ბესიკ ხარძიანის საქმე

ბესიკ ხარძიანის საქმე

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რეჟიმის მიერ მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანისთვის ქონების წართმევის და წამების საქმე განიხილა. სხდომაზე, ძირითადად, აქცენტი გაკეთდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რადგან ამ წამების და არაადამიანური მოპყრობის მიზანი ქონების ჩამორთმევა და იძულებით დათმობა იყო, რაც ასევე ბიზნესის რეკეტის ნაწილშიც განიხილება.

სხდომაზე გამოკითხეს რამდენიმე ადამიანი - ბესიკ ხარძიანის შვილი; ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ საქმეში იყო ჩართული; ასევე მოწვეული იყო გიორგი უდესიანის ადვოკატიც. კომისიაზე გამოიკითხა უდესიანის სიძეც, რომელიც ამ ეტაპზე სასჯელს იხდის.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ის ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა მოკლული ბიზნესმენის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა, რომლის განცხადებით, ისტორია 2006 წლიდან იწყება, როდესაც ადეიშვილმა დაიბარა და ხუთი მილიონი დოლარი მოსთხოვა. როგორც ხარძიანმა აღნიშნა, ყველა დავალება დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში ფიზიკური ზეწოლა მოდიოდა გიორგი უდესიანისგან.

როგორც მან კომისიის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, გლდანის ციხის იმდროინდელი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“, მოქმედებდა გიორგი უდესიანის დავალებით. ხარძიანის თქმით, „ქილერას“ დავალებით, ორ პატიმარს დაევალა დაკავებული ბიზნესმენის წამება, არაადამიანური მოპყრობა და ფსიქოლოგიურად გატეხვა, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თავად ამ პატიმრებს პირადად მუხაძე გაუპატიურებით ემუქრებოდა.

„გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი გლდანის ციხის დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“. უკვე ნათელია, „ქილერა“ რომ გქვია ზედმეტსახელად, რისი გამკეთებელი ხარ - ის იყო ადამიანი, რომელიც ტყვიის გარეშე კლავდა და აწამებდა ადამიანებს ციხეში, ამის ბევრი ფაქტია და მათ შორის, ჩვენს საქმეშიც დევს. ალექსანდრე მუხაძე მოქმედებდა გიორგი უდესიანის დავალებით, მან დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილს, რომ ორი სხვადასხვა კამერიდან გამოეყვანა თითო პატიმარი, რომლებიც არ იყვნენ შემთხვევით არჩეული და ციხეზე „მუშაობდნენ“ ეს პატიმრები.

ამ პატიმრებს დაავალეს ბესო ხარძიანის წამება, წვალება, არაადამიანური მოპყრობა, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გატეხვა და ეს დავალება მათ უნდა შეესრულებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით პირადად ალექსანდრე მუხაძე, თუ ბესო ხარძიანის წამებით არ დაკავდებოდნენ ეს პატიმრები.

გიორგი უდესიანის მიზანი იყო, 15 აპრილამდე რაღაცები მოეგვარებინა, კუს ტბის წილები იძულების წესით მიეღო და ციხის მანქანა ჩართო. ეს ადამიანები საკმაოდ კარგად ასრულებდნენ ამ ყველაფერს. წავიდა ზეწოლა ბესო ხარძიანზე, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები - ეძინა თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქმის ვითომ გარჩევები და მსგავსი ფაქტები.

ამ ადამიანებს შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგათ, რომ მიეღოთ კუს ტბაში შემავალი კომპანიის წილები, „კუს ტბა კალასა“ და „კუს ტბა პალასში“, იმიტომ რომ მარტო ცემა-ტყეპა არ უშველიდა, ამით ბესო ხარძიანი ვერ მიხვდებოდა, რომ წილები უნდა დაეთმო. კარანტინში რომ ორი კვირა ხარ, უკვე წამებაა, თან იმდროინდელ გლდანის ციხეში და შემდეგ პლუს რომ გიმატებენ წიხლებს“, - განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.

კომისიაზე ხარძიანმა გაიხსენა შემთხვევა, როგორ აიძულებს პატიმარი ხარძიანი, რომ „თი ბი სი ბანკიდან“ აეღო კრედიტის სახით 120 000 დოლარი. როგორც ბესარიონ ხარძიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, იმდროინდელ გლდანის ციხეში ბესო ხარძიანი ან მისნაირი პატიმარი თუ იქნებოდა, თავისუფლად აიღებდა ნებისმიერ თანხას.

„120 ათასი დოლარი ვახსენე ციხის ეპიზოდზე, როდესაც პატიმრობაში იყო და ვალის დათმობა გააკეთებინეს. მაშინ ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა კრედიტის აღებას და ბესო ხარძიანმა მოახერხა, რომ კონკრეტულად „თიბისი ბანკიდან“ აეღო 120 ათასი დოლარი. რა ვიცი, ახლა რომ მივიდეთ, შეიძლება ჩვენ ვერ მოვახერხოთ, კრედიტი არ გამოგვატანონ და იმდროინდელ გლდანის ციხეში თუ იყავი ბესო ხარძიანი ან მისნაირი პატიმარი, ნებისმიერ თანხას თავისუფლად აიღებდი“, - განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.

ბესარიონ ხარძიანის შემდეგ კომისიის წევრების კითხებს უკვე ადვოკატმა უპასუხა, რომელიც მოქმედება არა კლიენტის, არამედ რეჟიმის სასარგებლოდ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი უდესიანის დაკვეთით ხდებოდა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გამოყენება იმისთვის, რომ პირველი - ბესარიონ ხარძიანი მოხვედრილიყო ციხეში, მეორე - ის ყოფილიყო წამებული და შედეგი დამდგარიყო ის, რაც სურდა გიორგი უდესიანს.

„მაშინ პატარა ბიჭი არ იყავით, 32 წლის კაცს ეჭვი მაინც არ შეგეპარათ, რომ ციხეში მყოფ ადამიანთან გაგზავნიან, გიხდიან ამაში 2000 დოლარს, შეიძლება 1000-ს, მით უარესი და თქვენ მიდიხართ გაჭირვებაში მყოფ ადამიანთან. პატიმარი, რომელსაც ბორკილები ადევს და თავისუფლება აქვს აღკვეთილი, სულ რომ ფუფუნებაში ამყოფო, ქართულ ენაზე მას გაჭირვებული ადამიანი ჰქვია“, - ასე მიმართა თეა წულუკიანმა ადვოკატ დავით კვაჭანტირაძეს, რომელიც კომისიის კითხვებს ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით პასუხობდა.

წულუკიანის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი იმას ვერ იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეში რა ხდებოდა არ იცოდა, შესაბამისად, ის დაინტერესდა, ეჭვი მაინც არ შეეპარა კვაჭანტირაძეს, როდესაც ასეთ პირობებში მყოფ პატიმართან რამდენიმე მილიონიანი წილის გადაცემაზე საუბრობდა?! რაზეც კვაჭანტირაძემ ასე უპასუხა:

„ყოველ შემთხვევაში, მე ჩავთვალე, რომ ბატონ ბესოს იმ მომენტში სურდა მინდობილობის გაცემა და ეს მისი ნამდვილი ნება იყო, არ უთქვამს რაიმე ისეთი. მე უშუალოდ ბატონი ბესოსთვის, ვფიქრობ, არაფერი დამიშავებია, მაგრამ, რა თქმა უნდა, განვიცდი იმ მძიმე სიტუაციას, რაც მოხდა შემდეგ, საერთოდ მკვლელობით დასრულდა. ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა და ჩემმა კოლეგებმა იციან ჩემი რეპუტაციის შესახებ, ამიტომ მე ამ რეპუტაციას რისკზე არ შევაგდებდი, მე რომ თავიდან სწორად გამეანალიზებინა ეს სიტუაცია. უბრალოდ, ის ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც მე მქონდა შეხება, ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ მაძლევდა“, - აღნიშნა დავით კვაჭანტირაძემ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ასევე გამოკითხა გიორგი უდესიანის სიძე, ზაზა გუგავა, თუმცა ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ბევრ კითხვას თავი აარიდა. კომისიას, ზაზა გუგავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაერთო. როგორც სხდომაზე ითქვა, ის დაესწრო არაერთ შეხვედრას, სადაც ბესიკ ხარძიანის ქონების დათმობაზე იყო საუბარი, მაგრამ მოწმემ ბევრ კითხვას თავი აარიდა. თქვა, რომ ბევრი რამ არ ახსოვდა - თქვა ისიც, რომ არ იცის, კონკრეტულად რა მოხდა ხარძიანსა და უდესიანს შორის.

„გიორგი უდესიანი მეუღლის ძმაა და ოჯახური ურთიერთობა გვქონდა. ზაჰესის საბაჟო ტერმინალში, ერთ-ერთი თანამეწილე მეც ვიყავი მასთან ერთად და მქონდა საქმიანი ურთიერთობაც. კუს ტბის საკითხზე შეხვედრებს ვესწრებოდი მხოლოდ, იმიტომ რომ იქ იყო როგორც გიორგი, ასევე ჩემი დეიდაშვილი და ვახლდი მათ შეხვედრაზე, რათა მათ შორის არსებული დაძაბული სიტუაცია განმუხტულიყო“, -განაცხადა ზაზა გუგავამ.