრძოლები, შემდეგ მოიცლის აშშ-ს ადმინისტრაცია საიმისოდ, რომ გაერკვეს, ვის რა პოზიცია უკავია მსოფლიოში, ანუ ამერიკის გარეთ.
ამიტომ ცდილობს ტრამპი გააჩეროს ომი უკრაინაში, რადგან ეს ომი - ომიდან მოგებული თანხა კვებავს ლიბერალებს და ამიტომ აქვს ახლა ევროპაზე აქცენტი“, - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული ჰყავთ და პროცესიც დაწყებულია. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის „ქართული ოცნების“ უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.
„შეგვიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამ ინფორმაციას საჯაროდ გავუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც გვექნება შემდგომი ნაბიჯები ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის.
ჩვენ მანამდე გავაკეთეთ არაერთ საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა და არა მარტო დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული ამოცანები. გავწეროთ ერთად კონკრეტული ამოცანები, სადაც ასახული იქნება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ასე გვესახება ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ვფიქრობ, რომ არის ღირებულებითი თანხვედრა. გახსოვთ, რას ვლაპარაკობდით გასული სამი წლის განმავლობაში და ახლა ზუსტად იგივე გზავნილებით საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრაქტიკულად ყველა თემაზე. არის თანხვედრა ხედვებს შორის, ეს არის საჯარო მოცემულობა, რასაც ყველა ხედავს. დანარჩენი, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, როგორი ნაბიჯები გადაიდგმება ორივე მხრიდან. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმითვე, ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს. მისივე განმარტებით, საქართველო არის პატარა სახელმწიფო და ასეთ ვითარებაში აშშ-ს აქვს უფრო ძლიერი პოზიციები, მაგრამ ამასთან ერთად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევა ნებისმიერ ურთიერთობებში.
„ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა, ვფიქრობ, რომ აღდგება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.