რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულისკენ მიდის

რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულისკენ მიდის

სატელეფონო საუბარი შედგა და პირველი შედეგიც დადგა. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონი საუბარი ორი საათი გაგრძელდა. თეთრი სახლის ინფორმაციით ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით. ასევე, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.

CNN-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობით უნდა დასრულდეს. ასევე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები, ისევე, როგორც შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ამ პუნქტებზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.

„ორივე ლიდერი შეთანხმდნენ, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ეს მოიცავს ძალიან დიდ ეკონომიკურ გარიგებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას მას შემდეგ, რაც მშვიდობა მიიღწევა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

პუტინი-ტრამპის საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კრემლი და კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობად კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულ შეჩერებას ასახელებს. განცხადების თანახმად, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა.

„კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ, საკვანძო პირობა უნდა გახდეს კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

კრემლი მშვიდობიანად მოგვარებისთვის ითხოვს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობასა და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას. გარდა ამისა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა მოხდება „175-175-ზე“ ფორმატში და უკრაინას ასევე გადაეცემა 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. ტყვეების გაცვლა კი დღეს შედგება.

ეს კომუნიკაცია ამერიკულ მხარეს აძლევს იმის თქმის საფუძველს თქვას, რომ ომი დასასრულს უახლოვდება. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ორი კვირის წინ იყვნენ.

„სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ან ექვსი თვის წინ ვიყავით. ეს ომი უკვე სამი წელია გრძელდება და პრეზიდენტს მისი დასრულება სურს. საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ უკრაინის დელეგაციისგან კარგი მხარდაჭერა მივიღეთ. ისინი დათანხმდნენ, რომ სროლა შეწყვიტონ და ყველაფერი ისე გაყინონ, როგორც არის, რათა ჩვენ საუბრის დაწყება შევძლოთ იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდეს ეს სამუდამოდ. ახლა კი, რუსების მხრიდანაც მსგავსი რამ უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.

ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდება თუ არა უსაფრთხო მსოფლიო, ეს რთული სათქმელია, რადგან მშვიდობას და მათ შორის უკრაინაში ომის შეწყვეტას ეწინააღმდეგებიან საკამოდ გავლენიანი ჯგუფები „დიფ სთეითის“ სახით. უმთავრესი და გამოკვეთილი არის დიდი ბრიტანეთი, რომელიც ლობირებს ომის გაგრძელებას და შემდეგ უკვე საფრანგეთი. ნიშანდობლივია ისიც, რომ სანამ ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრი შედგებოდა, რამოდენიმე საათით ადრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა.

პრემიერმა სტარმერმა პრეზიდენტს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შესახებ აცნობა და ხაზი გაუსვა იმას, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს. ომის დასრულების იდეას ბოლომდე მხარს არ უჭერს თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ახალ პირობებს აყენებს.

აცხადებს, უკრაინა მზადაა უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ გადავიდეს მის განხორციელებაზე, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პირობების წამოყენება. ზელენსკი ამბობს, რომ პრეზიდენტ მაკრონთან ერთად განიხილა გუნდების მუშაობა უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების ჩამოყალიბება. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზელენსკის პირობების წამოყენების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან დრო უკრაინის წინააღმდეგ მუშაობს.

უკრაინის პრეზიდენტი აცნობიერებს იმ რეალობას, რა პოლიტიკური მსვლელობები მოჰყვება ომის დასრულებას და ისიც იცის, რომ მშვიდობა უკრაინაში ნიშნავს იმას, რომ მისი პირადი უსაფრთხოება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. მშვიდობა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში შედგება საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ასევე ნიშნავს, რომ ზელენსკის მმართველობა დასრულდება. შესაბამისად, საკუთარი თავისა და გარემოცვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზელენსკისთვის მნიშვნელოვანია ომის გაგრძელება.

მაშინ, როდესაც ტრამპი და პუტინი ტელეფონით თანხმდებოდნენ ომის დასრულების დეტალებზე, პარალელურ რეჟიმში ფინეთში მართავდა შეხვედებს უკრაინის პრეზიდენტი. როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, ყველაფერი, რაც ევროპის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, ევროპასთან ერთად უნდა გადაწყდეს.

„შეხვედრისას განვიხილავთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას, ინვესტიციებს უკრაინის იარაღის წარმოებაში, უკრაინის ევროინტეგრაციას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასა და ძალისხმევას ომის სამართლიანი დასრულებისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

 

Gami ეს დამთავრდება ან ზელენსკის გადაგდებით, უკრაინის იძულებით ზავზე. ევროპას არავითარი რასურსი არ მაქვს ამ ომის სათავისოდ დამთავრების. თუ რამე უნდოდათ სამი წელი ჰქონდათ.
1 საათის უკან
Gami ეს დამთავრდება ან ზელენსკის გადაგდებით, უკრაინის იძულებით ზავზე. ევროპას არავითარი რასურსი არ მაქვს ამ ომის სათავისოდ დამთავრების. თუ რამე უნდოდათ სამი წელი ჰქონდათ.
1 საათის უკან