დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფორმალურად აღდგენის შემდეგ, დღემდე განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ რეალური სუვერენიტეტი გაქვს მაშინ, როდესაც ამ სუვერენიტეტს მუდმივად იცავ. დიახ, სუვერენიტეტი, მით უმეტეს გლობალიზაციის პირობებში, ჰგავს სახლის მცენარეს, რომელსაც მუდმივად სჭირდება წყლის დასხმა, რომ არ ჩამოხმეს.
გლობალიზაციის პროცესების პარალელურად, საქართველოში დაიწყო სახელმწიფო სუვერენიტეტის აღქმის, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი ეროზია. საქართველოს მმართველმა ელიტებმა დაიწყეს სუვერენიტეტის, როგორც სახელმწიფოს უნარის - განსაზღვროს და დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები - დაქვემდებარება გლობალისტური ინტერესებისადმი. დისკურსმა, რომ ქვეყნის სუვერენული ინტერესები უნდა დაექვემდებაროს გლობალისტურ ინტერესებს, ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკის სახე შეიძინა ჯერ შევარდნაძის, უფრო მაღალი ხარისხით სააკაშვილის და ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში, როდესაც მის ხელისუფლებაში მსუყედ იყვნენ წარმოდგენილი გლობალისტური ძალების ადგილობრივი აგენტები. ისინი დღესაც მათ სამსახურში არიან.
პრინსტონის უნივერსიტეტის ცნობილი მკვლევარი სტივენ კრასნერი თავის წიგნში - „სუვერენიტეტი: ორგანიზებული ფარისევლობა“ წერს, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მზარდმა როლმა და გლობალიზაციამ სუვერენული სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის ეჭვქვეშ დააყენა. მისი აზრით, ორგანიზებული ფარისევლობაა- დადგენილი სუვერენული ნორმების ხშირი დარღვევა, ასევე გლობალისტური ძალების მიერ სახელმწიფოებრიობისა და საზღვრების ნიველირება, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ატრიბუტის. თავის დროზე წარმატებულმა ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ბევრისთვის სუვერენიტეტის იდეა, ლამის, უტოპიური გახდა. თუმცა, მსოფლიოში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც სუვერენიტეტს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების დედაბოძად მიიჩნევენ და სუვერენიტეტის გამოცხადებას ორგანიზებულ ფარისევლობად, სახიფათო არჩევანს უწოდებენ. ბოლო წლებში სულ უფრო აშკარაა ძლიერი სახელმწიფოების მიერ სუსტი სახელმწიფოების სუვერენიტეტის ხელყოფა სხვადასხვა ფორმებით. საქართველომ ეს საკმაოდ მწვავედ იწვნია თან რამდენჯერმე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის ტრანსფორმაცია „სუვერენული დემოკრატიის“ მიმართულებით, ამ გარემოებამაც გამოიწვია, თუმცა ამას სხვა ფაქტორებიც უწყობდა ხელს.
ბოლო 30 წლის მანძილზე, ჩვენი სახელმწიფო ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში მიმდინარეობდა ქვეყნის სუვერენული პოლიტიკის მიზანმიმართული დათრგუნვა და ჩანაცვლება გარედან თავსმოხვეული ვითომდა „სწორი პოლიტიკით“. ამის შედეგები განსაკუთრებით დაეტყო ეკონომიკას, განათლების სფეროს, საგარეო პოლიტიკას და, ზოგადად, სახელმწიფოს მმართველობას. ქვეყანაში ჩამოყალიბდა გლობალისტების გავლენიანი და გარედან აქტიურად მხარდაჭერილი კასტა, რომლებიც სრულიად შეგნებულად მზად არიან ქვეყნის ეროვნულ ინტერესები და სუვერენიტეტი გლობალისტური ინტერესების სამსხვერპლოზე მიიტანონ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაწყებულმა ომმა ადგილობრივი გლობალისტური ძალების უპრეცედენტო ლუსტრაცია მოახდინა, როდესაც ისინი, გარე ძალებთან უნისონში, სუვერენული ინტერესების სრული იგნორირებით, დაჟინებით ითხოვდნენ საქართველოს ჩაბმას საომარ მოქმედებებში და სხვადასხვა გზებით რუსეთთან კონფრონტაციას.
საქართველოს სუვერენიტეტზე წნეხი ჯერ კიდევ 2020 წლიდან დაიწყო, როდესაც დასავლეთში ჩვენი არჩევნების შედეგი არ მოეწონათ. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც შარლ მიშელის შუამავლობით შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის კონსტიტუციასთან და ოპოზიციას ეხმარებოდა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ ჩვენს სუვერენიტეტს სერიოზული გამოცდა მოუწყო და ბედის მწარე ირონიით გამომცდელები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აღმოჩნდნენ. ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნაზე რეკომენდაციებში მოთხოვნილი მოსამართლეების ე.წ. „ვეტინგი“ პირდაპირ ართმევდა საქართველოს საკუთარი მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის სუვერენულ უფლებას და მას საერთაშორისო ექსპერტებს გადასცემდა. მიზანი - გარე ძალების სამსახურში მყოფი მოსამართლეების კორპუსის ჩამოყალიბება, სასამართლოს როგორც ხელისუფლების შტოს დესუვერენიზაცია, გამომდინარე შედეგებით.
საქართველოში მოქმედი დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების, ევროსტრუქტურების, ასევე აშშ-ს ყოფილი ადმინისტრაციის ქმედებები, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევაა.
ასეთ პირობებში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ორი არჩევანი აქვს: გარკვეული დანაკარგების ფასად, მაგრამ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, ან გახდეს ამ სუვერენიტეტის გეგმაზომიერი დემონტაჟის თანამონაწილე. ხელისუფლებამ, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, არჩევანი პირველის სასარგებლოდ გააკეთა. ის ჯერჯერობით ინარჩუნებს ქვეყანაში პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას -სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას.
სტაბილურობის შენარჩუნება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს ხალხის მანდატი და ლეგიტიმაციაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა პოლიტიკურ ქაოსში ჩაიძირებოდა, გამომდინარე შედეგებით.
სოცქსელებიდან და გამოკითხვებიდანაც ჩანს, რომ საქართველოში მართალია ნელა, მაგრამ მაინც იზრდება იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებისთვისაც რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უკვე ეგზისტენციალურ მნიშვნელობას იძენს, ხოლო სუვერენიტეტის დამცავი ხელისუფლების პოლიტიკა ღებულობს მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას. სხვა ფაქტორებთან ერთად, ამ მხარდაჭერითაც არის ნაკარნახევი ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებსაც ის ვერ გადადგამდა მყიფე მხარდაჭერის პირობებში.
დემოკრატიის საგანი უმრავლესობის ნების გამოვლენაა და არა პასიონარული უმცირესობის ჭკუაზე ქვეყნის ტარება. ევროპაში ხშირად უმრავლესობის მინიმალურ უპირატესობას გადაუწყვეტია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები და რატომ უნდა იყოს ამ კუთხით საქართველოში სიტუაცია უკუღმა, როგორც ეს ევრობიუროკრატიას სურს, რადგანაც მას უმცირესობა უფრო ეპიტნავება პოლიტიკურად?! თავად ევროკავშირის წევრ რუმინეთის ბოლოდროინდელი მოვლენები კარგი ინდიკატორია იმისა თუ როგორ ებრძვიან სუვერენიტეტის განმტკიცების მომხრეებს.
დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოსთვის მისი რეალური სუვერინენტის დაცვა ურთულესი ამოცანაა. ჩვენს სუვერენიტეტს ემუქრება ერთი მხრივ, ოკუპანტი რუსეთი, მეორე მხრივ კი ისინი, ვინც ცოტა ხნის წინ მეგობრებად და მოკავშირეებად მიგვაჩნდა. ასეთი მოწყვლადობის პირობებში სუვერენიტეტის დაცვა გაუჭირდებოდა ნებისმიერ ხელისუფლებას.
ჩვენს ქვეყნის სუვერენიტეტზე გეომეტრიული პროგრესიით მზარდი გარეშე ზეწოლა, თავის მხრივ, არის ქვეყნის და მისი მოსახლეობის ნების და მდგრადობის შემოწმება და გამოცდა სუვერენიტეტისადმი ერთგულებაზე. აღმოჩნდა, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ჩვენ სუვერენიტეტის ყალბი განცდით ვცხოვრობდით და მხოლოდ სუვერენული ატრიბუტები გვეგონა სუვერენიტეტი.
სუვერენიტეტის წინაშე წარმოქმნილმა ახალმა გამოწვევებმა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერების ქცევის ახალი სტანდარტები დაბადეს. მათი ამორალურად პრაგმატული, ფსევდო-რაფინირებული და ფსევდო-დასავლური ნაწილი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან დათმობას დასაშვებად მიიჩნევს, ოღონდაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. ამ კუთხით, ისინი ისინი ფასეულ რესურსს წარმოადგენენ გარე ძალებისათვის და ამაში, ლამის, ყოველდღიურად ვრწმუნდებით.
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საქართველოს საშინაო სუვერენიტეტი - საგარეო სუვერენიტეტის ერთ-ერთი საყრდენი, გარკვეულწილად, გააჯანსაღა და მისი სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებებიც დაგვანახა.
თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია შეძლებს თუ არა საქართველო მისი მწირი რესურსებიდან გამომდინარე, საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას ამ სიტყვის პირდაპირი და საუკეთესო გაგებით - გარე ფაქტორებზე დამოკიდებულების ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი ხარისხი და სერიოზული რისკები, ამ კითხვას ღიად ტოვებს.