თურქეთის ხელისუფლებამ სტამბულის ოპოზიციონერი მერი ეკრემ იმამოღლუ კორუფციაში და ტერორისტულ ორგანიზაციაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ეკრემ იმამოღლუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. იმამოღლუსთან ერთად ასამდე ადამიანია დაკავებული.
როგორც AFP პოლიტიკოსის თანაშემწეზე დაყრდნობით იტყობინება, იმამოღლუ „დაკავებულია და ამჟამად პოლიციის შტაბში იმყოფება“. მერის მეუღლემ, დილეკ იმამოღლუმ Now TV-სთან ამბობს, რომ პოლიცია მათ სახლში გამთენიისას მივიდა, იტყობინება Associated Press. მერი დაახლოებით 07:30 საათზე დააკავეს.
როგორც Reuters იუწყება სტამბოლის პროკურატურაზე დაყრდნობით, იმამოღლუს მიმართ ორი საქმეა აღძრული. კერძოდ, მას ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, ქრთამის აღება და ტენდერების გაყალბება. პირველ შემთხვევაში, პოლიტიკოსთან ერთად საქმეში სულ ასი ადამიანია ჩართული, მათ შორის ჟურნალისტები და ბიზნესმენები. ისინი ეჭვმიტანილები არიან მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ზოგიერთ ტენდერთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში.
გარდა ამისა, სააგენტო წერს, რომ იმამოღლუ და კიდევ ექვსი ადამიანი ეჭვმიტანილია ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დახმარების გაწევაში. PKK აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად თურქეთში, აშშ-სა და ევროკავშირში.
ეკრემ იმამოღლუმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აპირებს გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებებისთვის. „ხალხის ნება არ შეიძლება ჩაახშო დაშინებით ან უკანონო ქმედებებით. მე მტკიცედ ვდგავარ და ვენდობი არა მხოლოდ სტამბოლის 16 მილიონ ადამიანს, არამედ თურქეთის 86 მილიონ მოქალაქეს, ისევე როგორც ყველას, ვინც მხარს უჭერს დემოკრატიას და სამართლიანობას მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია მისი პუბლიკაციიდან.
ერდოღანის მთავარი კონკურენტი
ეკრემ იმამოღლუ ითვლება 2028 წელს დაგეგმილ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად და მათში თურქეთის ლიდერის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად. თურქეთის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა ვადამდელი არჩევნები სავარაუდოდ აღარ გაიმართება. ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრება მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც სტამბოლის უნივერსიტეტმა გააუქმა იმამოღლუს უნივერსიტეტის დიპლომი გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ, რამაც გააჩინა ეჭვი მის ლეგიტიმურობაში. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება გახდეს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი.
იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ შეზღუდა წვდომა რამდენიმე სოციალურ ქსელზე, მათ შორის X, YouTube, Instagram და TikTok, იტყობინება Reuters Netblocks-ზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ დაკეტა რამდენიმე გზა სტამბოლის გარშემო და აკრძალა ქალაქში დემონსტრაციები ოთხი დღით.
სტამბულის მერის დაკავება ლირასაც შეეხო. როგორც Bloomberg წერს, მისი დაკავების ფონზე ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაეცა, 10%-ზე მეტით. გარდა ამისა, დაკავებამ გამოიწვია აქტივების მასიური გაყიდვა, Borsa Istanbul 100 ინდექსის კოლაფსი (-6,9%) და სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლის ზრდა.
წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c14j26zrjljo