ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზნით ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. თუმცა, რა ფორმით და როგორია მათი სამოქმედო გეგმა, ჯერ ისევ უცნობია. ყველა კვლავ ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ელოდება, რომელმაც, დიდი ალბათობით, ამის შესახებ 31მარტს უნდა ისაუბროს, იქნება ეს ერთიანი ოპოზიციური ფლანგის ჩამოყალიბება, რომლის ლიდერიც ზურაბიშვილი იქნება, თუ საკოორდინაციო საერთო ფრონტის შექმნა, რომელიც უფრო სამოქალაქო და მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული.
ოპოზიციაში დაპირისპირება ისევ გრძელდება. მათ შორის დავის საგანი ხან ზურაბიშვილის ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებაა, ხანაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. მათი თავდასხმის ობიექტი გიორგი გახარიაა, რომლისგანაც პარლამენტის დატოვებას და დაკონკრეტებას მოითხოვენ, აპირებს თუ არა ის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ოპოზიციასთან გაერთიანებას.
ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის ნაადრევია. „ლელოს“ და გახარიას გუნდს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად არამომგებიანია, რადგან ის მთავარ მოთხოვნას ყურადღების მიღმა ტოვებს. განიხილება ვერსიაც, რომ ახალი არჩევნები ადგილობრივთან ერთად ჩატარდეს. ამიტომ წინასწარ თანხმობა ან უარი მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.
გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ „კოალიციას ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ პარტიებში ამბობენ, რომ საზოგადოების დაკვეთა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის გარეშე დატოვებაა. მის მიერ დანიშნულ ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა კი მას ამ ლეგიტიმაციის საფუძვლებს გაუჩენს.
სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან წერილი გაგზავნა. მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მოუწოდებს ევროპელ „მეგობრებს“ განიხილონ ჩართულობის ყველა გზა, ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისთვის.
„მოგიწოდებთ, რომ სათანადო ყურადღება მიაქციოთ ამ გამოწვევას და განიხილოთ ჩართულობის ყველა გზა, ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისთვის. ამავდროულად, გვჭირდება თქვენი პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მეტად მოწყვლადი სეგმენტებისათვის: სინდისის პატიმრები, რეგიონული და ცენტრალური მედია. როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე არამხოლოდ თავდაცვის საკითხები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ინიციატივას „ევროპის ხმა“, რომ ევროპამ გადაიბაროს თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერისთვის საინფორმაციო ბრძოლა.
მოგიწოდებთ, რომ საქართველოს საკითხი შეიტანოთ ევროპული საბჭოს მომდევნო სესიის დღის წესრიგში. მომდევნო სესიამდე კი, მზად ვარ წარვდგე, პროევროპულ პარტიებთან ერთად, ევროპული პარლამენტის წინაშე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მმართველ გუნდში საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება. მათი თქმით, ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს.
„საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები - 4 ოქტომბერს. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებისთვის მზადებას გულისხმობდა. ეუთო-ს დასკვნაში შავით-თეთრზე წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო.
ოპოზიცია რომ არჩევნებში დამარცხდა, გაიბუტა და პარლამენტში არ შემოვიდა, ეს რეალობას არ ცვლის, პარლამენტი მუშაობს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები არ განიხილება. რაც უფრო მალე გამოერკვევიან და ეცოდინებათ, რომ არჩევნები არ დაინიშნება, მით უფრო მალე დაიწყებენ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს“, - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ახალი არჩევნები გამორიცხულია. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, როგორმე ყურადღების ცენტრში მოექცეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამიტომ მის უსტარს და წერილებს არანაირი აზრი არა აქვს.
„არ ვიცი ზურაბიშვილი რა წერილებს აგზავნის, ან ვინ კითხავს ევროპელებს და მათ ლიდერებს ქართველი ხალხი ხელისუფლებაში ვის მოიყვანს, არჩევნებს როდის დანიშნავს და ა.შ. ახალი არჩევნების ჩატარება ქართველი ხალხის დაკვეთა არ არის. ეს რომ ასე იყოს, რუსთაველზე ხალხს კი არ დაუწყებდნენ ხვეწნას, გამოდითო და ფულს კი არ გადაუხდიდნენ იქ დგომისთვის, არამედ ქალაქი გაივსებოდა ჩვენი თანამოქალაქეებით და ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს მოსახლეობას როცა განცდა აქვს, რომ არჩევნებში მათი ნება არ არის ასახული, ქალაქს კეტავენ. ამიტომ ზურაბიშვილის და მისი ამფსონების ბოდვა არავის აინტერესებს. წერონ და იკითხონ რეჟიმში არიან.
თავად ვერ ჩამოყალიბებულან რა უნდათ, რას სთავაზობენ ხალხს. ზოგი ამბობს, რომ ახალი არჩევნები გვინდაო, ზოგმა გავერთიანდეთო, ზოგიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, კაცმა არ იცის, რა უნდათ. ხალხი კიდევ შორიდან თვალს ადევნებს და ის მხარდამჭერებიც შემოეძარცვათ, ვინც ჰყავდათ. თვალის დასანახად რომ ვერ იტანენ ერთმანეთს, ჩვენი მოსახლეობა ამას ხედავს და მაგათ ხელისუფლებას ხელში რატომ ჩაუგდებენ? ასეც მოხდა. ჩვენი ხალხის დაკვეთა არ არის ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანა, ასე რომ ყოფილიყო, 26 ოქტომბერს მოიყვანდნენ“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, თუ რაიმეს თავი აქვთ, ადგილობრივ არჩევნებში დაამტკიცონ. მიიღონ მონაწილეობა და ნახონ რა შედეგს მიიღებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მათი ერთადერთი მიზანია „ქართული ოცნება“ გადადგეს და ქვეყანა მათ ჩააბაროს, მაგრამ ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება. მათი საქციელი არის ხმა მღაღადებელსა უდაბნოსა შინა, ილაპარაკონ და იყვნენ.
„ამდენი ხანია ვერ ჩამოყალიბდნენ, ყველა და ყველაფერი მაგათ მხარეს იყო, საარჩევნო კამპანია, ლამის, ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩაუტარა. მთელი ევროპარლამენტი, ევროპელი ლიდერები და რიგი ჩინოვნიკები, ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს სახელმწიფოს გადატრიალებას ცდილობდნენ. მიუხედავად ამისა, ვერ გაერთიანდნენ, ვერც ვერაფერი გააკეთეს. ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ იყო? რა უყვეს ის ქარტია? ახლა რა საკოორდინაციო ცენტრი უნდა შექმნან, აქამდე რას აკეთებდნენ? სიტუაცია ისე მიდის, ევროპელები აქეთ არიან დასახმარებლები და ხელისუფლება როგორ უნდა აიძულონ ახლა რომ ახალი არჩევნები დანიშნონ? რამდენი სანქცია და რეზოლუცია უნდა მიიღონ, ნეტა არ დაიღალნენ?“, - ამბობს გვენეტაძე.