გარე აქტი „მეგობრებისგან“ და შიდა აქტი მტრებისგან

გარე აქტი „მეგობრებისგან“ და შიდა აქტი მტრებისგან

იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენასა და პოლიტიკის გადატვირთვაზე საუბრობს, ოპოზიცია და მათთან აფილირებული ენჯეოსექტორი, ამერიკაში მყოფი მოკავშირეების დახმარებით, საკუთარ ამპლუაშია და 22 მარტის აქციისთვის ემზადებიან. 27 მარტს ამერიკის სენატი „მეგობარი აქტს“ განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. 

არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „მეგობარი აქტი“ საქართველოს რუსული, ჩინური და ირანული გავლენების დაძლევასა და დემოკრატიის განმტკიცებაში დაეხმარება. მათი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ 22 მარტს, „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერ აქციაში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა.

„მეგობარი აქტის“ წარმდგენი კონგრესმენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს.

აღსანიშნავი და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული აქტი არაერთხელ გადაიდო და უკვე რამდენიმე თვეა მისი განხილვა ვერ ხერხდება.

„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს - საქართველოს პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე - დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში.

მსგავსი შინაარსის აქტი - „ქართველი ხალხის აქტი“ - შეიტანეს კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც. აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ მოსმენა უნდა გამართულიყო 2024 წლის სექტემბერში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, თუმცა ეს სხდომა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. 2025 წლის 3 იანვარს სენატის ახალმა შემადგენლობამ დადო ფიცი და ამიტომ მისი განხილვა უკვე 11 მარტს კონგრესში უნდა განხილულიყო. თუმცა მაშინაც გაურკვეველი მიზეზების გამო, მისი განხილვა 27 მარტისთვის გადაიდო. მოხდება თუ არა ახლა მაინც ამ აქტის განხილვა, ჯერჯერობით უცნობია.

პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა, გამოვიდეს ამ აქციაზე.

„ის, რომ ხალხი აპროტესტებს, ის, რომ ხალხი ამ მოთხოვნებით გამოდის ქუჩაში, არის არა გარე ძალების, არამედ შიდა ძალებისა და ქართველი ხალხის პროტესტის გამოხატულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას იმ აქციაში, რომელიც ამ „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი იქნება და მოვუწოდებთ აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, იყოს აქციაზე“, - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, ვიკა ფილფანი აცხადებს, რომ მისი პარტია იქნება ნებისმიერ აქციაზე, ქართველი ხალხის გვერდით.

„მართულის“ დაძახება, მგონი, არავის აღარ გვიკვირს არაფერზე, რაც არ მოსწონთ, ყველაფერს მართულს ეძახიან, ეძახონ მართული. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც იქნება ხალხი, ნებისმიერ აქციაზე. კიდევ ერთხელ დავანახოთ ქვეყანას და დაინახოს ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამას აფასებს, პატივს სცემს და მოლოდინშია ამ აქტის შედეგების და მისი მიღების“, - აცხადებს ვიკა ფილფანი.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ „ვერანაირი „მეგობარი“ თუ „არამეგობარი“ აქტი უსიცოცხლო, უსამშობლო კოლექტიურ ნაცმოძრაობასა და საზღვარგარეთიდან ფინანსების გარეშე დარჩენილი არასამთავრობო სექტორს ვერ მისცემს პოლიტიკური სიცოცხლის საშუალებას.

„არასამთავრობო სექტორიც, რადიკალური ოპოზიციაც არის საქართველოში რეიტინგულად განულებული. აქამდეც არაერთგზის გვინახავს, როგორ ცდილობენ გარე აქტორები, აგენტებისთვის დავალებების მიმცემები კონკრეტული განცხადებით თუ ნაბიჯებით სიცოცხლისუნარიანობა შეჰმატონ ან გაუჩინონ იმ პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო სექტორს, რომელსაც ეს პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობა აქვს განულებული.

თუმცა, ამ კუთხითაც, ეს რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია - ვერანაირი „მეგობარი“ თუ „არამეგობარი“ აქტი უსიცოცხლო, უსამშობლო კოლექტიურ ნაცმოძრაობასა და საზღვარგარეთიდან უფულოდ დარჩენილ არასამთავრობო სექტორს ვერ მისცემს პოლიტიკური სიცოცხლის საშუალებას“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან პოლიტიკის გადატვირთვისთვის ნაბიჯებს დგამს, ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და მავნებლობას განაგრძობს.

„სამწუხაროდ, სააკაშვილის დროიდან მოხდა ისე, რომ ამ ანტიეროვნულ ძალებს კონგრესში გარკვეული საყრდენი აქვთ. ეს არის ფაქტი და ჩვენ ვიხილეთ კაპიტანი ეკა გიგაური როგორ დაპატიჟეს ამერიკის კონგრესში და საქართველოზე მის მოხსენებას უსმენდნენ. ეს არის კონგრესისთვის სამარცხვინო ლაქა. სენატორი რიში, შაჰინი, ეს ახალი მოკავშირე რომ ჰყავთ ასევე, ფულით ნაყიდი უილსონი, რა თქმა უნდა, მათი მეშვეობით ქვეყნის ინტერესების დაზიანებას აგრძელებენ. კონტაქტები ნამდვილად აქვთ და ყველაფერს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ისაუბრონ, თითქოს ახალი ადმინისტრაციისთვის ესენი არიან მისაღები ხალხი. ამათ არანაირი ზნეობრივი საყრდენი და ჩარჩო არ გააჩნიათ.

თუმცა მიუხედავად ამ უსამშობლო და ანტიეროვნული ხალხის მცდელობისა, ეს ვერ გაზრდის მათი ამომრჩევლის რიცხვს. რეიტინგი არც ბარიერგადალახულ პარტიებს აქვთ. მათი რეიტინგი არ იზრდება, პირიქით, მათი არასწორი ქმედებების შედეგად უფრო მძიმე სიტუაციაში არიან. უბრალოდ, მუშაობენ იმაზე, რომ დასავლეთში საყრდენი ჰქონდეთ. ბაიდენის ადმინისტრაციის ხელიდან გამოცლის შემდეგ, მათ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის განახლება სურთ, მაგრამ როგორ შეძლებენ ამ რიტორიკით, ძალიან საეჭვოა. ეს ხალხი არ არის ტრამპის იდეების და პოლიტიკის გამზიარებელი. ესენი არიან ლიბერალური ძალა, განსაკუთრებით ენჯეო სექტორი, რომელთაც ახლა წარმოდგენა არა აქვთ, ამერიკიდან დაკარგული ფულის და მხარდაჭერის გარეშე რა ეშველებათ. ამიტომაც ცდილობენ რაღაცას და ამისთვის მოკავშირე კონგრესმენებს და სენატორებს იყენებენ“,-ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციას და ენჯეო სექტორს სული მხოლოდ იმით უდგათ, რომ დასავლეთიდან ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ჯერ კიდევ ჰაერშია დარჩენილი და ისინი არჩევნების საკითხს კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

„ეს ყველაფერი იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი გაურკვევლობაა თავად დასავლეთში და აშშ-ში. ჩვენ ვიცით ტრამპის და მისი გარემოცვის განცხადებებიც, რომ მათ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა უწევთ. შესაბამისად, როგორც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, ბევრი რამ საქართველო - ამერიკის ურთიერთობასთან დაკავშირებით ამ ბრძოლის ხაზზეც გადის.

რაც შეეხება ამ აქტის ბევრჯერ გადადებას, როცა ასეთი აქტები გამოაქვთ, თავად კონგრესის შიგნით იწყებენ იმის გარკვევას, რა სახის მხარდაჭერა შესაძლოა მას ჰქონდეს. იშვიათია, რომ ასეთ აქტებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ მაინც გაუტანიათ იმის დასაფიქსირებლად, რომ აი, კონგრესზე ეს საკითხი გააქვთ. უფრო ხშირად, კონგრესში ასეთი აქტების გატანის შანსი დაბალია, არ ჰყავს ბევრი მომხრე და ამიტომ გადადება უწევთ. ამ შემთხვევაში მე მიზეზი უფრო ეს მგონია. ამ აქტის ავტორი და მისი მხარდამჭერი კონგრესმენები არ არიან დარწმუნებულები, რომ „მეგობრობის აქტის“ მხარდაჭერა დიდი იქნება და მისი მიღება მოხდება.

ამიტომ ცდილობენ შიგნით იპოვონ ხალხი და მხარდაჭერა მოიპოვონ. ეს არის ჩვეულებრივ პოლიტიკური მანევრი და მცდელობა, რომელიც პარლამენტშიც არაერთხელ გაგვიკეთებია. ანუ წინასწარ ხდება გარკვევა მხარდამჭერების რაოდენობის და შანსების. როგორც ჩანს, ამ აქტს არა ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რის გამოც მისი გადადება უწევთ. ვნახოთ, დაველოდოთ პროცესების განვითარებას, არაა გამორიცხული, კიდევ გადაიდოს“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, არც ის ვერსიაა გამოსარიცხი, რომ ბაიდენის პოლიტიკის შემდეგ, კონგრესიც ცდილობდეს საქართველოსთან დაკავშირებით მეტი მკვეთრი ნაბიჯები აღარ გადაიდგას. ამიტომ „მეგობრობის აქტი“ მიაჩნიათ, რომ სიტუაციას კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანს, შესაბამისად, მისი განხილვისგან თავს იკავებენ.

Aburjga Tasmanieli აშშ ყველაზე წამხდარი ქვეყანაა დღიდან შექმნისა! მათგან სიკეთეს ნურავინ ელით, თავს ნუ მოიტყუებთ! სადაც მამონის (ფულის, ქონების) თაყვანისცემა ძირითად რელიგიად არის გამოცხადებული იქ სამართალიანობა ვერ გაიმარჯვებს! ვხედავ საქართველოს ხელისუფლების უნიათო მცდელობას წარმოადგინოს ისეთი ნარატივი, თითქოს არსებობს ვარიანტი როცა აშშ -ში შიდა პროცესები ისე წარიმართება, რომ აშშ მოინდომებს საქართველოსადმი დაიკავოს მეგობრული თუ არა პარტნიორული ურთიერთობა მაინც! ასეთი რამ გამორიცხულია. აშშ სადაც ცხოვრობს 327 მილიონი ადამიანი, რომელსაც უჭირავს 9,83 მილიონი კვადრატული კილომეტრი, რომლის ავიამზიდებზე და სამხედრო ფლოტის გემებზე მსახურობს თითქმის საქართველოს მოსახლეობის ტოლი კონტიგენტი საქართველოს როგორც ქვეყანას სერიოზულად ვერასდროს აღიქვამს, ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში! სულაც ყურმოჭრილი მონობა რომ გამოვუცხადოთ მაინც ვრაღაც მომენტში ისეთ რაიმეს მოგვთხოვს, რომ განადგურებას ვერ გადავურჩებით!
8 საათის უკან