აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განკარგულებას ხელი მოაწერა. ახალი განკარგულებით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ივლისამდე შენარჩუნდება, შესაბამისად ამ დრომდე ჩაკეტილი დარჩება ქვეყნის სახმელეთო საზღვარი.
აზერბაიჯან-საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქო აცხადებს, რომ კორონავირუსული პანდემიის გამო შემოღებულ საკარანტინო რეჟიმს გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება.
უნდა აღნიშნოს, რომ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელს უნდა განეახლებინა მოძრაობა. როგორც აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახური აღნიშნავდნენ, საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტირება ამჟამად აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების დახურვის გამო იყო შეჩერებული. შესაბამისად, მატარებლის გადაადგილებაც 1-ელ ივლისამდე ვერ აღდგება.
რასაკვირველია, საზღვრის დაკეტვის რეალური მიზეზი სულ სხვაა და არაფერ შუაშია კორონავირუსის პანდემია, რომელიც უკვე 3 წელია ოფიციალურად დასრულებულად არის გამოცხადებული. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტი ალიევი საზღვრების ჩაკეტვით თავის ქვეყანას იცავს გარე ძალების ზემოქმედებისგან, რომელთაც იქ პოლიტიკური ცვლილებების მზარდი სურვილი ამოძრავებთ. პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ამის თაობაზე მკაფიოდ ისაუბრა და დაასახელა, თუ რა გახდა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის დიდი ხნით ჩაკეტვის მიზეზი.
მისი თქმით, სწორედ საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გავლით „იუესაიდი“ და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები ახდენდნენ თანხების შეტანას აზერბაიჯანში ე.წ. ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორის გააქტიურებისთვის, რის საბოლოო მიზანიც იყო აზერბაიჯანში ფერადი რევოლუციის მოწყობა.
„პარტია „ხალხის ძალა“ უკვე მესამე წელია საუბრობს „იუესაიდზე“, სოროსის ფონდზე, NED-ზე და ასევე სწავლობს ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებს. აზერბაიჯანში „იუესაიდის“ საქმიანობა უკვე დიდი ხანია შეჩერებულია, სოროსის ფონდები კი ვერ ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალებას და ფერად რევოლუციებს.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დღემდე დაკეტილია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ამ საზღვრის გავლით ე.წ ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორის გააქტიურების მიზნით და „იუესაიდი“ ხაზის გავლით ქეშად შეტანილი არაერთი მილიონის ფაქტი ამხილა.
ახლა საქართველოში დგას ძალიან საინტერესო პერიოდი. ყოველდღიურად და სხვადასხვა ბრუნვაში თავს არ გვახსენებენ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერები. აღარ გვაქვს იმის შიში, რომ კვალავ ათეულობით მილიონი შემოვა ქვეყნის აყირავებისთვის, გადატრიალებისა და მაიდანიზაციის მიზნით.
ახლა საქართველოს აქვს ხელსაყრელი პერიოდი, როცა ჩვენი ძალისხმევა მთლიანად არ უნდა მივმართოთ გარე ძალების შეჩერებაზე. ჩვენი ძალები ახლა უნდა მოვახმაროთ ქვეყნის აღმშენებლობას და სხვადასხვა სფეროების რეფორმას. დღეს კი საქართველოს ეძლევა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სამშვიდობოზე გასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხი ამ რამდენიმე კვირის წინ დადგა დღის წესრიგში. ბაქოში ვიზიტად მყოფმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ ალიევთან შეთანხმებას მიაღწია კიდეც. საუბარი იყო ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნაზე.
„აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტ ალიევთან და მას პირადად მინდა, მადლობა გადავუხადო გულისხმიერებისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალი მობილობა იყოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მეგობარ ქვეყნებს შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამას აქვს ორმხრივად სასარგებლო დატვირთვა როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთაშორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახლა კი გამოდის, რომ 1-ელ ივლისამდე ვერც მატარებლების მოძრაობა აღდგება, ხოლო საზღვრის გახსნაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ მაისამდე დარჩენილ თვენახევარში მატარებლების მოძრაობის განახლება ტექნიკურადაც ვერ მოხერხებულიყო, რადგან ორ ქვეყანას შორის სახმელეთო მიმოსვლა უკვე 5 წელია შეწყვეტილია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ბაქო-თბილისის მატარებლის მოძრაობა უშუალოდ ტურისტული სეზონის წინ განახლდეს და საქართველოს კურორტებს მეზობელი ქვეყნის დამსვენებლებიც შეემატოს.